[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმის პოლიციაში გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მიმართ ძალადობის ფაქტებს ეხმიანება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კრიტიკულად აფასებს ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლების მიერ ჟურნალისტებზე, გიორგი არობელიძესა და რატი რატიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული ინცინდენტი.

გიორგი არობელიძე და რატი რატიანი პოლიციამ 17 დეკემბერს, ღამის საათებში დააკავა. დაკავებულები ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ისინი შეესწრნენ სხვა მოქალაქეზე სამართალდამცავების ჯგუფური ძალადობის და ცემის ფაქტს, რისი გაპროტესტების შემდეგაც, პოლიციელებმა მათზეც იძალადეს ფიზიკურად. აღსანიშნავია, რომ წარსულში მოქალაეებზე სამართალდამცავების ძალადობის არაერთი შემთხვევა უკავშირდება სწორედ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებას. მის თანამშრომლებს ცემასა თუ ძალის გადამეტებაში, სხვადასხვა დროს ადანაშაულებდნენ ქვიარ- აქტივისტები, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის მებრძოლი ადამიანები თუ სხვა მოქალაქეები.

ძალადობის ამ ფაქტებზე რამდენიმეწლიანი გამოძიების მიუხედავად, კვლავაც არ აქვს საზოგადოებას პასუხები და ამ დრომდე უცნობია, დაისაჯნენ თუ არა კონკრეტული პოლიციელები უკანონო მოქმედებებისთვის. მსგავსი ფატების გამოუძიებლობა კი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამართალდამცავ სისტემაში დაუსჯელობის სინდრომს და ქმნის საპოლიციო თვითნებობის რისკებს. ბათუმის პოლიციის ინცინდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანბაში.

როგორც არობელიძე და რატიანი განმარტავენ, მათ დაკავებას წინ უძღვოდა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბართან მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც ისინი მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდნენ. სამართალდამცავების ადგილზე მისვლისას, დაპირისპირება უკვე განმუხტული იყო, თუმცა პოლიციამ ვითარების ადეკვატური შესწავლის ან განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავა კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე. პოლიციის აღნიშული ქმედება ადგილზე გააპროტესტეს რატიანმა და არობელიძემ, რასაც ამ უკანასკნელის დაკავება მოჰყვა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი გიორგი არობელიძე შეესწრო, თუ როგორ სცემდა დაახლოებით 6 სამართალდამცავი ინცინდენტში მონაწილე ნასვამ პირს, რომელსაც არაერთი ფიზიკური დაზიანება მიადგა ძალადობის შედეგად. აღნიშნული არობელიძემ სიტყვიერად გააპროტესტა და პოლიციელებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამაზე პასუხად, სამართალდამცავებმა მასზეც იძალადეს ფიზიკურად და თავის არეში გაგრძობიტად მიაყენეს დარტყმები, თუმცა როგოც თავად განმარტავს, ცემის შედეგად სერიოზული ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. ინცინდენტის შემსწრე სხვა პირები ამ დროს პოლიციის განყოფილების გარეთ იმყოფებოდნენ. ვინაიდან შენობიდან გამოდიოდა სიტყვიერი დაპირისპირების ხმები, გარეთ მყოფები ითხოვდნენ პოლიციის განყოფილებაში შეშვებას და დაკავებულების მონახულებას. სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ რატი რატიანი და როგორც თავად განმარტავს, განყოფილებაში შეყვანის შემდეგ, სამართლდამცავებმა მის მიმართაც იძალადეს ფიზიკურად.

გიორგი არობელიძე და რატი რატიანი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის (ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) ბრალდებით დააკავა. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო პროცესი 24 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

იმ პირობებში, როცა საპოლიციო თვითნებობა და ძალის გადამეტება კვლავაც რჩება მწვავე გამოწვევად ადამიანის უფლებებისთვის, კრიტიკულად აუცილებელია:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მომხდარ ფაქტზე დაწყებული გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაააქტიუროს შიდა-უწყებრივი კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის დისციპლინირების სისტემა, რათა სამომავლოდ მინიმალიზებული იყოს ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის რისკები;
  • აგრეთვე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის საკითხი. მათ შორის, გაძლიერდეს საპოლიციო საქმიანობაზე შიდა და გარე ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი შეიძლება იყოს საპოლიციო შენობების სათვალთვალო კამერებით აღჭურვა, რომლებიც სავალდებულო წესით აღბეჭდავენ დაკავებული პირების მდგომარეობას პოლიციის შენობებში;
  • აუცილებელია, გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას დაცული იყოს მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მნიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადო სტანდარტით შეაფასოს სამართალდამცავების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება დაამყაროს ობიექტურ, ნეიტრალურ მტკიცებულებებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად უჭერს მხარს გიორგი არობელიძეს და რატი რატიანს და წარმოადგენს მათ სამართლებრივ ინტერესს როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“