[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის პრაქტიკას ეხმიანება და მას საგანგაშოდ მიიჩნევს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას და მივიჩნევთ რომ ეს შემთხვევები დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების მორიგი მკაფიო დადასტურებაა.

ბოლო პერიოდში გახმაურებული არაერთი საქმე აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკვე დიდი ხანია ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები ქმნის.

ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა.  დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონსოლიდაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციის პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენებას.

მედიით გაშუქებული შემთხვევები, სავარაუდოდ, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილია. ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საუბარს შურისძიების, უკანონო დევნის, ახალი ბრალდების წარდგენის, მტკიცებულებების გაყალბების ან სხვა ფორმით ანგარიშსწორების შიშით ერიდება.

გასულ კვირას, მედიაში, 2025 წლის 9 ივნისს გარდაცვლილი ალან ყაყიტაშვილის მეგობრის ინტერვიუ, გავრცელდა. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვიდან კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ირაკლი ტატუნაშვილმა მასზე და ყაყიტაშვილზე, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს   სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული” ხმა.  ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოს მასზე განხორციელებული წამების შესახებაც განუცხადა. სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით სამსახურის გაუქმების გამო, საქართველოს პროკურატურაში გაგრძელდა, თუმცა ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ ირაკლი ტატუნაშვილისთვის და არ გამოუკითხავთ პოლიციის თანამშრომლები. ირაკლი ტატუნაშვილმა ციხეში 9 თვე გაატარა. მას რესტორანში ჩხუბის დროს ორი ადამიანის დაზიანებას ედავებოდნენ. თუმცა ის 2 ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.[1] მის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუ კი, სავარაუდოდ პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვის ეჭვებს აჩენს.

მიმდინარე დღეებში „ტვ პირველმა“ ასევე გაავრცელა სიუჟეტი, სადაც ალექსანდრე გოგოჭური აღწერდა, როგორ იძალადა დუშეთის რაიონული სამმართველოს  15-მდე თანამშრომელმა ფიზიკურად.  გოგოჭური "შაბათის ეთერთან"  ყვებოდა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ და დანაშაულის აღიარება აიძულეს, თუმცა მოგვიანებით საგამოძიებო უწყებაში სავარაუდო ბრალდებულის გამოცხადების გამო, პროკურატურა იძულებული გახდა მის მიმართ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეეწყვიტა და იმისთვის რათა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, მას ცრუ ჩვენების მიცემისთვის ახალი ბრალი წაუყენეს.[2]   პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას გულისხმობს.

13 ივნისს “ტვ პირველმა” პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოთახში მყოფ მოქალაქეებს რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და მათგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ამავე სიუჟეტის თანახმად   არსებობს ათობით მსგავსი სხვა ფაილიც, სადაც პოლიციელების მხრიდან დაკავებულ პირებზე ძალადობაა ასახული.[3]

2026 წლის 27 მაისს გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გორის კომბინატში ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს .[4]

მიმდინარე წლის თებერვალში პროკურატურამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა, რომელმაც არასრულწლოვანი ქუჩაში გააჩერა, „მეურვის თანდასწრების გარეშე“ გამოჰკითხა, ტელეფონის გახსნა სთხოვა და უარის შემდეგ აგინა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს  სხვა პოლიციელებიც ესწრებოდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია, პროკურატურამ მხოლოდ ერთ პირს წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა[5]

წლების განმავლობაში ასევე არაერთი შემთხვევა გასაჯაროვდა, როდესაც მოქმედმა ან ყოფილმა პოლიციელმა მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრის მოკლა ან/და ფიზიკურად იძალადა.  მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები ფორმალურად არ უკავშირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, ისინი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სამართალდამცავ სისტემაში თანამშრომელთა შერჩევის, პროფესიული ეთიკის, შიდა მონიტორინგისა და რისკების მართვის მექანიზმების ეფექტიანობის შესახებ.[6]

პოლიციელთა მხრიდან სისტემური ძალადობის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლისა და დემონსტრანტების დაკავების პროცესშიც. მიუხედავად ძალადობის მასშტაბისა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ განხორციელებულა. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები ხშირად მიმართული იყო ძალადობის მსხვერპლთა დისკრედიტაციისა და საპოლიციო მოქმედებების ლეგიტიმაციისკენ. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობაში ჩართული შსს-ს მაღალჩინოსნები მალევე ღირსების მედლებით დააჯილდოვეს.[7]

2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე  ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ 2025 წლის ზამთრის აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

ამ ტენდენციას ადასტურებს სახალხო დამცველის ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემებიც,[8] რომლის თანახმად წლიდან წლამდე იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ. მაგალითად თუ  სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ, 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში ეს რიცხვი 79.5%-მდე, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვალში,  88%-მდე გაიზარდა.[9]

მიმდინარე წლის 7 მაისს თბილისის პროკურატურამ 2024 წელს, აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რაც მედიაში გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე რეაქციული პასუხი იყო. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოძიება, როგორც წესი, რეაგირებს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მტკიცებულებების საჯარო გავრცელების შემდეგ. მიუხედავად ამის, დაზარალებულებისთვის დამაჯერებელი არ არის, როგორ მოხდა პირების ამოცნობა, მაშინ როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა სწორედ იდენტიფიკაციის პრობლემაზე მიუთითებდა. დევნა არ დაწყებულა იმ ორ ეპიზოდზეც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ.[10] საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ იღებდა კონკრეტულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს გამოვლენილი სისტემური სასტიკი ძალადობის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენების, შეკრების დაშლისა და სპეცრაზმის მოქმედებების შესახებ. არ არის გამოკვეთილი არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის და ინტენსივობის საპოლიციო ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა მაღალი პოლიტიკური თანხმობისა და კოორდინაციის გარეშე. 

პოლიტიკური ნების არარსებობის ფონზე არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არაეფექტიანი გამოძიება. 2025 წლის 1 ივლისიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფუნქციონირება შეწყვიტა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში გადავიდა. მიუხედავად იმისა რომ არსებობდა კითხვის ნიშნები  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან საქმიანობაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არსებობა ერთგვარ დეკლარაციულ მისიასაც ატარებდა. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უფლებადარღვევების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი სამსახურის არსებობა, ხაზს უსვამდა სახელმწიფოს მიერ სამოხელეო დანაშაულთან, განსაკუთრებით კი, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პრიორიტეტულობას.[11]

პრობლემად რჩება ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციაც. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქმედებები, რომლებიც შესაძლოა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს,  მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით კვალიფიცირდება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში, აუცილებელია, არასათანადო მოპყრობის პრევენციული ეფექტის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ნათლად, არაორაზროვნად, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას. საქართველოს კანონმდებლობით, არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 -1443 ) გათვალისწინებული დანაშაულები: წამება, წამების მუქარა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სრულად და ამომწურავად მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ ქმედებებს. ხოლო სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმების მაკვალიფიცირებელი გარემოებები, როგორიცაა: უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება იარაღით, ძალადობით, ღირსების შეურაცხყოფით, მოპყრობის ხარისხის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის და მიყენებული ტანჯვის შესაბამისად, შესაძლებელია გვაძლევდეს როგორც წამების, ისე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას. არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის საკითხი მნიშვნელოვანია პროპორციული სასჯელის დაკისრების და აღსრულების თვალსაზრისითაც. სამოხელეო დანაშაულისგან განსხვავებით, არასათანადო მოპყრობის სპეციალურ მუხლებზე არ გამოიყენება: ხანდაზმულობის ვადები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისათვის,  ასევე, განრიდება.  ამ სახის დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციაზე უკვე წლებია საუბრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ციცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ნაწილში.

არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე სამართალდამცავ ორგანოებში კონტროლის ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და მექანიზმების არარსებობა და მათი არაეფექტიანი გამოყენება. დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების გაძლიერება, ჩანაწერების შენახვის ვადის გაზრდა და დაცვის ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც გამორიცხავს ჩანაწერების დაკარგვას, განადგურებას ან არასათანადო გამოყენებას. დღეს არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობისას სამართალდამცავთა ქმედებების კონტროლი კვლავ არასაკმარისია.  პატრულ ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღებას იშვიათად იყენებენ. მათ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებულის ყოფნისას ვიდეოგადაღების, ასევე გამოკითხვის პროცესის აუდი-ვიდეო ჩაწერის ვალდებულებაც. პატრულ ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში, არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები.

სამართალდამცავ სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ნეპოტიზმის, არაფორმალური კავშირებისა და შერჩევითი პასუხისმგებლობის საკითხებზე მსჯელობა.   საჯარო უწყებაში თანამდებობრივი წინსვლა, გავლენიანი პოზიციების დაკავება ან პროფესიული კეთილსინდისიერების შეფასება სათანადოდ გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. ნეპოტიზმი და არაფორმალური გავლენები მნიშვნელოვნად ასუსტებს შიდა კონტროლის მექანიზმებს, რადგან თანამშრომლებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებები  დარღვევების გამოვლენისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის დამაბრკოლებელი ფაქტორი ხდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების შეფასება, როდესაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო ძალადობაში ჩართული პოლიციელები თავად არიან დაკავშირებული მაღალჩინოსნებთან ან სხვა გავლენიან თანამშრომლებთან. მსგავსი გარემოებები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას და აჩენს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად თანაბრად ვრცელდება კანონი ყველა სამართალდამცავზე.[12]

განსაკუთრებით საინტერესოა იმ გარემოების შეფასება, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევები შესაძლოა ერთსა და იმავე სამართალდამცავ სტრუქტურულ ერთეულებში განმეორებით ფიქსირდებოდეს. მაგალითად, მედიით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ძალადობის სავარაუდო ორი განსხვავებული შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, რაც, ბუნებრივია, აჩენს კითხვას, ხომ არ მიუთითებს მსგავსი განმეორებადობა კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში არსებულ ინსტიტუციურ პრობლემაზე. ამასთან, საჯაროდ ცნობილი შემთხვევები  რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდეს, ვინაიდან სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ნაწილი, განმეორებითი დევნის, ახალი ბრალდების ან სხვა ფორმით ზეწოლის შიშით, ძალადობის შესახებ საერთოდ არ საუბრობს და შესაბამის უწყებებს არ მიმართავს. ამგვარი შიში, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სისტემურ დაუსჯელობასთან. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის უშუალო შემსრულებლების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხიც კი  იშვიათად დგება, ხოლო ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, რომელთა ინფორმირების, თანხმობის ან უშუალო ჩართულობის გარეშე მსგავსი მასშტაბისა და ხასიათის ძალადობრივი პრაქტიკის არსებობა  შეუძლებელი იქნებოდა,  როგორც წესი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან. [13]

სამართალდამცავთა მხრიდან, განმეორებადი ძალადობის შემთხვევები, მათი მასშტაბი და ინტენსივობა, სამართლებრივი რეაგირების არარსებობა, პასუხისმგებელ პირთა შერჩევითი დევნა, არასათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია და ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების სისუსტე სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ და სტრუქტურულ რეაგირებას მოითხოვს. მიუხედავად ძალადობის მასშტაბურობისა, სახელმწიფო, ფასადური მართლმსაჯულების გარდა, სისტემურ და სტრუქტურულ დონეზე საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლისთვის არაფერ აკეთებს. 

საპოლიციო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური ნების, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და რეალური ანგარიშვალდებულების ერთდროულ არსებობას მოითხოვს, თუმცა ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერების, დემოკრატიული ინსტიტუციების  დასუსტების და ძალაუფლების კონცენტრაციის პირობებში ცალკეულ პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ ფასადურ და რეაქციულ ღონისძიებად რჩება. საპოლიციო სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიმართულებით მყიფე და არასტაბილური ვითარება სწორედ პოლიციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სიმცირეს, ორგანიზაციული მოწყობის პრობლემებს, გაუმართავ საკადრო პოლიტიკას, და პოლიციელთა თვითნებობის მიმართ რეაგირების არაეფექტიან მექანიზმებს უკავშირდება.  წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის მიმართულებით რეალური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია დაუსჯელობასთან ეფექტიანი ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ქმედითი, პრაქტიკულად მოქმედი გარანტიების გარეშე. ამ პირობებში სისტემური ძალადობის ერთეულ შემთხვევებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის  შერჩევითი და არასრულყოფილი გამოყენება ვერ შეცვლის იმ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც სამართალდამცავი ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და შემდგომი დაუსჯელობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფოს

  • უზრუნველყოს ჯეროვანი, სამართლიანი და დროული გამოძიება და მართლმსაჯულების განხორციელება პოლიციის ძალადობის თითოეულ გამოვლენილ შემთხვევაზე და დასაჯოს დამნაშავე პირები. აღნიშნულ საქმეებზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება;
  • უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები კვალიფიცირდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლებით (1441-1443), და არა სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმებით (მათ შორის 333-ე მუხლით), რათა გამოირიცხოს ხანდაზმულობისა და განრიდების გამოყენებით ფაქტობრივი დაუსჯელობა;
  • უზრუნველყოს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ ხელმძღვანელ და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის ჯეროვანი შესწავლა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც მასშტაბური და სისტემური ხასიათის ძალადობა ვერ განხორციელდებოდა შესაბამისი დონის ინფორმირების, თანხმობის ან უშუალო მითითების გარეშე;
  • გააძლიეროს ძალადობის მსხვერპლების დაცვის პოლიტიკა და დაიცვას ისინი შესაძლო ანგარიშსწორების, განმეორებითი დევნის, ახალი ბრალდებების წარდგენისა თუ მტკიცებულებების გაყალბების რისკებისგან, ასევე უზრუნველყოს მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა;
  • გაატაროს სისტემური ცვლილებები პოლიციის სისტემაში ძალადობრივი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, მათ შორის გაზარდოს ანგარიშვალდებულების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ტექნიკური წინაპირობები;
  • შემოიღოს სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომლისთვის (და არა მხოლოდ პატრულ ინსპექტორებისთვის) სავალდებულო ვიდეო/აუდიო ფიქსაციის ვალდებულება მოქალაქესთან ურთიერთობისას, დაკავებულის სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას და გამოკითხვის პროცესში; დაადგინოს ჩანაწერების შენახვის მინიმალური ვადები და უზრუნველყოს ტექნიკური და ინსტიტუციური გარანტიები მათი დაკარგვის, განადგურების ან არასათანადო გამოყენების წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოს საჯარო უწყებაში დაწინაურებისა და გავლენიანი პოზიციების დაკავების გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროცედურები, ასევე შექმნას/გააძლიეროს დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგისა და რისკების მართვის მექანიზმები, რომლებიც ეფექტიანად შეამცირებს ნეპოტიზმისა და არაფორმალური კავშირების უარყოფით გავლენას შიდა ანგარიშვალდებულებაზე;
  • პოლიციის სისტემაში კადრების შერჩევის და გადამზადების სისტემა დააფუძნოს პატიოსნების, კანონიერების და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე და გაზარდოს ნდობაზე დაფუძნებული მიდგომები სისტემის შიგნით;
  • აღადგინოს პროკურატურისგან ინსტიტუციურად, ფუნქციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, რომელსაც ექნება საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და რომლის საქმიანობაც არ იქნება დამოკიდებული პროკურატურასთან ყოველდღიურ ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე;
  • შეასრულოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ციცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები არასათანადო მოპყრობის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის თაობაზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პუბლიკა: მეგობრის თქმით, ალან ყაყიტაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლამსჯავრდებულები კი უდანაშაულოები არიანhttps://publika.ge/megobris-tqmit-alan-yayitashvili-policiashi-cemam-imskhverpla-msjavrdebulebi-ki-udanashauloebi-arian/

[2] ტვ პირველი : ექსკლუზივი - 25 წლის კაცი სისტემას ამხელს: პოლიციაში ცემით მაღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/131840-eqskluzivi-25-tslis-katsi-sistemas-amkhels-politsiashi-tsemit-magiarebines-danashauli?fbclid=IwY2xjawTInJRleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeJEZGdJ2cZDCKMIA2l5fP04mjaWCpttjbZw0pI-PzXYDwsn2gpyw5IGbrMps_aem_DLNIjx0zsvR-hBytTFcn7A

[3] რადიო თავისუფლება: პოლიციის ძალადობის კადრების გამავრცელებელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო  https://www.radiotavisupleba.ge/a/33805929.html

[4]  სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა უკონტროლო საპოლიციო თვითნებობის მორიგი გამოვლინებააhttps://socialjustice.org.ge/ka/products/papuna-lotsulashvilis-mimart-chadenili-jgufuri-dzaladoba-ukontrolo-sapolitsio-tvitnebobis-morigi-gamovlinebaa?fbclid=IwY2xjawTImvlleHRuA2FlbQIxMABicmlkETFnTDJsVmVqUmF1TFVUYXd6c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvWv6Ed5rmuiZPS7g79hxiPMPzw_DRKxXOt3vyMWU253nxleKt6frkaCaePu_aem_WrzrmKDp9FgBvgAHuWulpw

[5] რადიო თავისუფლება:  დააკავეს პოლიციელი, რომელმაც მსჯავრდადებულის არასრულწლოვან შვილსგადამოწმებისასაგინა

 https://www.radiotavisupleba.ge/a/პოლიციელმა-16-წლის-ბიჭს-აგინა/33676832.html

[6] რადიო თავისუფლება: ოჯახში და ქალებზე იმაზე მეტი პოლიციელი ძალადობს, ვიდრე ვიცით“ - რას ამბობენ უფლებადამცველები https://www.radiotavisupleba.ge/a/32601551.html

[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობა უკონტროლო საპოლიციო თვითნებობის მორიგი გამოვლინებააhttps://socialjustice.org.ge/ka/products/papuna-lotsulashvilis-mimart-chadenili-jgufuri-dzaladoba-ukontrolo-sapolitsio-tvitnebobis-morigi-gamovlinebaa?fbclid=IwY2xjawTImvlleHRuA2FlbQIxMABicmlkETFnTDJsVmVqUmF1TFVUYXd6c3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvWv6Ed5rmuiZPS7g79hxiPMPzw_DRKxXOt3vyMWU253nxleKt6frkaCaePu_aem_WrzrmKDp9FgBvgAHuWulpw

[8] სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf

[9] მაგალითად, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 % მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ; 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე - 20.8%; 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე - 51.1%; 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში - 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.(იქვე)

[10] ე.წ. ლეონიძის ქუჩის საქმე და პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილზე მთავრობის კანცელარიასთან ძალადობის საქმე.

[11] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:”"დაშლილი, მიტაცებული, გაუქმებული": საქართველოს დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების ბედი ავტოკრატიზაციის პირობებში” https://socialjustice.org.ge/ka/products/dashlili-mitatsebuli-gaukmebuli-sakartvelos-damoukidebeli-sazedamkhedvelo-institutebis-bedi-avtokratizatsiis-pirobebshi

[12] მაგალითად მიმდინარე დღეებში ალექსანდრე გოგუჭურზე სავარაუდო ძალადობის ფატზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას რეზი ჯინჭარაძე იკავებდა, რომელიც გასულ წელს, საპროტესტო აქციებზე აქტივისტებმა სამოქალაქო მაისურით შენიშნეს, აქციის მონაწილეთა თქმით,  ის დაკავებების პროცესში ქალბატონებზე ძალადობდა.  ის საბა სხვიტარიძის საქმეზე  სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემაში მხილებული პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმაა. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის უახლოესი ნათესავები არიან.

არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე, გირაოს საფუძველზე გათავისუფელებული გლდანი-ნაძალადევის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლუკა ხურცილავას ძმაც   ასევე სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ძმა ერთ-ერთი იმ პირთაგანია, ვინც 2024-25 წლის ნოემებრ-დეკემბრის აქციაზე დაკავებული დემონტრანტების წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა.

[13] მაგალითად, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს  ყოფილ უფროსს, მირიან ქავთარაძეზე სავარაუდო თავდასხმის გამო, საბა სხვიტარიძეს 2 წლით თ.ა მიესაჯა. მოგვიანებით მირიან ქავთარაძე შინაგან საქმეთა სისიტემაში დააწინაურეს. (წყარო:პუბლიკა https://publika.ge/saba-skhvitaridzes-2-wlit-tavisuflebis-aghkveta-miesaja/)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“