[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

დეკოლონიური პერსპექტივები / თვალსაზრისი

ცხრა მთას იქით

ირინე ბერიძე 

გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა დაეთმოთ (2017  – საფრანგეთი, 2016 – ფლანდრია და ნიდერლანდები, 2015 – ინდონეზია, 2014 – ფინეთი და ა.შ.),[1] მივხვდებით, რომ ისეთი პატარა და მწირი ეკონომიკური რესურსის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა,  მათ რიგებში ვერ უნდა მოხვედრილიყო.

როგორც ორგანიზატორები ჰყვებიან, ყველაფერი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო. წიგნის ბაზრობისთვის აქტიურ მზადებას ქართული მხარე უკვე 2014 წლიდან შეუდგა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი[2], რომელიც კულტურის სამინისტროში სწორედ ამ პროექტის ორგანიზებისთვის ჩამოყალიბდა, 5 წლის ანგარიშს აქვეყნებს და   250-მდე ქართველი ავტორის 30 სხვადასხვა ენაზე თარგმნილ 300 გამოცემას ითვლის.[3]

წიგნის ბაზრობის ქართული პროგრამა შარშან ოქტომბერში ქართული და გერმანული პრესის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასებით დაიხურა, ამასთან მკაფიოდ გამოიკვეთა  მსოფლიო რუკაზე საქართველოს გეოგრაფიულ-კულტურული „ალაგის“[4]  მონიშვნის პრობლემატიკა. თავის წერილში „ჩვენ, არაევროპელი ევროპელები“[5] გიორგი მაისურაძემ უკვე ისაუბრა იმ მითებსა და პარადიგმებზე, რომლებიც ქართულმა მხარემ ფრანკფურტში საპატიო სტუმრის ვიზიტის კონტექსტში გაააქტიურა და ეს მოვლენები „საქართველოს ევროპულობის ინსცენირების“[6] დისკურსში მოათავსა. 

რაოდენ გაცვეთილადაც უნდა ჟღერდეს, ფრანკფურტის მოვლენებმა „ევროპელებს“ საქართველო მართლაც აღმოაჩენინა და კუთვნილი ნიშა დაიკავა მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. ბოლო წლებია, საქართველო, აქამდე საერთო – გერმანულენოვანი კოლექტიური მეხსიერების ერთმნიშვნელოვანი ქვეყანა – -terra incognita, საარვისო მიწა (გერ. Niemandsland / ინგ. no man’s land), კულტურული თუ ტურისტული ინტერესის დასაცხრობ ახალ ლუკმად იქცა. დიახ, ლუკმად, როგორც გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალია –­ ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ახალ ომგამოვლილი და ეკონომიურად წელში ნახევრად გამართული რიგითი გერმანელი წელიწადში ორი კვირა რომ „იშუშებდა“ ნაციზმის ტრავმებს – სამხრეთული მზე, ზღვა და სანაპირო, გემრიელი ღვინო, გამორჩეული სამზარეულო და ცოტაოდენი ხელოვნებაც. მანამდე ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყლებში გაყინულ სხეულს ახლა უკვე სამხრეთი ათბობდა. მერე იყო ესპანეთი (მალიორკა) და იყო თურქეთიც, სანამ ბოლო წლების ტერორისტული აქტების სერია და ერდოღანის არადემოკრატიული მმართველობა ამ ტრადიციულ იდილიას არ დაარღვევდა. საქართველო ახალი თურქეთი ხომ არ არისო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი და მართალიც იქნება.

ეს წერილი ერთგვარი მცდელობაა, საკითხს არა ქართული თვითინსცენირების პერსპექტივიდან მივუახლოვდეთ, არამედ გავაანალიზოთ ის საპროექციო განზომილება, რომელსაც, სწორედ რომ, დასავლეთი – კონკრეტულად კი, გერმანულენოვანი კულტურული დისკურსი ­– გვთავაზობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფორმით. მართალია, თანამედროვე საქართველოს თვითიდენტიფიკაცია მუდამ დასავლეთისკენ იყო მიმართული (რეგიონში რუსულ გეოპოლიტიკურ გავლენათა არეალის მუდმივი გაფართოების პარალელურად), მაინც მნიშვნელოვანია, რომ ცენტრიდან გადმოვხედოთ პერიფერიას და ამ ჩვენთვის უჩვეულო პერსპექტივიდან დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ლოგიკით და რა ჩარჩოში მოქმედებს ცენტრი.

საქართველოს „აღმოჩენის“ მოკლე ისტორია

ანტაგონიზმებით სავსე ქვეყანა; არასაიმედო სამოთხე; ღრმა აღმოსავლეთით მდებარე სიცოცხლით სავსე რეგიონი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს; ქვეყანა, სადაც კულტურები ერთმანეთს ხვდებიან; ევროპის აივანი, თუ მტრულად განწყობილ მეზობლებს შორის ბოლო ქრისტიანული ბასტიონი? იქნებ, კავკასიის კალიფორნია? ან სულაც, აღმოსავლეთის იტალია? თუ ქვეყანა, სადაც ევროპა ევროპად იქმნება?[7] საქართველოს სურათი ევროპაში/გერმანიაში, ერთი შეხედვით, არაერთგვაროვანია, მაგრამ მაინც ერთი საერთო სტრუქტურირებული ლოგიკის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ. თუ 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობის კონტექსტში გერმანულენოვან პუბლიკაციებსა და პრესას თვალს შეავლებდით, საქართველოსთან დაკავშირებული თემების სიმრავლე უმალ თვალში მოგხვდებოდათ. გერმანულენოვანი ბეჭდური თუ ონლაინპრესის თითქმის ყველა მოზრდილი თუ მცირე ჟურნალ-გაზეთი, სატელევიზიო თუ რადიოგადაცემები ჟანრული მრავალფეროვნების (პოდკასტები, სატელევიზიო დოკუმენტაციები, რეპორტაჟები, ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები, რეცენზიები და ა.შ.) ფარგლებში აქტიურად დაინტერესდა საქართველოთი და ეს ინტერესი ეპიდემიასავით გადასდო თავის ადრესატებსაც. გერმანულენოვანი მონათხრობი საქართველოზე, როგორი აქცენტირებითაც არ უნდა ყოფილიყო ის ნაწარმოები, აერთიანებდა იდენტურ პარადიგმებს, რომლებიც ხშირად მითებისა თუ სტერეოტიპული კლიშე-სურათების კვლავწარმოების ხარჯზე გადიოდა ფონს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საერთო ნარატივზე დაკვირვებაა საინტერესო, რომელიც გაჯერებულია მსუყე ორიენტალიზმებით, ყალბი რომანტიზაციითა და სტერეოტიპული თუ გაიდეალებული სურათებით. ამ პუბლიკაციების ზღვაში თითქმის შეუძლებელია ისეთი ერთეულების პოვნა, რომლებიც საქართველოზე თხრობის ალტერნატიულ გზას ირჩევენ და ამ გაბატონებული დისკურსის მიღმა თვითკრიტიკულ რეფლექსიას  გვთავაზობენ. პრესის იდეოლოგიური ჩარჩოს განურჩევლად (მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით), გერმანული ამბავი საქართველოზე ერთი საერთო პარადიგმის ქვეშ შეგვიძლია მოვაქციოთ.

ერთი ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, როდესაც ღმერთი დედამიწის ხალხებს მიწებს უნაწილებდა, ქართველები ქეიფს/სუფრას ვერ მოსწყდნენ და ის იყო, უმიწოდ უნდა დარჩენილიყვნენ, რომ ღმერთს მათთვის ის ადგილი უბოძებია, რომელიც თავისთვის ჰქონია გადანახული. ღმერთი ხომ თავისთვის ცუდს არაფერს დაიტოვებდა და აი, ასე ერგოთ ქართველებს „სამოთხე დედამიწაზე“. ნინო ხარატიშვილი თავის გერმანულენოვან რომანში „მერვე სიცოცხლე. ბრილკასთვის“[8] საქართველოზე ამბის თხრობას ამ ლეგენდით იწყებს. მას მერე ამ ისტორიას გერმანული პრესა აქტიურად იტაცებს. ოთარ ჭილაძის წიგნის, „გოდორის“, გერმანულ თარგმანს რეცენზენტი deutschlandfunk-ზე[9] სწორედ ამ ლეგენდით წარადგენს, ხოლო კრიტიკოსი მარტინ გერნერი წერილში „გრძელი გზა დასავლეთისკენ. საქართველოს ისტორია ევროპის განაპირას“ (Der weite Weg nach Westen. Georgiens Geschichte am Rande Europas)[10] საქართველოს ღმერთის საუკეთესო მიწას უწოდებს და მას შავ და კასპიის ზღვებს შორის, აზიისა და ევროპის გასაყარზე ათავსებს. ევროპისა და აზიის ამ უხეშ დიქოტომიას იტაცებს მორიგი წერილი სათაურით, „ევროპა აზიაში“ (Europa in Asien)[11], რომელიც ოქტომბერში Süddeutsche Zeitung-მა გამოაქვეყნა. ავტორი წერილს იწყებს გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ყოფილი დირექტორის, შტეფან ვაკვიცის ციტატით, რომელშიც საქართველო შედარებულია ფედერიკო ფელინის ადრეულ ფილმებთან, სადაც აბსურდული და პოეტური ერთმანეთს ერწყმის და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.[12] მწერალ ვაკვიცს უკვე ეკუთვნის რამდენიმე პუბლიკაცია საქართველოზე, რომელთა ანალიზი აქ, ალბათ,  შორს წაგვიყვანს, თუმცა მოდით, მის ერთ-ერთ ბოლო წერილზე „ცხოვრების პოეტიზება. კარლო კაჭარავაზე“ (Die Poetisierung des Lebens. Über Karlo Katscharawa)[13] ვკონცენტრირდეთ. ტექსტი სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ Sinn und Form-ში. ვაკვიცი 2011 წლის, მისთვის ჯერ კიდევ უცნობ, თბილისს აღწერს:

„აქ ყველაფერი ახალია და მაინც დიდი ხნის ნაცნობს მაგონებს. ლანდშაფტის ხმელთაშუაზღვისპირული ელფერი. მაკვისით დაფარულ, მყიფე კლდოვან ფერდობებს კულისებივით შეუკრავთ წრე აფრიკულად დაუნდობელი შუადღის მზის ქვეშ.“[14]

ტექსტში მზე აფრიკული, ლანდშაფტი კი იტალიურია. ველური ბროწეულისა და ლეღვის ხის ნაყოფი მთელ ქალაქს მოსდებია. მანქანების ხმამაღალი ქაოსი კი მთხრობელს უმალ ბომბეის ქუჩებს ახსენებს. არც სიღარიბე ავიწყდება, რომელსაც მოკლედ უსვამს ხაზს, რათა ქართველი ქალების „იტალიურ ელეგანტურობაზე“ ისაუბროს.[15] კითხულობ წერილს და თვალწინ კოლონიური პერიოდის მდიდარი, თეთრი, ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი მემამულეები და მათი ჩვეული პლანტაციებში სეირნობა წარმოგიდგება. ვაკვიცთან ქართულ პლანტაციებში ნიგერიული თუ კონგოური მზე კახურ მზეს ერწყმის. მეხსიერება ხომ უცნაური და ძალიან მოუხელთებელი რამ არის, ამბებს თაობებს გადასცემს, ისეთ ასოციაციურ ჯაჭვს ქმნის და ისტორიებს ამოატივტივებს ხოლმე, რომ გაკვირვებულს დაგტოვებს. გერმანელი სტუმრების საქართველოში გასეირნება ხშირად ემსგავსება მოგზაურობას კოლონიურ ტრადიციებში, სადაც პლანტაციებში თავჩახრილად მომუშავე გლეხს „Willkommen in Georgien“-ის თქმის უფლებაღა დარჩენია.

ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ Wagenbach Verlag გასულ წელს გამოსცა ტექსტების კრებული საქართველოზე სათაურით, „საქართველო. ლიტერატურული მოპატიჟება“ (Georgien. Eine literarische Einladung)[16]. ჯონ სტეინბეკის ციტატით (მიუხედავად იმისა, რომ კრებული ქართველი ავტორების ტექსტებს აერთიანებს, ყველაზე პრესტიჟული ადგილი მაინც სტეინბეკს ეთმობა) წიგნის შესავალშივე ხდება საქართველოს დედამიწისეულ სამოთხედ წარმოჩენა და მის მაგიურ ბუნებაზე ხაზგასმა. აი, რას წერენ კრებულის შემდგენლები საქართველოზე: „საქართველო, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, უწინ ორიენტისა და ოკციდენტის დამაკავშირებელი სივრცე, მოგვიანებით კი აღმოსავლეთის კოტ-დ’აზური.[17] აქაც ისევ „სამოთხე“, მითიური კოლხეთი და ალუზიები ევროპულ სამხრეთთან.      

საინტერესოა მორიგი პუბლიკაციაც, რომელიც კრებულის ფორმატში ქართველ თანამედროვე ქალ მწერლებს აერთიანებს. „მწარე კანფეტები“ (Bittere Bonbons. Georgische Geschichten)[18] ჰქვია წიგნს, რომელსაც გამომცემლობა editionfünf შემდეგი სარეკლამო სლოგანით წარუდგენს მკითხველს – „ისტორიები ბობოქარი განცდების ქვეყნიდან“ (Geschichten aus dem Land der starken Gefühle). კრებულის შემდგენელი რახელ გრაცფელდი კი თავის ბოლოთქმაში სათაურით, „მედეა, შუშანიკი და მთელი სამყარო“[19] არქაული მითებისა და ლეგენდების გააქტიურებით იწყებს საქართველოზე თხრობას – საქართველო აქ „ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით“ მდებარეობს.

როგორც ვხედავთ, საქართველო დასავლური პერსპექტივიდან ხან ღმერთის რჩეული მიწაა, ხანაც ევროპის აივანი (Balkon Europas)[20], მაგრამ არასოდეს ევროპის სრულყოფილი ნაწილი. საქართველოს გეოგრაფიულ-კულტურული მიკუთვნებულობა ხშირად გამოიხატება მდგომარეობით, რომელიც ორ შეუთავსებელ პოლუსს შორის გახლეჩილობას (Zerrissenheit)[21] ან გაჭყლეტილობას აღწერს. Süddeutsche Zeitung ამის თაობაზე წერს: „ევროპული დედაქალაქების პერსპექტივიდან საქართველო აზიაში მდებარეობს, გაჭყლეტილი ჩეჩნეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.“[22] ავტორის თანახმად, მიუხედავად ამ გეოგრაფიული არეალის სპეციფიკურობისა, ქართველები მაინც გახდნენ ევროპული მოდერნიზმის ნაწილი, რაც, მისი აზრით, ქართველი ინტელექტუალების დასავლურ, კერძოდ კი, გერმანულ ავტორებთან სიახლოვით იზომება. აქ მაგალითად თომას მანის ქართული თარგმანები და ჰუმბოლდტის საგანმანათლებლო იდეალები სახელდება[23] და გერმანელი ერის გამორჩეულობას უსვამს ხაზს. 

საქართველოს არამოდერნულ, ანაქრონისტულ/რეტროგრადულ და ბარბაროსულ აღმოსავლეთთან/აზიასთან (როგორი პრობლემატურიც არ უნდა იყოს ამ ცნებების ასე ტრაფარეტულად გამოყენება) გამყოფ ხაზად წარმოდგენა, მისი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური[24] ტრადიციითაც მყარდება.

Sandy და არაბი ლოპოტაზე

taz ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გერმანული გამოცემაა და ცნობილია მემარცხენე იდეებთან სიახლოვითაც, თუმცა სწორედ აქ ვაწყდებით წერილს სათაურით, „სადაც კულტურები ერთმანეთს ხვდებიან“ (Wo sich die Kulturen treffen)[25], რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა. ტექსტში თავმოყრილია ყველა ის კლიშე, რასისტული თუ შოვინისტური შეხედულება, რომელსაც დასავლური ნეოკოლონიური ლოგიკა აწარმოებს. ავტორი, ედიტ კრესტა, გერმანელი ლაიფციგელი გოგონას, ვინმე სენდის, საქართველოში მოგზაურობაზე გვიყვება. სენდი, თანამედროვე, თავისუფალი (აქ თავისუფლება მის მოკლე კაბაზე, ტატუებსა და დახეულ რეიტუზზე გადის), ქერათმიანი ახალგაზრდა ქალია – საერთო გერმანული სახე-ხატის „Brunhilde“-ს[26] რეინკარნაცია. ის ლოპოტა სპა რეზორტს სტუმრობს, როცა არაბი კაცის(!) დაჟინებული მზერა ისე აცოფებს, რომ ეს ცოლ-შვილიანი კაცი ლამის შემოელახოს. ავტორის თქმით, კაცს სენდის გაღიზიანება აშინებს, ორ ლამაზ(!) შვილს და შავებში შეფუთულ(!) ცოლს ხელს სტაცებს და უჩინარდება.[27] არაბი კაცი ამ ეპიზოდში მოძალადე, საშიში და არასასურველი სუბიექტია, რომელიც წინამოდერნულ ბუნებას განასახიერებს. სენდის გამოცდილება ინდივიდუალური არ არის. ის მოგზაურობს გერმანელების ჯგუფთან ერთად, რომელიც ლოპოტაზე არაბების, ყაზბეგში ჩინელებისა და ინდოელების სიმრავლეს ფსიქოლოგიურად ვერ უმკლავდება. აქ აზიას, ორიენტსა? და ევროპას საუნაშიც კი საერთო სივრცის განაწილება უწევს, რაც ძალიან უსიამოვნოა.[28] უსიამოვნოა გერმანელებისთვის, თორემ აზიისა და ორიენტის? შვილებს ვინ ჰკითხა აზრი. წერილში გერმანელი მოგზაური იმ სუბიექტად გვევლინება, რომელიც უარზეა, ნებაყოფლობით გაიყოს ახლად „აღმოჩენილი მიწა“ სხვა ჯგუფებთან. საქართველო აქ განსხვავებული პოლუსების შეჯახების სივრცედ იქცევა.

ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის და ავსტრიის მაგალითზე წინადადებით შემოდის, რომ საქართველოშიც  შეიქმნას აზიელი და არაბი ტურისტებისთვის ერთგვარი ქცევის კოდექსი, რომელიც ასწავლის მათ, რომ ბოყინი სირცხვილია, იატაკიდან არ უნდა ჭამონ და არ უნდა აფურთხონ.[29]

 

დასკვნა

მართალია, საქართველომ ფრანკფურტში, როგორც გიორგი მაისურაძე წერს, შეძლო, თავი დაეღწია „ეთნოგრაფიული კლიშეებით თვითრეპრეზენტაციისგან, რაც რუსულ-საბჭოთა კოლონიური იდენტობის ჩამოცილებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც იყო“[30], მისმა მასპინძელმა ის მაინც ძველ საბჭოთა თუ იმპერიულ ლოგიკაში დააბრუნა. საინტერესოა, რომ  საბჭოური მითი „მზიური საქართველოს“ შესახებ ამჯერად სწორედ დასავლური პერსპექტივიდან გააქტიურდა და ცენტრალური ნარატივის ტოტალურად მოხელთებაც შეძლო. გერმანულმა მზერამ ქართველს არ მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ სტერეოტიპული სურათებისა და ეგზოტიკური წარმოდგენების მიღმა ეარსება. დასავლური თვალსაწიერიდან საქართველოსა და ქართველის/ქართველობის ინსცენირება მისი რომანტიზაციით, მითოლოგიზებითა და ორიენტალიზაციით მოხდა. ევროკავშირის საზღვრებში არსებული მწვავე კრიზისის პირობებში, რომელიც აღმოსავლეთ-ევროპული წევრი ქვეყნების არადემოკრატიული ხელისუფლებებით (მაგ. პოლონეთის, უნგრეთის) კიდევ უფრო მძაფრდება, ამ კავშირის მოწინავე ქვეყანა  კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ევროპის გარე საზღვრებთან ეძებს ახალ საპროექციო სივრცეებს. სივრცეს, რომელიც მას თავის არქაულ-ევროპულ ბუნებასთან დააბრუნებს და შეუქმნის განცდას, რომ ქრისტიანული ევროპა ტრადიციულად აღმატებული და ძლიერია.

 

 

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებშირომელიც  Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] იხ. ფრანკფურტის ბაზრობის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.buchmesse.de/besuchen/privatbesucher/ehrengast/rueckschau

[2] იხ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ვებგვერდი: http://book.gov.ge/ka/about/gnbc

[3] იხ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის 5 წლის ანგარიში: http://book.gov.ge/ka/main/news/detailed/189/qartuli-wignis-erovnuli-centris--wlis-angarishi-

[4] იხ. ლუკა ნახუცრიშვილის სტატია სვეტლანა ალექსიევიჩი: საქართველოს ალაგის ძიებაში I: https://emc.org.ge/ka/products/svetlana-aleksievichi-sakartvelos-alagis-dziebashi-i

[5] იხ. გიორგი მაისურაძის წერილი „ჩვენ, არაევროპელი ევროპელები: https://ge.boell.org/ka/2018/11/06/chven-araevropeli-evropelebi

[6] იქვე.

[7] „Hier wird Europa gemacht“ (აქ ევროპა იქმნება) ჰქვია ერთ-ერთ სტატიას საქართველოზე. იხ. https://www.taz.de/!5538419/

[8] იხ. Nino Haratischwili (2014): Das achte Leben. Für Brilka. FVA, გვ. 17-18. 

[9] იხ. https://www.deutschlandfunk.de/otar-tschiladse-der-korb-mitreissendes-psychogramm-der.700.de.html?dram:article_id=416290

[10] იხ. „Die Lage zwischen Schwarzem und Kaspischem Meer, in einem klimatisch freundlichen und fruchtbaren Durchzugsgebiet zwischen Asien und Europa war für Georgien politisch eher Fluch als Segen.“ წყარო: https://www.deutschlandfunkkultur.de/der-weite-weg-nach-westen-georgiens-geschichte-am-rande.976.de.html?dram:article_id=427338 /

[11] იხ. https://www.sueddeutsche.de/kultur/georgien-europa-in-asien-1.4153018

[12] იქვე.

[13] იხ. https://sinn-und-form.de/?tabelle=leseprobe&titel_id=7090&kat_id=18&fbclid=IwAR0AN4-4CzDE58zZM25fPauX635GVkd9sR6PA1J3wqHl0VmPaFzjSQ_HBxc

[14] იქვე.

[15] იქვე. „Das Rot der überall wildwachsenden Granatäpfel, das Violett der Feigen am Straßenrand hält man bei flüchtigem Hinsehen für Blütenfarben. Das laute Chaos der Verkehrslandschaft, eine Erinnerung an Bombay. Die Armut. Die "italienische" Eleganz der Frauen. Das entgegenkommende Lächeln der Menschen, nach Amerika und Deutschland als physiognomischer default mode ganz ungewohnt. Das Sommerferienwetter. Die überraschend intelligente, originelle, romantische und selbstbewußt italianisierende Interpretation des Stalin-Klassizismus an der Auffahrt zum Saburtalo-Plateau vor dem monumentalen Rund des Sportpalasts.“ 

[16] იხ. Lena Luczak; Manfred Heinfeldner (Hrsg.): Georgien. Eine literarische Einladung. SALTO. Wagenbach Verlag. 2018.

[17] იხ. სრული ციტატა: Georgien, das Land Medeas und der Argonauten, einst der »Kontakthof« von Orient und Okzident, später die Côte d’Azur des Ostens. Aber das Paradies wird gerade umgebaut, mal brachial, mal behutsam. წყარო: https://www.wagenbach.de/buecher /titel/1163-georgien.html /

[18] Rachel Gratzfeld (Hrsg.): Bittere Bonbons. Georgische Geschichten. Erzählungen. editionfünf. 2018.

[19] იქვე. იხ. გვ. 235-243. / „Georgien, das Land hinter neuen Bergen und neuen Meeren.“

[20] იხ. https://www.mitteldeutscherverlag.de/bildband/alle-titel-bildband/hänel,-gerald-auf-dem-balkon-europas-detail

[21] იხ. „Seine Literatur erzählt rasant und witzig von der Zerrissenheit des Landes zwischen übermächtiger Tradition und Verwestlichung.“ წყარო: https://www.welt.de/kultur/literarischewelt/article181820784/Bugadze-Burchuladze-Kikodze-Irre-Romane-aus-Georgien.html

[22] იხ. https://www.sueddeutsche.de/kultur/georgien-europa-in-asien-1.4153018

[23] იქვე. „Von den europäischen Hauptstädten aus gesehen liegt Georgien eigentlich schon in Asien, eingeklemmt zwischen Tschetschenien, der Türkei, Aserbaidschan und Armenien. Trotzdem hat Georgien alle großen Entwicklungen der europäischen Moderne mitgemacht. Georgische Intellektuelle haben Thomas Mann übersetzt, Bücher über Antonin Artaud geschrieben und Grundschulen gegründet, die nach dem Humboldtschen Bildungsideal strebten.“

[24] ცნობილ  გერმანულ  გამოცემა „შპიგელში“ ჟურნალისტი საქართველოზე წერილს ასე იწყებს: „10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით შავი ზღვის პირას მდებარე ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ქვეყანა [...] ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია.“ /„Vom 10. bis 14. Oktober ist das christlich-orthodoxe Land am schwarzen Meer (so groß wie Bayern, 3,7 Millionen Einwohner) Ehrengast der Frankfurter Buchmesse.“ წყარო: https://www.spiegel.de/kultur/literatur/frankfurter-buchmesse-2018-gastland-georgien-ein-ueberblick-a-1231320.html

[25] იხ. https://www.taz.de/!5538079/

[26] იქვე. „Und obendrein sieht Sandy aus wie eine germanische Brunhilde im Mini und mit löchrigen Netzstrümpfen.“

[27] იქვე. იხ. სრული ციტატა: „In Georgien, im Lopota Spa Ressort, zwei Stunden von Tiflis entfernt, wunderschön an einem künstlichen See gelegen, hätte sie fast einen Araber vermöbelt. Er starre sie ununterbrochen an. Sie fühle sich wie im Menschenzoo, schnaubte sie aufgeregt und fixiert böse den erschrockenen Familienvater. Er, sichtlich irritiert, verlässt den Pool im Gänsemarsch mit seiner schwarz verhüllten Frau und den zwei süßen Kindern.“

[28] იქვე. „In Georgien treffen sich heute wieder Asien, Orient und Europa in der Sauna. Das ist anstrengend.“

[29] იქვე.

[30] იხ. გიორგი მაისურაძის წერილი ჩვენ, არაევროპელი ევროპელები: „ამ მითის ინსცენირებით შეიქმნა „მზიური საქართველოს“ სუბიექტი – საბჭოთა ქართველის სტერეოტიპი: სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი, ლაღი და დალხინებული, პოეტური და მუსიკალური და საკუთარი ქვეყნის „უძველესი კულტურით“ ამაყი. ამ სტერეოტიპს შესაბამისი გარეგნობაც მიეცა: „ტრადიციულ“ (ჩოხა-ახალუხსა და ჩიხტიკოპში) ტანსაცმელში გამოწყობილი გარეგნობის ქალი და მამაკაცი, რომლებიც თავიანთი „არქაულობით“ სრულიად ეგზოტიკურ წარმოდგენას ქმნიდნენ.“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“