[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის პირველადი ანგარიშის მიმოხილვა

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლავლორი, ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოში ვიზიტის დროს, ლავლორი, უფლებადამცველთა მდგომარეობისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესასწავლად, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შეხვდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მასთან შეხვედრაზე.

იგი აღნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უფლებადამცველებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ნდობისა და სამართლიანობის პრინციპზე იყოს დაფუძნებული და ამავდროულად, სახელმწიფოს წარმომადგენლები აღიარებდნენ ადამიანის უფლებების დამცველთა ლეგიტიმურ საქმიანობასა და მუშაობას, განსაკუთრებით იქ, სადაც მათი შეხედულებები კრიტიკულია.

ამასთან, იგი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სახელმწიფო შესაბამისი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით არ ეკიდება უფლებადამცველებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა დამცველები თავს დაუცველად გრძნობენ, რაც, თავის მხრივ, ძირეული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს.

2023 წლის 7 ნოემბერს უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელმა მის მიერ შემუშავებული წინასწარი დაკვირვებები და მომზადებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, აღნიშნულ დოკუმენტს მედიისა და საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიექცა, რის გამოც მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ მისი დეტალური მიმოხილვის მომზადება და ფართო საზოგადოებამდე მიტანა. აღნიშნული დოკუმენტში სპეციალური მომხსენებლის მიერ გაზიარებულია ის ყველა მნიშვნელოვანი კრიტიკა და წუხილი, რომელიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტური ჯგუფების, კულტურის და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.

ადამიანის უფლებების დამცველთა სიცოცხლისუნარიანობის შეფასება

მერი ლავლორი აღნიშნავს, რომ საქართველო უკიდურესად ძლიერი, მრავალფეროვანი და მზარდი სამოქალაქო საზოგადოებით გამოირჩევა.

მისი შეფასებით ფასდაუდებელია ის შრომა, რომელსაც, უფლებადამცველები, გარემოს დაცვის, ქალთა უფლებების, არჩევნების მონიტორინგის, კორუფციის გამოვლენისა და მხილების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესოსობების, გამოხატვის თავისუფლების, კულტურული და LGBTQI უფლებების გაუმჯობესების მიზნით ეწევიან.

საქართველოში, ადამიანის უფლებების დამცველები აქტიურად მუშაობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის, რასაც ხელშესახები პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაზე. ამდენად, გაეროს სპეციალური მომხსნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები ხელს უნდა უწყობდნენ მათ და ამავდროულად ამაყობდნენ უფლებადამცველების მიერ განხორციელებული საქმიანობით.

საკანონმდებლო ქვაკუთხედი და ინსტიტუციური მოკავშირეები

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო დაფუძნებულია კონსტიტუციაზე, რომლითაც სხვა ბაზისურ უფლებებთან ერთად, უფლებადამცველობითი საქმიანობის უფლებაცაა განმტკიცებული.

იგი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. ლავლორის თქმით, კონსტიტუციით დაცული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს დამხმარე მოწესრიგებები და საკანონმდებლო ჩარჩოები, თუმცა, საყურადღებოა შემაშფოთებელი ტენდენციები, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება არასრულყოფილად ასრულებს მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, პრობლემურია საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რაც დამაზიანებელი იქნება უფლებადამცველთა მდგომარეობისათვის.

თუმცა, ამავდროულად დადებითად იქნა შეფასებული, სახალხო დამცველის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატიცა და გაწეული ძალისხმევა, ვინაიდან, სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, აღნიშნული ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით საქართვლოში არსებული პრაქტიკული მექანიზმების შეფასება

სპეციალურმა მომხსენებელმა ყურადღება გაახვილა იმაზეც, რომ საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს სპეციფიკური კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ უფლებადამცველობითი საქმიანობის დაცვის გარანტიებს შექმნიდა. მისი თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობის პირობებშიც კი, შესაძლებელია, რომ სახელმწიფო უწყებებმა პროაქტიულად შეუწყონ ხელი სამოქალაქო ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მერი ლავლორმა დადებით მაგალითად მოიყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წელს შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის, კერძოდ, უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას შეეხება. მომოხსენებლის შეფასებით, დასაფასებელია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უფლებათა დამცველი სუბიექტის დეფინციისას პირდაპირი, მკაფიო და განჭვრეტადი განმარტების მეთოდი გამოიყენა.

ანალოგიურად, დადებით პრაქტიკად იქნა მოაზრებული, პროკურატურის მიერ 2020 წელს შემუშავებული გაიდლაინი უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ.

პროკურატურამ ასევე შეიმუშავა სტატისტიკა უშუალოდ აუფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, ხოლო იმ უფლებადამცველებს, რომელთა წინააღმდეგაც იქნა ჩადენილი დანაშაული, პროკურატურა უმეტესად, ზედმეტი გაჭიანურების გარეშე ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს.

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის აზრით, აუცილებელია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანერგილი მიდგომები, სხვა უწყებებმაც, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაიზიარონ.

საყურადღებო ასპექტები

გაეროს სპეციალური მომხსენებელი საგანგაშოს უწოდებს, საქართველოს მთავრობის მცდელობას, დაასუსტოს უფლებადაცვითი ინსტიტუტები და მოახდინოს მათი საქმიანობის დელეგიტიმაცია. აღნიშნული პრაქტიკა თვალშისაცემი და ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ცდილობს შენიღბოს მისი ნეგატიური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი პირების მიმართ.

სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ უფლებადამცვეელთა უმრავლესობას არ აქვს განცდა იმისა, რომ ხელისუფლება მათ მხარს უჭერს, ანდა მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მეტიც, მათთვის არადამაჯერებელია სახელმწიფოს წარმომადგენელთა მტკიცება, რომ ისინი სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის მუშაობენ, რასაც ისიც ადასტურებს, რომ უფლებადამცველ ინდივიდებს არ აქვთ ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამასთან, შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად აზიანებს უფლებადამცველი პირების საქმიანობას და მათ საფრთხის წინაშე პირისპირ, დაცვის მექანიზმების მიღმა ტოვებს.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ: „ხელისუფლება უარყოფს, რომ დღეს საქართველოში უფლებადამცველთა საქმიანობა საფრთხისშემცველია, თუმცა, უდავოა, რომ უფლებათა დამცველი ინდივიდები ამას ასე ნათლად და მძაფრად განიცდიან. მხოლოდ ეს ფაქტიც კი, საგანგაშო უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენელი პირისათვის და ამ საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების გათვალისწინებით, უპირველეს პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას უნდა ხდიდეს.

სახელმწიფო ორგანოებისა და მმართველი პარტიის მაღალი რანგის წევრების მიერ უფლებადამცველების მტრებად წარმოჩენის ტენდენცია

მერი ლავლორმა კრიტიკულად მწვავედ შეაფასა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წლის 2 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, კულტურის სექტორის წარმომადგენლებისათვის ჩატარებული ტრენინგის ფარულად გადაღებული კადრები იქნა გავრცელებული.

იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნიშნული კადრები იმგვარ მტკიცებულებად წარმოადგინა, რაც თითქოს, საზოგადოებრივი ჯგუფების, განსაკუთრებით კი ორგანიზაცია „CANVAS“-ის, მთავრობის დამხობისა და რევოლუციის მოწყობის პროცესში მათ მონაწილეობას ადასტურებდა.

გამოძიების ფარგლებში, ტრენინგის დამსწრე უფლებადამცველები დაკითხვაზე იქნენ დაბარებული. ტრენინგში მონაწილეობის საფუძვლით, ასევე დაიკითხნენ კულტურის სფეროში მოღვაწე პირები და მსახიობები, რომლებიც 2021 წლიდან მშვიდობიან აქციებში მონაწილეობდნენ. აქციები კი, თავის მხრივ, მათი უფლებების დაცვისა და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ არსებული პროტესტის გამოხატვის მიზნით იქნა ორგანიზებული.

სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მან თავადაც ნახა გავრცელებული კადრები, თუმცა, ვერ იპოვა რაიმე არსებითი მტკიცებულება, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების მართლზომიერებას დაადასტურებდა.

მისი აზრით, ვიდეოს, როგორც შეთქმულების მტკიცებულებად წარმოჩენა, ცალსახად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიზანმიმართულად ცდილობს, ზოგადად უფლებებადამცველობითი საქმიანობა იქნას კრიმინალიზებული, რათა ფუნდამენტური უფლებების დაცვის პროცესი საზოგადოების პროცესში არალეგიტიმურად და არასანდოდ იქნას აღქმული, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უფლებადამცველთა შესახებ საზოგადოებრივ რწმენას.

ამასთან, მმართველი ხელისუფლების მაღალი რანგის პირებმა, სრულად, ყოველგვარი ეჭვის გამოთქმის გარეშე, გაიზიარეს უსაფრთხოების სამსახურის მიერ კულტივირებული ნარატივი და საჯარო განცხადებებით დაგმეს გამართული ტრენინგის მიზნებიცა და მონაწილეებიც.

აღნიშნული ტრენინგი გახდა საბაბი იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები დაეწესებინა და უხეშად ჩარეულიყო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში და ე.წ „კარვების კანონი“ დაემტკიცებინა.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, პრობლემურია, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების წახალისების პრაქტიკაც, რომლებიც, თავის მხრივ, უმეტესად იმ პირთა წინააღმდეგ მობილიზება დაანონსეს, რომლებიც სავარაუდოდ „რევოლუციურ მანიფესტაციებში“ გეგმავდნენ მონაწილეობას. ამ ჯგუფების სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა მოქცევა მნიშვნელოვან რისკს უქმნის უფლებადამცველების ფიზიკურ უსაფრთხოებას.

ამავდროულად, ტრენინგის კადრების გასაჯაროვებით გაცხადდა, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მეთვალყურეობს უფლებადამცველთა საქმიანობას, რაც ლეგიტიმურს ხდის მათ შიშებს მოსმენებისა და თვალთვალის შესახებ, მით უფრო იმის გათვალსწინებით, რომ 2022 წელს ამოქმედებულმა კანონმდებლობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა სახელმწიფოს მიერ პირთა მოსმენის სამართლებრივი წინაპირობების ჩამონათვალი.

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტისას, უფლებადამცველებმა სახელმწიფოს მხრიდან, მათი სტიგმატიზაციისა და არალეგიტიმაციის არაერთი შემთხვევა გაუზიარეს, მაგალითისათვის მმართველი პარტიის წევრების საჯარო განცხადებები, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ იყო მიმართლი. ასევე მისი შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ლგტბქ ადამიანებისა და ზოგადად ქვიარ საზოგადოების შესახებ გაკეთებული განცხადებები

მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ თბილისში სეირნობისას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან, შენიშნა პლაკატები, სათაურით „ეკლესიის მტრები“, რომელზეც უმეტესად ქალი უფლედამცველები იყვნენ გამოსახულნი. ლავლორისათვის გაუგებარია, თუ როგორ მიეცათ პირებს აღნიშნული პლაკატების დამზადებისა და გამოკვრის საშუალება, მით უფრო საინტერესოა ის, თუ რატომ მყისიერად არ იქნა ჩამოხსნილი პასუხისმგებელი ადმინიტსრაციული ორგანოების მიერ.

იგი თვლის, რომ ყოველივე, მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს, უფლებადამცველების, როგორც სახელმწიფოს მტრად აღქმის სტიგმის კულტივირებას.

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონსა და შემზღუდავ კანონმდებლებლობასთან თანმხლები საფრთხეებ

სპეციალურმა მომხსენებლმა ყურადღება გაამახვილა 2023 წლის მარტში მომხდარ ფაქტებზეც. იგი აღნიშნავს, რომ 2023 წლის თებერვალში პარლამენტმა, მთავრობის მხარდაჭერით, დაამტკიცა უცხოური გავლენის აგენტების” საქმიანობის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი პროტესტი გამოიწვია. პროტესტს, სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლებსა და უფლებადამცველებთან ერთად სტუდენტებიც შეურთდნენ. თავის მხრივ, მომხსენებლის შეფასებით, პროტესტი უმეტესად მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა პოლიციამ მაინც გამოიყენა მომეტებული ძალა. საბოლოოდ კი, 2023 წლის 10 მარტს, კანონპროექტი 10 მარტს უკან იქნა გაწვეული.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი ძალაში არ შესულა, იგი საზიანო აღმოჩნდა იმ უფლებადამცველებისათვის, რომელსაც მერი ლავლორი, მისი ვიზიტისას შეხვდა. იგი აღნიშნავს, რომ მარტში მომხდარი ფაქტის შემდგომ, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები მეტად დაიძაბა. ამასთან, გამძაფრთა დაუცველობის განცდაც, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა კანონპროექტის ინიცირების პერიოდში. ამასთან, ლეგიტიმური გახდა შიში, რომ საკანონდებლო ხელისუფლება ადრე თუ გვიან, კანონპროექტს სხვა ფორმით მაინც მიღებს. საგანგაშოა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირებამ და მხარდაჭერამ წაახალისა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფები, რომელთა ნარატივიც სრულად ემთხვევა კანონპროექტის მიზნებს, რომ უფლებადამცველობითი საქმიანობა “უცხოელ აგენტებობასა” და “ქვეყნის მტრობას” გულისხმობს.

თავის მხრივ, კანონპროექტის ძალაში შესვლა უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გამართულია, უნაკლო არ არის.

სპეციალური მომხსენებლის აზრით, განსაკუთრებით პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ძირეულ რეფორმირებას საჭიროებს, რაზეც ლავლორს მთავრობის წარმომადგენლებიცა და სახალხო დამცველიც დაეთანხმნენ, თუმცა, აღნიშნული გამოწვევა დიდი ხანია არსებობს, ამდენად, მისთვის გაუგებარია, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, მშვიდობიანი თავშეყრის უფლებისა და გამოხატის თავისუფლების შეზღუდვისას სამართალდამცავებმა არაერთხელ გამოიყენეს კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, მათ შორის უფლებადამცველთა მიმართაც.

LGBTQI პირების უფლებების დაცვაზე მომუშავე პირების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობა

მომხსენებელი განსაკუთრებულ სირთულედ ხედავს LGBTQI პირების უფლებებზე მომუშავე პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, იმდენად, რამდენადაც, ვიზიტისას, უფლებადამცველებთან ერთად, საკუთრივ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც ამახვილებდნენ ამ სირთულეებზე ყურადღებას.

2021 და 2023 წლების ივლისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა ძალადობრივად დაარბიეს LGBTQI უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 2021 წლის ივლისში, მასიურად იძალადეს ჟურნალისტების წინააღმდეგ, თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ისა და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამოვლენილ აგრესიას,2021 წელს ემსხვერპლა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა,რომელსაც აღნიშნული ჯგუფები თავს დაეხსნენ და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამასთან, 2023 წელს, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს ქვიარ საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიების ადგილი, ხოლო იქ გათავსებული აღჭურვილობა მიისაკუთრეს და დააზიანეს.

როგორც 2021, ისე 2023 წელს, ძალადობრივმა ჯგუფებმა წინასწარ, საჯაროდ, მათ შორის ინტერნეტ სივრცეშიც, განაცხადეს თავიანთი მიზნების შესახებ. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების ლიდერებმა, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ მიმართეს მომხრეებს და მობილიზაციისაკენ მოუწოდეს. ღონისძიებებისა და მანიფესტაცის დაწყებამდე, ორივე შემთხვევაში, პრემიერ მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელიც ირიბად გმობდა LGBTQI თემს და ფაქტობრივად ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ქმედებების ლეგიტიმაციას ისახავდა მიზნად.

მერი ლავლორმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ თავდასხმებზე, ძალადობრივი ქმედებების წაქეზებასა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ დასჯილა. მისი აზრით, ცალსახაა, რომ თუკი 2021 წელს გამოვლენილ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები სათანადოდ დაისჯებოდნენ, 2023 წელს იმავე ფაქტების განმეორების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა. მეტიც, 2021 და 2023 წლებამდე, 2012 და 2013 წლებშიც თავს დაესხნენ LGBTQI თემის მიერ გამართულ დღესასწაულს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ არამართლზომიერად ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის სისტემური პრაქტიკა, აშკარად მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ არსებული გამოწვევები მოაგვაროს. ამასთან, სახელმწიფო ვერ ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების გზით მასზე დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დამატებით სპეციალური მომხსენებლისათვის შემაშფოთებელია ისიც, რომ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორები კვლავ განაგრობენ, მედიის, უფლედამცველებისა და უმცირესობების მიმართ მუქარას. ამდენად, ლეგიტიმურია მათი განცდა უსაფრთხოებისა და დაუცველობის შესახებ, რაც აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი უმოქმედობისა და კულტივირებული დაუსჯელობის სინდრომის მიღმა იქნას შეფასებული, მით უფრო იმის გათავალისწინებით, რომ ხელისუფლება შეუწყნარებელია უფლებადამცველობითი საქმიანობის მიმართ და თავადვე აქტიურად ავრცელებს ნეგატიურ ნარატივებს მათ შესახებ.

მუქარა და ფიზიკური თავდასხმები, ანუ უფლებადამცველთა ჯგუფები მაღალი რისკის ქვეშ: უფლებადამცველი ქალები, უმცირესობების უფლებების დამცველები, მედიის წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე პირები

დაუცველობის განცდა განსაკუთრებით მაღალია მათთვის, ვინც, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურის და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობენ.

მომხსენებლის აზრით, სიტუაცია უკიდურესად მძიმეა „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტის გაწვევის შემდგომ. მარტის აქციების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრებმა ქალი უფლებადამცველები პირდაპირ უცხოელ აგენტებად მოიხსენიეს, რაც კიდევ მეტად წაახალისებს უფლებადამცველებზე შესაძლო ძალადობის ღიად ჩადენის პერსპექტივას.

სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მასთან შეხვედრისას ქალმა უფლებადამცველებმა მას გაუზიარეს ისტორიები იმის შესახებ, თუ რაოდენ ინტენსიურია მათზე გამოვლენილი აგრესია. ისინი მათ შორის ქუჩაში სეირნობისასაც კი ხდებიან ღია ძალადობისა და მუქარის მსხვერპლნი.

ასევე ისინი, მუქარის სამიზნეები ხდებიან ინტერნეტსივრცეშიც, რის უკანაც, უმეტესად ბოტები დგანან.

მისი აზრით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ქალი უფლებადამცველები, რომლებიც ეთნიკური ანდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ვინაიდან მათი ინტეგრაცია ხელისუფლების მიერ არ არის მხარდაჭერილი და ისინი ხშირად, ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფების რისხვის ადრესატნი ხდებიან.

მერი ლავლორი მწვავე პრობლემად აფასებს, ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობასაც. მისი შეფასებით, მედიის წარმომადგენლები ამავდროულად უფლებადამცველობით საქმიანობასაც ითავსებენ, რის გამოც, ისინი ორმაგად მაღალი რისკის წინაშე დგანან, სახელმწიფო კი არასაკმარის ზომებს იღებს მათ დასაცავად, განსაკუთრებით კი 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდგომ, ჟურნალისტები კრიტიკულად განიცდიან დაუცველობის შიშს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ხელისუფლებაც ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას, რაზეც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელიც მოწმობს.

ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველებიც ვერ გრძნობენ საკმარის ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. მომხსენებელი განმარტავს, რომ საქართველოში ვიზიტისას მას ეცნობა, რომ ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველებს არ ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მეტიც ისინი ხშირად ბულინგის მსხვერპლნიც კი ხდებიან.

საწყისი რეკომენდაციები

მერი ლავლორის ცნობით, აუცილებელია ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირების ინტერესების გათვალისწინება და მათი გაძლიერება, რისთვისაც, მნიშვნელოვანი იქნებოდა შემდგომი ინტერსექტორული რეკომენდაციების შესრულება:

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:

  • აუციელებელია შეწყდეს უფლებადამცველების სტიგმატიზაცია და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია საჯარო განცხადებით;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, შესწორებები იქნას შეტანილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებზე. ცვლილებების შემდგომ, წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა აღარ უნდა იქნას გამოყენებული ადამიანის უფლებათა დამცველების თვითნებურად დაკავების მიზნით;
  • შეწყდეს იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომლის მიზანიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაა;
  • უფლებადამცველებთან, ადვოკატებსა და ჟურნალისტებთან ერთად მომზადდეს ცვლილებები, რომელიც თვალთვალისა და მიყურადების მანკიერ პრაქტიკას აღმოფხვრის. მნიშვნელოვანია, მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს ისეთი შეზღუდვები, რომლებიც პირად ცხოვრებასა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შესაძლებლობას იძლევა;
  • ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმით დეკლარირებულ პრიორიტეტად გამოცხადდეს უფლებადამცველობითი საქმიანობის, განსაკუთრებით კი ქალი,LGBTQI პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველების დაცვა და გაძლიერება;
  • შემუშავდეს მიზნობრივი სამოქმედო გეგმა რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი უფლებადამცველების, ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამგვარ გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენა აქვს უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებზე;
  • საჯაროდ იქნეს აღიარებული არჩევნებზე დამუკიდებელ დამკვირვებელთა საქმიანობის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შენების პროცესში, რათა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება 2024 წლის არჩევნებზე;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების ნებისმიერი სახის სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია;
  • განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს საჯარო სივრცეში მიზოგინური თავდასხმების აღმოფხვრი მნიშვნელობაზე;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • სწრაფად იქნას განხორციელებული თითოეული ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სავარაუდო შეთქმულებისა და რევოლუციური სცენარის მომზადებას შეეხება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ლოგიკური შედეგი გამოძიების შეწყვეტა ან საქმის პროკურატურისათვის გადაცემა უნდა იყოს;
  • შეწყდეს უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების თვალთვალი, რაც წინააღმდეგობრივია საერთაშორისო სტანდარტებთან და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებთან;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის საერთო რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და საქართელოს პროკურატურას:

  • აუცილებელია ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ ფარული თვალთვალის საქმეზე მონიტორინგი იქნას განხორციელებული, რათა სწორად შეფასდეს თვალთვალის მართლზომიერება;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები სახალხო დამცველის ოფისს:

  • ნათლად დააფიქსიროს LGBTQI ადამიანების უფლებადამცველების საქმიანობის მნიშვნელობა;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

დაიწყოს და პროაქტიულად გამოიძიოს 2023 სექტემბერში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ ტრენინგში მონაწილე უფლებადამცველების უკანონო თვალთვალის საქმე. გამოძიება კი წარიმართოს 2023 წლის ივლისში უფლებადამცველებთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების შესახებ დამტკიცებული გზამკვლევის შესაბამისად;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები პროკურატურას:

  • გამოძიებული იქნას 2021 და 2023 წლების ივლისში LGBTQI თემის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დარბევის ფაქტები, ამასთან, პასუხიგებაში მიეცეს ყველა ორგანიზატორი და ის პირები, რომლებიც საჯარო მოწოდებებს აჟღერებდნენ ღონისძიებების მონაწილეების წინააღმდეგ;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს:

  • უფლებადამცველებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმას სარეთო პლატფორმა, რომლის მიზანიც იქნება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და მექანიზმების, შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ შედგენილი გზამკლევის მსგავსად, შემუშავებული იქნას, სავალდებულო ძალის მქონე რეკომენდაციები უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისთვის ინტერსექციული მიდგომის გამოყენებით;
  • დაინერგოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მექანიზმი უშუალოდ უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართ;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს:

  • გაძლიერდეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი,რათა მოხერხდეს გაეწიოს ყველა იმ პირის დახმარება, რომლებიც უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ;

უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის რეკომენდაციები კულტურის სამინისტროს:

  • დაიწყოს კონსულტაციები და დიალოგი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლებთან, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ ყოფილ თანამშრომლებსა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაცებთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“