[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ქართველი დიპლომატის ინტერესების დაცვას სასამართლოში აგრძელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო კვლავ მიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

ალექსანდრე გოგოლაძე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობდა, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის პოზიციას იკავებდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ პირველი დისციპლინური წარმოება ჯერ კიდევ 2024 წლის 1-ელ მაისს დაიწყო, როდესაც მან სოციალურ ქსელში, “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გამოეხმაურა ქვეყანაში ე.წ. “აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და მიუთითა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებდა, გმობდა ე.წ. “აგენტების კანონს" და ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეების მიმართ. მისი ეს პოსტი საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.

პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოება დაიწყო და მინისტრის გადაწყვეტილებით, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა და საყვედური გამოეცხადა.  მინისტრის ეს გადაწყვეტილება ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლოში გაასაჩივრა. [1]

ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ და “ფეისბუკის” პირად გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ ფორმალური საფუძვლით დაწყებული დაუსაბუთებელი დისციპლინური წარმოება 2024 წლის 31 დეკემბერს მისი გათავისუფლებით დასრულდა.

საქმის გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე გოგოლაძის გათავისუფლება მისი მხრიდან მოქმედი მმართველი პარტიის და სამინისტროს პოლიტიკის ღია კრიტიკას უკავშირდება, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულების გამო.

ალექსანდრე გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფონია სისტემური რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და საჯარო სამსახურის მასობრივი წმენდა განსხვავებული მოსაზრებების გამო. კრიტიკული საჯარო მოხელეების საჯარო სექტორიდან წმენდის და სახელმწიფო დაწესებულებებზე სრული ვერტიკალური პარტიული კონტროლის დამყარების მიზნით, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად აუქმებს საჯარო მოხელეების უკანონო გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპს. საკანონმდებლო ცვლილებების და სხვა უკანონო საფუძვლებით, უკვე გათავისუფლდა ათობით საჯარო მოხელე; სხვა უწყებებში კი დაანონსებული ან დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები არც მალავენ, რომ იგეგმება კიდევ უფრო მეტი საჯარო მოხელის გათავისუფლება. უფრო მეტიც, 1-ელი აპრილიდან იგეგმება საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება, რაც კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმაა ქართული საჯარო სამსახურისთვის.

ალექსანდრე გოგოლაძის უფლებების დაცვის მიზნით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გასაჩივრების შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კიდევ ერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა   ბათილად იქნეს ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, დადგინდეს მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი და აღდგენილ იქნას დაკავებულ თანამდებობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ვრცლად იხილეთ.  სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს დიპლომატს, რომელიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოვიდა

https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-itsavs-diplomats-romelits-rusuli-kanonis-tsinaaghmdeg-gamovida

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“