[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების სტატუსის შეწყვეტას და დაჯარიმებას სასამართლოში გაასაჩივრებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტის სტატუსის შეუწყდათ და სტუდენტების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას. მიგვაჩნია, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არის აშკარად უსამართლო, თვითნებური და მიზნად ისახავს პროტესტში ჩართული სტუდენტების დევნასა და პროტესტის დასუსტებას. ამასთან, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს.

რა უძღოდა წინ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტის ფარგლებში თეატრალური უნივერსიტეტის შენობის რამდენიმე სივრცეს, ფოიეს მცირე ნაწილს და ერთ აუდიტორიას, გასული წლის 17 დეკემბრიდან იკავებდა. პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნასთან ერთად, ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორისგან, გიორგი შალუტაშვილისგან აქციებზე დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, მსახიობების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს  შენობის  დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება  მოსთხოვა. სტუდენტები  შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა,  ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა  შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე  და  სამართალდამცავები გამოიძახა.  ადგილზე მოსულმა პოლიციამ შენობაში მყოფი თითოეული სტუდენტი 9 სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმა. საბოლოოდ, სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ  ცვლილებებს  იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია და უხეშად არღვევს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს.

სტუდენტის სტატუსის  დაუსაბუთებელი და თვითნებური შეწყვეტა

10 მარტს, დილით, თეატრალური უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღეს, რომლის თანახმად უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.   

იმავე დღეს, სტუდენტებმა უნივერსიტეტს ოფიციალური წერილით მიმართეს და მიღებული გადაწყვეტილების  დასაბუთება მოითხოვეს. 23:20 საათზე ადმინისტრაციის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს პასუხი, რომ მათი განცხადება დარეგისტრირებული იყო.

მომდევნო დღეს, 11 მარტს კი თეატრალური უნივერსიტეტის გარიცხულმა სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან ელექტრონულ ფოსტაზე ეთიკის კომისიის სხდომის ოქმი და სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის ახალი კოდექსი მიიღეს.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი ვერ ახერხებს სასწავლო პროცესების მართვას,  სრულყოფილად  ფუნქციონირებას და საქმიანობას, უნივერსიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ვითარება  რეალურ საფუძველს უქმნის  იქ მყოფი სტუდენტების, თანამშრომლების  სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,  ეთიკის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის  უკიდურესი და მძიმე ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ეთიკის კომისიის მიერ  2025 წლის  7 მარტს გამართული სხდომის ოქმიდან ირკვევა, ეთიკის კომისიის 7 წევრიდან 5-მა  სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ  რექტორის მოადგილე, გიორგი მარგველაშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, თინათინ ასათიანი.  ოქმის თანახმად, სტუდენტების მიერ მათ შორის, დაირღვა 2025 წლის 28 თებერვალს ამოქმედებული სტუდენტთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედებები, რომლებიც იქამდე მოქმედი კოდექსით დარღვევას არ წარმოადგენდა და თავისი არსით სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების და შეკრების უფლების განუყოფელი ნაწილია.

ნიშანდობლივია, რომ  მიმდინარე წლის 28 თებერვალს მიღებული ეთიკის კოდექსით, დარღვევად განისაზღვრა და სტუდენტებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, მათ შორის, შემდეგი ქმედებებისთვის:

სტუდენტის ან/და სტუდენტური თვითორგანიზებული/თვითმმართველი გაერთიანების მიერ უნივერსიტეტის მისიის ან აპოლიტიკურობის პრინციპის დარღვევა;

სხვა პირების/ორგანიზაციების ინტერესების გატარება ან გარე პირებთან ფორმალურად ან არაფორმალურად აფილირება;

განხორციელებული საქმიანობით უნივერსიტეტის ინტერესებისათვის, ავტორიტეტისა და საზოგადოებრივი იმიჯისათვის საფრთხის შექმნა ან/და ზიანის მიყენება;

უნივერსიტეტის სახელით მოსაზრებების გამოთქმა, საჯარო განცხადებების ან შეთავაზებების გაკეთება, ანდა დაპირებების გაცემა;

უნივერსიტეტის სახელის გამოყენება სხვა პირებთან ურთიერთობებსა და კომუნიკაციებში;

უნივერსიტეტის, ან მისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტრონული ფოსტის ან/და უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის გამოყენებით პირდაპირი ან/და ირიბი სახის პოლიტიკური, რელიგიური აგიტაცია ან/და პროპაგანდას;

უნივერსიტეტის ლოგოსა და სხვა ატრიბუტიკის გამოყენება;

უნივერსიტეტის ქონების გამოყენებას არასაგანმანათლებლო მიზნებისათვის, საუნივერსიტეტო სივრცის, მოძრავი ან უძრავი ქონების არამართლზომიერი და უნებართვო გამოყენება;

დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრისათვის უფლებამოსილი პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა;

ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს.

ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩანს მთელი რიგი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა, მათ შორის:

  • სტუდენტებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ ეთიკის კოდექსის საფუძველზე, რომელიც მათთვის არ გაუცნიათ

აღსანიშნავია, რომ 7 მარტს გამართულ ეთიკის კომისიის სხდომაზე სტუდენტების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარი დაუჭირეს 7 დღით ადრე, 28 თებერვალს მიღებული ეთიკის კოდექსის საფუძველზე, რომლის არსებობის და შინაარსის შესახებ სტუდენტები ინფორმირებული არ ყოფილან. სტუდენტების ეთიკის ახლად ამოქმედებული კოდექსი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის დებულებასთან ერთად მხოლოდ დღეს, 12 მარტს გამოქვეყნდა.

ამ დრომდე თეატრალური უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ეთიკის  კოდექსი 2017 წლის 15 დეკემბრით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. ამასთან, კოდექსი წარმოადგენს უნივერსიტეტის შრომითი შინაგანაწესის არსებით ნაწილს და მისი ნორმების მოქმედება ვრცელდება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, აკადემიურ, შემოქმედებით და მასწავლებელთა პერსონალზე, აგრეთვე მოწვეულ ლექტორებსა და სტუდენტებზე (მუხლი 1.4); სტუდენტის პასუხისმგებლობის საქმეს კი განიხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი (მუხლი 12.3);

თუმცა,  სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ეთიკის კომისიამ (და არა შესაბამისმა ფაკულტეტმა) 2025 წლის  28 თებერვალს მიღებული  ეთიკის ახალი  კოდექსის საფუძველზე მიიღო, რომელიც არც  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება და არც სტუდენტებისთვის გაუცნიათ (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების გზით). 28 თებერვალს დამტკიცებული კოდექსიდან ამოღებულია მითითება, ეთიკის კოდექსის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობაზე,  თუმცა ამავე კოდექსში მითითებულია, რომ სტუდენტი ვალდებულია, გაეცნოს სტუდენტის ეთიკის კოდექსს და დაიცვას მისი მოთხოვნები. ამასთან,  კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ სტუდენტის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებზე ინფორმაციის არქონა სტუდენტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. დოკუმენტი სტუდენტებისთვის 11 მარტს,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც სტუდენტების მხრიდან სტატუსის შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნაზე პასუხად, ადმინისტრაციამ მათ კომისიის სხდომის ოქმი გაუგზავნა. 

ძველი კოდექსისგან განსხვავებით წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ეთიკის ახალი კოდექსი მხოლოდ სტუდენტებზე ვრცელდება და მათი უფლებების  შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეთიკის ახალი კოდექსით,  კომისიას  სტუდენტების პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ფართო საფუძვლები და საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება  მიენიჭა. რექტორატის მხრიდან სტუდენტების პასუხისმგებლობის დადგენის უფლებამოსილების ფაკულტეტიდან ეთიკის კომისიისთვის გადაცემა კი, ერთი შეხედვით, პროცესის ცენტრალიზებისა  და ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლის გაძლიერების ინტერესს აჩვენებს,

 

  • სტუდენტებს მათი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავის დაცვის და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა არ მისცემიათ

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მიმართ ეთიკის კომისიამ პასუხისმგებლობის უმკაცრესი ფორმა, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გამოიყენა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არ შეუტყობინებიათ მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, სტუდენტებს არ მისცემიათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საკითხის განხილვას, წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები და დაეცვათ თავი.

2025 წლის 6 მარტს სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ ეთიკის კომისია იწყებს რამდენიმე, მათ შორის 1 მარტს ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების შეფერხებასთან დაკავშირებულ საკითხის განხილვას. აღნიშნულ ელექტრონულ შეტყობინებას არ ჰქონია ინდივიდუალიზებული ფორმა, შესაბამისად, სტუდენტებისთვის არ იყო აღქმადი, რომ უშუალოდ მათ შეეხებოდათ თუ არა აღნიშნული საკითხის განხილვა.

  • სტუდენტების მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა დაუსაბუთებელი და არათანაზომიერია

მიგვაჩნია, რომ სტუდენტებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ფორმის გამოყენება იმ ფონზე, როდესაც მათ მიმართ სხვა ზომები გამოყენებული არ ყოფილა, დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა პროტესტში მყოფ ახალგაზრდებს პრაქტიკულად განათლების მიღების უფლებას ართმევს და მათი მოსაზრებების და გამოხატვის გამო დევნის ნიშნებს შეიცავს.

პრობლემურია, რომ ეთიკის  ახალი კოდექსი სტუდენტების უფლებების არსებითი შეზღუდვას უშვებს და სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობას იძლევა  იმ შემთხვევაშიც, თუ სტუდენტის მიმართ მანამდე არც ერთი ნაკლებად მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა. კომისია სტუდენტებს ამ კოდექსით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას ედავება (რაც ეთიკის კოდექსის არაერთგზის/მრავლობით დარღვევად მიიჩნევა- მუხლი 3.3).

აღსანიშნავია, რომ სხდომის ოქმში მითითებულია ეთიკის კოდექსის 10-მდე სხვადასხვა დებულების დარღვევა, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ქმედებით გამოიხატა  ცალკეული პირების მხრიდან შესაბამისი ნორმის  დარღვევა, რის გამოც პასუხისმგებლობები არ არის ინდივიდუალიზებული სტუდენტების მიხედვით.  

კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საჩივრდება უნივერსიტეტის რექტორთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად განიხილავს საკითხს და გამოსცემს ბრძანებას ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ან მისი გაუქმების თაობაზე (მუხლი 5.8). ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა მხოლოდ 2025 წლის 12 მარტს უნივერსიტეტის საიტზე განთავსებულ ეთიკის კომისიის დებულებით არის განსაზღვრული.  დებულების მიხედვით, კომისიის მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება  უნივერსიტეტის რექტორთან (მუხლი 3.3) კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღეში. გაცნობად კი ითვლება მხარის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გადაგზავნა (მუხლი 4.4); ამავდროულად, 2025 წლის 7 მარტის სხდომის ოქმში, რომლითაც სტუდენტებს სტატუსი შეუწყდათ, გასაჩივრების 3 დღიანი ვადაა მითითებული. 

აღსანიშნავია, რომ  ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გადაწყვეტილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. თუმცა პარალელურად,  უნივერისტეტის მიერ 10 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რექტორის ბრძანება სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული.[1]  მიუხედავად ამისა, ვიდრე უნივერსიტეტის რექტორი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სტუდენტებს სტატუსი შეწყვეტილი აქვთ (მუხლი 5.9). შესაბამისად, ამ დროისთვის, სტუდენტები არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით და ისინი ვერ მიიღებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და ვერ ისარგებლებენ განათლების უფლებით.

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს

- აღუდგინოს სტუდენტებს სტატუსი და არ შეუზღუდოს მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და  განათლების მიღების   უფლება;

- უზრუნველყონ სტუდენტების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა, მათ შორის, უნივერსიტეტის ჭერქვეშ.

თეატრალური უნივერსიტეტის  სტუდენტების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და მათთვის სტატუსის შეწყვეტის და დაჯარიმებების გადაწყვეტილებებს შესაბამის ორგანოებში გავასაჩივრებთ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება, 10.03.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/tafuofficial/posts/1077398684431149?ref=embed_post

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“