[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მარნეულის საკრებულოს, გამოიჩინოს მეტი გულისხმიერება მოქალაქეების საჭიროებების მიმართ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებს და მარნეულის საკრებულოს მოუწოდებს სათანადოდ გაიაზროს ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატი და როლი და შექმნას უსაფრთხო და დემოკრატიული გარემო მოქალაქეების მონაწილეობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საკუთარი განცხადებები და პოზიციები კი საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანების რეალურ საჭიროებებს დაუახლოოს. 

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვისას პლატფორმა სალამის წარმომადგენლის მიერ დაისვა კითხვა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ეთნიკური უმცირესობების ენაზე  თარგმანის რესურსების შექმნას უკავშირდებოდა. აღნიშნულ კითხვაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ, განაცხადა, რომ კონსტიტუციით არის გაწერილი, რომ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქე ადგილობრივ თვითმმართველობას აზერბაიჯანულ ენაზე მიმართავს განცხადებით, თვითმმართველობა მას დაარეგისტრირებს და განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას განცხადების ნოტარიული თარგმანის წარდგენისთვის. იმ შემთხვევაში კი თუ დადგენილ ვადაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა არ მოხდება, განცხადება განუხილველი დარჩება. აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ აშკარა უხეში ტონით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს კითხვა პროვოკაციული უფრო იყო. მისი თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააკეთა მისაღები, სადაც მუშაობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს ფლობენ და მოქალაქეებს სერვისის მიღების პროცესში პრობლემა არ ექმნებათ. პერიოდულად კი თვითმმართველობის მიერ ითარგმნება სოციალურ ქსელებში განთავსებული პრეს-რელიზები და განცხადებები. თუმცა ამის მიუხედავად მან განაცხადა, რომ უმცირესობების ენის გამოყენება პრობლემაა, რადგან ის სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის (დებისთვის და ძმებისთვის) ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი მშობლიური ენის გამოყენებას დაუშვებს, მაშინ ეთნიკურ რუსებსაც შეუძლიათ რუსულ ენაზე სერვისის მიღების მოთხოვნა. აღნიშნულ განხილვას შეხვედრის დასრულების შემდეგ სამწუხაროდ ასევე მოჰყვა დაძაბულობა.[1]  

მიგვაჩნია, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ტონი და მანიპულაციური მიდგომები რომელიც მან გამოიყენა, არ ქმნის უსაფრთხო გარემოს სამოქალაქო აქტივისტებისთვის და წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ იმ ნეგატიური და მტრული მიდგომების გაგრძელებას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩანს მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ეს კონტექსტი დეტალურად არის აღწერილი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოზე პირველად ანგარიშში და მისი მხრიდან შეშფოთების საგანიც გახდება. სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და კოოპერაციისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ევროკავშირიც მის არა ერთ ანგარიშში. აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ უსაფრთხო და თანამშრომლობითი კლიმატის შექმნა ორმაგად მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ახლა ძლიერდება და ტრავმატულ გამოცდილებებს შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს თემის ლიდერებისა და ახალგაზრდების გამოხატვასა და თვითორგანიზებაზე.     

აქვე უნდა ხაზი გაესვას იმას, რომ თარგმანის რესურსების შექმნის შესახებ მოწოდებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და ეთნიკური უმცირესობებისთვის გამრიყავ და უთანასწორო გარემოს ქმნის. კერძოდ, სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მეთერთმეტე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, „იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.“ ამასთან ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მიხედვით, რომელსაც საქართველო 2006 წელს შეუერთდა, იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილი პირები, თუკი ეს პირები მოითხოვენ და სადაც ეს მოთხოვნა პასუხობს რეალურ საჭიროებას, მხარეები ეცდებიან შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან უმცირესობის ენის გამოყენებას ამ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობებში.“  ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უმცირესობების ენების გამოყენების დისკრეცია სრულად ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებზე იყოს დელეგირებული, ვინაიდან, სახელმწიფოს ვალდებულებაა, წერილობით განსაზღვროს განჭვრეტადი პროცედურა იმისა, თუ რა შემთხვევაში იქნება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უმცირესობათა ენების გამოყენება მიზანშეწონილი. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ 1998 წელს შემუშავებული ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებების შესახებაც, რომლის მე-14 პუნქტის მიხედვითაც: ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას, ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ენით სარგებლობის ადეკვატური შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ადგილებში, სადაც აღნიშნულის შესახებ ადგილობრივებმა სურვილი გამოთქვეს და სადაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სახლობს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, როცა კი ეს შესაძლებელია, უნდა უზრუნველყონ საზოგადოებრივი მომსახურება ეროვნული უმცირესობის ენაზეც, რისთვისაც მათ უნდა განავითარონ კადრების შერჩევისა და მომზადება-გადამზადების შესაბამისი პოლიტიკა და პროგრამები.“ ეუთოს ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულმა პირებმა სახელმწიფო უწყებებთან თავიანთ ენაზე დაამყარონ კომუნიკაცია, ლინგვისტური უფლების ერთ-ერთი არსებითი გამოხატულებაა. ამდენად, ის რასაც მარნეულის მუნიციპალიტეტი როგორც ერთმნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, არ შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას და მოთხოვნებს

აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკა უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების შექმნის კუთხით ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს  უმცირესობების ენაზე ბიულეტენებისა და სხვა საარჩევნო მასალების თარგმნას. დმანისის მუნიციპალიტეტმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდში ჩააშენა აზერბაიჯანული ენა და აქტიურად იყენებს თარგმანის პრაქტიკას. სომხურ ენას ადმინისტრაციულ წარმოებაში თარგმანის სტატუსით პრაქტიკულად იყენებს ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობებიც. იგეგმება სოციალური ზრუნვის სააგენტოს მიერ საკუთარი ოფიციალური გვერდის და შესაბამისი მასალების თარგმნა უმცირესობების ენაზე. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთგვაროვანი მიდგომა ეთნიკური უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე თარგმანის სერვისების შექმნის, რაც ცხადია, რომ უთანასწორო მოდგომებს ქმნის სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.  აშკარაა, რომ თავად მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიც არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, თვითმმართველობის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკუთარ მოქალაქეებს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანების წარდგენას სთხოვს და თუ არ წარმოადგენენ ამგვარ დოკუმენტებს ისინი წარმოებას წყვეტენ, საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს პრობლემები მათთან კომუნიკაციაში არ ექმნებათ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში მოსახლეობის 92% არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენს. 2021 წლის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 60%-ზე მეტმა არ იცის სახელმწიფო ენა, ხოლო 83%-ს არ შეუძლია ქართულ ენაზე ტექსტის წერა-კითხვა. ცხადია, რომ ეს რეალობა პირველ რიგში განათლებულის სისტემაში არსებული გამოწვევებით უნდა აიხსნას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არ უზრუნველყოფს ქართული ენისა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 70%-ზე მეტს პირადი თუ საჯარო პრობლემის მოგვარებისთვის არასდროს მიუმართავს თვითმმართველობისთვის. ჩვენი შეფასებით, მიმართვიანობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ენის არსებული  პოლიტიკაა, რომელიც სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს სერვისების მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობისთვისაც კი არ სთავაზობს მათთვის გასაგებ ენაზე თარგმანის რესურსებს და სწორედ ამ მიდგომით მათ მნიშვნელოვანი პროცესების, სერვისებისა და მხარდაჭერის გარეთ ტოვებს.[2]

ენის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების (CoE, OSCE) განმარტებები აჩვენებს, სახელმწიფოებმა უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების გამოყენების საკითხი „რეალური საჭიროებას“ უნდა დააფუძნოს, რომელიც ყველა ხელშემკვრელი მხარის მიერ ინდივიდუალურად, ყველა მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოების გათვალისწინებით უნდა იქნას განმარტებული. საქართველოში არსებული რეალობა: ეთნიკური უმცირესობების მხრიდან სახელმწიფო ენის არცოდნის მასშტაბი და მისი გამომწვევი სისტემური მიზეზები, რომელიც არსებითად განათლების სისტემის ისტორიას, მისი განვითარების ტრაექტორიას და არსებულს სერიოზულ გამოწვევებს უკავშირდება, - სახელმწიფოს მხრიდან მისი მოქალაქეების სოციალური და უფლებრივი ინტერესების დაცვის პრიორიტეტიზაციას და მათი საჭიროებების მიმართ ნამდვილი მგრძნობელობის ჩვენებას ითხოვს.    

თარგმანის სერვისების შექმნას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკვე დიდი ხანია ითხოვს სახელმწიფოსგან და ამ მიზნით სასამართლოშიც აწარმოებს დავას, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

  • მარნეულის თვითმმართველობის ორგანოებს

მოქალაქეებთან, თემის ლიდერებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან კომუნიკაცია დააფუძნოს უსაფრთხო და თანამშრომლობით კლიმატს და გაიაზროს საკუთარი, როგორც პირველადი რგოლის დემოკრატიის როლი და მანდატი;

მოსახლეობის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დანერგოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმანის რესურსები, რომელიც მოქალაქეებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეუზღუდავი კომუნიკაციისა და შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს.    

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს 

განსაზღვროს ერთგვაროვანი და განჭვრეტადი რეკომენდაცია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სერვისების მიმწოდებელი სხვა უწყებებისთვის უმცირესობების ენებზე თარგმანის სერვისების შექმნის შესახებ და ამ მიმართულებით საჭირო სამუშაოები და მიდგომები ასახოს ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის შესახებ სამოქმედო გეგმის დოკუმენტშიც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“