[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადება სასამართლოში გაასაჩივრა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სტუდენტების სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება, რომლითაც სტუდენტებს წერილობითი გაფრთხილება გამოეცხადათ. ამასთან, ჩვენ განცხადებით მივმართეთ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრს და მოვითხოვეთ, მიიღოს ზომების თეატრალური უნივერსიტეტის ახალი ეთიკის კოდექსის გადახედვისთვის, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს ჯერ სტატუსი შეუწყვიტეს, ხოლო შემდგომ - წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტის ფარგლებში თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რამდენიმე სივრცეს, ფოიეს მცირე ნაწილს და ერთ აუდიტორიას, გასული წლის 17 დეკემბრიდან იკავებდა. 9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. მას შემდეგ რაც სტუდენტებს ანალოგიური სივრცე არ დაუთმეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და საბოლოოდ 9 სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს.

10 მარტს, დილით, თეატრალური უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სტუდენტების სახელით, უნივერსიტეტის რექტორთან გაასაჩივრა, რის შემდეგაც, 14 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ელექტრონულ ფოსტაზე, რექტორის ბრძანება მიიღეს, რომლითაც გაუქმდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და სტატუსის შეწყვეტის ნაცვლად, სტუდენტებს წერილობითი გაფრთხილება გამოეცხადათ.

მივიჩნევთ, რომ სტუდენტებისთვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადება, ისევე როგორც თავდაპირველი სტატუსის შეწყვეტა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამო რექტორის შესაბამისი ბრძანება სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელში აღნიშნულია, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ეთიკის ახალი კოდექსი, რომლითაც მათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ და კოდექსი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ აიტვირთა;ამასთან ეთიკის ახალი კოდექსი წინააღმდეგობაში მოდის მინისტრის ბრძანებასთან, რომლითაც დამტკიცებულია უნივერსიტეტის წესდება. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, უნივერსიტეტის ეთიკის კომისია არ არის ის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია მიიღოს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დისციპლინური წარმოების პროცესში მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, უნივერსიტეტს წარმოედგინა ეთიკის კომისიის და შემდგომ რექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, სადაც თითოეულ სტუდენტთან მიმართებით შეფასებული იქნებოდა მათ მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები, მათი მხრიდან ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სტუდენტების სახელით ასევე მიმართა განათლების ხარიხის განვითარების ცენტრს და მოითხოვა შეფასდეს, რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტის მიერ მიღებული ეთიკის ახალი კოდექსით განსაზღვრული მთელი რიგი შეზღუდვები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებს. კერძოდ მე-2 და მე-5 სტანდარტს, რომელიც, ითვალისწინებს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას მართვის პროცესში და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და მათი უფლებების დაცვას.

ჩვენი შეფასებით, უნივერსიტეტის მიერ ეთიკის ახალი კოდექსის მიღების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არსებითი დარღვევები, ერთის მხრივ, ეთიკის ახალი კოდექსი არ შეესაბამება მინისტრის ბრძანებას, მეორე მხრივ, კი ის განუჭვრეტელ და ფართო დისკრეციას ანიჭებს ეთიკის კომისიას, რადგან არ იძლევა შესაძლებლობას, სტუდენტისთვის აღქმადი იყოს კონკრეტულად რა ქმედებაში შეიძლება გამოიხატოს მის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევა. ამასთან, კოდექსი წინააღმდეგობაში მოდის მინისტრის ბრძანებასთან, რადგან აღნიშნული ბრძანების თანახმად დისციპლინური პახუხისმგებლობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ეთიკის კომისიის როგორც ორგანოს უფლებამოსილებას არ ცნობს. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიერ შიდა აქტის საფუძველზე მინისტრის ბრძანების შეცლა წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ სათანადოდ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რათა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სტუდენტის ეთიკის ახალი კოდექსის უმაღლესი განათლების შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, სათანადოდ განსაზღვროს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი უფლებამოსილი ორგანო, ასევე უზრუნველყოს ეთიკის კოდექსით განსაზღვრული მთელი რიგი დებულებების დაკონკრეტება, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სათანადოდ შეაფასონ კონკრეტულად რა ქმედების ჩადენამ შეიძლება გამოიწვიოს კოდექსის ნორმების დარღვევა და შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესების სამართლებრივი გზებით დაცვას და საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“