საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა, წლებია, უკიდურესად ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს მთელი რიგი ჯგუფების მოცვასა და მათ რეალურ გაძლიერებას, სიღარიბის აღმოფხვრასა და თავიდან არიდებას. სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები უცვლელი რჩება და მთავრობის დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს.
სოციალური დაცვის სისტემის ჩავარდნები ყველაზე მწვავედ ერთი ან რამდენიმე მოწყვლადობის მქონე პირებზე აისახება. ისინი სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი უგულებელყოფის პირობებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად უწევთ ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა, სერვისებზე გეოგრაფიული, ფინანსური, ფიზიკური წვდომა, მომსახურებების ხარისხი, სერვისების არასაკმარისობა, მომსახურებების დაგეგმვისა და განხორციელებისას ცალკეული ჯგუფების საჭიროებების უგულებელყოფა და სხვ.
შშმ პირების სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა და შესაბამის სერვისებზე მათი წვდომა მწვავე პრობლემად იკვეთება როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.[1] მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სახელმწიფო მიმართავს სოციალური პოლიტიკის ღონისძიებებს, რომლებიც ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბების ან/და განვითარებისკენ არის მიმართული და რომელთა მიზანია იმ უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც შშმ პირებსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის არსებობს.[2]
მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მოწყვლადობის დამატებითი ნიშნების გარეშეც სოციალურ იერარქიაში აუთსაიდერებად - საზოგადოებისაგან ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უგულებელყოფილ ჯგუფად, რჩებიან.[3] დისკრიმინაციული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის გამო, მათ ხშირად არ მიუწვდებათ ხელი მათთვის უმნიშვნელოვანეს სერვისებსა და მომსახურებებზე, მოკლებულნი არიან მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სრულად და დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობას და განსაკუთრებით მოწყვლადნი ხდებიან სიღარიბის მიმართ.[4] თუმცა, არსებითია, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების უზრუნველყოფის დისკურსი გასცდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და მოიცვას ეფექტიანი პოლიტიკური და ინსტიტუციური მექანიზმები, მათ შორის, პოზიტიური ღონისძიებები, ორმაგი ან მრავალი მოწყვლადობის მქონე პირების დაცვისაკენ მიმართული ზომები, ასევე, ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო და მონაწილეობითი მექანიზმები და პროცესები.[5]
სოციალური პოლიტიკის ჩავარდნები კიდევ უფრო მწვავედ აისახება ორმაგი ან მრავალი მოწყვლადობის მქონე შშმ პირებზე, მათ შორის არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირებიც.[6] მათ წინაშე სერვისებზე წვდომის პრობლემები კიდევ უფრო ცხადი ხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებით, რომელსაც მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ნაკლები ბმა აქვს მოსახლეობასთან და მათი საჭიროებების შესახებ ცოდნის დონეც შედარებით დაბალია.
ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, მოცემული კვლევის მიზანია, გამოავლინოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები დგანან ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არსებული სოციალური დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ მექანიზმებზე წვდომის ნაწილში და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები. ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებისა და არსებული ჩავარდნების ეფექტიანად გამოსავლენად, კვლევის არეალი დავიწროვდა და ფოკუსირება ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ შშმ პირებზე მოხდა. მიუხედავად ამისა, არსებული პრობლემები, მათი სისტემური და კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებითაც აქტუალურია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები როგორც შშმ თემის, ისე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსა და მათ უფლებებზე მომუშავე სუბიექტებს მისცემს ადვოკატირების კიდევ ერთი მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას. ამასთანავე, გამოვლენილი პრობლემების შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ღონისძიებები უმოკლეს ვადებში მათ აღმოსაფხვრელად.
[1] Report of the independent expert on the question of human rights and extreme poverty, A/63/274, 2008, პარა. 40.
[2] იხ. მაგალითად, Report of the Special Rapporteur on the rights of persons with disabilities, A/70/297, 2015.
[3] Report of the independent expert on the question of human rights and extreme poverty, Arjun Sengupta, E/CN.4/2005/49, 2005, პარ. 14; Report of the independent expert on the question of human rights and extreme poverty, Arjun Sengupta, A/HRC/7/15, 2008, პარა. 28.
[4] Report of the independent expert on the question of human rights and extreme poverty, A/63/274, 2008, პარა. 20, 31; OHCHR, Guiding Principles on Extreme Poverty and Human Rights, 2012, გვ. 3.
[5] Report of the Independent Expert on Minority Issues, A/67/293, 2012, პარა. 14.
[6] Report of the independent expert on minority issues, Gay McDougall, A/HRC/13/23, 2010, პარა. 56.
ინსტრუქცია