[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნა შემაშფოთებელ ფორმებს იღებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი ეხმიანებიან დაბა ადიგენში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური თანასწორობის, ასევე სოციალური მშვიდობის დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მიუახლოვდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობას და შენობის დატოვება მოითხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც პარასკევის ლოცვას (ჯუმას) აღავლენდა. ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე მიუახლოვდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლს და პოლიციის კორდონის მიუხედავად შიგნით შეჭრას ცდილობდა. ის ძალადობრივი მუქარით და შეურაცხოფელი ენით მიმართავდა მერაბ (იუსუფ) მიქელაძეს: “გამოეთრიე გარეთ შე [გინება]”, “გაგიხევ სახეს შე [გინება]”, “დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.” მღვდელი ასევე უთითებდა: “ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება” და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: “ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის,” “ქრისტიანების იქნება.” აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს მედია საშუალებების და კერძო პირების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალაც. პოლიციამ ადგილობრივ მედიას შენობასთან მიახლოვების და მომხდარის ახლოდან გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს.

ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის განცხადებით, აღნიშნული შენობა არ არის მეჩეთი, ის კანონის დარღვევით ფუნქციონირებს და ორშაბათიდან დაიკეტება. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით კი, ეს შენობა არ ეკუთვნის სამმართველოს და ამ ადგილას არც მეჩეთის გახსნაა დაგეგმილი.

მოგვიანებით მომხდარს კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია. საქართველოს საპატრიარქოს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისის თვის დასაწყისში დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები აღნიშნულ შენობასთან მივიდნენ და მუქარის ქვეშ მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც. მდგომარეობა პოლიციამ განმუხტა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების ფარგლებში, მუსლიმებს დაპირისპირებისა და კონფლიქტის თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ. კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას მანამ სანამ, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართს რელიგიური საქმიანობისთვის. თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა.

პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ კერძო პირების საკუთრებაში რელიგიური მიზნით ადამიანების შეკრება დაცულია კანონმდებლობითა და კონსტიტუციური უფლებებით. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აპელირება, რომ შენობაში ადამიანების შეკრება რელიგიური მიზნით უკანონოა, დაუსაბუთებელი და თვითნებურია. რელიგიური მიზნებისთვის კერძო საკუთრებაში ადამიანების შეკრება ამ ადგილს არ აქცევს მეჩეთად და საკითხის ასე დაყენება ასევე არასწორია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის განსხვავებულ წესს და რელიგიურ ნაგებობების მშენებლობაზე იგივე (ნეიტრალური) რეჟიმი ვრცელდება, რაც ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. კანონით არის დაცული, არაკომერციული ორგანიზაციების მიერ არაფორმალური განათლების პროგრამების გატარების შესაძლებლობაც. მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულია მხოლოდ 24-საათიანი ზრუნვის მქონე დაწესებულებების ლიცენზირების საკითხი. მოცემულ შენობაში კი მოსწავლეები მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ, სკოლის შემდეგ, ცოტა ხნით იკრიბებიან ხოლმე ყურანის გაკვეთილებისთვის. შესაბამისად, დაბა ადიგენში კერძო შენობის რელიგიური სწავლებისა და შეკრების მიზნით გამოყენება არც ერთ შემთხვევაში არ არის უკანონო და ამ კუთხით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება დაუსაბუთებელია.

აქვე უნდა განიმარტოს ისიც, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არ წარმოადგენს ერთადერთ მუსლიმურ ორგანიზაციას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ცდილობს მუსლიმი თემის რელიგიურ წარმომადგენლად მხოლოდ ეს ორგანიზაცია დაინახოს და ამ პროცესში ხშირად ერევა და აკონტროლებს კიდეც ამ ორგანიზაციას, რელიგიის თავისუფლების სტანდარტები, ისევე როგორც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის მოქმედი საკანონმდებლო წესი, ამ მიმართულებით შეზღუდვებს და იერარქიებს არ იცნობს. უფრო მეტიც, ისლამში რელიგიური ორგანიზაციების პლურალიზმის პრინციპი მოქმედებს და ის არ არის ცენტრალიზებულად და ვერტიკალურად ორგანიზებული სისტემა. მნიშვნელოვანია ეს კონტექსტი კარგად იყოს გააზრებული ამ საკითხებზე მსჯელობის დროს და სახელმწიფომ რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

აშკარაა, რომ იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კერძო საკუთრებაში შეჭრა და მუქარის ფაქტები, რომელსაც განგრძობადი ბუნება აქვს (ამგვარი შემთხვევები დაფიქსირდა 2023 წლის ზაფხულში, ასევე წინა პარასკევს) და ერთი და იგივე პირებისგან მომდინარეობს (მის ორგანიზატორია მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე), ერთდროულად რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მათ შორის, დევნის (სსსკ 156-ე მუხლი), რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის (სსსკ 155-ე მუხლი). მომხდარი ინციდენტები დროულ გამოძიებას და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს. სწორედ დაუსჯელობის კლიმატი წარმოშობს განგრძობადი ძალადობის ახალ ინციდენტებს, რომელიც არღვევს სოციალურ მშვიდობას და შეჭიდულობას ჩვენს საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. ქართველი მულსლიმი თემი უკვე 10 წელზე მეტია ფიზიკური, სოციალური და სიმბოლური ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოცდილებებს აწყდება. მაგალითად, 2013 წელს სოფელ ჭელაში სახელმწიფომ ადგილობრივი მეჩეთის მინარეთის უკანონო დემონტაჟი მოახდინა და ამ პროცესში ადგილობრივი მუსლიმი თემის უკმაყოფილება პოლიციამ მასობრივი ძალადობით და დაკავებებით უკანონოდ ჩაახშო; 2014 წელს სოფელ მოხეში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი და მაშინაც ადგილობრივი მუსლიმების სპონტანური პროტესტი პოლიციამ მასობრივი დაკავებებით და ძალადობის უკანონო გამოყენებით ჩაახშო (აღნიშნული აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ); 2017 წელს ასევე სოფელ მოხეში ისლამოფობიურ კამპანიებში ჩართული ადგილობრივი აქტივისტი ქალი ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა (მუსლიმი დირექტორის საეჭვო გათავისუფლების შემდეგ), მან მუსლიმ მოსწავლეს ჰიჯაბის მოხსნა უკანონოდ მოსთხოვა, რასაც ასევე მოჰყვა მუსლიმი თემის პროტესტი; მოხის ისტორიული მეჩეთის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრეობის საქმეზე შექმნილმა სახელმწიფომ კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო და 2017 წელს შენობას სადავო კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად ამ შენობით მუსლიმები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. შენობის განადგურებისგან დასაცავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები კი სუსტია. აღნიშნული გამოწვევების ფონზე სახელმწიფომ სოფელ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენებისთვის საჭირო რესურსები გადასცა; 2016 წელს სოფელ ადიგენში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს საფლავის ორგანიზების უფლება არ მისცა და მუსლიმი თემის მხრიდან ამ საკითხის დაყენებას, ადგილობრივი მართლმადიდებლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ძალადობის ამ ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია; 2018 წელს სოფელ ქვაბიჯვარში სახელმწიფომ საპატრიარქოს თვითნებურად გადასცა სოფელში მდებარე 8 ჰა მიწა და ადგილობრივი მუსლიმი გლეხები, ვინც წლები სარგებლობდნენ აღნიშნული მიწებით, სასიცოცხლო რესურსის გარეშე დატოვა (გადაწყვეტილების უკანონობა ნაწილობრივ აღიარებულია ადგილობრივი სასამართლოების მიერაც).

არც ერთ აღნიშნულ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია. ზემოთ აღნიშნული შემთხვევებიდან უმრავლესობაში კანონდამრღვევი პირები პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. ცხადია, რომ დაუსჯელობის ეს გარემო, ახალისებს ძალადობის ახალ ინციდენტებს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში.

ყველა ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდში პრობლემური იყო ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციები და რიტორიკა, რომლებიც არ იცავდნენ რელიგიური ნეიტრალიტეტის და თანასწორობის პრინციპებს. ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის გუშინდელი განცხადებაც შეიცავს დაყოფას „ჩვენ“ და „ისინი“ და დემოკრატიული სახელმწიფოს იდეალებთან და სახელმწიფოს სეკულარულობის და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ზემოთ აღნიშნული რელიგიური შეუწყნარებლობის, ძალადობის და შევიწროების შემთხვევები თითქმის ყოველთვის მსგავს ნარატივს ატარებდა. ქართველი მუსლიმების მხრიდან საკუთარი რელიგიურობის დემონსტრიტებას აპროტესტებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი თემი და საჯარო სივრცეზე საკუთარ მონოპოლიას და ექსკლუზიურ უფლებებს უსვამდა ხაზს. მათი თქმით, ეს ქართული და ქრისტიანული მიწაა და მუსლიმებს იგივე უფლებები და შესაძლებლობები ამ სივრცეში ვერ ექნებათ. ნაციონალიზმის ეს ფორმა, რომელიც იმას თუ ვინ ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები რელიგიური და ეთნიკური მარკერებით ვიწროდ განსაზღვრავს და არ აღიარებს თანასწორი მოქალაქეობის პრინციპს, ექსკლუზიონისტურია, მჩაგვრელია და მუდმივად აწარმოებს უთანასწორობას, იერარქიებს და გაუცხოებას. არსებითია, რომ სახელმწიფომ და ასევე საქართველოს ეკლესიამ გაიაზროს ამ გაბატონებული წარმოდგენის პრობლემურობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და იმუშავოს მის ცვლილებაზე. სამწუხაროდ, ამის მცდელობა არც პოლიტიკური და არც საეკლესიო წრეებიდან არ ჩანს.

ასევე ნიშანდობლივია ის, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის ყველა ზემოთ აღნიშნული შემთხვევა სწორედ ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში მოხდა, სადაც სოციალური შეჭიდულობა და განსხვავებული რელიგიური ჯგუფების თანაცხოვრების მეხსიერება, ტრადიციები არ არსებობს. ცხადია, რომ ეს სახელმწიფოს პოზიტიური ინტერვენციებისკენ და ინკლუზიური სოციალური გარემოს მშენებლობისკენ უნდა უბიძგებდეს. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუტარებია თანასწორობის პოზიტიური პოლიტიკა, რომელიც ერთის მხრივ, კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენასა და კავშირების შენებას შეუწყობდა ხელს და მეორეს მხრივ, არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიურ და თანასწორ გარემოს შექმნიდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას

  • დაიწყოს გამოძიება ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები;
  • მიიღოს ზომები ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციისთვის;
  • გაზარდოს ადგილობრივი პოლიციის ცოდნა და მგრძნობელობა თანასწორობის და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში.

ადიგენის მერსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს

  • განუხრელად დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და საკუთარი განცხადებები და გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოიყვანოს კანონის მოთხოვნებთან.

საქართველოს მთავრობას

  • დაგმოს რელიგიური შეუწნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება და საკუთარ რიტორიკაში გააძლიეროს დემოკრატიაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური შინაარსი;
  • მიიღოს ზომები რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის სისტემური პრევენციისთვის მათ შორის, ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების გზით.
  • გაატაროს ინკლუზიური პოლიტიკა რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში, რომელიც ერთის მხრივ არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანასწორო პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს შექმნის და მეორეს მხრივ, სხვადასხვა თემებს შორის ნდობის მშენებლობას და კონფლიქტების პრევენციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს საპატრიარქოს

  • შეისწავლოს ახალციხის ეპარქიაში წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები და მიიღოს ზომები, რომ მისმა სასულიერო პირებმა შეწყვიტონ ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური შევიწროება და თანასწორი და მშვიდობიანი თანაცხოვრების კონსტიტუციური და ასევე, ქრისტიანულ იდეის უგულებელყოფა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“