[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / თვალსაზრისი

უსახლკარობის პოლიტიკა

გიგა ბრეგვაძე 

shelter

უსახლკარობისა და საცხოვრებლის პრობლემა არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის, არამედ საჯარო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური თემაა. საცხოვრებლის პრობლემა საზოგადოების უმეტეს ნაწილს უდგას, იქნება ის იპოთეკით დაზარალებული, უსახლკარო, დევნილი, სტუდენტი თუ რიგითი მაცხოვრებელი.

რეალური პოლიტიკის ანტაგონისტურ ველზე სწორედ ის პრობლემებია ხოლმე დაფარული და მარგინალიზებული, რომლებიც ყველაზე მეტად მატერიალურია. თუკი ყოველდღიური ცხოვრების კრიტიკისათვის ხელებს ავიკაპიწებთ, პირველ რიგში, სწორედ ის მექანიზმები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ მოთხოვნებად წავუყენოთ ინსტიტუციებს, რომლებიც სივრცეს აწარმოებენ. სივრცის წარმოება კი სწორედ ის ფუნდამენტური მექანიზმია, რომელიც ეკონომიკური წარმოების ლოგიკას უწყობს ხელს, წარმოშობს განსხვავებებსა და უთანასწორობებს და იმორჩილებს დროს, რომლის უკმარისობა სამუშაო ძალის სამუშაო ადგილზე ზედმეტი დროისა და ზედმეტი შრომის გამოწოვისთვის ტოვებს ადგილს.

ერთეული სამოქალაქო ან არასამთავრობო აქტივიზმი საკითხის პოლიტიკურ ზედაპირზე წამოწევისათვის საკმარისი არ არის. ერთადერთი სოციალური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა სისტემურად წარმოეჩინა საცხოვრებლის საკითხი იყო და არის „ურბან რეაქტორი.“ ფაქტია, რომ ამგვარი მოძრაობის აუცილებლობა სასიცოცხლოდ დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომელიც პრაქტიკული აქტივიზმით ძალაუფლებას ქვევიდან შეეჭიდება. თუმცა, მხოლოდ შიშველი აქტივიზმი საქმეს ვერ უშველის. საჭიროა თუ გამზადებული არა, სამუშაო პროცესში მიმდინარე მეთოდური მუშაობა მაინც. ამგვარი საქმიანობის მაგალითებია ბოლო დროს გამოქვეყნებული, ორი მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც, ძირითადად, „ურბან რეაქტორის“ ძალისხმევით გამოიცა.

პირველია ესეების კრებული „ქალაქი: კრიტიკული შესავალი“, რომელიც ურბანისტებისა თუ პოლიტიკური თეორეტიკოსების ტექსტებს აერთიანებს. მეორე წიგნი სულ ახლახან გამოიცა, ჯეინ ჯეკობსის "ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე" , რომელიც არა მარტო პრეცენდენტს ქმნის თეორიული ცოდნის აკუმულირებისათვის, არამედ კონკრეტულ პოლისებზე მუშაობის დაწყებისთვისაც სახავს ახალ გზებს. წიგნის პრეზენტაციისას საუბარი იყო საბჭოთა გეგმარებითი გამოცდილების გახსენების, გადააზრებისა და გამოყენების აუცილებლობაზეც, რამდენადაც ამ დარგში დაგროვილი ცოდნა სრულიად მივიწყებულია.

ამასობაში, პარლამენტი იძულებით გამოსახლების შესახებ 25 მაისიდან (კანონპროექტის ინიცირების თარიღი) 27 ნოემბრამდე ფრაგმენტულად და პრობლემურად განიხილავდა კანონს, რომელზეც ერთადერთი ადეკვატური სამართლებრივი და სოციალური პოზიცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) დააფიქსირა. EMC-ის განცხადებაში, "იძულებით გამოსახლების საკანონმდებლო ცვლილებები უსახლკარო პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება" ცხადად არის დაფიქსირებული, რომ კანონპროექტი არა მარტო ანტისოციალური ხასიათისაა და უარყოფს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, არამედ სამართლებრივად კიდევ უფრო ამძიმებს უსახლკაროთა მდგომარეობას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში მიუჩენს ადგილს.

მიუხედავად კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის სამართლებრივი დაუხვეწაობისა, ინიციატივა თავისი შინაარსით სამართლებრივ პრეცენდენტს ქმნიდა, რომ კერძო საკუთრებაში შესახლებული პირი „სამართლის დადგენის“ დავაში მხარე ხდებოდა.

როგორ იცავდა აქამდე მესაკუთრე თავის საკუთრებას და როგორ ახდენდა მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას? მესაკუთრეს საჩივარი შეჰქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც წარადგენდა მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებდა, რომ უძრავი ქონება ამ პირის საკუთრება იყო. ესაა რეესტრიდან ამონაწერი. ამ მოცემულობის საფუძველზე, აღსრულების ინსპექტორი წარუდგენს ამ მოთხოვნას გამოსახლების შესახებ მოსახლეს. თუ მოსახლე მის მესაკუთრეობას ადასტურებს ან მოსახლეობის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მაშინ საქმე სასამართლოში ინაცვლებს და დავა მიდის იმაზე, თუ რომელი მხარის მტკიცებულებაა უფრო ავთენტური. თუ ასეთი საბუთი არ არსებობს, უკანონო მფლობელს ეძლევა განსაზღვრული ვადა, რომლის შემდეგაც თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება გამოსახლებას და არ ცლის შენობას, აღსრულების პოლიციელი უფლებამოსილია გამოიტანოს მოვალის ქონება. რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, თუ მოვალე არ გადაიტანს საკუთარ ქონებას, აღსრულების პოლიციელი და სხვა დამსწრე პირები პასუხს არ აგებენ ქონების დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან მის განადგურებაზე. აღსრულების სამსახური ფასიანია და გამოსახლების შემდეგ ამ საფასურის გადახდა გამოსახლებულს ეკისრება.

თუ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევიდოდა, მის საფუძველზე სავალდებულო იქნებოდა სასამართლოს ნებართვა პირის გამოსახლებაზე. მხოლოდ რეესტრიდან მესაკუთრეობის ამონაწერი ვერ გადაწყვეტდა ფაქტობრივი მფლობელის ბედს. საქმის წარმოება დროშია განსაზღვრული. შესაბამისად მანამ, სანამ საქმე არ გადაწყდება, არცერთ ბანკს ან იპოთეკარს არა ექნებოდა უფლება დავის საგანი გაესხვისებინა ან დაეტვირთა რაიმე უფლებით. საქმის გადაწყვეტამდე უძრავ ქონებაში შესახლებული პირი ასევე აღიარებული იქნებოდა დროებით მესაკუთრედ, რომელიც მხარეს წარმოადგენს სასამართლო დავისას.

ჩვეულებრივი სოფიზმია იმაზე აპელირება, თითქოს საკუთრების გამოთხოვნის ამ ფორმას შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს საკუთრების უფლების კონსტიტუციური პრინციპი. სასამართლო დავის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი კონსტიტუციური პრინციპი, მაგრამ ეს ამ პრინციპთა ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს. როდესაც რეესტრიდან მესაკუთრეობის ცნობის ამონაწერი უპირობოდ განსაზღვრავს საქმის მონაწილე მხარეთა ბედ-იღბალს, ყოველთვის რჩება ადგილი იმისთვის, რომ გარემოებები უგულვებელყოფილი იყოს. ხოლო ფაქტები, ხშირად, არსებულ სოციალურ რეალობაში სრულიად გათიშულია სოციალური სამართლიანობისა და სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისგან.

ყველაზე საინტერესო ბევრს გამორჩებოდა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) განცხადებამ ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტზე არ დააყოვნა. დიდი რისკი არ ჭირდება იმაზე ფსონის დადებას, რომ სწორედ ბიზნეს ასოციაციის განცხადება იქნებოდა ყველაზე მეტად ხელისშემშლელი სოციალურად ორიენტირებული კანონპროექტის მიღებისათვის. ICC Georgia, რომლის ხელმძღვანელი ფადი ასლია, შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის თუ სხვა კანონპროექტების შემუშავებისას ღიად რომ ერევა და ხშირად თავისიც გააქვს. (ინფორმაციისთვის, ექს-ბორდს თუ გადახედავთ ეკა გიგაურს დავლანდავთ („საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“), და არა მარტო მას.)

ISIS იქით იყოს და აქვე, ყურის ძირში ICC გვყავს. სახუმარო თემა არ არის, პირიქით, ყველაზე სერიოზულია, რომელზეც ხმას არავინ იღებს.

ბოლო პერიოდში, ხშირად ვხვდებით რეპორტაჟებსა თუ სტატიებს ამ თემის შესახებ, სადაც უამრავი ადამიანის სატკივარი აისახება. თუმცა, საცხოვრებლის პრობლემა, რასაც ურბანული პოლიტიკა მოიცავს, მხოლოდ დაზარალებულ, ან პოტენციურად დაზარალებად სამიზნე ჯგუფების საკითხად ვერ განიხილება. ქალაქის დაუგეგმავი, კერძო ინტერესს მინდობილი ურბანული პოლიტიკა უამრავ უთანასწორობას წარმოშობს. ჩამონათვალი გრძელია, დაწყებული ცენტრი-პერიფერიის პრობლემით, გაგრძელებული სატრანსპორტო სისტემითა და დევნილებით დამთავრებული (ჰუალინგ ჯგუფის საქმიანობაზე ცალკე იყოს). სად გაქრნენ პოლიტიკური დღის წესრიგიდან 13 ივნისს დაზარალებულები, ესეც საკითხავია. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მთავარი ხაზი საჯარო და კერძო ინტერესზე გადის.

სივრცის პოლიტიზაციის საკითხის თემატიზება და სოციალური მოძრაობის დაწყება ab ovo შესაძლოა დაფარული, ურბანული წინააღმდეგობების პოლიტიკურ ანტაგონიზმებად ჩამოყალიბებისათვის მთავარი შესაძლებლობის პირობა იყოს. ამგვარ მოძრაობას უნდა ჰქონდეს პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეეცდება მატერიალურ თუ საკანონმდებლო დონეზე, არამედ სისტემურად, გნებავთ დიალექტიკურად შეეცდება ურბანული პოლიტიკის შინაგანი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების, ეკონომიკური წარმოების წესის ლოგიკის გარშემო გაავლოს მონაკვეთები, შეიმუშავოს სივრცეში დალექილი წინააღმდეგობების გენგეგმა.

ერთეული ობიექტის ან სუბიექტის პრობლემას მრავალი ობიექტები და სუბიექტი მიაბას. პროტესტის ადრესატად დასახოს არა მხოლოდ კერძო შემთხვევა ან სახელმწიფოს პოლიტიკა თუ კანონები, არამედ გამოკვეთოს ბიზნეს ასოციაციების ინტერესები, ბანკების ტირანია კრედიტორ-მევალის ურთიერთობაში, რომლის საბედისწერო ნახტომი, საბოლოოდ კონკრეტული ადამიანების უსახლკაროდ დარჩენად მთავრდება ხოლმე.

მიმართება არ უნდა იყოს (მხოლოდ) მორალური ან ეთიკური არგუმენტი, რომ ადამიანები არ უნდა იყინებოდნენ ან (მხოლოდ) სახელმწიფო აპარატზე გადიოდეს საპროტესტო ხიდი, არამედ სივრცის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები უნდა გაჟღერდეს და გადაფასდეს კლასობრივი თუ სხვა რიგი პერსპექტივებიდან.

საცხოვრებლად მხოლოდ ჭერს და კედლებს ვერ განვიხილავთ. სასიცოცხლო სივრცის თანასწორი გადანაწილება და გეგმიური ურბანული პოლიტიკა საზოგადოების პირველად წინააღმდეგობად და მთავარ ანტაგონიზმად უნდა იქცეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“