[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ვიდეო / რეპორტაჟი

უსახლკაროები შემწეობის გარეშე

სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში, 2013 წლის 17 მაისს, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში განაცხადი რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში.აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლებამ, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში უსახლკარო ოჯახების შეჭრის ტენდენციით გაამართლა. ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებამ სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი პირის სტატუსთან დაკავშირებული მინიმალური საარსებო შემწეობისა და სხვა სოციალური სერვისების გარეშე დატოვა, რაც მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგმარეობაზე უკიდურესად მძიმედ აისახება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) მუშაობს თბილისში, მსგავს ობიექტებში მცხოვრები უსახლკარო, სოციალუად დაუცველი ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის კვლევაზე. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სოციალური დახმარების გაცემის წესში გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე დატოვა უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახების უმრავლესობას ჰყავს ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვი. ცხადია, მსგავსი პოლიტიკა სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ეკონომიკურ დაუცველობასა და მარგინალიზაციას ზრდის და მათ ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე აყენებს.

მაგალითისთვის, თამარ თანდაშვილის ოჯახს საცხოვრებელი არ გააჩნია და ამის გამო, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობაში, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში უკანასკნელი რეგისტრაციის შემდეგ, მის ოჯახს 26 500 ქულა მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ის სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გამო, 2013 წლის ზაფხულის შემდეგ, თამარ თანდაშვილის ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. მისი ოჯახი არსებითად სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე იყო დამოკიდებული და მისი შეწყვეტა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს თამარის ოჯახს. თამარს 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს, მათ შორის, უმცროსი 2 თვის გოგონაა, რომლის კვება ოჯახისთვის მუდმივი საზრუნავია, რადგან სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის გაუქმების შემდეგ, ის ვერც ბავშვის კვების ვაუჩერით (თვეში 80 ლარის ოდენობით)სარგებლობს.

EMC-ის მიაჩნია, რომ მინიმალური სოციალური დახმარების დაკავშირება საკუთრების ხელყოფის ფაქტთან, ეწინააღმდეგება საარსებო შემწეობის, როგორც ადამიანების მინიმალური სოციალური სიკეთეებით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფოს ვალდებულების იმპერატიულ ბუნებას და სახელმწიფოს მხრიდან, ისედაც დაუცველი ჯგუფების, გაუმართლებელ რეპრესიას წარმოადგენს. მით უფრო, რომ სახელმწიფო ობიექტებში შეჭრის ფაქტები უსალხკარობასა და სოციალურ დაუცველობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემებით არის განპირობებული და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება აღიაროს ამ ოჯახების უსახლკარობის პრობლემა და მათი უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სოციალური დახმარების გაცემის პირობებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დაზარალებული ოჯახების უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC მოუწოდეს მთავრობას, გააუქმოს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი. მანამდე კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროს მიმართავს თხოვნით, მიიღოს დაუყოვნებლივი დროებითი ზომები, რათა მოხდეს ოჯახებისათვის მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური, საარსებო შემწეობის ეკვივალენტი, სერვისებისა და ფულადი დახმარების მიწოდება..

თამარ თანდაშვილის, ისევე როგორც სხვა განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახთან დაკავშირებით, EMCწერილობითი განცხადებებით მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროს და დაელოდება სამინისტროს რეაგირებას, სახელმწიფოსთან კომუნიკაციის შედეგებს კი აცნობებს საზოგადოებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“