საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. 2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა ის, რაზეც პატიმრები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ: ციხეებში მათ სისტემატურად მიეწოდებოდათ დაბალი ხარისხის, ხშირად კი საკვებად სრულიად უვარგისი პროდუქტი. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ამ დარღვევებზე რეაგირება მხოლოდ საჯარო მხილების შემდეგ მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარვეზები, სულ მცირე, ექვსი წლის განმავლობაში არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 აპრილს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 201.5 მილიონი ლარის ღირებულების ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული თანხით მომდევნო სამი წლის განმავლობაში 14 საპატიმრო დაწესებულების კვება უნდა იქნას უზრუნველყოფილი. საჯაროდ გავრცელებული სატენდერო პირობების მიხედვით, 11,800-მდე ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კვებისთვის დღიურად 13.41 ლარია გამოყოფილი, რაც თითოეულ კვებაზე მხოლოდ 4.47 ლარს შეადგენს, რაც, აქამდე გამოვლენილი დარღვევების ფონზე, ეჭვებს აჩენს ამ თანხის საკმარისობის და მისაწოდებელი საკვების ხარისხის შესახებ.
უფრო ზუსტად, მიმდინარე წლის მარტში, „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2019 წლიდან 15-ზე მეტ საპატიმრო დაწესებულებისთვის, შესაბამისად, 11 ათასზე მეტ პატიმრის და ციხეების დაახლოებით 1800-მდე თანამშრომლისთვის, საკვებს კომპანია „ილი ჯგუფი“ ამზადებდა. გამოცემამ მოიპოვა პენიტენციური სამსახურის “კვების ინსპექტირების კომისიის“ ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, რომ კომპანია პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს.[1] დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას წლებია ციხეში უხარისხო საკვები შეჰქონდა, არ ასრულებდა დადგენილ სტანდარტებს, არღვევდა პროდუქტის შენახვისა და მომზადების წესებს, ამცირებდა ულუფებს, აკლებდა ინგრედიენტებს, არ იცავდა ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს, საკვები იყო დაობებული, ხშირად ხორცის ნაცვლად დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი ჰქონდათ, ნედლის ნაცვლად - გაყინული ხორცი, ხაჭაპურებში ხოჭოებს პოულობდნენ, პაშტეტში - მატლებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების არასათანადო ხარისხზე სახალხო დამცველიც მიუთითებდა თავის სპეციალურ ანგარიშებში. კერძოდ, ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საკვების მომზადებისას კვლავ არ არის გათვალისწინებული პატიმართა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური საჭიროებები.[2] სახალხო დამცველი ასევე მიუთითებდა, რომ პატიმრებს ხილი კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მიეწოდებოდა. პრობლემად სახელდებოდა ისიც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რაც სასადილოს თანამშრომლებს ვიზიტისთვის მომზადების საშუალებას აძლევს და ეჭვქვეშ აყენებს სააგენტოს შემოწმების შედეგებს.[3]
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან 6 დღეში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა. პენიტენციურმა პატიმრების კვებისთვის ახალი კომპანია დაჩქარებულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია. 12 მარტიდან პატიმრების კვებას შპს „გიორგი 2020-მა“ უზრუნველყოფს.
პატიმართა კვების საკითხის შეფასება ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ფონზე
საქართველოში, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების კვებასთან დაკავშირებული დარღვევები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს. პენიტენციური კოდექსის 111-ე მუხლით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა კვების ზოგადი სტანდარტები და პირველი პუნქტით დადგენილია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა კვების ნორმები დეტალურად განისაზღვრება ,,ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის N388-N01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით. მითითებული ბრძანებით მოწესრიგებულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს და უსაფრთხო კვების ორგანიზების საკითხები და აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებისა და ჰიგიენის პირობები უნდა შეესაბამებოდეს მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. ბრძანებით დადგენილია, რომ დაწესებულებაში მყოფ პირთა კვების ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს ჯანსაღი კვებისა და ორგანიზმის საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ადეკვატურად დაკმაყოფილების პრინციპს[4] და ინდივიდუალურად განსაზღვრულია თითოეული პენიტენციური დაწესებულებების თითოკვირიანი მენიუები, რომლითაც დგინდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის განსაზღვრული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს, მათ შორის ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. მაგალითისთვის შეიძლება აღნიშნოს, რომ ბრძანების N2 დანართით განსაზღვრულია დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის კვების მენიუ-განრიგი, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები უნდა იღებდნენ რძის პროდუქტებს, ხორცს, სხვადასხვა ბოსტნეულს, ხილს, ბურღულეულს და ა.შ.[5]
მითითებული ბრძანებით აგრეთვე განისაზღვრება საკვების ხარისხისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი კონტროლის ვალდებულება. კერძოდ, ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად თითოეული დაწესებულების სამედიცინო-საექიმო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია რეგულარულად საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარულ-ჰიგიენური პირობები .[6]
საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას. განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო, დაუშვებელია არათუ მათდამი არასათანადო მოპყრობა, არამედ ნებისმიერი სახის სირთულის ან შეზღუდვის დაწესება, რომელიც სცდება იმ დისკომფორტს, რაც თავისუფლების აღკვეთას ბუნებრივად ახლავს.[7] გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების (ე.წ. „ნელსონ მანდელას წესები“) შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ყველა პატიმარი შესაბამის საათებში უნდა უზრუნველყოს კვებითი ღირებულებით მდიდარი, ჯანმრთელობისა შესანარჩუნებლად ადეკვატური, ჯანსაღი ხარისხისა და შესაბამისი წესების დაცვით მომზადებული და სერვირებული საკვებით.[8]
რაც შეეხება რეგიონულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თავისუფლებააღკვეთილი პირები ჩვეულებრივ სარგებლობენ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით. ისინი არ შეიძლება დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას ან პატიმრობის ისეთ პირობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა).[9] სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისუფლებაააღკვეთილი პირების ისეთ პირობებში განთავსება, რომლებიც თავსებადია ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპთან. ამასთან, სასჯელის აღსრულების ფორმა თუ მეთოდი მათ არ უნდა აყენებდეს ისეთ ტანჯვას, რომლის ინტენსივობა აღემატება დაკავებისთვის დამახასიათებელი ტანჯვის გარდაუვალ დონეს.[10] სახელმწიფოს მოვალეობაა, თავისი სასჯელაღსრულების სისტემა ისე მოაწყოს, რომ უზრუნველყოს დაკავებულთა ღირსების პატივისცემა, ფინანსური თუ ლოჯისტიკური სირთულეების მიუხედავად.[11]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მე-3 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, შეუქმნას პატიმრებს დაკავების ღირსეული პირობები, მოიცავს მათი ჯანმრთელობის დაცვას ადეკვატური სამედიცინო დახმარებითა და სათანადო კვებით.[12] კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი დღის წესრიგში დგება, როდესაც არ ხდება პატიმრის უზრუნველყოფა საკმარისი ოდენობის საკვებით.[13] ამასთან, სასამართლოს განმარტებით, პატიმართა საკვებით უზრუნველყოფა მოითხოვს მათი სპეციფიკური დიეტური საჭიროებების გათვალისწინებას.[14] ხანგრძლივი ვადით პატიმრობის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადეკვატური და საკმარისი დღიური ულუფებით პატიმრების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სტრუქტურის შექმნით.[15] როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პატიმრებს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისინი ექიმის მიერ დანიშნული დიეტის შესაბამისი საკვებით.[16] აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ იქნება გამართლებული ეკონომიკურ თუ ლოჯისტიკურ მიზეზებსა და სირთულეებზე მითითებით.[17] ასევე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პატიმარს არ შეიძლება მოეთხოვოს კვების უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯებით, რადგან ადეკვატური კვებით უზრუნველყოფის ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება და მისი პატიმრებზე დელეგირება დაუშვებელია.[18]
გარდა ამისა, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტით, ყველა თავისუფლებააღკვეთილი პირისათვის მინიმალური გარანტიები მოიცავს წვდომას ადეკვატურ საკვებზე, რომელიც იქნება რაოდენობრივად საკმარისი და ნუტრიციულად მდიდარი. კომიტეტი მოითხოვს პატიმრებისთვის სამჯერადი უფასო კვების უზრუნველყოფას, რომელიც იქნება საკმარისი რაოდენობის, კვებითი თვალსაზრისით დაბალანსებული და ადეკვატურად კალორიული. ულუფებს შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ცხელი კერძი. საკვები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალურ დიეტურ საჭიროებებს, მათ შორის სამედიცინო, რელიგიურ და კულტურულ მოთხოვნებს, განსაკუთრებით ისეთი დაუცველი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ავადმყოფები, ხანდაზმულები, არასრულწლოვანები და ორსული ან მეძუძური ქალები. რაოდენობისა და ხარისხის გარდა, კომიტეტი ხაზს უსვამს საკვების ჰიგიენურ და ღირსეულ პირობებში მიწოდების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პატიმრების კვება სათანადო გარემოში. პატიმრებისათვის არასაკმარისი საკვების მიწოდება, მათი სპეციალური დიეტური საჭიროებების იგნორირება თუ დამამცირებელი მომსახურების პირობების შექმნა უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და ღირსებაზე.[19]
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება და სპეციალური პენიტენციური სამსახური განუწყვეტლივ უარყოფდნენ პატიმრების ჩივილებს საკვების თაობაზე. მაგალითისთვის, გასული წლის ნოემბერში, პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ კვებითი მომსახურება ციხეებში მკაცრად კონტროლდებოდა და დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.[20] ეს მაშინ, როცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანია “ილი ჯგუფი” წლების განმავლობაში არღვევდა საკვებისთვის დადგენილ სტანდარტებს და, შესაბამისად, პენიტენციურ სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. თუმცა, ამ უკანასკნელმა კომპანიასთან ხელშეკრულება მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების და დარღვევების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტაციის გასაჯაროების შემდეგ შეწყვიტა.
ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, „რადიო თავისუფლების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ააშკარავებს ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა კვების თვალსაზრისით არსებულ დარღვევებს. გამოვლენილი დარღვევები პირველ რიგში აჩენს სერიოზულ კითხვებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობისა და მათი ღირსების პატივისცემის კუთხით. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი-ის მე-10 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია-ის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ისეთი პირობები, რომლებიც არ სცდება თავისუფლების აღკვეთასთან ბუნებრივად დაკავშირებულ დისკომფორტს. დაბინძურებული, გაფუჭებული და ხშირ შემთხვევაში საკვებად უვარგისი საკვების მიწოდება, ასევე მისი არასაკმარისი რაოდენობა, მიუთითებს იმაზე, რომ პატიმართა ყოველდღიური ყოფა სცდება ამ გარდაუვალ ზღვარს და ეხება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ძირითად ასპექტებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ პატიმრები ხშირად იძულებულნი არიან, თავად უზრუნველყონ საკუთარი კვება, რაც დამატებით ტვირთად აწვება მათ.[21]
ამდენად, მიგვაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმრების კვების ირგვლივ გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს პატიმართა უფლებების დარღვევას და არსებითია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს გამოვლენილი სისტემური ხარვეზების დაუყოვნებელი გამოსწორება, პატიმრებისთვის ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ხარისხიანი საკვების მიწოდება და ახალი კონტრაქტის ფარგლებში კვებითი მომსახურების განხორციელებაზე სათანადო მონიტორინგი და ამის თაობაზე საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება.
[1] მაგალითისთვის, ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ “ილის” პატიმრებისთვის ხშირად საქონლის ხორცის ნაცვლად, ქათმის სოსისი შეჰქონდა, კომისიამ ზოგიერთ შემთხვევაში სოსისის წარმოშობა და შემადგენლობა ვერ დაადგინა. კომისიამ იპოვა შემთხვევები, როდესაც კარაქი ზეთით ან სპრედით ჩანაცვლდა.
[2] საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2025122519501698212.pdf.
[3] საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში, 2025, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2025073016431741922.pdf.
[4] ,,ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მე-3 მუხლი. ხელმისაწვდომია : https://matsne.gov.ge/document/view/4499245?publication=1
[5] იხ. ,,ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების დანართი N2
[6] ,,ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მე-2 მუხლი
[7] Human Rights Committee, General comment No. 21: Article 10 (Humane treatment of persons deprived of their liberty), Forty fourth session (1992), § 3.
[8] United Nations Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners (the Nelson Mandela Rules), General Assembly resolution 70/175, annex, adopted on 17 December 2015, Rule 22.
[9] Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], 2005, § 69.
[10] Kudła v. Poland [GC], 2000, §§ 92-94; Idalov v. Russia [GC], 2012, § 93; Muršić v. Croatia [GC], 2016, § 99.
[11] Benediktov v. Russia, 2007, § 37; Sukhovoy v. Russia, 2008, § 31.
[12] Ebedin Abi v. Turkey, 2018, § 30.
[13] Stepuleac v. Moldova, 2007, § 55; Dudchenko v. Russia, 2017, § 130.
[14] D and E.S. v. United Kingdom, 1990, Commission decision.
[15] Chkhartishvili v. Greece, 2013, § 61.
[16] Ebedin Abi v. Turkey, 2018, § 31.
[17] იქვე, § 40.
[18] იქვე, § 44.
[19] European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT), A decency threshold for prisons – criteria for assessing conditions of detention, Extract from the 30th General Report of the CPT, published in 2021, §§ 70-71.
[20] ტვ პირველი, „მატლიანი საკვები, სიცივე და ანტისანიტარია - რა ხდება ციხეთა სისტემაში და რას ამტკიცებს პენიტენციური", 16 ნოემბერი, 2025, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/114970-matliani-sakvebi-sitsive-da-antisanitaria-ra-khdeba-tsikheta-sistemashi-da-ras
[21] რადიო თავისუფლება, „რა „ღირს" პატიმრობა საქართველოში", 1 ოქტომბერი, 2025, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/რა-ღირს-პატიმრობა-საქართველოში/33544044.html
ინსტრუქცია