[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა  მოხეში ადგილობრივი მუსლიმების არასათანადო მოპყრობის საქმეზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმების არასათანადო მოპყრობის საქმეზე - „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ევროსასამართლომ 2021 წლის 17 ნოემბერის გადაწყვეტილებით 2014 წელს სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთების გასაპროტესტებლად მისული ადგილობრივი მუსლიმების უფლებების დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, პროტესტის დროს დაკავებული პირველი განმცხადებელი დაექვემდებარა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას. ამასთან, სახელმწიფომ ეფექტიანად ვერ გამოიძია განმცხადებლების ბრალდებები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და ვერ გამოკვეთა შესაძლო რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი. საქმეზე  განმცხადებლებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და EHRAC-ი წარმოადგენდნენ.  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ანგარიში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა.

საქმის შესახებ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის მხრიდან მინისტრთა კომიტეტისათვის წარდგენილ ანგარიშში მითითებულია, რომ მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ არაეფექტიანად მიმდინარეობს და გამოკვეთილი არ არის პოლიციელების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის შესაძლო მოტივი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა კვლავ არასაკმარისია. კერძოდ, გამოწვევად რჩება გამოძიების პროცესში რელიგიური ნიშნით სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, დაზარალებულთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაბალი მაჩვენებელი. ანგარიში თანახმად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას ხელს შეუწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალური დანაყოფის შექმნა, აგრეთვე ამგვარი დანაშაულების ერთიანი სტატისტიკის მეთოდოლოგიის დახვეწა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პრევენციული მიდგომების შემუშავება და ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების სათანადო გადამზადება.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობა. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემის გადაჭრა, რომელიც ღრმადაა გამჯდარი როგორც საზოგადოებრივ ისე ინსტიტუციურ დონეზე, შესაძლებელია მხოლოდ სოციალურ, საგანმანათლებლო და სამართლებრივ სფეროში კომპლექსური და კოორდინირებული ზომების გატარებით. ამის მიუხედავად, მთავრობას 2020 წლის შემდეგ კვლავაც არ შეუმუშავებია ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით კონკრეტულ აქტივობებს გაწერდა. ასევე, არაეფექტიანია და არსებით გადახედვას საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეშ არსებული რელიგიის საქმეთა სააგენტოს საქმიანობა და მანდატი, რომელიც რელიგიის თავისუფლების სფეროში საქართველოს მთავრობის მუშაობის ძირითადი მექანიზმია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს უმოქმედობა სისტემური ცვლილებების აუცილებლობის არაღიარებასა და პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიანიშნებს.

მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე ბოლო ათწლეულში გახშირებულ რელიგიური შინაარსის კონფლიქტებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში მუსლიმი მოქალაქეების მიერ თავიანთი რელიგიის გამოხატვის შეზღუდვის მიზანს ატარებდა.[1] ამგვარ კონფლიქტებზე სათანადო რეაგირება მოითხოვს  საქართველოს ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან რეგიონებში არსებული სოციალური და კულტურული კონტექსტის ანალიზსა და თემთა შორის დაპირისპირების სიღრმისეული მიზეზების შესწავლას. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო ორიენტირებულია მუსლიმი თემის უფლებების შელახვის ხარჯზე დაპირისპირებების შეჩერებასა და სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე, რაც თემთა შორის არსებული უკმაყოფილების და უნდობლობის ზრდის და კონფლიქტების კვლავ განმეორების საფრთხეებს შეიცავს. მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური შინაარსის კონფლიქტების განმეორებადი ხასიათი კონფლიქტების პრევენციისა და ტრანსფორმაციის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის და პრაქტიკების ფუნდამენტური ცვლილების მწვავე საჭიროებაზე მიუთითებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის აღსრულების მდგომარეობას 2022 წლის 6-8 დეკემბერს შეაფასებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ კომიტეტი მხედველობაში მიიღებს ანგარიშში სახელმწიფოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და საქმის სათანადო აღსრულების მიზნით შეთავაზებულ რეკომენდაციებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს. 2022 წლის ივნისში მინისტრთა კომიტეტმა „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ იდენტობის ჯგუფის საქმეებთან გააერთიანა.[2] იდენტობის ჯგუფის საქმეები ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და მათი არაეფექტიანი გამოძიების სისტემურ პრობლემას ასახავს და ამის გამო მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ ექცევა. გაძლიერებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია მინისტრთა კომიტეტს ყოველწლიურად წარუდგინოს ამ ჯგუფის საქმეთა აღსრულების მიზნით გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესახებ ანგარიში. მინისტრთა კომიტეტისთვის მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც. მთავრობისა და  უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, მინისტრთა კომიტეტი აფასებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ზომებს და იღებს გადაწყვეტილებას საქმეთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ანგარიში სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში წარადგინა. მთავრობას კი ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია იდენტობის ჯგუფის საქმეთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ განახლებული ანგარიში და მიქელაძის საქმის აღსრულების სამოქმედო გეგმა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“