საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაქმებულებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ განახორციელოს საწარმოს ინსპექტირება იქ არსებული პირობების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობი საამქროს დაახლოებით 300 თანამშრომელი 7 თებერვლიდან ქარხანასთან საჯარო პროტესტს გამოხატავს მათი შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით[1]. საამქროში დასაქმებული პირები ითხოვენ ხელფასების ზრდას, რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შტატების აღდგენას, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას, პროტესტში მონაწილე თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას[2]. ამჟამად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.[3]
ფოლადსადნობ საამქროში დასაქმებული პირების თქმით, ისინი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო პირობებში მუშაობენ. მათი შრომის ანაზღაურება - თვეში დაახლოებით 1300 ლარი[4] - არ შეესაბამება საამქროში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ბოლო ხანებში განხორციელებული შტატების შემცირების გამო, საამქროში დასაქმებულებს გაორმაგებული დატვირთვის ქვეშ უწევთ მუშაობა, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. თანამშრომლების რაოდენობის შემცირების შედეგად, დატვირთვის ზრდის მიუხედავად, დარჩენილი დასაქმებულების შრომის ანაზღაურება უცვლელი დარჩა. დასაქმებულების ინფორმაციით, ისეთი მძიმე და საშიშპირობებიანი სამუშაო, როგორიც არის ფოლადის დნობა, თუ ადრე ექვს-კაციანი ბრიგადის შემადგენლობით სრულდებოდა, ახლა იგივე სამუშაოს შესრულება ოთხ ადამიანს ევალება. მათი ხელფასი კი კვლავინდებურად მიზერულია[5].
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შრომის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული და სამართლიანი. ღირსეული ანაზღაურება ნიშნავს ისეთი ოდენობის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულ პირს აძლევს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ანაზღაურების ეს ოდენობა ასევე მოიხსენიება როგორც საცხოვრებელი ხელფასი. საცხოვრებელი ხელფასი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საბაზისო საარსებო საჭიროებებს, მათ შორის, საცხოვრებელს, კვებას, ტანსაცმელს, ტრანსპორტირებისა და კომუნალურ ხარჯებს, ასევე სოციალური კეთილდღეობის საჭიროებებს, მათ შორის, ჯანდაცვას, განათლებას და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. Wage Indicator Foundation-ის გამოთვლით, 2024 წლის აპრილის მონაცემებით, მსგავსი საჭიროებების უზრუნველსაყოფად საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი უნდა შეადგენდეს თვეში 1858 ლარს[6].
ღირსეულთან ერთად, შრომის ანაზღაურება უნდა იყოს სამართლიანი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სამართლიანი ანაზღაურების განსასაზღვრად რამდენიმე ფაქტორი მიიღება მხედველობაში, მათ შორის, შრომის შედეგი და სპეციფიკური სამუშაო პასუხისმგებლობები, როგორიცაა სამუშაოს ზეგავლენა დასაქმებული პირის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და სამუშაოსთან დაკავშირებული სპეციფიკური სირთულეები[7].
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება არც ღირსეულია და არც სამართლიანი, რადგან მისი ოდენობა არ არის საკმარისი მათი ღირსეული ცხოვრების საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ასევე არ ითვალისწინებს მათ სამუშაოსთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ სირთულეებს, მათ შორის, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუდმივი და არსებითი რისკების შემცველ მძიმე სამუშაო პირობებს და სამუშაოს მავნე ზეგავლენას მათ ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ზრდასთან ერთად, დასაქმებულები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მათი ინფორმაციით, გამოსასწორებელია, მათ შორის, ჯანდაცვასთან, დაზღვევასთან, კვებასთან, სპეციალურ აღჭურვილობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები[8].
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა/ადმინისტრაცია არ მიდიოდა მოლაპარაკებაზე პროტესტის მონაწილე თანამშრომლებთან, ხოლო დასაქმებულებთან კომუნიკაციაში მყოფი ქარხნის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი მათ რეპრესიებით ემუქრებოდა[9]. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე დანიშნულია მედიატორი და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი პროტესტში მყოფ თანამშრომლებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის.
2023 წლის დეკემბრიდან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, მან ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა. ანდრეი პარხომჩუკი კი დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.[10] მანამდე, იგორ კორიტკო, რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორი იყო. ამავე კომპანიაში, 2012 წლიდან, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ანდრეი პარხომჩუკიც.[11] არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი კრემლთან დაახლოებული პირია.[12] 2022 წლის მარტამდე, კომპანია TMK-ის ძირითადი აქციონერი აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი მილიარდერი, დმიტრი პუმპიანსკი, იყო. TMK დაკავშირებულია რუსულ Gazprom-თან, რომლის უმსხვილესი მიმწოდებელიცაა. საეჭვოა რუსეთის მეტალურგიული კომპანიის მენეჯმენტის გადმოსვლა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. რელევანტურია კითხვა, თუ ვის მფლობელობაშია ახლა შპს ,,რუსთავის ფოლადი“? ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, არ შეცვლილა მესაკუთრე - ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Tolanius Beheer BV, რომელიც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის.[13] ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება - 314 მილიონი ლარია, მისი ვალდებულებები კი 291 მილიონი ლარი.[14]
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირების ვიზიტი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და შეისწავლოს ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლების მიერ გაჟღერებული პრობლემები, მათ შორის, ქარხანაში ჩატარებული რეორგანიზაციის კანონიერება, დასაქმებული პირების სამუშაო დატვირთვისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობა შრომით უფლებრივ სტანდარტებთან და მათ უსაფრთხოებასთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები. ინსპექტირების განხორციელებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, შრომის ინსპექციის სამსახურმა უნდა იხელმძღვანელოს ასევე საერთაშორისო შრომით უფლებრივი სტანდარტებით[15] - შრომით უფლებებთან დაკავშირებული იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით და ევროპის სოციალური ქარტიით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შრომის ინსპექციის სამსახური არ გასცემს საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ კომპანიებში/დაწესებულებებში მის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, ბოლო წლებში ჩაატარა თუ არა ინსპექტირება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ქარხანაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საჯაროდ ხელმისაწვდომი ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლით თარიღდება, კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების სერიოზული დარღვევები არსებობდა, მათ შორის - დასაქმებულები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, არ ტარდებოდა დასაქმებულთა სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ მოწმდებოდა ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა, არ არსებობდა პირველადი დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საევაკუაციო ღონისძიებების მართვის პროცედურა და გამოყენებული იყო საფრთხისშემცველი სამუშაო იარაღები[16]. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარსულში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაფიქსირებულა თანამშრომლების დაშავების და დაღუპვის შემთხვევები.
[1] რადიო თავისუფლება, 07.02.2025:
https://www.radiotavisupleba.ge/a/33306774.html.
[2] საზოგადოებრივი მაუწყებელი, 07.02.2025:
https://1tv.ge/video/saprotesto-aqcia-rustavshi-8/.
ტელეკომპანია ,,ფორმულა’’, 07.02.2025:
https://www.facebook.com/watch/?v=1908474216349637.
[3] რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
https://www.rustavisteel.ge/about-us/
[4] რადიო თავისუფლება, 07.02.2025:
https://www.radiotavisupleba.ge/a/33306774.html.
[5] იქვე.
[6] ღირსეული შრომის პლატფორმა: https://shroma.ge/living-wage/.
[7] United Nations, Economic and Social Council, Committee on Economic, Social and Cultural Rights (CESCR), General Comment No. 23 (2016) on the Right to Just and Favourable Conditions of Work, Paragraph 10:
https://digitallibrary.un.org/record/1312521?ln=en.
[8] ტვ პირველი, 07.02.2025:
https://www.youtube.com/watch?v=kbE-0THYp68.
მაუწყებელი, 07.02.2025:
https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/969577801308319.
[9] ტვ პირველი, 07.02.2025:
https://www.youtube.com/watch?v=kbE-0THYp68.
ტელეკომპანია ,,ფორმულა’’, 07.02.2025:
https://www.facebook.com/watch/?v=1908474216349637.
[10] ბიზნეს მედია საქართველო
https://bm.ge/news/vin-aris-rustavis-metalurgiuli-qarkhnis-akhali-direqtori-igor-koritko
[11] იქვე
[12] მთავარი არხი
https://mtavari.tv/news/160686-rustavis-metalurgiul-karkhanas-kremltan
[13] ბიზნეს მედია საქართველო
https://bm.ge/news/rustavis-foladis-mflobelta-struqtura-ar-shetsvlila-irakli-rukhadze
[14] იქვე
[15] საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში გადმოცემული შრომითი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობის ვალდებულება შრომის ინსპექციის სამსახურს ,,შრომის ინსპექციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ეკისრება.
[16] ღირსეული შრომის პლატფორმა:
https://shroma.ge/monitor/inspection.php?lang=ka&uid=001243.
ინსტრუქცია