საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 2 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მაია ბაქრაძის საქმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეზე რომ მომჩივნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციით გარანტირებული გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლთან ერთობლიობაში.
მაია ბაქრაძე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და „მოსამართლეთა ერთობის“ ასოციაციის თანადამფუძნებელი წევრია. წლების განმავლობაში, იგი კრიტიკულად აფასებდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაფორმალურ ზეგავლენას სასამართლოში. სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 და 2016 წლებში მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობისას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას მოსამართლედ დანიშვნაზე უარი უთხრა. მაია ბაქრაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი კრიტიკული პოზიციის გამო მოსამართლედ დანიშვნაზე უარი უთხრა.
2024 წლის 7 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაია ბაქრაძის ხელახლა დანიშვნაზე უარის მიღებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მაია ბაქრაძის „მოსამართლეთა ერთობასთან“ დაკავშირებულმა კრიტიკულმა საქმიანობამ. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ მიკერძოება და წინასწარგანწყობა დასტურდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მაია ბაქრაძის მიმართ გასაუბრების დროს დასმული კითხვებით და მოსამართლეთა გადანიშვნების სტატისტიკური მონაცემებით, რამაც დისკრიმინაციული მოპყრობის prima facie მტკიცებულება შექმნა. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ მაია ბაქრაძე არ იყო დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. დამატებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საერთო სასამართლოებმა მაია ბაქრაძე ვერ დაიცვეს დისკრიმინაციული მოპყრობისგან, რაც წარმოადგენდა ბაქრაძის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებასთან ერთობლიობაში.[1]
მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი მოსაზრებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დეტალური მოსაზრებები წარუდგინა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, წინამდებარე საქმე ავლენს ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება კლანურ მმართველობას, მართლმსაჯულების ჩავარდნილ რეფორმებს, დისკრიმინაციულ მიდგომებს და განსხვავებული აზრის ჩახშობის პრაქტიკას სასამართლო სისტემაში. ეს მოსაზრებები დასტურდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის და საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კრიტიკული ანგარიშებით, აგრეთვე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რამდენიმე სხვა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოს მიერ გავლენიანი მოსამართლეებისთვის დაწესებული მძიმე სანქციებით, რომლებიც უკავშირდება მათ სავარაუდო ჩართულობას კორუფციაში და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიული სანქციების გამოყენებას.
მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების, და ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, რომელიც ხელისუფლებას ვეტინგის პროცედურის განხორციელებისკენ მოუწოდებდა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლეების დასანიშნად, მმართველი პარტია აგრძელებს სასამართლო სისტემაში არადემოკრატიულ მმართველობის და არაფორმალური გავლენების მხარდაჭერას და აშკარად ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების ნებისმიერ მცდელობას.
მინისტრთა კომიტეტის წინაშე ვამტკიცებთ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემები მნიშვნელოვნად აზიანებს ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების სტანდარტებს, როდესაც ხელისუფლება, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე, მიზანმიმართულად და უხეშად ახდენს მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზებას მისი ოპონენტების და კრიტიკოსების წინააღმდეგ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტის მიმართავს თხოვნით, რომ ეს საქმე მოექცეს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, რაც საქართველოს ავალდებულებს, ყოველწლიურად წარუდგინოს კომიტეტს საქმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ვითხოვთ, აღნიშნულ საქმეზე გაგზავნილი მოსაზრებები შეაფასოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შემაშფოთებლად გაუარესებული ვითარების და მზარდი ავტორიტარიზმის საფრთხეების გათვალისწინებით. კერძოდ, გასათვალისწინებელია ფართომასშტაბიანი პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში მოქალაქეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ მასობრივი არასათანადო მოპყრობა, უკანონო დაკავების და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკები, და ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უკიდურესად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, და კრიტიკული მედიების თავისუფალ საქმიანობას.
ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაიზიარებს ჩვენს პოზიციებს, საქმეს გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოაქცევს და სახელმწიფოს მოსთხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების განსახორციელებლად.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმეზე გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებების დარღვევა დაადგინა, დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებასთან ერთობლიობაში, 09.11.2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebata-evropulma-sasamartlom-maia-bakradzis-sakmeze-gamokhatvis-da-gaertianebis-tavisuflebebis-darghveva-daadgina-diskriminatsiis-akrdzalvis-uflebastan-ertobliobashi
ინსტრუქცია