საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ამ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ის რომ ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში უშუალოდ ოჯახებში ვეღარ მივდიოდით და ადგილზე უკვე ვეღარ ვაფასებდით სიტუაციას. ამან ძალიან გაართულა ჩვენი მუშაობა იმიტომ, რომ სატელეფონო ზარის საშუალებით, რამდენად კარგი ინტერვიუც არ უნდა ჩაუტარო ბენეფიციარს, ისეთ შედეგზე მაინც ვერ გახვალ, როგორიც გინდა.
ჩვენი ტრანსპორტირების პრობლემის გამო ვერ ვაფასებდით მდგომარეობას დროულად. იგივე სასამართლოსთვის დოკუმენტის გადაგზავნის საჭიროება როცა იყო, ძალიან გამიჭირდა და დიდი დრო დამჭირდა რომ მიმემართა სასამართლოსთვის, ჩემი დავა წარმედგინა. პრობლემა იყო ასევე ის, რომ სასამართლოები ძალიან იწელებოდა და რეალურად ისე მოხდა, რომ ბენეფიციართან კონტაქტის არქონის გამო ვერ მივდიოდით შესაფასებლად და ესეც დროში იწელებოდა.
ამის გარდა განსაკუთრებული ის იყო, რომ ჩვენ ძირითადად სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე მყოფ ბენეფიციარებთან გვიწევს მუშაობა და მათი უდიდესი უმრავლესობა არის დასაქმებული არაფორმალურად. შესაბამისად, როდესაც სამსახურების პრობლემა შეიქმნა ფაქტობრივად მათ აღარც შემოსავალი ჰქონდათ და ვერც სახელმწიფოს დახმარებას იღებდნენ, იმიტომ, რომ ძირითადად თვითდასაქმებულები იყვნენ ან არაოფიციალურად დასაქმებულები.
ჩვენ ძირითადად რასაც გავცემდით ეს იყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა, ანუ კვების ვაუჩერებს გავცემდით ძირითადად და ამით ვცდილობდით ელემენტარული საკვების საკითხი მაინც გადაგვეჭრა. ბავშვთა ანტიკრიზისული პროგრამა უფრო სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენცია იყო, ვიდრე ზრუნვის სააგენტოსი, თუმცა მანდაც რაღაც პრობლემები იყო - ზოგს გვიან ერიცხებოდა, ზოგმა დახმარება მიიღო ძალიან გვიან და ჩვენ მოგვმართავდნენ მაგრამ ჩვენც არ ვიცოდით რა პასუხი გაგვეცა, ზუსტად არ ვიცოდით ეს თანხები როდის ჩაირიცხებოდა და ესეც იყო ერთი პრობლემა.
იცით, ჩემი შეფასებით არ გაზრდილა. პირიქით, რაღაც ეტაპზე პოლიციაც ნაკლებად მოგვმართავდა და ბენეფიცირებიც ვერ მოგვმართავდნენ განცხადების დასაწერად, ელემენტარულად ვერ მოდიოდნენ იმიტომ რომ პრობლემა იყო ტრანსპორტირების. შესაბამისად რამე განსაკუთრებული მატება არ ყოფილა. მომართვიანობაზე არ აისახებოდა.
უფრო მეტად აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკური კუთხით და უფრო სისტემატიზებული და ყველასათვის ნათელი უნდა იყოს [ეკონომიკური დახმარების] პროგრამა. ბენეფიციარები ძირითადად ამას აწყდებოდნენ. ვმუშაობდით და რაღაც ეტაპამდე სტაბილურობა იყო ოჯახებში მაგრამ ამ პანდემიამ, ეკონომიკურმა პრობლემებმა, ყველაფერი უკან დახია და თითქმის იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდით საიდანაც ამოვიყვანეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დისტანციურად ვერ ვიმუშავებთ. აუცილებელია ადგილზე მუშაობა ოჯახებთან, ვიზიტების განხორციელება და შეფასება.
იცით როგორ არის, ჩვენ სატელეფონო კონსულტაციით და სატელეფონო შეფასებით ოჯახში ხდება თუ არა ძალადობა უბრალოდ ვერ გამოვკვეთ. როცა ჩვენთან შემოდის მომართვა ძალადობის არსებობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ, ან როცა ბავშვს რთული ქცევა აქვს და მშობლისთვის რეკომენდაციების მიცემა გვინდა, ეს ტელეფონით არის ძალიან რთული. ოჯახებთან მუშაობა და შეფასების პროცესი არის ძალიან რთული - გამოკვეთა არის თუ არა ძალადობა ან რა პრობლემები იკვეთება. ამას სჭირდება მრავალჯერადი ვიზიტი და ურთიერთობებზე დაკვირვება ოჯახში.
კი მაგრამ მე, როგორ გითხრათ, ემოციურად იმდენად რთულია ის, რომ რაღაც შეიძლება გამოგრჩეს, რაღაც სწორად ვერ შეაფასო და შემდეგ ამას ფატალური შედეგი მოჰყვეს, რომ რისკების შეფასების თვალსაზრისით მე მირჩევნია აღჭურვილობით მივიდე ოჯახში და შევაფასო და ვიცოდე რომ ვმუშაობ.
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის რომ როცა ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ ბავშვები, ინტერნეტის პრობლემა იყო ოჯახებში, აღჭურვილობა არ ჰქონდათ შესაბამისი - ნოუთბუქი იქნება თუ ტელეფონი. ემოციურადაც ბავშვების ქცევები უფრო გართულდა. ქცევითი სირთულეები ვისაც აღენიშნებოდა მათი ქცევები უფრო გართულდა. ტაქსითაც მივსულვარ წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, საკუთარი ხარჯებით გადაადგილებაც მიწევდა. მერჩივნა მივსულიყავი ოჯახში და ის პრობლემები მათთან ერთად მომეგვარებინა ვიდრე დისტანციურად რეკომენდაციები გამეცა, რადგან ამას ვერ ვახერხებდი. ჩემ პრაქტიკაში ბავშვები, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ხშირად არ ერთვებოდნენ ონლაინ სწავლებაში. ძალიან უჭირდათ მშობლებს რომ ამ პროცესში ჩაერთოთ ბავშვები. ჩემი აზრით თვითონ სკოლა არ იყო მზად რომ ბავშვები დაეინტერესებინათ, განსაკუთებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
ინსტრუქცია