საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 19 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების ჯგუფებზე აღსრულების გაძლიერებული ზედამხედველობის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები[1] მიიღო და საქართველოს ხელისუფლება ლგბტ(ქ)ი თემის უფლებებისა და რელიგიური უმცირესობების დაცვის კუთხით არსებული უმწვავესი მდგომარეობის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
„იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმეების ჯგუფი, მათ შორის, მოიცავს სახელმწიფოს მიერ აიდაჰო შეკრების მონაწილეების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების არასათანადო დაცვისა და არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას საქართველოში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, მინისტრთა კომიტეტი ზოგადი ღონისძიებების სახით, საქართველოს მთავრობას აიდაჰო შეკრების თავისუფლების სრულყოფილ დაცვასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. საქმეთა ამ ჯგუფში ასევე გაერთიანებულია საქმეები, რომლებიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას ეხება.
თავის მხრივ, საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლისა და აღიარების სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველყოფა დაავალა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, აღნიშნული საქმეების აღსრულების ფარგლებში ლგბტ(ქ)ი ადამიანების და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კომიტეტს, შესაბამისი რეკომენდაციებით 2024 წელსაც მიმართა და ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებების შემლახავ საკანონმდებლო პაკეტსა და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფის ფაქტებზე მინისტრთა კომიტეტს დაუყოვნებლივი რეაგირება სთხოვა.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება
მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლება გააკრიტიკა ამ საქმეების აღსასრულებლად გადადგმული არაეფექტური და დაგვიანებული ნაბიჯების გამო, რაც რიგ შემთხვევებში, სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას და დამნაშავე პირების გამოვლენას გულისხმობს.
კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური საკანონმდებლო პაკეტის შესახებ და აღნიშნა,რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის ამოქმედება, საქართველოსათვის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პრობლემას წარმოშობს.
კომიტეტი მტკიცედ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას ჰომო/ბი/ტრანსფობიური კანონმდებლობის მიღებასა და ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებაშემლახავი ქმედებების განხორციელებაზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას, ერთი მხრივ, შექმნას გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის სწრაფი და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პრაქტიკა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს ლგბტ(ქ)ი პირების შეკრების უფლებით თავისუფალი სარგებლობა. ამასთან კავშირში, კომიტეტმა წუხილი გამოთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებიდან 12 წლის შემდეგაც, საქართველოში ლგბტ(ქ)ი ადამიანები კვლავ ეჩეხებიან ფართომასშტაბიან ძალადობასა და სიძულვილის ენას, და ამავდროულად, მოკლებული არიან შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს მტკიცე მიდგომა გამოიჩინოს ლგბტ(ქ)ი ადამიანებისა და და რელიგიური უმცირესობების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ყველა ფორმის დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობითა და ძალადობის ორგანიზატორებისა და წამქეზებლების დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემით.
მინისტრთა კომიტეტი იდენტობის საქმეების ჯგუფს 6 თვეში, 2025 წლის მარტის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს, რაც აღნიშნული პრობლემების მიმართ კომიტეტის განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს. ამასთანავე, კომიტეტმა, ამ საქმეთა ჯგუფების არასათანადო აღსრულების საპასუხოდ, სამდივნოს შუალედური რეზოლუციის მომზადება დაავალა, იმ შემთხვევისთვის, თუ სახელმწიფო კომიტეტის მითითებებს არ გაითვალისწინებს.
სქესის სამართლებრივი აღიარების საქმესთან (ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) დაკავშირებით, კომიტეტმა სახელმწიფოს არაუგვიანეს მომდევნო წლის აპრილამდე არსებულ პრობლემებზე განახლებული ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა. ამ საქმის სათანადოდ აღსრულების საკითხს მინისტრთა კომიტეტი მომდევნო წლის სექტემბერში კიდევ ერთხელ შეაფასებს.
c.exec.coe.int/?i=CM/Del/Dec(2024)1507/H46-08E
[1] Committee of Ministers, decision on the Identoba and Others group v. Georgia (Application No. 73235/12), 17-19 September 2024 (DH) https://hudoc.exec.coe.int/?i=CM/Del/Dec(2024)1507/H46-08E
Committee of Ministers, decision on the case of A.D. and Others v. Georgia (Application No. 57864/17), 1507th meeting, 17-19 September 2024 (DH) https://hudo
ინსტრუქცია