[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს დიპლომატს, რომელიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოვიდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ითხოვს მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებს.

ალექსანდრე გოგოლაძე 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად არის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ დატოვა სომხეთი და საქართველოში გამოემგზავრა. ამავე დღეს, მან სოციალურ ქსელ "Facebook"-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გამოეხმაურა ქვეყანაში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და მიუთითა, რომ მისთვის მიუღებელი არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა, გმობდა ე.წ. "რუსულ კანონს" და ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეების მიმართ. მისი ეს პოსტი საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.

პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ მასთან შეთანხმებით დატოვა სომხეთის ტერიტორია, მან დაარღვია შვებულების მოთხოვნის წესი, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით არ წარადგინა შესაბამისი განცხადება და დატოვა ადგილსამყოფელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ წარმოების პროცესში სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუთითა, რომ 2024 წლის 1 მაისს მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოში არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და მხოლოდ ამიტომ ვერ შეძლო განცხადების წარდგენა, მინისტრის გადაწყვეტილებით, მას მაინც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა საყვედური, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის მძიმე და არათანაზომიერ სახდელს წარმოადგენს. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ კი ალექსანდრე გოგოლაძე ყოველგვარი დავალების გარეშე საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით გამოიძახეს საქართველოში. დისციპლინური წარმოების პერიოდში, რომელიც გაგრძელდა 3 თვე, ალექსანდრე გოგოლაძე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურება. ამავდროულად, არ მომხდარა მისი სამშობლოში ოფიციალური გამოწვევა. მას ფაქტობრივად შეექმნა ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაუსაძლისი პირობები, რის გამოც იძულებული გახდა თავისი ფინანსური სახსრებით უკან დაბრუნებულიყო საქართველოში.

საქმის გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გოგოლაძეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციების მხარდამჭერების მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულების გამო. შესაბამისად, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ვითხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო საქმეს ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“