საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს შვიდი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ დევნა დაიწყო. ადგილობრივი სასამართლოების მიერ თამარის გამართლების მიუხედავად, აქტივისტის უფლებების აღდგენა და რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა და ის 7 წელია გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის პირობებში, იზოლაციაში ცხოვრობს.
სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ ცხინვალში ე.წ. სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა დე-ფაქტო შანტაჟის და მუქარის სერია, უშიშროების სამსახურის მიერ მისი უკანონო გატაცება და დაკავება. 2022 წლის 3 ნოემბერს სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ აღიარა, რომ მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დევნა იყო დაუსაბუთებელი და საქმე შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. მას შემდეგ თამარი ითხოვს დე-ფაქტო რეჟიმისგან კომპენსაციას, გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების გაცემას, რომელიც თამარს დევნის დაწყებისას ჩამოართვეს. თუმცა, ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურები დღემდე არ უბრუნებენ დოკუმენტებს.. შედეგად მეარაყიშვილი ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას და მისი შვილის, ნათესავებისა და მეგობრების მონახულებას.
სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა გაცნობიერებული მის წინაშე არსებული პოზიტიური ვალდებულებები და თამარ მეარაყიშვილის უფლებების დასაცავად გაწეული ძალისხმევა სუსტი და ფრაგმენტული იყო. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო აქტივისტის განგრძობადი დევნის და გადაადგილების თავისუფლების თვითნებური და დისკრიმინაციული საქმე მუდმივად იყოს ცხინვალსა და თბილისს შორის დიალოგის ფორმატების (GID, IWPR) მსჯელობის პრიორიტეტი.
თამარ მეარაყიშვილი ადგილზე აქტიურად იბრძვის კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მის მიმართ მიმდინარე დევნის მიუხედავად, მას არც ერთი წუთით არ გაუჩერებია საჯარო ცხოვრება და არა ერთი ადამიანის ქომაგია ცხინვალის რეგიონში. თამარის ბრძოლა ჩვენთვისაც შთამაგონებელია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მას განგრძობადად უწევს მხარდაჭერას და მის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.
ინსტრუქცია