საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
9 აპრილი პარადიგმული და ისტორიული მოვლენაა საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში. ამ დღის ტკივილი, გლოვა და გმირობა იქცა იმ გამოცდილებად, რომელმაც ჩვენი საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო გააერთიანა.
1980-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა კავშირში პერესტროიკის პერიოდი დგება, თბილისი დემონსტრაციებმა და სამოქალაქო პროტესტმა მოიცვა. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა თანდათან ძლიერდებოდა და ხმამაღლა იწყებდა საუბარს იმაზე, რაც მანამდე ამოუთქმელ პოლიტიკურ სურვილად და წარმოსახვად რჩებოდა. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იყო.
ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია 1988 წლის ნოემბერში გაიმართა, რომელმაც გააპროტესტა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებს უკვე ნომინალურ დონეზეც ართმევდა კავშირის დატოვების უფლებას. ამ აქციაზე ერთ-ერთმა დემონსტრანტმა მთავრობის სასახლის თავზე მოფრიალე საქართველოს სსრ-ს დროშა ჩამოაგდო, რაც პირველად მოხდა. ეს პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა კავშირში გასვლის უფლების გაუქმების საკითხი.
მხოლოდ 1988 წელს თბილისში სულ მცირე 31 დემონსტრაცია გაიმართა, რომელთა უმეტესობა ოფიციალურად აკრძალული იყო. ეს უკვე მოასწავებდა თავისუფლების ბრძოლის და წინააღმდეგობის მძლავრ მისწრაფებას ჩვენს საზოგადოებაში.
1989 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ისტორიისთვის უპრეცედენტოდ, თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო - გაიჟღერა სიმართლემ 1921 წლის ოკუპაციაზე. ახალგაზრდები იხსნიდნენ საბჭოთა დროშებს და მის ადგილას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშას ფენდნენ. დროშასთან ერთად საზოგადოებამ მეხსიერებიდან ამოიტანა გმირების სახელებიც, რომლებიც საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
საბჭოთა ხელისუფლების მცდელობა, კომპრომისითა და ნაციონალისტური რიტორიკით შეემსუბუქებინა მდგომარეობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობა რეალურ ძალად იქცა. გადამწყვეტი გარდატეხა კი სწორედ 1989 წლის 9 აპრილს მოხდა.
1989 წლის აპრილის პროტესტების საბაბი იმ წელს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 18 მარტს, ლიხნში გამართულ სახალხო კრებაზე, აფხაზურმა ორგანიზაცია “აიდგილარამ” მოსკოვში გაგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რიგი ბრალდებები გამოთქვეს და აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის ამაღლება მოითხოვეს.
25 მარტს, ვაკის პარკში (იმ დროისთვის “გამარჯვების პარკი”) გაიმართა პირველი საპროტესტო მიტინგი. სიტყვის წარმთქმელთა შორის იყვნენ ეროვნული მოძრაობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. იმავე დღეს, დიდი აქცია გაიმართა გალშიც. 28 მარტს კი გაგრაში ფართომასშტაბიანი ქართული დემონსტრაცია გაიმართა. პროტესტები აფხაზეთის თითქმის ყველა კუთხეს მოედო.
4 აპრილს, აქციებმა თბილისში გადმოინაცვლა. დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებდნენ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და ითხოვდნენ ლიხნის წერილის ავტორების პასუხისმგებლობას. თუმცა, 6 აპრილს, რუსთაველზე უკვე ხალხმრავალი შეკრების მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა. იმ დროისთვის უკვე დაწყებული იყო დაუმორჩილებლობის მოძრაობა - ფერხდებოდა ტრანსპორტის მოძრაობა, შეინიშნებოდა სახალხო მობილიზაცია. იმავე დღეს, დემონსტრანტთა ნაწილი მიადგა ტელევიზიის შენობას და მოითხოვა, საპროტესტო აქციის პირდაპირი ეთერით გადაცემა.
8 აპრილს, თბილისს საბჭოთა ჯარმა დემონსტრაციულად გადაუარა - ვერტმფრენები დაფრინავდნენ ქალაქის თავზე, ჯავშანტექნიკა მოძრაობდა რუსთაველზე. ეს აშკარა დაშინების მცდელობა იყო, თუმცა, ამ ქმედებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო: საზოგადოება კიდევ უფრო გაერთიანდა და განეწყო მტკიცე წინააღმდეგობისთვის.
9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 16 ადამიანი, უმეტესად - ქალები. შემდგომ დღეებში გარდაიცვალა დაშავებული კიდევ 4 ადამიანი, ხოლო ერთი ახალგაზრდა - კომენდანტის საათის დროს მოკლეს. მთლიანობაში დაიჭრა და დასახიჩრდა 437 პირი. სასტიკი დარბევის დროს გამოყენებული იყო სამხედრო ნიჩბები, ხელკეტები, ჯავშანტექნიკა და უკიდურესად ტოქსიკური ცრემლსადენი გაზი “Черемуха”, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდნენ.
10 აპრილს, საბჭოთა ქართული პრესა დუმდა. საზოგადოება კი არ დუმდა. ქვეყანა ერთ ღამეში ტრანსფორმირდა - შავი დროშები აივნებზე, წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები კედლებზე: “პატიაშვილი - მკვლელი”, “გორბაჩოვი - მკვლელი”. ტრაგედიის მსხვერპლნი სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და იმავე ქალაქებში დაკრძალეს. რუსთაველზე ყვავილებით მოფენილი ადგილი იქცა ეროვნული გლოვის სიმბოლოდ. ქალაქის კედლებზე გაკრული იყო დაღუპულთა და დაშავებულთა სიები.
ნანა მახარაძე, რომელიც 9 აპრილის წინააღმდეგობის ერთ-ერთი სახე ხატია - ქალი გაშლილი თმით და დროშით, იხსენებს: “9 აპრილი არის დღე, საიდანაც საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. დღე, სავსე ტრაგიზმითა და უდიდესი სიამაყის გრძნობით”.
მართლაც 9 აპრილი არა მხოლოდ გლოვის, მსხვერპლშეწირვის და ტრაგედიის სიმბოლოა, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ერთობის საფუძველია.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას პოლიტიკური ელიტა მოუმზადებელი შეხვდა და მოგვიანებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო პროცესებში შევიდა, 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში იქცა ჩვენი ხალხის მტკიცე რწმენისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ - რწმენის, რომ ჩვენ ყველაზე რთულ რეალობაშიც მივისწრაფვით თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ და საბოლოოდ ვიმარჯვებთ.
დღეს, როცა “ქართული ოცნების” რეჟიმი მიზანმიმართულად ამახინჯებს 9 აპრილის მეხსიერებას, ახდენს უახლესი ისტორიის გადაწერას და ცდილობს საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას, 9 აპრილის მეხსიერება კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. ამორალური და შემაშფოთებელია ირაკლი კობახიძის და სხვა ლიდერების განცხადებები, რომლებმაც ისევ ვერ შეძლეს 9 აპრილის კონტექსტში რუსეთის მტრად ხსენებაც კი და იმპერიული რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანები, ტრაგიკულად გარდაცვლილებად მოიხსენიეს. მან “უცხოური ძალების” შესახებ ამორალური პროპაგანდა ისევ გამოიყენა და რუსული ძალები ისევ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს გაუთანაბრა.
დღეს, როცა “ქართული ოცნება” ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და პოლიტიკურ იდეალებს ხელყოფს, ოლიგარქიულ ავტორიტარიზმს აძლიერებს, ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და ევროპული ინტეგრაციის ირგვლივ თაობებს შორის კონსენსუსს არღვევს, - დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საკითხი ისევ ცენტრალურ ადგილს იკავებს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან აშკარა ხდება, რომ ეს პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც სასტიკად ძალადობს მოქალაქეებზე, ახრშობს წინააღმდეგობას, უკანონოდ აპატიმრებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, ყოველდღე ახალ დარტყმას აყენებს ჩვენს მიერ 30 წლის განმავლობაში ნაშენებ დემოკრატიას - იქცევა იმ კოლონიურ ძალად, რომელსაც, პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში, რუსულ რეჟიმად მოიხსენიებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
დღეს, როგორც მაშინ - 9 აპრილს, ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და სხვა ქალაქები, დასახლებები უწყვეტი პროტესტის ადგილებად იქცა, სადაც ჩვენ ისევ სუვერენიტეტისა და დემოკრატიის გადასარჩენად ვორგანიზდებით. მაგრამ ახლა ჩვენი წინააღმდეგობა გაცნობიერებულია და გაჯერებულია პროგრესული პოლიტიკური შინაარსით. ჩვენ ვიცით, როგორი საქართველო გვინდა: დემოკრატიული, სამართლებრივი, თანასწორობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ, ღირსეულად და სამართლიანად ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეის დათმობა კიდევ უფრო შეუძლებელი და წარმოუდგებელია ჩვენი თაობისთვის.
9 აპრილი - ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის რწმენის წყაროა!
დღეს ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიცით, ეს ბრძოლა როგორ გავაგრძელოთ!
ინსტრუქცია