[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

თერჯოლაში გამოვლენილი რელიგიური დაპირისპირების სამართლებრივი ანალიზი

[gallery type="slideshow" ids="1711,1712,1713,1714,1715,1716,1717,1718"]

(English)

2014 წლის ივნისში, საქართველოში კიდევ ერთი რელიგიური დაპირისპირება გამოვლინდა, რომელსაც დომინანტი ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის უფლებების შეზღუდვა, დევნა და შეურაცხყოფა მოჰყვა. თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქ თერჯოლაში, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, სასულიერო პირების წინამძღოლობით, იეჰოვას მოწმეების მიერ რელიგიური შეკრების ადგილის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საქართველოში, ადრე გამოვლენილი სხვა რელიგიური კონფლიქტების მსგავსად, არაკეთილსინდისიერი ლოიალობა გამოავლინა უმრავლესობის მიმართ და კანონის მოთხოვნათა დაცვით  მიმდინარე მშენებლობა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით შეაჩერა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში აშკარად ჩანდა დისკრიმინაციული მიდგომის ნიშნები, რამაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ გავლენა ფორმალურ გადაწყვეტილებაზეც მოახდინა. ხელისუფლების მიერ დომინანტი ჯგუფის უსამართლო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების დევნა დღემდე გრძელდება. ისინი რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დევნის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავდასხმის ობიექტები ხდებიან, რასაც პოლიციის ეფექტური რეაგირება არ მოსდევს.

პოლიტიკურად მწვავე პერიოდებში, დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და სასულიერო პირების მხრიდან, რელიგიური ძალადობის გამოვლინება ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა.  ამ კუთხით ნიშანდობლივია, 2012-2013 წლებში წინწყაროში, ნიგვზიანსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები აჭარელი მუსლიმების მიმართ. მიმდინარე დაპირისპირების დროს, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი, როგორც სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს, როლის სათანადო შესრულება, რამაც მუსლიმების უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა განაპირობა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებას შეუწყო ხელი. სახელმწიფოს მხრიდან,  ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობაზე არაეფექტური სამართლებრივი რეაგირება და მათ მიმართ გაუმართლებელი ლოიალობა იწვევს რელიგიური შუღლის გავრცელებასა და სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში მის გამოვლენას.

  1. რელიგიური დაპირისპირებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მიმოხილვა

აქ მოტანილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ,  მშენებლობასა და მის შეჩერებასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტების, თერჯოლაში ადგილობრივი იეჰოვას მოწმეებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის იურისტის, გიორგი გაბრიჭიძის ახსნა-განმარტებების, რელიგიურ დაპირისპირების ამსახველი ვიდეო- და ფოტომასალის შეფასებას ეფუძნება.

იეჰოვას მოწმეებმა თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე სამეფო დარბაზის მშენებლობის ნებართვა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა წესის დაცვით, 2014 წლის 19 თებერვალს მოიპოვეს. მშენებლობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ადგილობრივმა ქრისტიანმა მართლმადიდებლებმა მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა, რომელსაც ღვანკითის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის დეკანოზი,  სპირიდონ ცქიფურიშვილი უძღვებოდა[1]. EMC-სთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში, იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ, რომ 2014 წლის 1 ივნისს ადგილობრივი მოსახლეობის დაწყებული საპროტესტო აქცია დღის პირველ მონაკვეთში სასწავლო საათებში მიმდინარეობდა და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ თერჯოლის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებლები, მათ შორის, სკოლის დირექტორი, რუსუდან უსუფაშვილი და 8-13 წლამდე ასაკის მოსწავლეები. საპროტესტო აქციის დროს, ადგილობრივი ქრისტიანების განცხადებების დისკურს-ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საკუთარ ქალაქში სამეფო დარბაზის ფუნქციონირებას და იეჰოვას მოწმეების დისკრედიტაციას ახდენენ. ადგილობრივი სასულიერ პირებისა და მრევლის მიერ გამოხატული განწყობები საჯარო სივრცის რელიგიურ პრივატიზებისა და საკრალიზების მცდელობას აჩვენებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, საინტერესოა რამდენიმე ტექსტის პერეფრაზირება, რომელიც ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა პროტესტის დროს გამოთქვეს და რომელსაც კონცეპტუალური დატვირთვა აქვს: „საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ხელისუფლება ვალდებულია ანგარიში გაგვიწიოს ჩვენ და არა სექტას, რომელიც იტყუება, თითქოს სახლის აშენებას ცდილობდეს’’;იაღოველების, რასელისტების ბუდის მშენებლობა არ უნდა დავუშვათ ჩვენს მიწაზე’’; „რას ვეტყვით 100 000 მოწამეს? რასელისტები ბუდეს კი არა, სახლს აშენებსო? და დაგვიჯერებს 100 000 მოწამე?’’; „მამათმავლების მხარდამჭერები’’[2].

ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა, საპროტესტო აქციის დროს, სამეფო დარბაზის სიახლოვეს  ჯვარი აღმართეს. ამასთან, მათი მხრიდან გაისმოდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა. შესაძლო ძალადობის პრევენციის მიზნით, იეჰოვას მოწმებმა  მყისიერად გამოიძახეს პოლიცია, თუმცა, პოლიციის ქმედება აქციის აგრესიული წევრების მიმართ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

3 ივნისს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მალხაზ გურგენიძემ, განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს სანერვიულო არ ჰქონდათ, რადგან ყველაფერი უმრავლესობის სასარგებლოდ გადაწყდებოდა[3]. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ  იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა და შესაბამისი გეოლოგიური გამოკვლევის გარეშე, აღნიშნული ტერიტორია სეისმურად საშიშ ზონად შეაფასა. ეს განცხადება გამგებემა გააკეთა იმ პირობებში, როცა, კანონმდებლობის დარღვევაზე ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს - ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს არც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე და არც მას შემდეგ, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის შეჩერების შემდეგ, მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია. იეჰოვას მოწმეების განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამგეობაში შეხვედრისას მათ განუმარტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამეფო დარბაზის მშენებლობას ისინი ვერ დაუშვებდნენ.

საბოლოოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა შეაჩერა, თუმცა არა იმ საფუძვლით, რომელსაც მანამდე გამეგებლი ზეპირ განცხადებებში იყენებდა, არამედ მოქალაქე კახაბერ მაკარიძის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე. კახაბერ მაკარაძის შეფასებით, რომელიც სამეფო დარბაზის ტერიტორიიდან 60 მეტრის დაშორებით ცხოვრობს, იეჰოვას მოწმეების მიერ დაწყებული მშენებლობა მისი სახლის მდგრადობას საფრთხეს უქმნის და აუცილებელია მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება. საჩივარი არ ეფუძნებოდა რაიმე სახის ექსპერტულ დასკვნას, რომელიც მშენებლობასთან დაკავშირებულ რისკებს დაადასტურებდა. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, 2014 წლის 4 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეისწავლა იმ საფრთხეების რეალულობა და  ობიექტურობა, რაზეც მოქალაქე აპელირებდა თავის განცხადებაში და ავტომატურად შეაჩერა მშენებლობის ნებართვა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების დაუსაბუთებლობას ადასტურებს იეჰოვას მოწმეთა მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ალტერნატიული გეოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ  საკვლევი ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ერთსართულიანი, მარტივი კატეგორიის ნაგებობის მშენებლობა, იმყოფება დამაკმაყოფილებელ პირობებში, ვინაიდან არ შეინიშნება უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური მოვლენები (მეწყერი, ჩაქცევა, ჩაჯდენა და სხვა.)

სამეფო დარბაზის მშენებლობის ნებართვის შეჩერების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იეჰოვას მოწმეების დევნა ამ დრომდე გრძელდება. იეჰოვას მოწმეებისგან აღებული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ აქციიდან რამდენიმე დღეში, სამეფო დარბაზის მშენებლობის ეზოში მოქალაქეებმა ნაგავი დაყარეს. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის, მუქარისა და ფსიქიკური იძულების სხვა ფორმებს ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან კი ისინი მუდმივად აწყდებიან.  დაზარალებულები უთითებენ საკუთარ სახლებთან ჩასაფრებისა და მუქარების ფაქტებაზე. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე იხსენებს, რომ მშენებლობის გვერდით მდებარე სახლთან მისული უცნობები მას დაემუქრნენ: „გამოდით გარეთ სამამდე დათვლამდე, თორემ დაგხოცავთ ყველას.“ 22 ივნისს, ღამის საათებში, იმ სახლს, სადაც იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზის აშენებამდე სალოცავად იკრიბებიან, ორი უცნობი პირი დაესხა თავს, სახლს ქვები დაუშინა და მესაკუთრეს მისი რელიგიური კუთვნილების გამო შეურაცხყოფა მიაყენა.

  1. საქმის სამართლებრივი ანალიზი

2.1. მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი ანალიზი

იეჰოვას მოწმეთა საკუთრებაში არსებულ მიწაზე, სამეფო დარბაზის მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდა. მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, ნებართვის შეჩერების შესაძლებლობას კანონმდებლობა მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში უშვებს. კანონით გათვალისწინებული არც ერთი ასეთი შემთხვევა მოცემულ საქმეში სახეზე არ არის. თერჯოლაში, სამეფო დარბაზის მშენებლობის პროცესში მშენებლობასთან დაკავშირებული არც ერთი მოქმედება არ გამხდარა ზედამხედველობისა სამსახურის მხრიდან კანონდარღვევზე მითითების საფუძველი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყო მართლმადიდებელი მრევლის საპროტესტო აქციები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო ზეპირი და დაუსაბუთებელი მითითებების გაკეთება მშენებლობის პროცესში დაშვებული სავარაუდო კანონდარღვევების თაობაზე.

სამეფო დარბაზის მშენებლობის ნებართვის შეჩერების საფუძლად თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში ზაკ) 184-ე მუხლი. EMC-ისთან საუბარში, მუნიციპალიტეტის იურისტმა ნებართვის ავტომატური შეჩერების სამართლებრივ საფუძვლად იგივე ნორმა მიუთითა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრევენციულ საშუალებებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია 184-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე სამართლებრივი აქტის დროებითი შეჩერების შესაძლებლობას უშვებს (სუსპენსიური ეფექტი). აღნიშნული ნორმის შინაარსიდან  გამომდინარე, მოქალაქის ადმინისტრაციული საჩივარი, მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ავტომატურად იწვევს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შეჩერებას. თუმცა 184-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე მის მიერ დადგენილი ზოგადი ქცევის წესიდან გადახვევის შესაძლებლობას. მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდელობა, კერძოდ კი,  ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ „ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.“ ამდენად, საერთო წესისგან განსხვავებით, სპეციალური ნორმა განსხვავებულ რეგულაციას ადგენს მშენებლობასთან დაკავშრებით და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ავტომატურად არ იწვევს  მშენებლობის ნებართვის შეჩერებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის შეჩერების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს იმ საფრთხეებისა და მოსალოდნელი ზიანის ობიექტურ მტკიცებას, რასაც მინიმუმ შესაბამისი გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობის ნებართვის შეჩერების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ზაკ-ის 184-ე მუხლით გათვალსიწინებული პროცედურის ფარგლებში ავტომატურად შეაჩერა მიმდინარე მშენებლობა აშარად უკანონო და დაუსაბუთებელია.

2.2.      ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, ჩანს, რომ საჯარო მოსამსახურეები, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძე და გამგებელი მალხაზ გურგენიძე, გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელობდნენ არა კანონით, არამედ დომინანტი რელიგიური ჯგუფის უსამართლო მოთხოვნებითა და ინტერსებით, რის გამოც მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი სამსახურებრივი სტატუსი. მათ ერთი მხრივ, ხელყვეს კერძო პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები (რელიგიური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, რაც კონსტიტუციით არის დაცული) და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ავტორიტეტი და საჯარო ინტერესები. ეს ყოველივე კი საჯარო მოხელების მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 166-ე მუხლით (რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონო ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული ქმედებების შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიუთითებს, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

2.3.      პოლიციის რეაგირების ეფექტურობის ანალიზი მოცემულ საქმეში

იეჰოვას მოწმეები - ირაკლი ცარციძე, ავთანდილ ვადაჭკორია, ნოდარ ბუცხრიკიძე და დავით ბლუაშვილი, EMC-ისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, რომ როგორც აქციების მსვლელობის დროს, ისე მის შემდგომ, არაერთგზის გამოიძახეს პოლიცია იმ მუქარებისა და იძულების პრევენციისთვის, რასაც მათ მიმართ ჰქონდა ადგილი, თუმცა, პოლიციის რეაგირება სამართალდამრღვევების მიმართ მხოლოდ მათი  წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

წერილობით გაფრთხილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვისთვის გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი ღონისძიებაა. ხოლო იძულება (სსკ-ის 150-ე მუხლი), მუქარა (სსკ-ის 151-ე მუხლი) და რელიგიური ნიშნით დევნა (სსკ-ის 156-ე მუხლი), რომელიც განსახილველ საქმეზე იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელდა სისხლისსამართალებრივ დარღვევას წარმოადგენს და შესაბამისად, მათი პრევენციისთვის პოლიციას უნდა გამოეყენებინა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები, კერძოდ, ფაქტზე გამოძიების დაწყება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შემდგომ პროკურატურის მიერ ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირების ბრალდებულად ცნობა. რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლასა და დევნასთან დაკავშირებული ქმედებები, მათგან მომდინარე მომეტებული სოციალური საშიშროების გამო, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზაციის ობიექტი გახდა, თუმცა, როგორც ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში, საპოლიციო პრაქტიკის ანალიზი აჩენებს, სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევებს ადმინისტრაციულ გადაცდომად განიხილავს. შესაბამისად, რელიგიური ნიშნით ჩაგვრისა და დევნის დროს, მიუხედავად დანაშაულის ნიშნების არსებობისა, პოლიცია, როგორც წესი, არ იწყებს გამოძიებას და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება[4]. გაფრთხილების ჩამორთმევას ვერ ექნება პრევენციული ხასიათი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც არსებული პრაქტიკაც ადასტურებს. სახელმწიფოს უმოქმედობა ერთგვარად მასტიმულირებელია რელიგიური სიძულვილით მოტივირებული და აგრესიული ჯგუფებისთვის, რომელიც შესამჩნევად აფართოებს ძალადობის მასშტაბს.

2.4.      ოგადი განათლების შესახებ კანონის  მოთხოვნათა დარღვევა მოცემულ საქმეში

როგორც იეჰოვას მოწმეებისგან მიღებული ახსნა-განმარტებები აჩვენებს, მათ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც მონაწილოებდნენ. აღნიშნული ფაქტი განათლების სამინისტროს მხრიდან შესწავლსა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, რადგან სახეზეა ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული რელიგიური ნეიტრალურობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის  პრინციპების დარღვევა. კანონი ადგენს, რომ აუშვებელია სასკოლო დროს, მოსწავლეთა და სკოლის რესურსების არასასკოლო მიზნებისთვის გამოყენება, მით უმეტეს თუ ეს რესურსი რელიგიური შეუწყნარებლობისა და  ძალადობისკენ არის მიმართული. სკოლის მასწავლებლების მონაწილეობა ამ პროცესში არის გამოხატულება საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის პრაქტიკისა, რომელსაც დიდი მასშტაბები აქვს და ახალისებს ძალადობრივ და ექსტრემისტულ განწყობებს/აზროვნებას საზოგადოებაში.

  1. რეკომენდაციები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს :

  • თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით და გააუქმოს მის მიერ მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამასთან, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება.
  • შინაგან საქმეთა სამინისტორს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული ქმედების მიმართ გამოიყენოს ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიებები და რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ქმედებები არ დატოვოს სათანადო რეაგირების გარეშე. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის ტარიელ ფანჩულიძისა და გამგებლის, მალხაზ გურგენიძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონო ხელის შეშლის ფაქტებზე, ასევე  22 ივნისს იეჰოვას მოწმის თეიმურაზ ცარციძის სახლზე თავდასხმის ფაქტზე.
  • პროკურატურას, სათანადო ზედამხედველობა გაუწიოს საგამოძიებო ორგანოების მოქმედებების კანონიერებას, მათი მხრიდან რელევანტური ღონისძიებების გამოყენებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს აპარატსა და რელიგიის საკითხებზე სახელმწიფო სააგენტოს, მოახდინოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კოორდინირება და გაატაროს სათანადო ინფორმაციული პოლიტიკა იეჰოვას მოწმეების მიმართ თერჯოლაში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების დროუული აღკვეთისა და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების მიზნით.

ამავე თემაზე, იხილეთ "ლიბერალის" ვიდეო "მოსახლეობა იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს მშენებლობის წინააღმდეგ"

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]მითითებულ ბმულზე იხილეთ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართვა აქციის მონაწილეების მიმართ. https://www.facebook.com/photo.php?v=608770665899513&set=vb.378911675552081&type=2&theater

[2]https://www.facebook.com/photo.php?v=607484022694844&set=vb.378911675552081&type=2&theater

[3]თერჯოლის გამგებლის, მალხაზ გურგენიძის განცხადება იხ. მითითებულ ბმულზე,1:41 წუთზე https://www.youtube.com/watch?v=ZhDZ-ZKHhE0 23.06.2014

[4]იხ. EMC - ის ანალიზი იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე მითითებულ ბმულზე http://emc.org.ge/2014/04/24/iehovas_mowmeta_mimart_gamovlenili-_dzaladoba/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“