[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

“ქართული ოცნება” არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება.

2025 წლის 9 მარტის დილას, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტების წინასწარი ინფორმირების გარეშე, ფოიეს დეზინფექცია განხორციელდა, რის შემდგომაც სტუდენტებს ადგილის დატოვების მითითება მიეცათ, რისთვისაც, მოგვიანებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შენობაში სამართალდამცავები გამოიძახა. სტუდენტების თქმით, მათ პროტესტის გაგრძელებას უნივერსიტეტის “სალაროში” სთავაზობდნენ, რომლის ფართიც ხუთი კვადრატული მეტრია და რომელშიც ვერ დაეტეოდნენ. პროტესტში ჩართული სტუდენტები უთითებენ, რომ უნივერსიტეტში არსებობს სხვა ალტერნატიული სივრცეებიც, სადაც ისინი შეძლებდნენ უწყვეტი პროტესტის გაგრძელებას, რომელიც უნივერსიტეტის კორპუსში დეკემბრის თვიდან, უკვე 83 დღეა მიმდინარეობს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი თავდაპირველად გააფრთხილეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მითითებების დამორჩილება, შესაბამისად, უნივერსიტეტის ფოიეს დატოვება მოსთხოვეს. ამის შემდგომ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ უნივერსიტეტში დარჩენილ სტუდენტებთან და ისინი 5000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ქმედება იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ზემოაღნიშნული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ემსახურება პროტესტში ჩართულ პირთა დასჯის და დაშინების მიზანს.

შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს. უნივერსიტეტი მისი ფუნქციიდან გამომდინარე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და უნივერსიტეტის ჭერქვეშ პროტესტი დაცულია შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხელს არ უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. სასწავლებლის ფოიეს ნაწილში პროტესტის წარმართვა, მით უმეტეს, შესასვლელის ბლოკირების გარეშე, ხელს არ უშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და არ აფერხებს მის ნორმალურ ადმინისტრაციულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, სტუდენტებისთვის საპროტესტო სივრცის შეზღუდვისა, უნდა ჩაითვალოს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევად.

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში. უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს სტუდენტებთან სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის გარეშე კომუნიკაციას. უნივერსიტეტის ჭერქვეშ ადმინისტრაციის მიერ სტუდენტების დაჯარიმების მიზნით პოლიციის გამოძახება, აზიანებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, მის სახელოვნებო რეპუტაციას და წარმოადგენს საპოლიციო მექანიზმებით სტუდენტური ცხოვრების მართვის საგანგაშო პრაქტიკას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა, თავად შეარჩიონ პროტესტის ადგილი უნივერსიტეტის ჭერქვეშ, რომელიც ხელს არ შეუშლის უნივერსიტეტის ფუნქციონირებას, ამავდროულად, იქნება პროტესტის გამოხატვის ეფექტიანი მექანიზმი. მოვუწოდებთ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მის რექტორს, რომ გასცენ წინასწარი წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პროტესტის გაგრძელების თაობაზე და დაიცვან ისინი შემდგომი უსამართლო დაჯარიმებისგან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“