[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური მოძრაობები / თვალსაზრისი

სოციალური საკითხების პოლიტიზირება და ბრძოლა ტრანსფორმაციისთვის

strengthinnumbers

რამდენიმე კვირის წინ, მემარცხენე, თვითორგანიზებული სოციალური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა ქუთაისში.

ალბათ, ყველას ახსოვს, 2011 წლის გაზაფხულზე, თბილისში წამოწყებული მემარცხენე სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“ როგორ შთანთქა საქართველოში განვითარებულმა პარტიულმა პოლიტიკამ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ხუთი წლის შემდეგ, მემარცხენე მოძრაობების სპექტრი გაცილებით უფრო ფართოა და მასში წარმოდგენილი აქტორები ბევრად დაცილებული არიან პარტიულ პოლიტიკას. ამავდროულად, რთულია ითქვას, რამდენად უფრო მდგრადი და წარმატებული პოლიტიკური სხეულები აღმოჩნდებიან ისინი.

სწორედ ამ თემაზე ხედვების გასაცვლელად შეიკრიბნენ ქუთაისში სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, პრაქსისი, მწვანე მუშტი, სტუდენტური ალტერნატივა და თეთრი ხმაურის მოძრაობა.

არავინ იცის, რა ბედი უწერია ამ ჯგუფებს. შესაძლოა, მათ ვერასდროს მოახდინონ საკუთარი თავის ინსტიტუციონალიზება, დარჩნენ ფრაგმენტულ ჯგუფებად და სახეებიც იცვალონ დროის მოკლე პერიოდში. მაგრამ, დღევანდელ, ქართულ პოლიტიკაში მსგავსი მოძრაობები წარმატებულად ახდენენ გარკვეული თემების პოლიტიზირებას და მოცემული საკითხების პარტიულ პოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩენასაც კი (მშრომელთა გაფიცვები კაზრეთში; მწვანე ჯგუფების პროტესტი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით; კამპანია ნარკოპოლიტკის ცვლილებებისთვის და ა.შ.).

ერთგვარი თანხმობა არსებობს, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ჩნდებოდე და ქრებოდე, როგორც სოციალური მოძრაობა - მნიშვნელოვანია, მხოლოდ, როგორ მიემართები „მტერს“, ჰეგემონური დისკურსის, კაპიტალის თუ ძალაუფლების ბირთვს, რომელთან დაპირისპირებასაც აპირებ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთი მხრივ, ძალაუფლება შესაძლოა აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტი, რაც გეხმარება შენ, როგორც სოციალურ ჯგუფს, საკუთარი თავის განსაზღვრაში (თვითრეპრეზენტაციაში). ამას გულისხმობს ალბათ ყველა ის აქტივობა, რაც მიმართულია მხოლოდ თვითორგანიზებისკენ, ცოდნის დაგროვებისკენ, ჯგუფის შიგნით ჰორიზონტალობის მიღწევისკენ, გარემოსთან საკომუნიკაციო ენის გამონახვისკენ და ა.შ. მაგრამ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თვითრეპრეზენტაციის მიღმა, მოძრაობებმა შეძლონ თვითრეალიზებაც: შექმნან და მოახდინოს ის დიდი გარდატეხები, რისთვისაც არის/იყო „მზადება“. ამასთან, არ დაიკარგონ, არ გაქრნენ სამოქმედო ველიდან მანამ, სანამ ეს რეფორმაცია თუ ტრანსფორმაცია იქნება მიღწეული.

ამას გარდა, ახლად შექმნილი მემრაცხენე ჯგუფები თვლიან, რომ პოლიტიკური უკმაყოფილების არტიკულაციის ამოცანა თავის თავში გულისხმობს იმ ფორმების განახლებასაც, რა ფორმებშიც აღნიშნული ჩაგვრების აღიარება (წარმოჩენა) და პოლიტიკამდე მიტანა უნდა ხდებოდეს. ზემოთ ნახსენები თვითორგანიზებული ჯგუფებისთვის ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მათ გამოხატვის ფორმები და შინაარსი უკარნახოს დომინანტმა კულტურამ: მედიამ, კერძო კაპიტალმა, ძალაუფლების მფლობელმა ელიტამ; მნიშვნელოვანია, გარკვეული თემის პოლიტიზაციისას, განსხვავდებოდე არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ თვისობრივადაც, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ თემის მეინსტრიმიზაციამდე შეიძლება მივიდეს და შესაძლოა მარტივადაც დეპოლიტიზირდეს.

სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი (სოლიდარობის ქსელის ავტორი მოძრაობა) თვლის, რომ სწორედ ამიტომ არის ავტონომიურობა სოციალური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი. მსგავსი სივრცეები საშუალებას იძლევა, შეიქმნას თვისობრივად ახალი ცოდნა, აქტივობა და მისი ფორმები; ქსელის წარმომადგენლების თქმით, მდგომარეობის კრიტიკულ გადააზრებას, პირველ რიგში, ხელს უწყობს საკუთარი თავის ავტონომიურ სივრცეებში პოზიციონირება. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს ყველაფერი ხშირად იცვლიდეს სახეს, ვერ წარმოჩინდეს როგორც მდგრადი სუბიექტი, ჩნდებოდეს ერთგან და ქრებოდეს სხვაგან, იმისდა მიხედვით თუ რა დამოკიდებულებაში აღმოჩნდება ძალაუფლებასთან.

გარდა ამისა, თვითორგანიზების ქსელის წევრებისთვის თემის პოლიტიზაცია გულისხმობს არა მხოლოდ ჯგუფების რეპრეზენტაციას, არამედ ამ ჯგუფების მონაწილეობასაც ტრანსფორმაციაში. ამიტომაც, პროცესი დინამიკური და ერთი შეხედვით ამორფულია.

თვითორგანიზების ქსელი მემარცხენე ჯგუფების კრიზისად მიიჩნევს იმას, რომ ჩაგრული ჯგუფების საჯაროდ რეპრეზენტირების მცდელობები და მხოლოდ საპროტესტო აქციები არ კმარა. მათი თქმით, აქციები/მსვლელობები კარგავს შინაარსს და ქცეულია მხოლოდ რეაქციულ ქმედებებად. აქცია-მსვლელობების ბოლოს არ ხდება მიზნის რეალიზება.

დროა, სოციალური მოძრაობები არა მხოლოდ წარმოაჩენდნენ ჩაგრულთა ცნობიერებას, ენას, ხმას თუ ესთეტიკას, არამედ უშუალოდ ეხმარებოდეს მათ მონაწილეობაში. მაგალითად, თავის (სამოქალაქო საზოგადოების) რიგებში მოიაზრებდეს გაფიცული რკინიგზის თანამშრომელს, იპოთეკით დაზარალებულს და სხვა.

იყო პოპულისტი, აქ ნიშნავს, იაზრებდე პოლიტიკის სახალხოობის მნიშვნელობას და არა უბრალოდ თემის მეინსტრიმიზაციას, მასობრივი ინტერესის საკითხად ქცევას და ა.შ.

მაგალითად, „სოლიდარობის ქსელი“ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მაღაზიათა ქსელ „იოლში“ დასაქმებულთა პრობლემატიკაზე სასაუბროდ, თავად იქ მომუშავე პირების მიმართვები გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით.

მოძრაობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინტერსექციულ ჩაგვრასა და პრობლემატიკაზე მუშაობასაც, რომელიც გამჭოლია. ასეთ დროს, რთულია პოპულარული, მრავალრიცხოვანი მხარდაჭერის მოპოვება. მიუხედავად ამისა, მაგალითად, „ახალგაზრდა მწვანეები“ აცხადებენ, რომ ქალთა ჩაგვრის საკითხები არ შეიძლება მოიაზრებოდეს განცალკევებულად ან იმ იდეად, რომელიც სოციალური რევოლუციის მეორე დღეს დადგება დღის წესრიგში.

„ახალგაზრდა მწვანეები“ საქართველოს მწვანეთა პარტიას 2008 წელს გამოეყვნენ, რადგან მათთვის მწვანე მოძრაობა არ ნიშნავს მხოლოდ გარემოს დაცვაზე მუშაობას. ის მჭიდროდ ებმის სოციალურ უსამართლობის იმ საკითხებს, რაც თუნდაც პატრიარქატის თუ ჰეტერონორმატიულობის სახით წარმოჩინდება ხოლმე.

მიუხედავად ამისა, ისიც მნიშვნელოვანია ჯგუფებისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ ჩაგვრაზე ორიენტერება არ ნიშნავდეს საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში ფრაგმენტულად დასმას. არსებული წესრიგის, როგორც ერთიანი ტოტალობის კრიტიკა უნდა შენარჩუნდეს. მაგალითად, საყდრისის შემთხვევაში, იყო განცდა, რომ კულტურის გადარჩენის ნაციონალისტურმა დისკურსმა პრობლემის სოციალური მნიშვნელობა გადაფარა. ხშირია კრიზისული ვითარებაა, თუმცა საკითხი არასდროს არის სინგულარული, კერძო თუ ინდივიდუალური, რომ ერთი ჯგუფის მოთხოვნებმა მეორის სრული ნიველირება მოახდინოს. მაგალითად, ჯგუფები თანხმდებიან, რომ იმისდა მიუხედავად, რომ შრომითი უფლებების დაცვა, ერთი შეხედვით, დაუპირისპირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს (საყდრისის შემთხვევაში), ან ის, რომ ჰესების მშენებლობა მემარცხენე მწვანეთა მოძრაობებისთვის შესაძლოა იკვეთებოდეს მათსავე ინტერესთან დაძლეულ იქნას უმუშევრობის საკითხი - სინამდვილეში, პროტესტის ადრესატს არ ცვლის. ძალაუფლების ცენტრი ერთია და ჯგუფებს შორის შეთანმხების მიღწევის პოტენცია არსებობს, როდესაც ისინი პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებენ.

რაც უფრო იზრდებიან ზემოთ ჩამოთვლილი მოძრაობები, უფრო მეტად ცდილობენ ბრძოლის ველის გაფართოებასაც: მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულთა გარდა (ჭიათურის მაღაროს, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის და სხვა მუშების თემების გააქტიურების შემთხვევები), ისინი ახლა ცდილობენ სერვისში მომუშავეებიც მოიცვან.

გარდა იმისა, რომ ბრძოლის ველის გაფართოება დიდ რესურსს მოითხოვს, სოციალური მოძრაობებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ სხვადასხვა ტიპის ჩაგვრებს ‘ამოცნობა სჭირდება’. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრები ამბობენ, რომ პარტიკულარულ ბგერათა სიმრავლე უბრალოდ ხმაურად გარდაიქმნება, თუ ამაზე არ ვიმუშავეთ. ამ კონკრეტული მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია ნარკომომხმარებელთა პრობლემები დავინახოთ სოციალური უთანასწორობის კუთხით. სხვებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად, საჯარო სივრცეში დევნილი მოსახლეობის საკითხები განხილული იყოს ეკონომიკური ჩაგვრის ჭრილში, ან რომ სერვისის სფეროში დასაქმებულთა პრობლემები აქტუალიზდეს გენდერის კუთხით.

გამოწვევად რჩება ის საკითხი, რომ ავტონომიურ სივრცეში არტიკულირებული საკითხები არ დარჩეს მარგინალიზებული, იზოლირებული სოციალური ჯგუფებისგან ან დაშორებული პარტიულ პოლიტიკას; გარდა აღიარებისა, აღწევდეს პოლიტიკის რეალიზებასაც.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თანამედროვე მემარცხენე მოძრაობებმა არაერთი საკითხის დაბრუნება მოახერხეს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც უნდა გაგრძელდეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“