[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

ვეხმიანებით გავრცელებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის, ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტები. განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს პოლიციის მხრიდან ძალის აშკარა გადამეტების ერთეულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე.

დღეს გავრცელებულ კადრებში საზოგადოებამ იხილა სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა, რომლის წინაშეც მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე ადამიანი დაუცველი და ღირსებაშელახული იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩაგვრის და საგულდაგულო დასჯის პრაქტიკას ეწევა.

ჩვენთვის ნათელია, რომ ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები. უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში. საკმარისია სულ ერთი თვის წინ, ბათუმში, ჟურნალისტების გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის გახსენებაც, სადაც ისინი მიუთითებდნენ პოლიციის განყოფილებაში მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე.

ეს შემთხვევები აჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს. საზოგადოებაში, მართალია ფრაგმენტულად, თუმცა დროდადრო მაინც ვრცელდება ინფორმაციები სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამგვარი პრაქტიკა უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია. სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნა სამართალდამცავი უწყებების მოქმედების ფორმები. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან ძალადობის პრევენცია დღემდე ვერ გახდა პოლიტიკური კლასის მხრიდან არსებითი ცვლილების საგანი. სისტემაში კვლავაც მძიმედ იგრძნობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ პოლიციის მგრძნობელობისა და ადამიანებზე ზრუნვის იდეის დეფიციტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს:

  • დროულად და ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;
  • მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის წესრიგში დააყენოს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და შექმნას სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები;

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია, უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის კუთხით მიღებულ ზომებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“