საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფიდან 7 წელი გავიდა, თუმცა, ხელისუფლება კვლავ არ უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა კაცის სასტიკი მკვლელობის სათანადო გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას.
2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რასაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს პროკურატურამ არ უზრუნველყო ობიექტური გამოძიება, 2020 წლის 25 იანვარს გამოძიება შეწყვიტა და მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქვა.
უნდა აღინიშნოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და მტკიცებულებების მოპოვების და შენახვის წესების არსებითი დარღვევის, ასევე მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზებისა და მომხდარი დანაშაულის არაღიარების გამო, გამოძიებას ფორმალური და ილუზორული შინაარსი ექნებოდა. შედეგად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და ევროპული სასამართლოს 2023 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით მიერ თ. მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დადგინდა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების დარღვევის გამო მიიჩნია, რომ საქმეზე დაირღვა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი და ჩათვალა, რომ სწორედ არაეფექტიანი გამოძიების გამო შეუძლებელია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის, სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილზე მსჯელობაც კი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეაზრებინა, რომ საქმეზე არსებითი დარღვევის დადგენა ევროპული სასამართლოს მიერ სწორედ გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების და შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ მოხდა.
სასამართლოს შეფასებების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და წარუდგინა არაერთი განცხადება და შუამდგომლობა, რომელშიც ის გამოძიების განახლების პირობებში დაუყოვნებლივი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება და მოითხოვა სახელმწიფოს მიეღო გადაწყვეტილება თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა, ოჯახთან და ადვოკატებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განახლდეს თ. მაჩალიკაშვილი საქმეზე გამოძიება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე აუცილებელია ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება. ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უკვე წარუდგინა მინისტრთა კომიტეტს შესაბამისი ანგარიში და მოითხოვს ეროვნულ დონეზე გამოძიების განახლების დავალდებულებას საქართველოსთვის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ მინისტრთა კომიტეტი გაითვალისწინებს ჩვენს მიმართვასა და არგუმენტაციას, ეროვნულ დონეზე გამოძიების განახლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და სახელმწიფო უწყებებს საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას დაავალდებულებს.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი ძალადობის, უსამართლო მართლმსაჯულებისა და მსხვერპლების დეჰუმანიზების ყველაზე მძიმე მაგალითია. ჩვენთვის ამ საქმემ ჯერ კიდევ 7 წლის წინ, როცა რეჟიმის სისტემური უსამართლობა და რეპრესიულობა არ იყო ცხადი, აჩვენა, როგორ შეიძლება მთელი სახელმწიფოს აპარატი წავიდეს მსხვერპლის წინააღმდეგ და მას ჩამოართვას ღირსება, ყველა უფლება და ადამიანობა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე უკვე აჩვენებდა სამართალდამცავი სისტემების ანტიჰუმანურ და პოლიტიზებულ ბუნებას.
ჩვენ სოლიდარულები ვრჩებით მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ და ვაგრძელებთ მათი სამართლებრივი ინტერესების დაცვას.
ინსტრუქცია