[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

UPR-ის ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების ალტერნატიული შუალედური ანგარიშების მიმოხილვა

2018 წლის მაისში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე ინდივიდუალური და კოლექტიური ჩრდილოვანი ანგარიშები წარადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოში. EMC-ის მიერ შემუშავებული სამი ინდივიდუალური და ორი კოლექტიური/კოალიციური ანგარიში მიზნად ისახავს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მიმოხილვას და თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს სრულყოფისაკენ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკულ ანალიზს.

  1. სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში

EMC-ის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ანგარიში - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში - ეხება ძირითად გამოწვევებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით. ანგარიში აფასებს საქართველოს ნაბიჯებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • ზოგადი ვალდებულებების შესრულება - ანგარიშში აღნიშნულია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრესის ნაკლებობა „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის“ დამატებითი ოქმისა და „ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების, ასევე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტში სახელმწიფოს დაგვიანებული პერიოდული ანგარიშის წარდგენის მიმართულებით.
  • სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზაცია - ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მიერ უსახლკარობის პრობლემის არაღიარებაზე, ასევე, შესაბამისი გამოწვევების საპასუხო საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების ხარვეზიანობასა და, ხშირ შემთხვევაში, ასეთი მექანიზმების არარსებობაზე. დოკუმენტში აღნიშნული უფლების განხორციელების პრობლემები დანახულია როგორც სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით მოწყვლადი პირების, ისე ეკომიგრანტთა პერსპექტივაში.
  • შრომითი უფლებების დაცვა - დოკუმენტში კრიტიკულადაა დასმული შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის არაეფექტიანობის საკითხი, რასაც, შრომითი უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ზრდადი მაჩვენებლები, მოწმობს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებთან მიმართებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების არაეფექტიან პასუხზე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისა და მედიაციის მექანიზმის არაეფექტიანობასა და შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პრობლემებზე.

2. სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება

EMC-ის მიერ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მომზადებული ინდივიდუალური ანგარიში, აფასებს 2015 წლიდან სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს, რეფორმის შემდგომ გამოწვევებს და ძირითად პრობლემებს. ანგარიში, სასამართლო ხელისუფლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას სამი სხვადასხვა მიმართულებით აფასებს:

  • სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური ჩარევების პრევენციის შეფასება - ანგარიშის ეს ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ,,მესამე ტალღის“ რეფორმის ფარგლებში სასამართლო სისტემაში დანერგილი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მყარი გარანტიების არარსებობაზე და ასევე, სასამართლო ხელისუფლების ხუთწლიანი სტრატეგიის და ორწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებისა და გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მონიტორინგის პროცესში არსებულ გამოწვევებზე. დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული კონსტიტუციური ცვლილებებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ზრდა და გამოკვეთილია თანმდევი რისკები.
  • მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის, სხვა სასამართლოში გადაყვანის პროცედურების გადახედვა - დოკუმენტში შეფასებულია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული პროცედურები, რომელიც გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპების განუხრელი დაცვით. ყურადღება გამახვილებულია დადგენილი წესის ძირითად ხარვეზებზე და არსებულ რისკებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იმ ფაქტორების მიმოხილვას, რაც გავლენას ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა თანამდებობაზე განმწესების მანკიერ პრაქტიკაზე.
  • სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწითა და საქმის განაწილების სისტემის მეშვეობით - ანგარიშის ეს ნაწილი აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობას. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც საქმეთა განაწილების კუთხით სასამართლო სისტემაში კვლავაც არსებობს, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეთათვის შენარჩუნებულ ჭარბ კომპეტენციაზე ამ მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია საქმეთა განაწილების ახალი სისტემის შემდგომი სრულყოფის და პრინციპული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების აუცილებლობა.

3. სამართალდამცავი სისტემა, ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხები

EMC - ის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ანგარიში - ,,სამართალდამცავი სისტემა, ინსტიტუციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხები ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე. ანგარიში საქართველოს მიერ, რეკომენდაციების შესრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

  • წამების, არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სხვა ქმედების ობიექტური გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბება - დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული მთავრობის ინიციატივა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავდროულად ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც ინიცირებულ კანონპროექტს გააჩნია. კერძოდ, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კანონპროექტის ძირეულ ხარვეზებს, მათ შორის, სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის. ასევე, ანგარიშში განხილულია დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ განხორციელებულ გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის ფართო ფარგლების შენარჩუნება პროკურატურისთვის, რაც რეფორმის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს. ასევე, ხაზგასმულია ინსპექტორის ვიწრო მანდატი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ცალკეული ტიპის დანაშაულების გამოძიებასთან მიმართებით.
  • პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა - დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში გადადგმული ნაბიჯების შეფასებას. ყურადღება გამახვილებულია საპროკურორო საბჭოზე, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ კოლეგიურ ორგანოზე, საბჭოს დაკომპლექტების და უფლებამოსილების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. ანგარიშში შეფასებულია 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა და მისი მნიშვნელობა პროკურატურის შემდგომი, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
  • სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზირება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა - ანგარიშის ეს ნაწილი მოკლედ აფასებს სამართალდამცავი ორგანოების მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მისაღწევად, ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო გარანტიებს, არსებული ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, სამართალდამცავ სისტემაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეებს. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული საპოლიციო დანაყოფების ფუნქციური დამოუკიდებლობის და საკადრო პოლიტიკის პროცესში პოლიტიზირების მიმართულებით არსებობს.
  • საპოლიციო სისტემაზე ზედამხედველობა - EMC-ის ანგარიში მოიცავს პოლიციის სისტემაზე გარე და შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასებას, მათ შორის, იმ პრობლემებს, რაც სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით არსებობს. ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული სამინისტროს სისტემაში დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გამჭვირვალობის ხარისხი, დაზარალებული მხარის ჩართულობის დაბალი ხარისხი და მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებული პრობლემა.
  1. თანასწორობის პოლიტიკა

„კოალიცია თანასწორობისათვის“ ფარგლებში შემუშავებული კოლექტიური ანგარიში ეხება მარგინალიზებული და მოწყვლად პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში ექვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“) თანამშრომლობით მომზადდა. კოალიციური ანგარიშის ფარგლებში EMC-მ შემდეგი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ანგარიშში EMC-მ მიუთითა მთელ რიგ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ 2006 წლის კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, ხარვეზები ზემოაღნიშნული კონვენციის ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის ამკრძალავ კანონმდებლობასთან მიმართებით. EMC-მ ასევე მიმოიხილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცალკეული უფლებების (მათ შორის, განათლების, შრომის, არჩევნებში მონაწილეობის, სათანადო საცხოვრისის, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებები) იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.
  • ლგბტქი პირები - აღნიშნულ ჯგუფზე EMC-მ ორგანიზაცია WISG-თან ერთად იმუშავა. ანგარიშში ხაზი გაესვა ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ სოციალურ გარემოსა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის არაპრევენციულ ხასიათს. ანგარიში კრიტიკულად აფასებს საჯარო მოხელეებისა და პარლამენტარების მიერ ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის ტირაჟირების პრაქტიკას და მის შედეგად, ლგბტქი ჯგუფების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების ხელშეწყობას. ანგარიში ცალკე გამოყოფს ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას და უარყოფითად აფასებს სახელმწიფოს იგნორირების პოლიტიკას გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან მიმართებით.
  • რელიგიური უმცირესობები - ანგარიშში მიმოხილულია კანონმდებლობაში დისკრიმინაციული ჩანაწერები, ასევე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში არსებული ხარვეზები, რომელიც თანასწორობის არსებულ მექანიზმებს ეფექტიანი მუშაობის და დისკრიმინაციის მსხვერპლების უფლებების რეალური აღდგენის შესაძლებლობას არ აძლევს. ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს მიერ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნებასთან (რესტიტუციასთან) დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის არ არსებობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები. დოკუმენტში განსაკუთრებული ხაზგასმა კეთდება საკულტო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკებზე, მათ შორის, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. ამასთან, ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით რეგრესული მიდგომებით გამოირჩევა, ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრას და არსებითად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის ან ლოიალობის მოპოვების ინტერესით ოპერირებს.
  1. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

EMC-მ ასევე მიიღო მონაწილეობა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე (SRHR) შექმნილი არაფორმალური კოალიციის მიერ კოლექტიური ანგარიშის მომზადებაში, რომელშიც ასევე ჩართული იყო 5 არასამთავრობო ორგანიზაცია („თანადგომა“, WISG, HERA XXI, თანასწორობის მოძრაობა, იდენტობა). აღნიშნულ ანგარიშში EMC ახდენს ლგბტ ადამიანების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის ანალიზს, მიმოიხილავს მათი უფლებების დაცვის მექანიზმებსა და გამოყოფს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით არსებული ინსტიტუციური ხარვეზების, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის, სოციალური დაცვის მექანიზმების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი საბოლოო ჯამში 2020 წელს შეფასდება, როდესაც უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოს წინაშე წარდგება. სახელმწიფოს მიღწევებისა და გამოწვევების შეფასებისას უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არასამთავრობო სექტორის ჩრდილოვან ანგარიშებში მითითებულ ხარვეზებსა და მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. EMC გააგრძელებს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცედურებში აქტიურ მონაწილეობას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაცის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“