საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს წინააღმდეგ, სარჩელი წარადგინა.
სარჩელი შეეხება სააგენტოს ინიციატივით დაფუძნებული კომისიის საქმიანობას, რომელიც შეისწავლის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, თვითმმართველობის საკუთრებაში კლუბის სტატუსით რეგისტრირებული, სადავო საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებულ გარემოებებს.
შენობა-ნაგებობა ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის დაპირისპირების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წლის ოქტომბერში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოცხადდა ტენდერი სადავო ნაგებობის ბიბლიოთეკის სტატუსით რეაბილიტაციისთვის. მუსლიმი თემის შეფასებით, აღნიშნული შენობა იყო მეჩეთი, რასაც ადასტურებს სხვადასხვა გარემოება. მათ შორის, შენობის ადგილმდებარეობა, მინარეთის ასასვლელი, ორნამენტები და ეზოში არსებული საფლავის ქვები. ხოლო, საქართველოს საპატრიარქოს მტკიცებით, შენობის ადგილას, ადრე ქრისტიანული ეკლესია იდგა, რომლის ქვებითაც დაიწყო მეჩეთის მშენებლობა, რომელიც საბოლოოდ არ აშენებულა.
შენობის ბიბლიოთეკის სტატუსით რეაბილიტაციას ადგილობრივი მუსლიმი თემის მშვიდობიანი პროტესტი მოჰყვა. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 2014 წლის 22 ოქტომბერს, შსს-მ მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია დაგეგმა, რომლის დროსაც, პოლიციამ 14 მუსლიმი პირი თვითნებურად დააკავა და ზოგიერთი მათგანის მიმართ
შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული გარემოებების და სადავო საკითხების შესწავლის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, 2014 წლის 27 დეკემბერს, შეიქმნა "ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით, არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია. მიუხედავად იმისა, რომ კომისია თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს, კომისიის საქმიანობის შედეგი დღემდე არ დადებულა. ასევე, მთლიანად დახურულია კომისიის საქმიანობა დაინტერესებული პირთათვის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველისთვის.
კომისიის საქმიანობა დახურული აღმოჩნდა EMC-ისთვისაც. კერძოდ, ორგანიზაციამ 2015 წლის 17 აგვისტოს, სააგენტოს მიმართა განცხადებით და გამოითხოვა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. მათ შორის, ინფორმაცია კომისიის ამ დრომდე გამართული სხდომებისა და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესახებ, ინფორმაცია ამ პროცესში სააგენტოს მონაწილეობის, კომისიის ფარგლებში მიწვეული ექსპერტების/სპეციალისტებისა და მათი საქმიანობის შესახებ, აღნიშნული ექსპერტების/ სპეციალისტების მიერ სადავო შენობა-ნაგებობის თაობაზე მომზადებული კვლევების, რეკომენდაციებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. ასევე, EMC დაინტერესდა რა ეტაპზეა კომისიის საქმიანობა ამჟამად და როდის იგეგმება საბოლოო, შემაჯამებელი რეკომენდაციის გაცემა.
სააგენტომ უარი განაცხადა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე არგუმენტით, რომ კომისია არ წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად, კომისია არ იყო ვალდებული გაეცა საჯარო ინფორმაცია. მითითებული პასუხით, კომისიამ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ კი, EMC-ს წერილებით მოთხოვნილი იყო არა კომისიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა, არამედ სააგენტოს მიერ, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მხრიდან კომისიის საქმიანობის მსგავსი დახურულობა ხელს უშლის მითითებულ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებას და წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესის არადემოკრატიულ და გაუმჭვირვალე პროცედურას.
აქედან გამომდინარე, სადავო საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით სააგენტოს საქმიანობის ღიაობის უზრუნველსაყოფად, EMC სააგენტოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეცდება.
ინსტრუქცია