[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას სოციალური მშვიდობა და რელიგიური თანასწორობა ადიგენში 

ფოტო: TOK TV

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადიგენში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი გეგმა, რომელიც ადგილზე სოციალურ მშვიდობას და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპებს დაიცავდა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას დროული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.

დღეს, 5 აპრილს დაბა ადიგენში ისევ დაძაბულობა იყო. ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი ისევ მივიდა კერძო სახლში მუსლიმების მიერ ორგანიზებულ სალოცავ სივრცესთან და მუქარისა და შეურაცხყოფის გზით, რელიგიურ ლიდერებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.

პოლიციამ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დაბა ადიგენში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა მუსლიმ მრევლს, რომელიც მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მეზობელი სოფლებიდან სოლიდარობის გამოსახატად სალოცავის შენობასთან მისვლას ცდილობდა.

დღეს სიტუაციის დაძაბულობის მიზეზი სალოცავად გამოყენებული შენობის ირგვლივ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება გახდა, რადგან მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირობები უსამართლო იყო. უფრო ზუსტად, 2024 წლის 3 აპრილს ქალაქ ახალციხეში ადიგენელ მუსლიმებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. შეხვედრაზე განიხილეს დაბა ადიგენში მდებარე შენობის სანაცვლოდ, მუსლიმებისთვის სოფელ იჯარეთში ახალი შენობის გადაცემის საკითხი, სადაც მუსლიმებს ლოცვისთვის უსაფრთხო და თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა უნდა შექმნოდათ. თუმცა, საბოლოოდ, მუსლიმ თემს განუცხადეს რომ არსებული შენობის ნაცვლად მხოლოდ თანხას გადასცემდენენ და ამ თანხით თავად შეეძინათ სხვა შენობა. აღნიშნულ პირობას თემი არ დათანხმდა, რადგან ეს პირობა არ შეესაბამებოდა მანამდე სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ გაცემულ დაპირებებს და შესაძლოა, მომავალში ახალი შენობის მუნიციპალიტეტში შეძენა შეუძლებელიც კი გამხდარიყო მუსლიმი თემისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მუსლიმი თემი აგრძელებდა ლოცვას სადავოდ გამხდარ შენობაში და მათ შორის, დღეს ისინი კვლავ შეიკრიბნენ.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება თემისგან ითხოვდა ადიგენში მდებარე შენობა გამოეყენებინათ საცხოვრებლად, ხოლო ლოცვის მიზნებისთვის ხელისუფლება მათ ადიგენიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ იჯარეთში სხვა ალტერნატიულ შენობას გადასცემდა. აღნიშნულ პირობას მოლაპარაკებებში ჩართული მუსლიმი რელიგიური ლიდერები დათანხმდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული დაპირება ხელისუფლებამ არ შეასრულა.

7 თვის შემდეგ, შექმნილი კონფლიქტის მოუგვარებლობის შედეგად, 2024 წლის 8 მარტს მძიმე მოვლენები განვითარდა, როცა ადგილობრივი მართლამდიდებელი სასულიერო პირები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი ისევ მივიდა სადავოდ გამხდარ სალოცავში და ძალადობრივი მუქარითა და შეურაცხყოფით მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა.

ამ ფონზე შენობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა ბოლო 3 კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე შეცვალა პირობები და საბოლოოდ, მათ მიერ წარდგენილი უსამართლო პირობების გამო, მოლაპარაკებები ჩაიშალა. ადგილობრივი ხელისუფლება მუსლიმ თემს ხან ადიგენში მდებარე შენობაზე საკუთრების უფლების დათმობას და სოფელ იჯარეთში ახალი შენობის 49 წლიანი იჯარით გადასცემას პირდებოდნენ, ხან იჯარეთში შესაძენი შენობის მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებად რეგისტრაციას და შემდგომ იჯარის გზით გამოყენებას სთხოვდნენ. ხან კი უთითებდნენ, რომ იჯარეთში შენობის შესაძენად თანხას მუსლიმთა სამმართველოს ჩაურიცხავდნენ, ქონების შეძენის შემდგომ კი სამმართველო შენობას მათ საკუთრებად გადასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული რელიგიური ლიდერები ამ უკანასკნელ პირობასაც დათანხმდა, 3 აპრილს, შეხვედრის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კვლავ შეცვალეს პირობა და მოითხოვეს, რომ თემს დაეთმო ადიგენში არსებული შენობა, სანაცვლოდ გადასცემდნენ თანხას და თავად შეეძინათ შენობა. მუსლიმი თემისთვის ეს პირობა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები საკმაოდ პრობლემური და თემისთვის მიუღებელი იყო, რადგან სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებში ჩართულ რელიგიურ ორგანიზაციას მხარედ არ აღიარებდნენ და მხოლოდ სამუფტო სამმართველოს გზით ფიქრობდნენ ქონების თუ თანხის გადაცემას. მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკაში ხშირად არ იყო დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპიც. განსაკუთრებით პრობლემური იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის მიერ გაკეთებული საჯარო გაცხადებები, რომ შენობის მფლობელი რელიგიური ლიდერები სხვა მუსლიმურ განშტოებას მიეკუთვნებიან და მათთან სახელმწიფო სამართლებრივ ურთიერთობებში ვერ შევა, კონკრეტული ჯგუფების სტიგმატიზების და რელიგიური თანასწორობის პრინციპის დარღვევის აშკარა მაგალითია.

აშკარაა, რომ სახელმწიფომ 2023 წლის ივლისის შემდეგ ვერ შეძლო ადგილზე შექმნილი კონფლიქტის რეგულირება და საკითხის იმგვარი მოგვარება, რომ ერთის მხრივ დაცული ყოფილიყო ადგილზე უსაფრთხოება და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება, მეორეს მხრივ, კი გრძელვადიანი პრევენცია მოეხდინა სიტუაციის ესკალაციის.

სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არც მომხდარ ინციდენტებზე გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ისეთი დანაშაულის ნიშნები, როგორიცაა რელიგიური წესის აღსრულების უკანონო ხელშეშლა (სსკ-ის 155-ე მუხლი) და დევნა (სსკ-ის 156-ე მუხლი). მერაბ მიქელაძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 12 მარტს მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა უწყებამ 3 კვირის შემდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დაბა ადიგენში მდებარე მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ სახლში ადიგენელი მუსლიმი მოსახლეობა ყოველკვირეულად ლოცვის მიზნით იკრიბება. თუმცა, მუსლიმი თემის კოლექტიური ლოცვის ეს პრაქტიკა მიუღებელია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და მრევლისთვის, რასაც ჯერ კიდევ 2023 წლის 31 ივლისს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მაშინ, მუსლიმები კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასარიდებლად, დათანხმდნენ ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებას, რომ დაბა ადიგენში ლოცვის შეწყვეტის სანაცვლოდ, სოფელ იჯარეთში ლოცვის მიზნებისთვის შენობა გადაეცემოდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადიგენელი მუსლიმებისთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა, ხოლო 2024 წლის 8 მარტს, მათ მიერ დაბა ადიგენში ლოცვის განახლებას კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება და მართლმადიდებელი სასულიერო პირების, მათ შორის, ზარზმის ეკლესიის მღვდლის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მუქარა მოჰყვა.

ბოლო წლებში დაბა ადიგენში მიმდინარე პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვერ პასუხობს ქართველი მუსლიმების თემის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც მათი უსაფრთხოების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის წუხილებს უკავშირდება. ამ ეპიზოდშიც სახელმწიფოს მხრიდან მომხდარზე არაეფექტიანი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება საფრთხის წინაშე აყენებს ადგილზე სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას და კონფლიქტის განმეორების რისკებს ქმნის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისა და თანასწორობის დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • მიიღოს ქმედითი ზომები ადგილზე კონფლიქტის დარეგულირებისთვის და თემთა შორისი ნდობის აღდგენისა და მშიდობიანი, უსაფრთხო და სამართლიანი თანაცხოვრების გარანტირებისთვის

ადგილობრივ ხელისუფლებას

  • საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები და მიიღოს ყველა ზომა თემთაშორისი ნდობის აღდგენისა და მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • უზრუნველყოს ადიგენელი მუსლიმების ლოცვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და არ დაუშვას ფიზიკური თავდასხმებისა და მუქარის განმეორება;
  • უზრუნველყოს მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების დაწყება და ამისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“