საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თარიღია. ეს არის დღე, რომელმაც ტრაგედია და წინააღმდეგობა ერთიან ეროვნულ გამოცდილებად აქცია და თავისუფლების იდეა საზოგადოებრივი კონსენსუსის ცენტრში მოაქცია.
1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის კრიზისის ფონზე, საქართველოში საზოგადოებრივი აქტივობა მკვეთრად გაიზარდა. პერესტროიკის ეპოქამ გახსნა სივრცე, სადაც წლების განმავლობაში ჩახშობილი პოლიტიკური მოთხოვნები ხმამაღლა გაჟღერდა. დამოუკიდებლობა, რომელიც მანამდე მხოლოდ ინტელექტუალური და ემოციური პროექტი იყო, თანდათან რეალურ პოლიტიკურ მოთხოვნად იქცა.
თბილისი და სხვა ქალაქები პროტესტის უწყვეტ სივრცედ გადაიქცა. მხოლოდ 1988 წელს, აკრძალვების მიუხედავად, დედაქალაქში ათეულობით აქცია გაიმართა. ამ პროცესმა ცხადყო, რომ საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბებული იყო მძლავრი წინააღმდეგობის ნება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1988 წლის ნოემბერს მოვლენებს, როდესაც დემონსტრაციებმა გააპროტესტა საბჭოთა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც რესპუბლიკებს კავშირის დატოვების ფორმალურ უფლებასაც ართმევდა. პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ეს ინიციატივა დღის წესრიგიდან მოიხსნა. რეჟიმის ეს გადაწყვეტილება ნათელი სიგნალი იყო, რომ საზოგადოებრივი ზეწოლა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
1989 წლის დასაწყისში პროტესტმა კიდევ უფრო რადიკალური ფორმა მიიღო. პირველად საჯაროდ გაჟღერდა 1921 წლის ოკუპაციის თემა, საბჭოთა სიმბოლიკა ჩანაცვლდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშით, ხოლო საზოგადოებამ ისტორიული მეხსიერებიდან კვლავ ამოიტანა ის ფიგურები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოდნენ.
მდგომარეობის დეესკალაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და დაპირისპირება გარდაუვალი გახდა. კრიტიკული წერტილი 1989 წლის აპრილში დადგა.
აპრილის მოვლენებს წინ უძღოდა აფხაზეთში განვითარებული პროცესები. ლიხნის კრების შემდეგ გამწვავებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია როგორც რეგიონში, ისე თბილისში. თავდაპირველი მოთხოვნები მალევე გაფართოვდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების მთავარი მიზანი უკვე დამოუკიდებლობა გახდა.
ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. პარალიზებული იყო ყოველდღიური ცხოვრება, იზრდებოდა მობილიზაცია. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან აშკარა დაშინების მცდელობებისა, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, ვერტმფრენების დემონსტრაციული ფრენები, პროტესტი არ შეჩერებულა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ ძალადობრივად დაშალა მშვიდობიანი შეკრება. ოპერაცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა: გამოყენებული იყო ტოქსიკური გაზი და ფიზიკური ძალადობა. შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ასეულები დაშავდნენ.
ამ მოვლენამ საზოგადოება ძირეულად შეცვალა. ოფიციალური მედიის დუმილის მიუხედავად, რეაქცია მყისიერი და მასშტაბური იყო - გლოვა გადაიზარდა პროტესტში, ხოლო ტრაგედია პოლიტიკურ გარდატეხაში. 9 აპრილი იქცა სიმბოლოდ, რომელიც აერთიანებს ტკივილს, ღირსებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მეხსიერება არ არის - ის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის ერთ-ერთი საძირკველია. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებას მძიმე პოლიტიკური და სოციალური პროცესები მოჰყვა, სწორედ 9 აპრილმა განსაზღვრა ის ღირებულებითი ჩარჩო, რომელშიც ქვეყანა ვითარდება.
დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს ამ ისტორიის გადაფასებას და მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის შეცვლას, 9 აპრილის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. განსაკუთრებით პრობლემურია რიტორიკა, რომელიც აბუნდოვანებს პასუხისმგებლობის საკითხს და ისტორიულ ფაქტებს ისე აყალიბებს, რომ რუსეთის როლი და საბჭოთა ძალადობის ბუნება სათანადოდ არ იკვეთება.
დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - აგრესიული ავტოკრატიზაცია, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, პოლიტიკური პატიმრების უპრეცედენტოდ მაჩვენებელი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მკვეთრი ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნა და საზოგადოების პოლარიზაცია - კვლავ აყენებს იმავე ფუნდამენტურ კითხვებს, რომლებიც 1989 წელს იდგა: რა არის თავისუფლება, რა არის დამოუკიდებლობა და ვინ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.
განსაკუთრებით საგანგაშოა საზოგადოების ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ასუსტებს საერთო ეროვნულ სივრცეს და მოქალაქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს. სწორედ ამ ფონზე 9 აპრილი გვახსენებს სრულიად საპირისპირო გამოცდილებას გვახსენებს - დღეს, რომელმაც განსხვავებების მიუხედავად საზოგადოება ერთიან პოლიტიკურ და მორალურ პოზიციაზე დააყენა. მაშინ თავისუფლების იდეამ გადაფარა სოციალური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური დაყოფები და შექმნა საერთო ეროვნული მიზანი.
ამიტომ 9 აპრილი არა მხოლოდ წინააღმდეგობის, არამედ ერთობის სიმბოლოცაა. ის გვახსენებს, რომ კრიტიკულ მომენტებში საზოგადოების გაერთიანება არის მთავარი ძალა, რომელიც ისტორიულ ცვლილებებს განაპირობებს.
სწორედ ამიტომ, 9 აპრილი არ არის მხოლოდ წარსული. ეს არის მიმდინარე ბრძოლა სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის.
დღესაც, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროტესტები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში კვლავ არსებობს მზადყოფნა ამ ღირებულებების დასაცავად.
განსხვავება ისაა, რომ ეს წინააღმდეგობა დღეს უფრო გააზრებულია - ჩვენ ვიცით, როგორი სახელმწიფო გვინდა. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ეგალიტარიზმს, თავისუფლებას, სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების დაცვას - და ამ იდეალების დათმობას ჩვენი თაობა არ აპირებს.
9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, არამედ ის მუდმივი ბრძოლაა.
და ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც.
ინსტრუქცია