[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

რატომ სოლიდარობა პანკისს?

თამთა მიქელაძე 

უკანასკნელ დღეებში, სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიებში დაისვა არაერთი შეკითხვა და კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რატომ ვსაუბრობთ ზოგადად პანკისის ხეობაში არსებულ პრობლემებზე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოხლის ხელყოფის საქმესთან კავშირში. ასევე, ისმის კითხვები 11 იანვარს გამართულ სოლიდარობის აქციაზე ეთნიკური ნიშნით განსხვავებების აპელირებით ხომ არ მოხდა, საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზირება და ხომ არ შექმნა დაძაბულობის გაძლიერების რისკები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ არაერთ მოსაზრებაში ასევე შემხვდა მტკიცება იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში გარიყულობის, ან სხვა რეგიონებისგან განსხვავებული პრობლემები საერთოდ არ არსებობს და საკითხის ასე დასმა იმთავითვე უსაფუძვლოა.

მსურს ამ თვალსაზირსში ვუპასუხო მითითებულ კრიტიკასა და შეკითხვებს.

დასაწყისშივე ხაზი მინდა გავუსვა იმ დისკურსულ და მეთოდოლოგიურ ხარვეზებს, რომელიც პანკისის შესახებ მიმდინარე დისკუსიებს აქვს: 1. ჩვენ არ გვაქვს პანკისის ხეობაში ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევები, რომელიც ხეობაში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას, პოლიტიკურ და სოციალურ გარიყულობას, რელიგიურობის ფორმებს, თემის ისტორიას და წინააღმდეგობის ცნობიერებას აღწერდა. როგროც წესი, პანკისის ხეობაზე ვლაპარაკობთ ისე, რომ ადგილობრივი კონტექსტი სიღრმისეულად არ ვიცით. 2. პანკისზე ვლაპარაკობთ ცენტრიდან ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აგენტობას მთლიანად ვაცლით, ხშირად მის ეგზოტიზაციას ვახდენთ და მათზე ვსმჯელობთ მათი მონაწილეობის და ალაპარაკების გარეშე; 3. პანკისზე მსჯელობის დროს ჩვენ არ ვართ თავისუფლები იმ პოლიტიკური და იდეოლოგიური შაბლონებისგან, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება და პანკისელს სახავს შემდეგი პრობლემური სახით: : ა) ის პრემოდერნულ დროში მცხოვრები კავკასიელია, რომელიც ‘ირაციონალური’ მოტივებით ბრძოლის და მილიტარისტული იდეებით არის შეპყრობილი ანუ საშიშია; ბ) ის ადათების მიხედვით ცხოვრობს და მასზე გვარის კოლექტიური კონტროლი იმდენად ძლიერია, რომ არ აქვს რაციონალური არჩევანის და ზოგადად გარჩევის შესაძლებლობა; ც) ის ‘ვაჰაბისტია’, რომელიც მხოლოდ რელიგიურ განზომილებაში არსებობს და “რადიკალი ფანატიკოსია”.

მეტიც, ტერორიზმთან დაკავშირებულ ან მასთან არასწორედ დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის დროს ჩვენ როგორც წესი პოლიტიკურ თეოლოგიაში ვვარდებით, სადაც აბსოლუტური ბოროტება და აბსოლურუტი სიკეთე არსებობს და სადაც ჩვენი კრიტიკულობა უძლურდება. უსაფრთხოების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსიები, როგორც წესი მკვეთრად არაკონტექსტუალიზებულია, რადგან კოლონილიაზმის გამოცდილების და მუსლიმურ ქვეყნებთან სპეციფიკური უახლესი ისტორიის მქონე სახელმწიფოების კონტრტერორისტული პოლიტიკას და მოდელებს უპირობოდ იყენებს.

რამდენად ახერხებს ყველა ის ადამიანი, რომელიც თავდაჯერებულად მსჯელობს პანკისში გარიყულობის პრობლემის არ არსებობაზე, ამ წარმოდგენებისგან თავისუფლად ყოფნას და ცოდნის ამ სიცარიელეების შევსება არის ჩემთვის ცენტრალური კითხვა დისკუსიისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ისლამოფობიის პრობლემაზე ჩვენს საზოგადოებაში და იმ ღრმა კლასობრივ განსხვავებაზე, რომელიც მოლაპარაკე სუბიექტებსა და ლაპარაკის ობიექტებს შორის ამ დისკუსიაში არსებობს.

უნდა ითქვას, რომ EMC მიმდინარე პერიოდში ატარებს პანკისის თემის პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის კვლევას და რამდენიმე თვეში კვლევის შედეგებს და მათ ინტერპრეტაციას წარმოგიდგენთ, რომელიც პანკისში არსებული სიტუაციის უკეთ ახსნის შესაძლებლობას მოგვცემს.

მაგრამ მანამდე მაინც მინდა მოკლე პასუხი გავცე ზემოთ დასახელებულ კითხვას, თუ რატომ ვხედავთ, რომ პანკისში უთანასწორობის და უსამართლობის სისტემური პრობლემები არსებობს, რომელიც თავად არის მიზეზი იმ გაუცხოების, ექსკლუზიის რომელიც სხვადასხვა პროცესებში (მათ შორის, სირიაში საბრძოლოდ წასვლის პროცესში) ვლინდება. და რომ სახელმწიფოს პოლიტიკა, მათ შორის, უსაფრთხოების პოლიტიკამ პირველ რიგში მათ უნდა უპასუხოს. ჩვენ კი როგორც საზოგადოებამ, სოლიდარობა სწორედ ადგილობრივი თემის ჩაგვრის წაკითხვით, აღიარებით და მათთან ერთად მუშაობით უნდა დავიწყოთ.

  1. ძირითადი პოლიტიკური პარადგიმა, რომელსაც სახელმწიფო ხეობაში იყენებს არის უსაფრთხოების პარადიგმა, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ კონტროლსა და რეპრესიაზე დგას და არა უსაფრთხოების სოციალურ გაგებაზე, რომელიც ინკლუზიას და პრევენციის კომპლექსურ გაგებას გულისხმობს. პანკისის ხეობა ყველა პოლიტიკური ხელისუფლებისთვის წლების განმავლობაში არის/იყო ‘სახიფათო ზონა’, ‘საგანგებო მდგომარეობის’ ტერიტორია, სადაც ის ტერორიზმს ან რელიგიურ ექსტრემიზმს ებრძვის. ამ პოლიტიკას სახელმწიფო ახორციელებს ბრმად, ისე, რომ მას არ აქვს კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და პრევენციაზე და პოლიტიკურ და სოციალურ ინკლუზიაზე ორიენტირებული მიდგომა. პოლიტიკაში ეს სისტემური ხარვეზი უკვე ბევრის მთქმელია. ხეობა სუს-ის ტოტალური კონტროლის ქვეშაა, სადაც ადამიანების გადაადგილება და კომუნიკაცია მათი კონტროლის ქვეშ ხვდება. ალბათ ნათელია, რომ ეს კონტროლი პანკისში უფრო ინტენსიური და ფიზიკურია.

ყველა ხელისუფლებამ ხეობაში ჩაატარა ისტორიული მნიშვნელობის, პერფორმატიული - ძალის დემონსტრაციაზე მიმართული სპეცოპერაცია, რომელსაც მსხვეპლი მოყვა და რომელიც გამოძიებული არ არის. ყველა ეს სპეცოპერაცია საგანგებო მდგომარეობით გამართლდა, რომელიც ანომიას, კანონის გარეშე მდგომარეობას გულისხმობს და მის ადრესატებს უფლებებს და სამართალსუბიექტობას ართმევს და შიშველ სიცოცხლეში ტოვებს. ტერორიზმთან სწორედ თუ არასწორედ დაკავშირებულ საქმეებში ბრლდებული პირების უუფლობობის გაგება საზოგადოებრივ დისკუსიებშიც თვალშისაცემი იყო, სადაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ადამიანები დამნაშავეებად გამოცხადნენ.

  1. ხეობის მაცხოვრებლების პოლიტიკური რეპრეზენტაცია, რომელიც პოლიტიკურ მონაწილეობის და დღის წესრიგის შექმნის შესაძლებლობებს გულისხმობს, დაბალია. სუსტი და კონტროლირებადი ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში ლოკალურ დონეზე პოლიტიკური მონაწილეობა ზოგადად ისედაც სუსტია და ის ვერ ქმნის პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობებს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებაზე სუს-ის გავლენები კიდევ უფრო მაღალია. ცენტრალური ხელისფლების დონეზე ქისტების პოლიტიკური რეპრეზენტაცია შეუმჩნეველია. საჯარო სამსახურში (და კერძო სფეროშიც კი) მუსლიმი ქისტების დასაქმების პრობლემაზე უთითებს, ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტებიც დიდი ნაწილი.
  2. სახელმწიფო პანკისში თემის უმრავლესობაში მყოფ რელიგიურ ჯგუფს არ აღიარებს და არც ერთ ფორმატში მას არ ელაპარაკა.

ამ პირობებში ადგილობრივ თემს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი უკმაყოფილების შეტანის და არტიკულირების შესაძლებლობები თითქმის არ აქვს. მათ სისტემა მუდმივი თავის მართლების მდგომარეობაში აყენებს, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პანკისელების მასშტაბური აქციების დროს ყველაზე თვალსაჩინო იყო.

  1. გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმის ფონზე, რომელიც ინსტიტუციონალიზებულია, იდეოლოგიურ/კულტურულ დონეზე პანკისელი ქისტი მუსლიმის სოციალური მიმღებლობა მაღალი არ არის და ამას ხეობაში ჩატარებული ინტერვიუებიც უთითებს. ჩემი აზრით, ადგილობრივ დონეზე პანკისში სალაფიტი მუსლიმების მიმღებლობა კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მუსლიმი თემების. ამასთან, ეს ყველაფერი ასევე უნდა განვიხილოთ გლობალურად გაბატონებული ისლამოფობიის და მისი პოლიტიკური ინსტრუმენტელიზების ფონზე.
  2. ქისტ თემს რუსული იმპერიალიზმის და ჩეჩენი ხალხის გენოციდის ძლიერი ტრამვა და მეხსიერება აქვს, რაც ძლიერ გავლენას ახდენს მათ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და აზროვნებაზე. ჩეჩნეთში, ან სირიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ტრამვა. იმპერიალისტური ჩაგვრის და უკმაყოფილების პოლიტიკური ბრძოლის მოდუსში და ფორმებში გადატანა რთული პროცესია და უსამართლოა ეს ტვირთი მხოლოდ ამ ხალხს ავკიდოთ.

მსგავსი კულტურული და პოლიტიკური გარემო, ცხადია გავლენას ახდენს ადგილობრივი თემის თანასწორ პირობებში განვითარების შესაძლებლობებზე. ის რომ გურიის სოფლიდან ჩამოსულ ქრისტიან ქართველ ახალგაზრდას და პანკისიდან ჩამოსულ მუსლიმ ქისტ ახალგაზრდას (წვერით ან ჰიჯაბით) განვითარების თანასწორი პირობებით იმთავითვე არ აქვთ, მგონი სადავო არ უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენთვის პანკისის კონტექსტში სოციალური და პოლიტიკური გარიყულობა უმუშევრობასთან, სიღარიბესთან და პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემასთან ერთად, გულისხმობს სოციალური განვითარების დაბალ შესაძლებლობებს დისკრიმინაციული გარემოს გამო, და მუდმივი შიშისა და ზეწოლის პირობებში ცხოვრებას, რეპრესიზე და კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის გამო.

ტაქტიკური შინაარსის კრიტიკა, რომ სტრუქტურულ პრობლემებზე ლაპარაკის დრო ეხლა არ არის, რადგან ამან შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს ხეობაში უსაფუძვლოა, რადგან ჩვენს შორის სოციალური შეჭიდულობის და სოლიდარობის გაზრდისთვის პირიქით ჩვენს საერთო ჩაგვრებზე ლაპარაკია საჭირო. საჭიროა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ გვესმის ის მჩაგვრელი გარემო, რომელშიც პანკისელები ცხოვრობენ და რომ ჩვენ მზად ვართ ამ სისტემების წინააღმდეგ მათთან ერთად ვიმუშავოთ, იმიტომ რომ სისტემა მსგავსად და განსხვავებული ფორმებითაც ჩვენც - უმრავლესობას ან სხვა უმცირესობებს ასევე გვჩაგრავს. სწორედ პოლიტიკურ დისკურსში უკმაყოფილების გადატანა და სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება მგონია საკვანძო მათ შორის, იმ პოლიტიკური და სტრატეგიული პრაგმატულობისთვის, რაზეც სხვები უთითებენ ხეობაში არსებული ბრაზის და უკმაყოფილების სხვა ფორმებში გადაზრდის რისკების დროს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“