[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიში ამ წელსაც წარუდგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც ცნობილია, საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კომიტეტს ჯერ არ დაუხურავს და ყოველწლიურად ამოწმებს  საქართველოში ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას.

წარდგენილ ანგარიშში სოციალური სამართლიანობის ცენტრი კრიტიკულად მიმოიხილავს უკანასკნელ პერიოდში ლგბტ თემის მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირებას, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებებს და იმ ინსტიტუციურ ხარვეზებს, რომლებიც აფერხებს ქვეყანაში ლგბტ პირთა უფლებების დაცვას.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფი უწყებები ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენენ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ და მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები არასათანადოდ არის გამოძიებული. 2021-2022 წლებში არაერთი მძიმე ძალადობრივი ქმედების მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ არ უზრუნველყვეს ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელ ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა. ჩვენი შეფასებით, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე არაეფექტიანია სასამართლოს რეაგირებაც. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო და სასამართლო მინიმალური სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება.

უფრო ზუსტად,

  • ანგარიშში აღწერილია 2021 წლის 5-6 ივლისს ლგბტ ჯგუფზე და ჟურნალისტებზე ძალადობის მძიმე ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები და აღნიშნულია, რომ პროკურატურამ მხოლოდ რამდენიმე პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა, რომელთა მიმართაც სასამართლომ მინიმალური სასჯელები გამოიყენა, ცალკეულ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ დაინახა ქმედებებში სიძულვილის მოტივი. ამ დრომდე კი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ დამდგარა;
  • ანგარიშში აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ პროფილი, მუშაობის სტრატეგიები და მათი შესაძლო კავშირები ხელისუფლებასთან. ამასთან ჩვენს დოკუმენტში მითითებულია, რომ არსებობს ეჭვები, რომ 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ინციდენტები მართული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. აღნიშნულ ვარაუდს ჩვენი შეფასებით აძლიერებს, 2022 წლის 11 ივნისს და 2 ივლისს, ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" გასული სიუჟეტები, სადაც წარმოდგენილი იყო სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მიმოწერა და გაგზავნილი აუდიოფაილები, სადაც ჩანს ინფორმაცია, თუ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები როგორ ორგანიზებას უწევდნენ მიმდინარე პროცესებს და ახდენდნენ ძალადობაში ჩართული ადამიანების მობილიზებას, მათ ანაწილებდნენ ლოკაციებზე და აძლევდნენ ინსტრუქციებს.[1]
  • 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების გარდა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან 2022 წლის განმავლობაში, განსაკუთრბით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათი სამუშაო ოფისების გახსნის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. ანგარიშში ნიუანსირებულად არის აღწერილი გამოვლენილი ძალადობების ჯაჭვი და აღნიშნულია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ეს შემთხვევებიც არაეფექტურად გამოიძიეს და მომხდარი 5 ინციდენტიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიკვეთა კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუმცა ამ შემთხვევებშიც არ მომხდარა უშუალო ორგანიზატორების გამოვლენა და პოლიციის თანამშრომლებმა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების რამდენიმე ლიდერი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2022 წლის 2 ივლისს თბილისში "პრიდ-ფესტის" ჩაშლის მცდელობის გამო. 

ანგარიშში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოში არ არის შემუშავებული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების რადიკალურ ძალადობრივ ქმედებებთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომლითაც გამოავლენს ძალადობის მიზეზებს და მოახდენს მათ პრევენციას.

ამასთან ერთად, სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია ეფექტიანი გეგმა, რომლითაც უზრუნველყოფს ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების დაცვას და ჰომოფობიის სისტემურ დაძლევას ჩვენს საზოგადოებაში.

2021-2022 წელს გამოვლენილ ინციდენტებზე სახელმწიფოს რეაგირების კრიტიკულ მიმოხილვასთან ერთად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მინისტრთა საბჭოს საკუთარი რეკომენდაციებიც წარუდგინა და მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ლგბტქ+ აქტივისტების მშვიდობიანი შეკრება/მანიფესტაცია და მიიღოს სათანადო პრევენციული ზომები, რათა თავიდან იქნეს არიდებული შეკრების მონაწილეების მიმართ ძალადობა. ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულების ობიექტური გამოძიება, ორგანიზატორთა გამოვლენა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი არა ერთ რეკომენდაციებს აძლევს სახელმწიფოს ჰომოფობიის სისტემური გამკლავებისა და ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან მომდინარე ძალადობრივი ექსტრემიზმის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებითაც.

იმედი გვაქვს, რომ მინისტრთა კომიტეტი მხედველობაში მიიღებს ჩვენს ანგარიშში მითითებულ გარემოებებს, რეკომენდაციებს და გააგრძელებს გადაწყვეტილების აღსრულებაზე გაძლიერებულ ზედამხედველობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: სიუჟეტების გასვლის შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა განცხადება და 2022 წლის აგვისტოს თვეში მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე პროკურატურა არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას და 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში სუს-ის თანამშრომლების სავარუდო მონაწილეობის საკითხის გარკვევას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“