საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC-მ, 2016 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ და ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნორმის, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას გულისხმობს.
2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნია და საქმის წარმოება შეწყვიტა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელით მიმართვის ეტაპზე EMC-ს მიერ დაყენებული შუამდგომლობა, გასაჩივრებული მუხლის მოქმედების შეჩერების თაობაზე, იმავე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განჩინებაში აღნიშნა, რომ სადავო აქტი, ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. თავდაპირველად სასამართლომ სადავო აქტი განმარტა, როგორც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოგვიანებით კი, იმავე დავის ფარგლებში, ყოველგვარი ახალი გარემოების გამოკვეთის გარეშე, შეაფასა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის საფუძვლეზეც საქმე შეწყდა და არ შეიქმნა საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა.
EMC-მ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმება.[1]
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრული განმარტებები სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად მიიჩნია, გააუქმა განჩინება და საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობას სამართლიანი სასამართლო უფლებით სარგებლობისას, რაც მოცემულ შემთხვევაში არასათანადოდ იყო წარმოდგენილი. აგრეთვე, მხარეებს მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა[2] და განჩინებაზე[3] და განმარტა, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა უფლებამოსილება დაადგინოს წესი მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობების თაობაზე. ასევე, აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია მიიღოს(გამოსცეს) ნორმატიული ბუნების მქონე აქტები, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოების ჩამონათვალში მითითებული არ არის.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური აქტისაგან განსხვავებით, სწორედ ნორმატიული აქტი არის მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგადი წესი და სადავო აქტს, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს“ ნორმატიული აქტების რიცხვს მიაკუთვნებს.
იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვება ამ პროცესის მონიტორინგის მნიშვნელოვანი ბერკეტი და გარანტიაა. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობა ქმნიდეს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ღიაობის საკმარის გარანტიებს. ამ მიზნის მისაღწევად EMC განაგრძნობს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შესატანად.
ინსტრუქცია