[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმართვა მინისტრთა კომიტეტს: "ქართული ოცნება” ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებებს სისტემურად არღვევს და არ აღასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს

2025 წლის 31 იანვარს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიშით მიმართა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სწორედ მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიში კრიტიკულად აფასებს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და ხაზს უსვამს, იმ მძიმე სისტემურ პრობლემებს, რომლებიც მიზანმიმართულ არაეფექტიან გამოძიებებთან, პოლიტიკური ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზებასა და შეკრების თავისუფლების სისტემურ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. ანგარიშში, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ახლად ამოქმედებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონის რეპრესიულ ბუნებაზე, რომელიც ექსპლიციტურად კრძალავს ლგბტ(ქ)ი თემატიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჯარო გამოხატვას, შეკრებასა და ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

საგანგაშოა, რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული. მივიჩნევთ, რომ გამოხატვისა და ჯანმრთელობის სერვისების კრიმინალიზებით, მოქალაქეების კონტროლისა და დასჯის თვითნებური და ტოტალიტარული ტიპის წესი დგინდება და ლგბტ(ქ)ი ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად, ილახება პირთა ფართო წრის გამოხატვისა და შეკრების უფლებები და აკადემიური თავისუფლება.

მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი კომუნიკაციით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი დამატებით შეშფოთებას გამოთქვამს, ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. ამრიგად, მინისტრთა კომიტეტს, ხელისუფლების მიერ ლგბტქი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოწოდებების შესახებაც ვაწვდით ინფორმაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია დღეს თავად წარმოადგენს იმ ძირითად აქტორს, რომელიც ლგბტ(ქ)ი მიმართ სიძულვილისა და ჰომოფობიურ ენას იყენებს, რასაც უკვე აქვს შემაშფოთებელი შედეგები ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მათ შორის, ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამოქმედებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებსა და სულისკვეთებასთან და საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებებთან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს ერთი მხრივ, არ დაუშვას ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა, მეორე მხრივ, კი დაავალდებულოს "ქართულ ოცნებას" მთელი რიგი ზოგადი ღონისძიებები, მათ შორის:

  • „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან;
  • ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იმ კამპანიების შეჩერება, რომლებიც აღვივებენ დისკრიმინაციასა და ძალადობას ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ;
  • ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შეუფერხებელი და დაუყოვნებელი წვდომის უზრუნველყოფა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე. აუცილებელია, კომიტეტის მხრიდან ამ რეკომენდაციის შესრულება დაექვემდებაროს დაჩქარებულ და ინტენსიურ მონიტორინგს;
  • ჰომო/ბი/ტრანსფობიური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ამგვარი ინციდენტების პრევენციისა და გამოძიების კუთხით პოლიციის რეაგირების გაუმჯობესება. ამასთან, ჩვენ ვითხოვთ, რომ პროკურატურამ და სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყონ, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა (სოგი) გამოჩნდეს, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მოტივი, განსაკუთრებით კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში;

ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრთა კომიტეტს:

1. დაიწყოს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სპეციალური წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მისი მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის ტენდენციის გამო;

2. შექმნას შესაძლებლობა, რათა სათემო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პირადად მიიღონ მონაწილეობა კომიტეტის წინაშე, განხილვის პროცესში, რომელიც ეხება:

  • ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონის რეპრესიულ იმპლიკაციებს;
  • ლგბტ(ქ)ი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“