საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ყოველთვის როცა სამოქალაქო აქტივობას აქვს ადგილი თბილისში, იქვე ჩნდება სამოქალაქო სოლიდარობის პრობლემა. განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა ეს უკანასკნელ თვეებში გააქტიურებული სოციალურად დაუცველი უსახლკარო ადამიანების თემასთან დაკავშირებით.
ყველა აქციაზე, რომელიც ამ შინაარსით ხორციელდება, ისმის ბუნებრივი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხალხი, საზოგადოება არ ინტერესდება თემით და არ გამოხატავს სოლიდარობას ისე, როგორც ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოხატავდეს. ერთის მხრივ, ამის მიზეზია მედიის არაადეკვატური მაუწყებლობა, არასათანადო ყურადღება მისი მხრიდან სოციალური საკითხებისადმი, რაც პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა.. მაგრამ მეორეს მრხივ, არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც ყოველთვის აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია პრობლემის შესახებ იმ დონეზე მაინც, რომ საკმარისი იყოს საზოგადოების მეტნაკლები მობილიზაციისთვის. პრობლემა კი უკიდურესად სერიოზულია, როგორც ხარისხით, ისე მასშტაბებით.
რა არის სოციალური ნიჰილიზმის მიზეზი? რატომ წარმოიშობა სოლიდარობის დეფიციტი იმ საზოგადოებაში, რომელიც თავის თავს მოყვასის მოყვარულ საზოგადოებად მიიჩნევს, თანაც, ამ სიყვარულის მიზეზებს ისტორიულ-სარწმუნოებრივ სიღრმეებში ხედავს. რეალობა ასეთია, რომ არ არსებობს ან ძალიან მცირე მასშტაბებშია საერთო სამოქალაქო სოლიდარობა, როგორც მოვლენა. თუ ეს უკანასკნელი ფართო მასშტაბებს აღწევს, როგორც წესი მხოლოდ მედიის და პიარ საშუალებების დამსახურებით და იშვიათად ქვემოდან წამოსული საზოგადოებრივი ორგანიზების საშუალებით.
ერთის მხრივ, ფაქტია, რომ არსებობს სოლიდარობის იმგვარი ფორმა რასაც ოჯახურ - ნათესაური, თუ ვიწრო კლანური ურთიერთდახმარება შეიძლება ვუწოდოთ. ამის მაგალითად ის უამრავი საქართველოს მოქალაქეც გამოდგება, რომელიც საკუთარი ოჯახისა თუ ნათესავების სარჩენად უცხოეთშია მიგრირებული და ამგვარი მაგალითები თითოეულ ჩვენგანს გააჩნია გარშემო. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ფაქტები ვერ შეავსებს იმ საერთო სამოქალაქო სოლიდარობის დანაკლისს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბვებისთვის და რომელიც გადაუდებლად საჭიროა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უმძიმეს ვითარებაში მყოფი ადამიანებისთვის. სოციალური სოლიდარობა გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ნათესავის, ახლობლის, ოჯახის წევრის გვერდში დგომა. მიზეზი ამგვარი სოლიდარობის არ არსებობისა ან სიმცირისა საზოგადოებაში შეიძლება იმალებოდეს იქ, სადაც თავად ამ საზოგადოების წევრებისთვის შესაძლოა შეუმნეველი იყოს.
ჰუმანისტური ფასეულობები, რომელიც სოციალური სოლიდარობის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ, ღირებულებათა ცენტრში აყენებს ადამიანს ზოგადი გაგებით, ადამიანს როგორც ასეთს. ყოველგვარი სტატუსი, ყოველგვარი იდენტური კუთვნილება მეორეხარისხოვანია იმ მთავარ იდენტობასთან მიმართებაში, რასაც ადამიანი და ადამიანად ყოფნა ქვია. ამ პოზიციიდან გამომდინარე, სოლიდარობა ზოგად ადამიანური ფასეულობის იდეაზე დაფუძნებულ მოვლენას წარმოადგენს. ჩვენთან კულტურული ცნობიერების გარკვეულ თავისებურებათა გამო ადამიანის ზოგადი, თავისთავადი მნიშვნელობა, როგორც ღირებულება უკანა პლანზეა გადატანილი, ხოლო წინა პლანზე მოდის გარკვეული იდენტური მახასიათბლები, სტაუსები, როგორც მთავარი განმსაზღვრლი ადამიანისა და მისი მნიშვნელობისა. ქართველი, ქრისტიანი, ნათესავი, ძმა, დედა.. და ა. შ. ეს არის სტატუსები, რომლითაც შენ პირველ რიგში ახდენ აღქმას გარშემომყოფი ადამიანების მნიშვნელობის და რთულად ამჩნევ მათში მთავარ სტატუსს, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას, რომელიც პირველადია, ეს არის სტატუსი - უბრალოდ ადამიანი. თუ შენ ვერ ხედავ ადამიანს, როგორც მთავარ იდენტობას ახლობელში და მხოლოდ ნათესაური კუთვნილებით განიხილავ მას, მითუმეტეს ძნელია დაინახო ადამიანი საზოგადოების დანარჩენ წევრებში. ასეთ ვითარებაში არასდროს არ ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე, ნამდვილი იდენტობა... ჩანს მხოლოდ კულტურული მოცემულობის მიერ შექმნილი იდენტობათა ქსოვილი პიროვნების გარშემო, რომელიც ხელს გიშლის დაინახო ნამდვილი ინდივიდი, ადამიანი როგორც ასეთი. ხოლო თუ შენ არ შეგიძლია ადამიანის დანახვა, ვერც სოლიდარობა გაგიჩნდება მის მიმართ. ამ ვითარებაში შენთვის ორ კატეგორიად იყოფიან ადამიანები: შენიანები და შესაბამისად სხვები, უცხოები, ხოლო ადამიანები ზოგადი გაგებით არ არსებობენ ცნობიერების წინა პლანზე. შესაბამისად სოლიდარობა, მხარდაჭერა მხოლოდ ვიწრო ჩაკეტილ სივრცეში ხორციელდება და ვერ აღწევს ფართო მასშტაბებს.
ეს კატეგორიზაცია და დაყოფა ადამიანების „შენიანებად“ და სხვებად პირველ რიგში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე ხორციელდება, შემდეგ უფრო ვიწროვდება და კუთხური კუთვნილების მიხედვით ვითარდება, შემდეგ ქალაქების, უბნების მიხედვით.. გარდა ამისა ნათესაური, კლანური, ოჯახური პრინციპით და ა. შ. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობებს ქმნის კლასობრივი უთანასწორობის გაღრმავებისთვის, ძლიერთა მიერ სუსტის ჩაგვრისთვის.. ამდენად გავლენის მქონე ძალები ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ამ ტენდენციის გაღვივებას ტრადიციულად. შედეგად კი, ზარალდება ის მთავარი და ფუნდამენტური ფასეულობა, რაზეც დემოკრატიული საზოგადოება უნდა არსებობდეს - სამოქალაქო სოლიდარობა.. და ზარალდება იმდენად, რომ ადამიანი ინდიფერენტული ხდება ისეთი მძიმე და უკიდურესი შემთხვევების მიმართაც კი, როგორიცაა მცირეწლოვნების, ავადმყოფების, მოხუცების ღია ცის ქვეშ უპატრონოდ დატოვება სახელმწიფოს მიერ.. მაშინ როდესაც ევროპაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი “occupy” მოძრაობის მთავარი მიზეზი ბანკის მიერ ბინაჩამორთმეული ქალბატონისადმი გამოხატული სოლიდარობა ხდება.
„ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო მილიონების - სტატისტიკა“ - ჯერ რემარკმა თქვა, შემდეგ სტალინმა ინტერპრეტირება მოახდინა.
ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობაში, რომელშიც სხვა ალტერნატიული ფართის არარსებობის გამო შეიჭრა... ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგო, რომელიც ყოფილი მორგის შენობას აფარებს თავს და იმ მაგიდაზე სძინავს, სადაც გვამებს კვეთდნენ თავის დროზე... ქალი, რომელმაც ბინა იმის გამო დაკარგა, რომ 80 წლის დედა აბსურდული ბრალდებით პატიმრობისგან ეხსნა... მამა, რომელმაც მცირეწლოვანი შვილისთვის გულის ოპერაციის აუცილებლობის გამო იპოთეკით დაკარგა ბინა და ყოფილი საჯარო სკოლის შენობას აფარებს თავს შვილებთან ერთად... ეს არ არის სტატისტიკა. ეს რეალური ადამიანების რეალური ცხოვრებაა ჩვენს გვერდით და ეს მხოლოდ მცირი ჩამონათვალია იმ უამრავი შემთხვევიდან, რომელიც სახეზეა.
როდესაც საინტერესო წიგნს ვკითხულობთ, ადვილად გვიჩნდება თანაგრძნობა ნაწარმოების გმირისადმი, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენთ ამა თუ იმ პერსონაჟთან და ვგულშრმატკივრობთ მას. შეუძლებელია არ გაგვიჩნდეს თანაგრძნობა და სოლიდარობის განცდა რეალური ადამიანების მიმართ, არ გაგვიჩნდეს მოქმედების სურვილი, თუკი მათ რეალურ ცხოვრებას გავეცნობით. ამაში ერთერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება კულტურის, ხელოვნების, მედიის ძალისხმევას. მაგრამ თანამედროვე ქართულ რეალობაში ხელოვნებას სხვა, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. ეს ამოცანები შუქ-ჩრდილის განაწილებით იწყება კომპოზიციაში, სევდიანი ფიქრებით გრძელდება წვიმიან ღამეში და ოცნების ქალაქების შენებით მთავრდება. რაც შეეხება მედიას - ტელევიზიას, ტელევიზია „სამოთხის ვაშლებს“ ფლობს, ამდენად მისთვის „ცხოვრება მშვენიერია.“
ერთგვარი მოჯადოებული წრე იკვრება, რომელიც ბრუნავს ძლიერთა გავლენით იმ მიზნით, რომ სუსტების, დაჩაგრულთა ხმა არ ისმოდეს. მთავარი პასუხისმგებლობა და არჩევანი ამ ვითარებაში საზოგადოებაზეა. იგი გამოწვევის წინაშე დგას, შეძლებს განთავისუფლდეს კლიშეებისგან და სტერეოტიპებისგან, რომელიც ჯგუფებად, კატეგორიებად, რანგებად ყოფს მას და შეიძენს საერთო მასობრივი სოლიდარობის უნარს თითოეული მისი წევრის მიმართ, აიღებს პასუხისმგებლობას სამართლიანი და თანასწორი გარემოსთვის ბრძოლაზე, თუ დარჩება ამ მოჯადოებული წრის ბრუნვის პასიური ელემენტი და „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“ დანაწევრების თავს მოხვეულ პროცესში თანამონაწილეობას განაგრძობს.
ინსტრუქცია