[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეს ეხმიანება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე დღის წინ გალის რაიონში, de facto მილიციის მიერ თემურ კარბაიას წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობისა და ძალადობის შედეგად გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის ფარგლებში შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მსგავს შემთხვევებზე სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენების ინსტრუმენტებს გაითვალისწინებს.

აფხაზეთის de facto ხელისუფლებამ 9 დეკემბერს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა ტყვარჩელის სოფელ წარჩეში მცხოვრები თემურ კარბაიას დაღუპვის ფაქტი. ადგილობრივი გაზეთის “ნუჟნაია გაზეტა” ინფორმაციით, კარბაია 6 დეკემბერს გალის ბაზრობაზე ე.წ მილიციის სამმა თანამშრომელმა, ჩხრეკის მიზნით გააჩერა და დროებით იზოლატორში მოათავსა. 9 დეკემბერს თემურ კარბაია მრავლობითი დაზიანებებით დროებითი იზოლატორიდან გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო პერსონალი თქმით, კარბაიას მთელ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, აღენიშნებოდა ძვლის მოტეხილობები და სისხლჩაქცევები. პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო, იმავე დღეს, იგი სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შინაგანი სისხლდენის შედეგად, გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევასთან დაკავშირებით, 11 დეკემბერს აფხაზეთის de facto შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა, რომელიც ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა. სამინისტრო არ ადასტურებს კარბაიას ცემას, თუმცა უთითებს, რომ მისი გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ასევე, de facto შსს-ს განცხადებით, 6 დეკემბერს გალის რაიონის შსს დეპარტამენტში შევიდა განცხადება, რომ გალის ბაზარში პირი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა. მილიციის ჩარევის მიუხედავად კი, იგი აგრძელებდა საზოგადოებისთვის მიუღებელ ქცევას. უწყების თქმით, de facto სამართალდამცავებმა დამოურჩილებლობის ფონზე, იგი დროებით იზოლატორში მოათავსეს, სადაც აგრესიულად იქცეოდა და საკუთარი თავისთვის დაზიანებების მიყენებას ცდილობდა, რის გამოც, სამედიცინო ჩარევის საჭიროების მიზეზით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე აფხაზეთის ობმუდსმენმა ე.წ მილიციის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევა დაგმო და შესაბამის de facto უწყებებს ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, აფხაზეთის მილიციის თანამშრომლების დაკავების შესახებ ამ საქმეზე, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

ადგილობრივების თქმით, ე.წ ,,მილიციის’’ მხრიდან ამგვარი უკანონო ქმედებები გალის რაიონში იშვიათი არ არის. ახალგაზრდა მამაკაცები ე.წ რეიდების სამიზნეები ხშირად არიან და ,,მილიციის’’ თანამშრომლები დასაბუთებული მიზეზის გარეშე აკავებენ ადგილობრივებს. აღნიშნულ დაკავებებს როგორც წესი მოსდევს ჯარიმის გადახდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაცია ესკალირდება და მას ძალადობის მძიმე გამოცდილება მოჰყვება ხოლმე. გალის რაიონის მოსახლეობას ეშინია საპოლიციო ძალის გადამეტებაზე ღიად და დაუფარავად საუბარი. მით უფრო, რომ გალში მცხოვრები ქართველები წლებია სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან და მათი სამართლებრივი მდგომარეობა და გადაადგილების შესაძლებლობებიც კი მყიფეა. აფხაზეთის de facto შსს საკუთარ თანამშრომლებს ხშირად ხელს აფარებს და ამგვარ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს. de facto საგამოძიებო სტრუქტურები კი საბოლოო ჯამში ეფექტიანად არ იძიებენ საქმეებს, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობა და დაუსჯელობა აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემაც არის და ამ მიმართულებით პროტესტი ადგილობრივ მოსახლეობას არა ერთხელ გამოუხატავს (მაგალითად, აფხაზურ საზოგადოებაში ამ დრომდე აქტიურად განიხილება 2019 წლის ივლისში წამებით მოკლული ანზორ ტარბას მკვლელობის საქმე და მილიციელების დაუსჯელობის საკითხი).

უკანონო დაკავება, ჩხრეკა და თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვა გალის რაიონში სისტემურ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც ზოგადად აქ არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო პატიმრობაში უკვე მესამე წელია იმყოფება ირაკლი ბებუა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად საფრთხის ქვეშ არის აფხაზეთს დე-ფაქტო პენიტენციურ სისტემაში. უკანონო პატიმრობაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძე.

სამწუხაროდ, აფხაზეთის მიმართულებით უკვე 5 წელია არ ფუნქციონირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და არც სხვა პირდაპირი დიალოგის პლატფორმა არსებობს, რომელიც საქართველოს მთავრობას აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან ამგვარი ინციდენტების განხილვისა და რეაგირების შესაძლებლობას მისცემდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ არა ერთი საერთაშორისო მექანიზმიდან რუსეთის გარიცხვის პირობებში კი, სუსტია საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებიც ამგვარ შემთხვევებზე. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება ეფექტიანად არ ამუშავებს ისეთ ექსტრაორდინალურ მექანიზმს, როგორიცაა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფო რეაგირების შეთანხმებულ ფორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის ახალი პროექტი, რომელიც მთავრობამ მიმდინარე წლის ბოლოს შეიმუშავა, ასევე არ ითვალისწინებს ახალ მიდგომებს, რომელიც ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

ცხადია, რომ კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის, ისინი, რომელიც de facto ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის ჩადენილი, რუსეთის პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა, ამ რეგიონებში მისი ეფექტიანი კონტროლის გამო. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო ავალდებულებს ეფექტური კონტროლის არმქონე სახელმწიფოებს მიიღოს პოზიტიური ზომები ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დასაცავად და გამოიყენოს ყველა პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის ღონისძიებები ამ მიმართულებით.

მიმდინარე წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევების მიუხედავად, ჩვენ არ მოგვისმენია სახელმწიფოს მხრიდან ახალი ინიციატივები, რომელიც ამ პოლიტიკური და სამართლებრივი ვაკუუმის პირობებში პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ახალ მიდგომებს და ინსტრუმენტებს წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია ეს ხედვა კონფლიქტებით და ომით დაზარალებული მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებებს, უფლებებს და ინტერესებს ფარავდეს და მაქსიმალურად ინკლუზიური იყო.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჯეროვანი გამოძიება, მით უფრო, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ხშირად გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახელმწიფოს ასევე აქვს კომუნიკაცია გალის საავადმყოფოს ექიმებთან და მას შეუძლია სიმართლის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვება;
  • გაააქტიუროს და ქმედითი გახადოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეაგირების და სანქცირების მექანიზმები რეალურად გამოიყენოს;
  • აქტიურად იმუშავოს მინიმუმ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლებაზე აფხაზეთის მიმართულებით, რათა შეძლოს ამგვარ შემთხვევებზე დროული რეაგირება და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნა;
  • გამოიყენოს დიპლომატიური და პოლიტიკური არხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების და რელევანტური ორგანიზაციების ინფორმირების და მათი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით;
  • აქტიურად იმუშავოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე de facto ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატზე, რომელიც სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძლებს ფუნქციონირებას და შესაძლებელს გახდის, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, უფლებრივი და სოციალური საკითხების გარშემო მოლაპარაკებებს;
  • სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ აქტორებთან აქტიური კონსულტაციითა და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის ფარგლებში შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები და მიდგომები და შექმნას რეაგირების თანმიმდევრული გეგმა. მნიშვნელოვანია ეს გეგმა პრიორიტეტულად ითვალისწინებდეს გალისა და ახალგორის რაიონში რეგიონში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებსა და ინტერესებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“