[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

მოვუწოდებთ თეატრალურ უნივერსიტეტს, პატივი სცეს სტუდენტების კონსტიტუციურ უფლებებს და არ შეუზღუდოს მათ საუნივერსიტეტო სივრცეში პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გარიცხული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას და მოუწოდებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პატივი სცეს სტუდენტების შეკრების კონსტიტუციურ უფლებას და მისცეს მათ შესაძლებლობა, საუნივერსიტეტო სივრცეში განაგრძონ პროტესტი, სასწავლო პროცესისთვის ხელის შეუშლელად.

დღეს, 14 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ, ელექტრონულ ფოსტაზე, რექტორის ბრძანება მიიღეს. რექტორმა 13 მარტის ბრძანებით გააუქმა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და მათ სტატუსის შეწყვეტის ნაცვლად, წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადა.

12 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუდენტების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევებზე ისაუბრა. გადაცემის პარალელურად, პირველ არხთან შეკრებილი სტუდენტები ითხოვდნენ ეთერს, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბატონი გიორგი შალუტაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხი გაეცათ. სტუდენტებს სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და რექტორს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა, რომ დღეს, 14 მარტს სტუდენტები და რექტორი 22:00 საათზე გადაცემაში პირისპირ ისაუბრებდნენ განვითარებულ მოვლენებზე და სტუდენტების შეკითხვებს პასუხი გაეცემოდა.

12 მარტს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სტუდენტების სახელით, ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე რექტორთან გაასაჩივრა, სადაც მივუთითებდით რამდენიმე საკვანძო საკითხზე, რომლებიც დისციპლინური წარმოების პროცესში გამოიკვეთა და რომლებიც სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნიდა.

გუშინ, 13 მარტს, კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შეწყვეტილი სტატუსი აღუდგინა და ამით სატელევიზიო დებატების სივრცეც ამოიწურა. იმავე დღეს, მოგვიანებით, თეატრალური უნივერსიტეტის, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის ზომა არ გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ რექტორმა სტუდენტებს სტატუსი აღუდგინა, მათ მიმართ წერილობითი გაფრთხილება კვლავ ყოველგვარი დასაბუთებისა და საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე მითითების გარეშე გამოიყენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად უნივერსიტეტის მიერ მიღებული სტუდენტის ეთიკის კოდექსის თანახმად, გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და მიღებულ უნდა იყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, თუმცა ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, უნივერსიტეტს ამ დრომდე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოუწოდებია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 9 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ 9 სტუდენტი არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე 5000 ლარით დააჯარიმა, რაც კვლავ ძალაში რჩება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პატივი სცეს სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას და უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი, ადეკვატური სივრცის გამოყოფა, სადაც ისინი პროტესტის გაგრძელებას შეძლებენ.

შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს:

  • მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა, თავად შეარჩიონ პროტესტის ადგილი უნივერსიტეტის ჭერქვეშ, რომელიც ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს და, ამავდროულად, სტუდენტებს პროტესტის გამოხატვის რეალურ საშუალებას მისცემს;
  • კანონით დადგენილ ვადაში გადასცეს სტუდენტებს დისციპლინური სახდელის - წერილობითი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განაგრძობს თეატრალური უნივერსიტეტის  სტუდენტების ინტერესებს  სამართლებრივი გზებით დაცვას  და საზოგადოებას  საქმის მიმდინარეობის შესახებ  განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.  

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“