[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზუგდიდში მშრომელის გარდაცვალებას ეხმაურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება სამუშაო პროცესის დროს დენის დარტყმის შედეგად მუშის გარდაცვალებას და მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ სისტემურ ჩავარდნებს. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მათ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა. ეს ტრაგიკული შემთხვევა განსაკუთრებულად მძიმეა იმ კონტექსტში, როდესაც სამშენებლო და ტექნიკურ სამუშაოებზე დასაქმებული პირები ყოველდღიურად ექვემდებარებიან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ პირობებს.

სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები სამუშაო შესრულების დროს, სავარაუდოდ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, დაშავდნენ. 18 ივლისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა მშრომელი, რომელიც გონიოში სამშენებლო ობიექტიდან ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად დაშავდა. შემთხვევა 17 ივლისს, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსზე სამუშაოების შესრულებისას მოხდა. ბათუმელების ცნობით, 26-სართულიან კორპუსზე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ხარაჩო ჩამოიშალა და დასაქმებული პირი ჩამოვარდა. 8 ივლისს მოხდა მსგავსი შემთხვევა ბათუმშიც, როდესაც ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა. 23 ნოემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად.

შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და დამსაქმებლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა, სათანადო ზედამხედველობისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობა ხშირად დასაქმებულების სიცოცხლის ფასად გვიჯდება. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელი კომპანია სახელმწიფო ორგანოებთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობებში, როგორც ეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში ხდება. ასეთ დროს, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან, განსაკუთრებით მკაცრად გააკონტროლონ შრომითი და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა და ამ პირობების შესრულება სამუშაოს შემსრულებელ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაწილადაც აქციონ.

სამწუხაროა, რომ შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში ვერ იქცა უწყებად, რომელიც დასაქმებულების ნდობას მოიპოვებდა და შრომის პირობების დაცვას რეალურად და ეფექტურად უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შრომის ინსპექციის სამსახური არ გასცემს საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ კომპანიებში/დაწესებულებებში მის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებით და ეს გარემოება კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ უწყების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება სათანადოდ წარიმართოს, უზრუნველყოს დაღუპულის ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“