საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჯოზეფ მასადი
ლაშა ქავთარაძის თარგმანი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელმაც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გეი მოძრაობაში იჩინა თავი, არის „გეი უფლებების“ უნივერსალიზება. ამ პროექტმა მოიცვა ადამიანის უფლებათა გაბატონებული ამერიკული დისკურსი, რათა საკუთარი თავი საერთაშორისო მასშტაბებზე გაეტანა. დასავლური, თეთრკანიან ქალთა მოძრაობის კვალდაკვალ, რომელიც საკუთარი საკითხების უნივერსალიზებას თავისი კოლონიური ფემინიზმის არადასავლურ სამყაროში ქალთა მოძრაობებზე განვრცობით ცდილობდა - სიტუაცია, რომელმაც იმთავითვე მნიშვნელოვან სქიზმას დაუდო საფუძველი - გეი მოძრაობამაც მსგავსი მისიონერული როლი მოირგო. დასავლელი, თეთრკანიანი მამაკაცებით დომინირებული ორგანიზაციები (ლესბოსელთა და გეების საერთაშორისო ასოციაცია [ILGA] და გეებისა და ლესბოსელთა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კომისია [IGLHRCI]) უცბად გამოჩნდნენ მთელ მსოფლიოში „გეებისა და ლესბოსელების“ უფლებების დასაცავად და მათი სახელით ადვოკატირების განსახორციელებლად. ILGA, რომელიც დაარსდა 1978 წელს, კარტერის ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა კავშირისა და მესამე სამყაროში მყოფი მტრების საწინააღმდეგოდ წამოწყებული ადამიანის უფლებათა კამპანიის ზენიტში, ამტკიცებს, რომ მისი მიზანია „შექმნას პლატფორმა ლესბოსელებისთვის, გეი კაცებისთვის, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის საერთაშორისო დონეზე, მათი მცდელობისას, მოიპოვონ აღიარება, თანასწორობა და თავისუფლება, კერძოდ, მსოფლიო და რეგიონული კონფერენციების მეშვეობით.“[1] IGLHRCI-ის მისია კი, რომელიც 1991 წელს დაარსდა, არის „რომ დაიცვას და განავითაროს ადამიანის უფლებები ყველა ინდივიდისა და თემისათვის, რომელიც დისკრიმინაციისა და უფლებათა შელახვის სუბიექტია, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან აივ სტატუსის საფუძველზე.“[2] სწორედ ამ მისიონერული მიზნებისგან, დისკურსისგან, რომელიც მათ აწარმოებთ და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც მათ წარმოადგენენ, შედგება ის, რასაც მე გეი ინტერნაციონალს ვუწოდებ.
წამყვანი ამერიკული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისა (Human Rights Watch, Amnesty International) და ბევრი დასავლური თეთრკანიან ფემინისტთა ორგანიზაციის მსგავსად, გეი ინტერნაციონალმა სპეციალური ადგილი მიუჩინა მუსლიმურ სამყაროს როგორც თავიანთ დისკურსში, ისე თავიანთ ადვოკატირებაში. ეს ორიენტალისტური იმპულსი, ნასესხები აშშ-სა და ევროპაში არაბული და მუსლიმური სამყაროს გაბატონებული რეპრეზენტაციისაგან, განაგრძობს ადამიანის უფლებათა გაერთიანებების ყველა განშტოებისათვის მიმართულების მიცემას. როგორც შედარებით გვიან გაჩენილი ნაწილი ამ ასიმილაციონისტური პროექტისა, გეი ინტერნაციონალიც უნდა დასწეოდა მოვლენათა განვითარებას. ამ პროცესში, გეი ინტერნაციონალის მისიონერული მიზნების მხარდამჭერებმა მუსლიმურ სამყაროზე აწარმოეს ორი სახის ლიტერატურა: აკადემიური ლიტერატურა ისტორიული, ლიტერატურული და ანთროპოლოგიური ჩანაწერების სახით, რომელსაც ძირითადად წერდნენ თეთრკანიანი ევროპელი მამაკაცები და ამერიკელი გეი აკადემიკოსები, რაც მიზნად ისახავდა „ჰომოსექსუალობის“ აღწერასა და ახსნას, არაბული და მუსლიმური სამყაროს წარსულსა და აწმყოში; და ჟურნალისტური ჩანაწერები თანამედროვე არაბულ და მუსლიმურ სამყაროებში ე.წ. გეებისა და (უფრო ნაკლებად) ლესბოსელების ცხოვრების შესახებ.[3] ამათგან პირველი მიზნად ისახავს ისლამის მისტიკის ახსნას დასავლელი აუდიტორიისათვის; მეორე კი - გეი ტურისტებისათვის რეგიონის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. უფრო დიადი მიზანი, როგორც ამას ქვემოთაც აღვწერ, არის არაბი და მუსლიმი „გეებისა და ლესბოსელების“ გათავისუფლება ჩაგვრისაგან, რომელშიც ისინი თითქოსდა ცხოვრობენ. ეს კი უნდა მოხდეს მათი გარდაქმნით ერთნაირ სქესიანთა შორის კონტაქტის პრაქტიკის მქონეთაგან ისეთ სუბიექტებად, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენენ გეებად და ჰომოსექსუალებად. აქ მოტანილი რემარკები შეგვიძლია ტიპურად მივიჩნიოთ. ლიზა პაუერი, ILGA-ს ერთ-ერთი გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ „ისლამური კულტურის უმეტესი ნაწილი არ არის კეთილგანწყობილი ორგანიზებული ჰომოსექსუალობისადმი, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცური ჰომოეროტიციზმი მათი კულტურის ფესვებში ღრმად არის გამჯდარი!... ადამიანების უმეტესობა ვერ ბედავს ორგანიზებას იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჰომოსექსუალობის მაღალი დონეა.“[4] რობერტ ბრეი, ეროვნული გეი და ლესბოსური ტასკ ფორსის საჯარო ინფორმაციის დირექტორი და ILGA-ს ოფიცერი აღნიშნავს, რომ „კულტურული განსხვავებები ქმნის ჰომოსექსუალობის მნიშვნელობასა და შტრიხებს სხვადასხვა ადამიანში... მაგრამ რეალურ პრობლემას მე ვხედავ სექსუალური თავისუფლების საკითხში; სექსუალური თავისუფლება კი სცდება კულტურებს.“ მაროკოსა და სამხრეთ ესპანეთში საკუთარი თავგადასავლების აღწერისას, ბრეი აცხადებს, რომ „სულ მცირე ერთმა ადამიანმა მაინც გამოხატა სურვილი, რომ ყოფილიყო უბრალოდ გეი და არ ეცხოვრა მისთვის წინასწარ განსაზღვრული სექსუალური ქცევების შესაბამისად და ის არ იყო ერთადერთი, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.“ როგორც ჩანს, ეს ერთადერთი განცხადება აღმოჩნდა ბრეისთვის საკმარისი, რათა ბრეის დარწმუნებით ეთქვა: „მჯერა, რომ ეს სურვილი უნივერსალურია.“[5]
გეი ინტერნაციონალის განმათავისუფლებელი განცხადებებისგან განსხვავებით, რომელსაც ის უკვე ჰომოსექსუალიზებულ პოპულაციასთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, მე ვამტკიცებ, რომ სწორედ გეი ინტერნაციონალის დისკურსი არის ის, რაც ერთდროულად თან აწარმოებს ჰომოსექსუალებს, ისევე როგორც გეებსა და ლესბოსელებს, იქ, სადაც ისინი არ არსებობენ და თან ერთი და იმავე სქესს შორის იმ სურვილისა და პრაქტიკის რეპრესირებას ახდენს, რომელიც უარს ამბობს, რომ გეი ინტერნაციონალის სექსუალურ ეპისტემოლოგიასთან ასიმილირდეს. [6] მე ვაჩვენებ, ეს დისკურსი როგორ მიიჩნევს პრედისკურსულად რომ ჰომოსექსუალები, გეები და ლესბოსელები უნივერსალური კატეგორიებია, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. ამ პრედისკურსულ აქსიომაზე დაფუძნებით კი, გეი ინტერნაციონალი საკუთარ თავს მისიად უსახავს, რომ დაიცვას ისინი, მათთვის, როგორც „ჰომოსექსუალებისთვის“ უფლებების მინიჭების მოთხოვნით, სადაც მათ ეს უფლებები არ აქვთ და პატივისცემის მოთხოვნით იქ, სადაც ეს უფლებები დარღვეულია. თუმცა, ამ პროცესში, გეი ინტერნაციონალი აწარმოებს ისეთ შედეგებს, რასაც ნაკლებად აქვს საერთო განთავისუფლებასთან.
გეი ინტერნაციონალმა, თავისი ყველაზე სახელგანთქმული ორგანიზაციის, ILGA-ს მეშვეობით, წამოიწყო ახალი და აგრესიული უნივერსალიზების კამპანია 1994 წელს, რომელიც ემთხვეოდა სტოუნუოლის აჯანყების 25 წლისთავს. მას შემდეგ, რაც ILGA-მ ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო გაეროში (რომელიც მოგვიანებით დაკარგა), 1993 წელს, მან გააძლიერა საერთაშორისო აქტივობები, მათ შორის, გააძლიერა მუშაობა „ირანში ჰომოსექსუალების მასობრივი სიკვდილით დასჯის“ შესაჩერებლად. ეს დაუსაბუთებელი პროპაგანდისტული მტკიცებები ასევე გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.[7] სტოუნუოლის მოვლენების გახსენების ნაწილი იყო ILGA-ს მიერ ორგანიზებული მე-16 ყოველწლიური მსოფლიო კონფერენცია ნიუ-იორკში, 1994 წლის 23 ივნისს. მაშინ, როდესაც ILGA ტრაბახობდა დელეგატების დასწრებით დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ აზიიდან, ლათინური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, „ის ბევრს მუშაობდა, რათა ჩამოეყვანა აქტივისტები აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და კარიბის აუზის ქვეყნებიდან.“[8] 25 წლისთავის აღნიშვნა მოიცავდა „საერთაშორისო მარშს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ლესბოსელი და გეი ადამიანის უფლებების განსამტკიცებლად,“ რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, აყენებდა (სავარაუდოდ 1999 წლის) „ლესბოსელი და გეი ადამიანების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას და გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის „ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, დრეგ და ტრანსგენდერ ადამიანებზე“ გავრცელებას.[9] აგრესიული კამპანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება.
რექს უოკნერი, ავტორი სტატიისა „გეებსა და ლესბოსელებზე“ არაბულ სამყაროსა და ირანში, რომელიც მოგვიანებით არაერთ გეი გამოცემაში გადაიბეჭდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში და რომელიც ცალსახად ხელს უწყობს გაუცხოებას, დაბნეული ჩანს არაბი და ირანელი მამაკაცებით, რომლებიც ერთდროულად მისდევენ როგორც ერთნაირ სქესიანთა შორის, ისე სხვადასხვა სქესის მქონე ადამიანთა შორის სექსის პრაქტიკას და ამავდროულად, უარყოფენ გეობის დასავლურ იდენტიფიკაციას: „ეს ფარისევლობაა? თუ განსხვავებული სამყარო?“ კითხულობს ის გაოცებული. „ეს ‘ჰეტერო’ კაცები სინამდვილეში ‘გეები’ არიან, რომელთაც გათავისუფლება დაუგვიანდათ? თუ ადამიანი ბუნებით ბისექსუალია და არაბ და მუსლიმ მამაკაცებს უკეთ ესმით რეალობა, ვიდრე დასავლელებს? ალბათ ყველაფერი ერთად.“[10] სწორედ ეს აღქმული არასტაბილურობა არაბი და მუსლიმი კაცების სურვილებში არის ის, რის სტაბილიზებასაც ცდილობს გეი ინტერნაციონალი, ვინაიდან ეს პოლიმორფულობა აბნევს გეი (და ჰეტერო) სექსუალობის ეპისტემოლოგიას. როგორც მოგვიანებით ვაჩვენებ, გეი ინტერნაციონალის მისიის მოთხოვნის დაშვებების საფუძველი არის ის, რომ უნდა მოხდეს ამ რეზისტენტული „ორიენტალური“ სურვილების, რომლებიც უოკნერის მიხედვით არსებობს „დესპოტურ - და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიშ - ქვეყნებში“, რე-ორიენტირება და ის უნდა დაემორჩილოს უფრო „განმანათლებლურ“ დასავლეთს (ოქსიდენტს).[11] ეს სტატია იკვლევს გეი ინტერნაციონალის ლიტერატურას ისე, რომ თვალი უჭირავს მის დაწესებულ რეპრეზენტაციის პოლიტიკაზე და მის განცხადებულ „გეებისა და ლესბოსელების დაცვის“ პროექტზე. რამდენადაც მე ვაკვირდები სხვადასხვა სახის ლიტერატურას - აკადემიურ კვლევებს, ჟურნალისტურ ჩანაწერებს და ადამიანის უფლებებისა და ტურისტულ გამოცემებს - რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ მოთხოვნაზე, პოლიტიკურ კონფიგურაციაზე, ბაზარსა და აუდიტორიაზეა მორგებული, მე არ ვცდილობ, რომ ისინი გავაერთმნიშვნელიანო მათ შორის განსხვავებების წაშლით. პირიქით, ვცდილობ, დემონსტრირება მოვახდინო იმისა, რომ მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, ყველა მათგანი აქსიომურად იღებს კონკრეტულ ონტოლოგიასა და ეპისტემოლოგიას.
ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.
[1] ლესბოსელთა და გეების საერთაშორისო ასოციაცია, კონსტიტუცია, sec. C, art. 2, clause i. ხელმისაწვდომია ონლაინ www.ilga.org.
[2] გეი და ლესბოსელთა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კომისია, “ჩვენი მისია.” ხელმისაწვდომია ონლაინ www.iglhrc.org.
[3] Bruce Dunne’s “Homosexuality in the Middle East: An Agenda for Historical Research,” Arab Studies Quarterly 12, no. 3/4 (1990): 55–82 გვერდები უნდა გამოიყოს როგორც გამონაკლისი მის ღარიბ სწავლებაში. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ დიუნი არც ერთ ორიგინალ არაბულ წყაროს არ ციტირებს. თუმცა დიუნის ანთროპოლოგიური იმპულსი უკეთ ჩანს აქ მოტანილ სტატიაში.
[4] ციტირებული Rex Wockner, “Homosexuality in the Arab and Moslem World,” in Coming Out: An Anthology of International Gay and Lesbian Writings, ed. Stephan Likosky (New York: Pantheon, 1992), 105. ეს სტატია გადაიბეჭდა არაერთ ამერიკულ გეი და ლესბოსელთა ჟურნალებში, მათ შორის Out commemlines, BLK, the Weekly News (მაიამი), და Capital Gay (ლონდონი). აღსანიშნავია, რომ ეს „საერთაშორისო“ ანთოლოგია ეყრდნობა თეთრკანიანი ამერიკელების კონტრიბუციებით შედგენილ სტატიებს არაბულ და მუსლიმურ სამყაროში გეების შესახებ.
[5] Wockner, “Homosexuality,” 116.
[6] ვინაიდან ამ ლიტერატურის უდიდესი ნაწილი მამაკაცთა ჰომოსექსუალობას შეეხება, ჩემი კომენტარებიც შესაბამისად ამ საკითხს შეეხება.
[7] Mark Unger, “Going Global, The Internationalization of the Gay and Lesbian Community,” Metrosource: The Gay Guide to the Metropolitan Area, summer 1994, 49. იხ. Wockner, “Homosexuality,” 107–111 ირანის მთავრობისათვის ცილისწამების მიზნით გეი ინტერნაციონალის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობის მაგალითისათვის. ამერიკელი ჟურნალისტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის ციტირებით, რომელიც საქმეს იძიებდა, უოკნერი აცხადებდა, რომ ირანში ჰომოსექსუალთა მასობრივი სიკვდილით დასჯა მიმდინარეობდა. თუმცა, ოფიციალურმა გამოძიებამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ოფიციალური პირების ბრალდებები "შესაძლოა მართალი" ყოფილიყო (108).
[8] Unger, “Going Global,” 50. უნდა აღინიშნოს, რომ ცხადი არ გახლდათ, ეს დელეგატები მართლაც იმ ქვეყნებში ცხოვრობდნენ, რომლებსაც წარმოადგენდნენ თუ აშშ-ში მცხოვრები ამ რეგიონის დიასპორის წევრები იყვნენ
[9] იხ. „სტოუნუოლის 25 მოთხოვნის“ სია Metrosource: The Gay Guide to the Metropolitan Area, summer 1994, 46–47.
[10] Wockner, “Homosexuality,” 115
[11] Wockner, “Homosexuality,” 107, 115.
ინსტრუქცია