[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

ციცინათელების სასაფლაო

ფოტო: ლაივპრესი

ბლოგი ქვეყნდება ანონიმურად, ავტორისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ავტორი დაიბადა და გაიზარდა გალში და მას იქ დღემდე ჰყავს ნათესავები და ოჯახის წევრები

ბავშვობის წლები ალბათ იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე მშვიდობიან ადგილას მცხოვრები ბავშვებისათვის. ბავშვობაში ხომ არაფერი არ გაწუხებს და გაღელვებს, ყველაფერი ზუსტად ისეთი ჩანს როგორსაც ხედავ, ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე. პირველად ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებლისგან გავიგე ქართულ-აფხაზური ომის შესახებ. როგორც თვითონ ამბობდა, 1993 წელს, აგვისტოს თვეში გარდაიცვალა, მაშინ როდესაც ომში შვილი მოუკლეს, შემდეგ კი მხოლოდ არსებობა გააგრძელა. ამ საუბრების დიდად არ მესმოდა, ზედმეტად მტკივნეული თემა იყო იმისათვის რომ დიდი ყურადღება დამეთმო მისთვის. ან უბრალოდ რთული იყო გასააზრებლად, თუ რას გულისხმობდა მასწავლებელი ამ ყველაფრით. რა ომი? ჩვენ ხო მშვიდობიანად ვცხოვრობთ. რა ქართულ-აფხაზური ომი? ჩვენ ხომ ერთნი ვართ.

წამოვიზარდე - მე და ჩემი მასწავლებლის საუბრები კი ომით მოტანილ ტკივილზე არ მთავრდებოდა. უფრო მეტსა და მეტს მიყვებოდა, რაც უფრო და უფრო ცხადს ხდიდა ყველაფერს და ამავდროულად გაუგებარსაც. წამოზრდილს ხშირად მესმოდა მშობლების შეწუხებული საუბრები იმის შესახებ თუ „აწი რაღა ვქნათ, როგორ ვიყოთ?“ ამ კონფლიქტის მიმართ ჩემი ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა და კითხვებს ვსვამდი, თუმცა სანამ 21 წელს არ მივაღწიე, ვერცერთმა პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა, რადგან ისინი: ა) ზედმეტად სენტიმენტალურ, ემოციურ ნარატივზე, მსხვერპლის როლის მორგებაზე იყო დაყრდნობილი ანდა ბ) ემპათიას სრულიად მოკლებული და დევნილებს, როგორც საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ისე განიხილავდა. ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თვითონვე შევუდექი, რადგან გალის და გალის რაიონის საკითხი ჩემთვის სოციალურ პრობლემებზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე უფრო დიდი თემაა. ეს არის ამბავი დაკარგული იდენტობის შესახებ, რომელიც ამ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს.

ბავშვობიდანვე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ისტორიის, როგორც მეცნიერების მიმართ. ცნობილი ფრაზაა, რომ ისტორია შეთანხმებული სიცრუეა. და მჯერა, რომ სხვადასხვა ხალხის ისტორია სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იქმნებოდა და (შე)იქმნება. სწორედ ამ გზას მისდევს დღეს აფხაზეთის, არცთუ ისე ახლად გამომცხვარი დე-ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც 90-იანების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კოლაფსის შემდგომ ცდილობს სახელმწიფო ააშენოს და მიუხედავად ბევრი „წინ გადადგმული“ ნაბიჯისა, ამ პროცესს მაინც ვერ ართმევს თავს, რადგან ისტორია მათ მხარეს ვერ დგება.

„კავკასიის რივიერა“ - ასე მოიხსენიება აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო საბჭოთა კავშირში. ეს იყო ადგილი, რომელიც საუკეთესო სერვისს სთავაზობდა მთელ საბჭოთა ელიტას, ადგილობრივებს და უცხოელ ტურისტებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ კავკასიური რივიერის ისტორიას წერტილი დაესვა. ომი დაიწყო. რისთვის იბრძოდნენ ქართველები და აფხაზები, დღესაც კი ბუნდოვან საკითხს წარმოადგენს ჩემთვის. ომმა დიდი მსხვერპლი მოუტანა ამ ომის შვილებს. ომი დასრულდა.

ჩაკეტილობის 27 წელი

მუსიკის მასწავლებელი არამარტო მუსიკას, არამედ ადამიანობის საფუძვლებსაც მასწავლიდა. (როგორც ჩვენ ვეძახდით) ამ ტერმინზე გულიანად გვეცინებოდა ორივეს, განსაკუთრებით მას, როდესაც მიხვდა რომ მის უცნაურ იუმორის გრძნობას გავუგე. კონცერტის წინ მაფრთხილებდა, რომ დამეკრა ისე როგორც შინ ვუკრავ, ან ჩვეულებრივ გაკვეთილებზე, ან უბრალოდ წარმოიდგინე რომ შენი საყვარელი კატა გისმენსო. ვსხდებოდით პიანინოსთან და ვუკრავდი ჩვენივე გამოგონილი საყვარელი კატისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კატები მაშინ არ მიყვარდა.

ერთხელაც, დიდი ოვაციების შემდეგ, სოხუმის დრამატურგიული თეატრის ხელმძღვანელი მოვიდა და გვითხრა, „რომ არ მცოდნოდა რომ გალიდან ხართ, ვერაფრით დავიჯერებდიო“. ამაზე გულიანად ჩაიცინა, მე კი სადღაც გულის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ქალს კარგი არაფერი უგულისხმია. მსგავსი ნარატივი მთელი ცხოვრება მესმოდა.

ცხოვრობდე აფხაზეთში, გალში, დამიჯერეთ არ არის მარტივი საქმე. ბავშვობიდან გესმის ანტი-ქართული პროპაგანდა, ხედავ საკმაოდ ვულგარულ ნეპოტიზმსა და საშინელ კორუფციას, თუმცა გაქვს იმედი, რომ საზღვრის გაღმა არის ადგილი, რომელიც შენს გადასარჩენად იბრძვის, ადრე თუ გვიან დაიცავს შენს უფლებებს და მალე შენც იქნები საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. რას ვგულისხმობ ამაში?

მოგეხსენებათ აფხაზეთში, მას შემდეგ რაც ე.წ. სახელმწიფოს შენების პროცესი დაიწყო უამრავ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს აწყდებიან უბრალო მოქალაქეები. ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს თან ერთვის მწვავე სოციალური პრობლემები, რაშიც აფხაზებსა და რუსების მიერ ქართველებისადმი მიმართული წინააღმდეგობრივი პოლიტიკა იგულისხმება. აფხაზეთზე საუბრისას, მკაცრად უნდა გაიმიჯნოს გალი და გალის რაიონი დანარჩენი რაიონებისგან, (ეს კარგად დაიმახსოვრეთ!) რადგან სწორედ ამ რაიონზე მოდის ყველაზე დიდი განუკითხაობა, კორუფცია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა და კრიმინალური მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც ბოლო დროს საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს ვაწყდებით საზოგადოებასა და პოლიციას შორის, მაგრამ აქ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა მაინც განმუხტავს სიტუაციას. გალი არის ადგილი, სადაც მოსახლეობის 90% ქართველია და ძველი პრეზიდენტის - რაულ ხაჯიმბას პოლიტიკის მიხედვით, მათ არ აქვთ უფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია პასპორტი, რათა ე.წ. საქართველო-აფხაზეთის საზღვარი გადაკვეთონ და სხვადასხვა საჭირო სერვისთან ჰქონდეს წვდომა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ხალხი ვაკუუმშია დაკონსერვებული, რაც სხვადასხვა სოცილაურ და ფსიქოლოგიურ პრობლემას იწვევს და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უძლურია.

გალისა და გალის რაიონიდან მცხოვრებთა უმრავლესობის შემოსავალი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგია. მცირე რაოდენობით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა ზოგიერთ გლეხს ეხმარება ფინანსურად და ინფრასტრუქტურით, რათა მათ საქმიანობას ხელი შეუწყონ. ამ ხალხის საქმიანობა ლოგიკურია პირდაპირ კავშირშია მათ შემოსავალთან, რადგან ე.წ. აფხაზეთის და არც საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ვერანაირ დახმარებას ვერ სთავაზობს უმუშევრებს. განათლებასთან წვდომა, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას, ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხარე სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2250 ლარის ოდენობით სასწავლო გრანტით აფინანსებს, გალისა და გალის რაიონის მოსწავლეების უმეტესობა საქართველოში სწავლას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა...

ქართული ენის გაკვეთილების სიმცირე და მისი უგულებელყოფა, (მიუხედავად ქართულის პედაგოგების დიდი ღვაწლისა) იქაურ მოსწავლეებს უქმნის დაბრკოლებებს, რათა საქართველოს უნივერსიტეტებში ჩააბარონ. ქართული ენის არცოდნა დიდი კითხვის ქვეშ აყენებს გალში და მის რაიონში მყოფ ქართველთა იდენტობის საკითხს, რაც უკვე უბრალოდ მატერიალური გამოწვევების სიმწვავეს არბილებს. არც იქით, არც აქეთ. გალი და გალის რაიონი ომის შემდეგ დღემდე რჩება ადგილად, რომლის მოსახლეობა ერთის მხრივ აფხაზების მხრიდან ელოდება რბილ პოლიტიკას, ხოლო საქართველოს მხრიდან მეტ ჩართულობას ამ პოლიტიკის გატარებაში, მათი უფლებების დაცვაში, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ საქართველოს მხრიდან ნელ-ნელა მივიწყებული, ან უგულებელყოფილი ხდება ეს თემა.

იმ შემთხვევაშიც თუ ტარდება საპროტესტო აქციები თბილისში აფხაზეთის თემასთან კავშირში, იკეტება აფხაზეთის საზღვარი. კეთდება მწვავე განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოში? იკეტება აფხაზეთის საზღვარი, რაც პირდაპირ დარტყმას მხოლოდ და მხოლოდ გალისა და მისი რაიონის მოსახლეობას აყენებს, რომელიც მხოლოდ იმის იმედით ცხოვრობს, რომ ენგურს გაღმა მეტი სინათლეა.

იზოლაცია იზოლაციაში

COVID-19-ის გავრცელება, რა თქმა უნდა, აფხაზეთზეც იმოქმედებს. ამ შემთხვევაში, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და „ეთნიკურ-ეროვნულ“ ინტერესებზე მაღლა, ადამიანური ღირებულებები დააყენა. ცამეტივე რაიონი ჩაკეტილია, გადაადგილება კი შეზღუდული. ასევე გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველა არ ემორჩილება, რამაც პოლიციასა და სხვადასხვა ჯგუფს შორის მცირე უთანხმოება გამოიწვია. მოსახლეობის მთავარ საზრუნავს ეკონომიკური საკითხი წარმოადგენს. როგორც თვითონ ამბობენ, ბეღელში ჯერ კიდევ დარჩა სიმინდი, მაგრამ როდესაც ის ამოიწურება, მათზე პასუხისმგებლობა რომელიმე მხარემ უნდა ითავოს. COVID-19-თან დაკავშირებით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ არაოფიციალურად, მაგრამ მაინც მიიღო საქართველოს მხრიდან შემოთავაზებული დახმარება. სხვადასხვა ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლი მოხუცებსა და გაჭირვებულებს ეხმარებიან საკვებით. საქართველოს მხრიდან აფხაზეთს თითოეული რაიონისთვის გადაეცა საჭირო ინფრასტრუქტურა, რათა ადგილზევე მოხდეს ვირუსის არსებობის/არ არსებობის იდენტიფიცირება.

კიდევ ბევრი ისეთი რამის დაწერა და გაზიარება შეიძლება, რამაც ცოტათი მაინც შეიძლება დაგაფიქროთ იმაზე, რომ ამ ხალხის ყველაზე დიდი ტკივილი და პრობლემა „მივიწყებულობაა“. თქვენ არ იცით რამდენად მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია „გადაღმა“ მყოფი ხალხისთვის „გაღმა“ გადმოსვლა და „სამშვიდობოს“ ყოფნა. ეს „გაღმა“ სხვა სივრცეებისა და მასშტაბებისკენ ხსნის გზას. ეს „გაღმა“ არის იმედი, რომლის ცეცხლი „გადაღმა“ მყოფ ხალხს ნელ-ნელა უქრება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“