საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტს ანგარიშით მიმართა. გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე აღსრულების პროცესში ჩვენი ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს ქვეყანაში ლგბტ(ქ)ი პირების უფლებრივ მდგომარეობას და მინისტრთა კომიტეტს სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ბოლო თვეებში ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანებს პრაქტიკულად ართმევს საბაზისო პირად და ოჯახურ უფლებებს და გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლების უფლებებზე ცენზურას აწესებს.
"იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმეთა ჯგუფის აღსრულება მათ შორის მოიცავს სახელმწიფოს მიერ აიდაჰო შეკრების მონაწილეების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების არასათანადო დაცვისა და არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას საქართველოში. აღნიშნული ჯგუფის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, მინისტრთა კომიტეტი ზოგადი ღონისძიებების სახით, საქართველოს მთავრობას აიდაჰო შეკრების თავისუფლების სრულყოფილ დაცვასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.[1]
თავის მხრივ, საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლისა და აღიარების სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველყოფა დაავალა.[2]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი კომუნიკაციით, შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ჰომოფობიის ოფიციალური პოლიტიკისა და დისკურსის ნაწილად ქცევასა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც მათ შორის, ზემოთ განხილული საქმეების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში.
დღესდღეობით ლგბტ(ქ)ი ჯგუფი, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში, რომლის მიმართაც სტიგმა და დისკრიმინაცია, დამკვიდრებულ პრაქტიკადაა ქცეული. სახელმწიფოს მიდგომა ლბტ(ქ)ი პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ყოველთვის ზედაპირული და ფრაგმენტული იყო, რის გამოც, დისკრიმინაციული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფონზე, ისინი ვერასდროს ახერხებდნენ დეკლარაციულად დაცული უფლებების რეალიზებას. ამასთან ზემოთ აღნიშნული კანონპროექტების ინიცირებით ლგბტ(ქ)ი ადამიანებს ხელისუფლება ნორმატიულად ზღუდავს იმ უფლებებს, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანებს არასდროს ქონიათ, მათ შორის, სქესის სამართლებრივი აღიარება, სამოქალაქო პარტნიორობის უფლება, სქესობრივი განათლების შესაძლებლობა და ა.შ. ჩვენი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და სოციალური სიძულვილის ინსტრუმენტალიზების გზით, ლგბტ(ქ)ი პირების სისტემური ჩაგვრისა და სტიგმატიზების გზას ირჩევს და მას აღრმავებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტები ლახავს არა მხოლოდ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებებს, არამედ პირთა ფართო წრის გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლებისა და აკადემიური თავისუფლების უფლებას და ის შეეხება ისეთ პროფესიულ და სოციალურ ჯგუფებს, როგორიცაა, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ლექტორები, გამომცემლები, არტისტები, მასწავლებლები, მკვლევრები და ა.შ. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული და გამოხატვის გამო მოქალაქეების კონტროლისა და დასჯის თვითნებურ და ტოტალიტარული ტიპის წესს ადგენს.
წარდგენილი ანგარიშით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხელისუფლების მიერ ჰომო/ბი/ტრანსფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებაც შეაფასა და მინისტრთა კომიტეტს, ხელისუფლების მიერ ლგბტქი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოწოდების წინააღმდეგ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის აღსრულების ვალდებულების სისტემური უგულებელყოფის შესახებაც შეატყობინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია არათუ ცდილობს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებას, არამედ დღეს იგი თავად წარმოადგენს იმ ძირითად აქტორს, რომელიც ლგბტ(ქ)ი მიმართ სიძულვილისა და ჰომოფობიურ ენას იყენებს. დასანანია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჰომოფობიის ამგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას, უკვე აქვს შედეგები ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს, რომ არ დაუშვას აღნიშნულ საქმეებზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა და მოუწოდებს, რომ დაგმოს სახელმწიფოს მიერ ლგბტ(ქ)ი ჯგუფის სისტემური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის პოლიტიკა, მათ შორის, ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონების მიღება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მათ შორის, ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებთან და სულისკვეთებასთან და საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებებთან.
კომუნიკაციის ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: https://cutt.ly/IeWgBIfU
[1]1483rd meeting, 5-7 December 2023 (DH), H46-13 Identoba and Others group v. Georgia (Application No. 73235/12), Available at: https://cutt.ly/2eWd6a8H
[2] Case A.D and Others v. Georgia, Available at: https://cutt.ly/beWfk68d
ინსტრუქცია