[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სპეცოპერაციიდან, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა,  4 წელი გავიდა

პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციიდან 4 წელი გავიდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და გამოძიება მალევე, 25 თვეში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყდა.

მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ჯეროვან გამოძიებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მაჩალიკაშვილების ოჯახის და ზოგადად პანკისის ადგილობრივი თემისთვის სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაბრუნებისთვის. ბოლო ათწლეულებში პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის არცერთი მძიმე შემთხვევა არ არის სათანადოდ გამოძიებული, რაც ადგილობრივებში ნდობის და გაუცხოების პრობლემას ქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც უარი თქვა ობიექტურ გამოძიებაზე და გამოძიების დაწყებიდან სამი წლის შემდგომ, 2020 წლის 25 იანვარს თბილისის პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა და მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი თქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და მტკიცებულებების მოპოვების და შენახვის წესების არსებითი დარღვევის, ასევე მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზებისა და მომხდარი დანაშაულის არღიარების გამო, გამოძიებას ფორმალური და ილუზორული შინაარსი ექნებოდა.

გამოძიების ეტაპზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი უთითებდა არაერთ სამართლებრივ დარღვევაზე, მათ შორის:

  • ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში ჰორიზონტალურ, მწოლიარე მდგომარეობაში იყო და ამდენად, ხელყუმბარის გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც სუს აპელირებს, მას ვერ ექნებოდა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის თანამშრომლობის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ იყო და ოჯახის წევრებს სპეცრაზმელთა მოქმედებების კონტროლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, რაც ხელყუმბარის „ჩადების“ შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ვერსიას აძლიერებს;
  • საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-მა საგამოძიებო ორგანოსგან დამოუკიდებლად, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევით თავად ამოიღო ხელყუმბარა და მოგვიანებით გაანადგურა, რითაც შემდგომში საჭირო საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელი გახადა;
  • საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლებმა იარაღზე, რომლითაც გასროლა განხორციელდა, თვითნებურად შეცვალეს კონკრეტული ნაწილი და ცალკეული გარემოებები, მათ შორის სროლის მანძილის განსაზღვრა მნიშვნელოვნად გართულდა;
  • დადგენილია, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზისთვის თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარა მთლიანობა დარღვეული პაკეტით გადაეცათ, ხოლო პაკეტზე, თარიღად მითითებული იყო 2018 წლის 21 ნოემბერი, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციის თარიღია;
  • სუს-ის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარება პანკისის ხეობაში ზეპირი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა, მას წინ არ უსწრებდა რისკების შეფასება და საჭირო ინსტრუქციების წერილობით გაცემა;
  • საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
  • სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სპეცრაზმელები მომხდარიდან დაახლოებით 1 თვის შემდგომ გამოკითხეს, თუმცა ამ პირობებშიც კი მათ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობებია. გარდა ამისა, გამოძიებას სროლის განმახორციელებელი პირისთვის არ დაუსვამს კრიტიკული მნიშვნელობის შეკითხვები.

2020 წლის 25 იანვარს გამოძიება შეწყდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და სამართლებრივი პროცედურების მიღმა, ისე რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ ინფორმაციაზე დაშვებაც კი არ ჰქონდა, პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ჩატაევთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ სხვა პირებთან კავშირის შესახებე, გამოძიების შეწყვეტის შემდგომ სუს-ის მიერ ჩვენთვის გაზიარებული საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ერთი მტკიცებულებაც კი რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის აჰმედ ჩატაევთან კავშირს და ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტის განხორციელებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს უკვე განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც ოჯახის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) მუხლების დარღვევას დავობს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშეც შეეცადა საქმის გარემოებების დამახინჯებას და თემირლა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას. თუმცა ევროსასამართლოსთვის თავად სახელმწიფოს მიერ გაზიარებული საქმის მასალები საპიროსპიროს ადასტურებს. რის გამოც, სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელი გახდება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების რეალური აღდგენა და ამ საქმეზე სამართლიანობის მიღწევა.

სუს-ის მიერ თემირლან მაჩელიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ოჯახის ღირსების შელახვის ფაქტებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი დავობს ადგილობრივ სასამართლოებში და პროცესის დასრულების შემდეგ, ასევე გეგმავს ევროპული სასამართლოსთვის დამატებით მიმართვას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“