[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

სოციალური პოლიტიკა საქართველოში: ჩარევა/ჩაურევლობის დებატების მიღმა

გია გოთუა 

შესავალი

2003 წლის ნოემბერში, ქუჩის გამოსვლების შედეგად, საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი. ეს მოვლენა გარდამტეხ წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ  საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ისტორიისთვის. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყანაში კაპიტალიზმის ახალი მოდელის დამკვიდრება დაისახა მიზნად (Jones, 2015).

ამ მოდელის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს სოციალური პოლიტიკის ახლებური მოწყობა წარმოადგენდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული პროგრამები, პირველ რიგში  კი სახელმწიფო შემწეობის პროგრამა, ძირითადად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლების დახმარებას ისახავდა მიზნად. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ხედვა კეთილდღეობის სახელმწიფოს ნეოლიბერალურ მოდელთან იყო თანხვედრაში ( Baumann, 2010).

მიუხედავად ამისა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქართველოში ვერ მოხერხდა კაპიტალიზმის სტაბილური ინსტიტუციონალური გარემოს შექმნა. ეკონომიკის სფეროში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ პოლიტიკას არ მოჰყვა საზოგადოების უმრავლესობის კეთილდღეობის დონის ამაღლება (Rekhviashvili, 2015). სწორედ ზრდადი უთანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება წარმოადგენდა ერთ-ერთ ფაქტორს, რომელმაც ხელი შეუწყო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლას. ამასთან ერთად,  2007 წელს დაწყებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა საფრთხის ქვეშ დააყენა კაპიტალისტური ეკონომიკის ინსტიტუტები საქართველოში.  დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული, უფრო მდგრადი ინსტიტუციონალური მოწყობის მოდელების ძიების საჭიროება (Timm, 2012).

ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა სწორედ ასეთი ალტერნატიული მოდელის ერთ-ერთ ელემენტად  შეგვიძლია   აღვიქვათ. „ქართული ოცნების“ შედარებით უფრო აქტიური სოციალური პოლიტიკა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც უფრო მდგრადი კაპიტალისტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის საჭირო დროის მოგების მცდელობა.

კაპიტალიზმის სტაბილურობის შენარჩუნებისა თუ კაპიტალისტური ინსტიტუტების წარმატებული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს იდეოლოგია. იდეოლოგია იძლევა იმის  შესაძლებლობას, რომ საზოგადოების თვალში გამართლდეს კაპიტალიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკა. ასევე, იდეოლოგიის დანიშნულებაა კაპიტალიზმის წიაღში მომხდარი ცვლილებების ახსნა და გამართლება. ამიტომ, ქართული კაპიტალიზმის განვითარების, მისი მდგრადობისა და სუსტი წერტილების გასაგებად საჭიროა, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოში კაპიტალიზმის იდეოლოგიის ცვლილებების შესწავლა.

წინამდებარე ნაშრომში ექსპერტების მიერ შექმნილი სამი ტექსტის მაგალითზე განხილულია კაპიტალიზმის იდეოლოგიის ცვლილება თანამედროვე საქართველოში[1]. სამივე ტექსტი საქართველოში კეთილდღეობის სახელმწიფოს ინსტიტუტების ამჟამინდელ მდგომარეობას და გამოწვევებს ეხება.  თემის შერჩევა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სოციალური პოლიტიკა არის სფერო, რომელშიც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ცვლილება გატარდა. შესაბამისად,  მოსალოდნელი იყო, რომ ამ თემის გარშემო გამართულ დისკუსიებში ყველაზე კარგად გამოიკვეთებოდა კაპიტალიზმის მხარდამჭერი იდეოლოგიის სხვადასხვა ვერსია დღევანდელ საქართველოში.

განხილულ ტექსტებში ორი ტიპის ნარატივის გამოყოფა არის შესაძლებელი. ერთი სოციალური პროგრამებისა და სამიზნე ჯგუფის წევრების რაოდენობის შეზღუდვას ეხება და მას შეგვიძლია, „ნეოლიბერალურიც“ ვუწოდოთ. მეორის ფარგლებში კი უფრო მეტად არის საუბარი იმ სარგებლობაზე, რომელიც  კაპიტალიზმისთვის სოციალური კეთილდღეობის ინსტიტუტებს მოაქვს. ქართულ საექსპერტო სივრცეში ეს (უფრო მოქნილი) ნარატივი შედარებით მარგინალურია.

კვლევის პროცესში დაისვა ორი კითხვა: ა) რამდენად დიდია იდეოლოგიური დისტანცია ორ ნარატივს შორის? და ბ) რა დარჩა ამ ორი ნარატივის მიღმა? პირველი კითხვის საპასუხოდ გამოიყო ამ ორი ნარატივის საერთო და განსხვავებული თეზისები. ნეოლიბერალურისგან განსხვავებით, ალტერნატიულ ნარატივში მეტი ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ კაპიტალიზმის გამართული ფუნქციონირება ეკონომიკის „მიღმა“ არსებულ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული. კერძოდ, გასათვალისწინებელია ამა თუ იმ საზოგადოების კულტურული თავისებურებები, მათ შორის, ლოკალური დამოკიდებულება უთანასწორობის მიმართ. ასევე, ეს ნარატივი ყურადღებას ამახვილებს საშუალო ფენის როლზე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.  თავის მხრივ, დემოკრატია საბაზრო ინსტიტუტების განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად არის წარმოჩენილი. ამ განსხვავებების ფონზე, აღსანიშნავია  მნიშვნელოვანი მსგავსება ამ ორ ნარატივს შორის _ ორივე მათგანი კაპიტალიზმსა  და ბაზარს აიგივებს.

კვლევის თანახმად, ორივე ნარატივის მიღმა დარჩა საკითხები, რომლებზე საუბარიც გაამდიდრებდა დებატებს სოციალური პოლიტიკის შესახებ საქართველოში.

კერძოდ, მეტი საუბარია საჭირო სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ღირებულებებსა და სოციალური პოლიტიკის როლზე ამ ჯგუფების წევრებისთვის ცხოვრების მისაღები დონის შენარჩუნებაში. ასევე, მეტი საუბარია საჭირო ისეთ სოციალურ პოლიტიკაზე, რომლის მიზანია სიკეთეების გადანაწილება სხვადასხვა სოციალურ კლასს შორის.   უნდა მოხდეს იმ ფაქტის თემატიზაციაც, რომ სახელმწიფო არ წარმოადგენს ეკონომიკისგან იზოლირებულ სფეროს. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში ჩართულია  დოვლათის გადანაწილებაში და შესაბამისად, გადანაწილების ალტერნატიული  გზების  შესახებ უფრო სიღრმისეული დიალოგის საჭიროება არსებობს.

ბაზარი და გადანაწილება დღევანდელ საქართველოში: ორი ლიბერალური ნარატივი კეთილდღეობის სახელმწიფოს შესახებ

ნეოლიბერალური ნარატივი: სოციალური პოლიტიკის „ბნელი“ მხარეები

ნეოლიბერალური ნარატივის თანახმად, დახმარების მიმღებები სოციალური პროგრამების ბოროტად გამოყენებისკენ არიან მიდრეკილები, რასაც, ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, საზოგადოებაში არსებული ღირებულებითი ფონიც უწყობს ხელს. სახელმწიფომ მკვეთრად უნდა შეზღუდოს პარაზიტობის ეს მცდელობები და მხოლოდ იმ ადამიანებს დაეხმაროს, ვისაც შრომით ბაზარზე მონაწილეობა არ შეუძლია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასევე საჭიროა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შეზღუდვა. ნეოლიბერალური იდეოლოგიის მომხრე ექსპერტების თანახმად, საზოგადოების წევრთა უმრავლესობა დღესდღეობით მზად არ არის, კერძო, ეგოისტურ ინტერესებზე ამაღლდეს და მხარი დაუჭიროს „გონივრულ“ სოციალურ პოლიტიკას. ამით პოლიტიკოსებიც სარგებლობენ და საზოგადოებრივ ინტერესზე ზრუნვას  ხელისუფლებაში დარჩენის ან მისი მოპოვებისთვის საჭირო პოპულისტურ რიტორიკას ამჯობინებენ.

ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების ამჟამინდელი სისტემა ძირეულ გადასინჯვას საჭიროებს.

სოციალური დაცვა უნდა ეფუძნებოდეს... იმას, თუ როგორი საზოგადოება გვინდა ჩვენ. გვინდა საზოგადოება, სადაც ადამიანი იქნება მობილიზებული, პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალზე, თუ გვინდა საზოგადოება, სადაც ადამიანებს გაუჩნდებათ უდარდელობის განცდა.

საქართველოში ამჟამად მოქმედი სისტემა, ექსპერტის მოსაზრებით, სწორედ უდარდელობის წახალისებისკენ არის გადახრილი. კეთილდღეობის სახელმწიფოს მხრიდან სიზარმაცისა და უდარდელობის წახალისების თემა XX საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთის ქვეყნებში წარმოიშვა. იქ ეს მოსაზრება, ხშირად, სოციალური პროგრამების შემცირებისა და დახმარების მიღების სანაცვლოდ, გარკვეული პირობების დაწესების აუცილებლობის დასასაბუთებლად გამოიყენებოდა. დღემდე ამ მოსაზრებას საკმაოდ ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე-ცენტრისტ პოლიტიკურ ძალებსა და ექსპერტთა ნაწილს შორის.

სოციალური პროგრამების ბოროტად გამოყენების პრობლემაზე ყურადღების გამახვილების უკან ადამიანის ბუნების შესახებ კონკრეტული შეხედულება შეიძლება დავინახოთ. ამ შეხედულების თანახმად, ადამიანები, პირველ რიგში, ინდივიდუალური სარგებლის გაზრდასა და დანახარჯის (ან, ზოგადად, ტანჯვის) შემცირებაზე ორიენტირებული სუბიექტები  არიან. ამგვარად, ნეოლიბერალურ ნარატივში ადამიანი პირველ რიგში საბაზრო ურთიერთობების მონაწილედ გვევლინება. ამ ნარატივში სრულებით არის იგნორირებული ადამიანი, როგორც სოციალური არსება,  რომელიც მუდმივად ღირსებისა და სხვადასხვა ფასეულობის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ნეოლიბერალური ნარატივის თანახმად, „რაციონალურ“ სოციალურ პოლიტიკას მორალური ღირებულებების ის „არასწორი“ გაგებაც უშლის ხელს, რომელიც დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში არსებობს. ექსპერტს  მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები მალავენ შემოსავლის რეალურ რაოდენობას, რათა სოციალური შემწეობა მიიღონ. ეს არის მაგალითი სახელმწიფოს მიმართ იმ მახინჯი დამოკიდებულებისა, რომელიც, ექსპერტის აზრით, მთელ საზოგადოებაში არის გამეფებული. მისი თქმით „ეს აღმაშფოთებელია. აი, ეს არის ჩვენი გაგებით სამართლიანობა და ასეთი წესებით ვთამაშობთ“.

„მინიმალური სახელმწიფოს“ მომხრეთა თანახმად, სოციალური პოლიტიკისა და მორალის ეს „არასწორი“ გაგება არის მიზეზი, რის გამოც დღევანდელ საქართველოში საზოგადოების ფართო ჩართულობა კეთილდღეობის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში სასურველი არ არის. ასეთმა ჩართულობამ შედეგად მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება მოიტანოს.

ნეოლიბერალური მიდგომების გამზიარებელი ექსპერტების თანახმად, სოციალური პროგრამებისადმი ამ „მახინჯი“ დამოკიდებულებით პოპულისტი პოლიტიკოსები სარგებლობენ. ისინი ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან იწყებენ ვაჭრობას და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, არსებული პრივილეგიების შენარჩუნებას და გაზრდას ჰპირდებიან. სწორედ ასეთი ვაჭრობის შედეგია, ექსპერტის აზრით, დღევანდელი  საპენსიო სისტემა:

მაგალითად, ასაკობრივი პენსიის მიზანია, რომ საზოგადოების მოლოდინი დაკმაყოფილდეს და ამით პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში ან ხვალ არჩევნების გზით უნდა მოვიდეს, კეთილგანწყობილება მოიპოვოს. ჩემი აზრით, ასაკობრივი პენსიის თემა პოლიტიკური პროსტიტუციაა, რომელიც ემსახურება ძალაუფლებაში დარჩენას ან მის მოპოვებას. ასაკობრივი პენსიის მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებას აქვს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 პოლიტიკური ვაჭრობის საფუძველზე მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთ მაგალითად ექსპერტებს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოჰყავთ. მათი თქმით, ეს პროგრამა, ეკონომიკური თვალსაზრისით, არამდგრადია და საბოლოოდ ფინანსურ კატასტროფას და პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს.

ნეოლიბერალური ორიენტაციის ექსპერტები ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, ძირითადად, ეკონომიკურ ზრდასთან აიგივებენ. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ზრდამ  სარგებელი შეიძლება საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს მოუტანოს, დროთა განმავლობაში მის შედეგებს საზოგადოების  ყველაზე ღარიბი წევრებიც მოიმკიან. აქტიურმა სოციალურმა პოლიტიკამ ზრდას შეიძლება ხელი შეუშალოს, რადგან ასეთი პოლიტიკის გასატარებლად სახელმწიფო განვითარებისთვის საჭირო რესურსს ბაზარს ართმევს და სოციალურ პროგრამებისთვის იყენებს. შედეგად, ექსპერტები ასკვნიან, რომ აქტიური სოციალური პოლიტიკა თავად ღარიბებისთვისაც კი მავნებელია. ავტომატურად ხდება დაშვება, რომლის თანახმადაც, ეკონომიკურ ზრდას, ყველაზე კარგად, საბაზრო ინსტიტუტები უზრუნველყოფს.

ალტერნატიული ნარატივი : პრაგმატული ლიბერალიზმი

ალტერნატიული ნარატივი, ნეოლიბერალურთან შედარებით, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბაზრის მიღმა არსებულ ფაქტორებს, რომლებიც საბაზრო ინსტიტუტების მოქმედებას ხდის შესაძლებელს. ამ თვალსაზრისით, ეს ნარატივი უფრო რეალისტური და პრაგმატულია.

ორ ნარატივს შორის არის ბევრი თანხვედრის წერტილი. მაგალითად, ალტერნატიული ნარატივის ფარგლებში გაზიარებულია ის აზრი, რომ სოციალური პროგრამები ბოროტად შეიძლება გამოიყენონ ბენეფიციარებმა და ამიტომ ამ პროგრამების შეზღუდვა და/ან გარკვეული პირობითობების შემოღება აუცილებელია. ორივე ნარატივი პროკაპიტალისტურია და ორივეს ფარგლებში ხდება კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის გაიგივება.

თუმცა, ნეოლიბერალური ნარატივისგან განსხვავებით, ალტერნატიულ ნარატივში შემოდის ორი მნიშვნელოვანი თეზისი. პირველი თეზისი ეხება საზოგადოებრივ ღირებულებებს. ამ თეზისის თანახმად, საზოგადოების კულტურა, კერძოდ კი დამოკიდებულება უთანასწორობის მიმართ, აღქმული უნდა იყოს როგორც მოცემულობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვისას. მეორე თეზისის თანახმად, საშუალო ფენის შენარჩუნება და გაძლიერება წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე წარმატებით გადასვლის კიდევ ერთ წინაპირობას.

საზოგადოების კულტურა, კერძოდ კი კულტურაში არსებული დამოკიდებულება უთანასწორობის მიმართ, ალტერნატიულ ნარატივში  ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად არის წარმოდგენილი. არსებობენ საზოგადოებები, რომლებისთვისაც სოციალური უთანასწორობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დამახასიათებელი არ არის. ასეთ ქვეყნებში ხელისუფლებას შეუძლია ისეთი რადიკალური რეფორმების გატარება, რომლებსაც, პირველ ეტაპზე, მოჰყვება უთანასწორობის ზრდა. ასეთი საზოგადოებების მაგალითად ექსპერტს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები (სამხრეთ კორეა, ტაივანი და ა.შ.) მოჰყავს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ სხვა ქვეყანაში უთანასწორობა ახალ ფენომენს წარმოადგენდა. ევროპის სახელმწიფოების მსგავსად აქ საზოგადოების დამოკიდებულება უთანასწორობის მიმართ არის მკვეთრად უარყოფითი, ამიტომ ისეთმა რეფორმებმა, რომელთაც უთანასწორობის გაზრდა შეიძლება მოჰყვეს, ექსპერტის აზრით, შესაძლოა, საზოგადოების წინააღმდეგობა და პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს. თავის მხრივ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება ეკონომიკური განვითარებაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

გამოსავალს ამ ნარატივის მომხრე ექსპერტი აქტიურ სოციალურ პოლიტიკაში ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ  ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაც შეიძლება გამოიწვიოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პოლიტიკის დადებითი შედეგი უარყოფით შედეგებს აღემატება.

ქსპერტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა მნიშვნელოვანი, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა კი მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის გარეშე შეუძლებელია. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ავტორიტარული მმართველობის დამყარებას უშლის ხელს,  ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები კი საბაზრო ეკონომიკის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

ამ ნარატივის თანახმად, მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრობლემა სწორედ ეკონომიკური რეფორმების პროცესში საშუალო ფენების გაქრობა იყო. სწორედ ეს პრობლემა უნდა დაძლიოს აქტიურმა სოციალურმა პოლიტიკამ. სახელმწიფომ საშუალო ფენას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის უარყოფითი შედეგები უნდა შეუმსუბუქოს და დაეხმაროს მას პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაში. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკა თავად საბაზრო ინსტიტუტებსა და, მთლიანობაში, ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება დადებითად.

ორივე თეზისის საილუსტრაციოდ ექსპერტს მოჰყავს პოლონეთის მაგალითი:

უპირველეს ყოვლისა, პოლონეთმა თავიდან აიცილა ყოველგვარი სოციალური უთანასწორობა, რომელმაც მნიშვნელოვანი დარტმა მიაყენა ბევრ სხვა გარდამავალ ქვეყანას. უკრაინამ დღემდე ვერ მიაღწია პოლიტიკურ სტაბილურობას და რთული არ არის იმის წარმოდგენა, რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, პოლონეთში შევიდნენ თუ უკრაინაში. მეორეც, საშუალო ფენის გაქრობის თავიდან აცილებამ მიგვიყვანა სამოქალაქო საზოგადოებამდე, რომელმაც გააძლიერა დემოკრატია და თავიდან ააცილა პოლონეთს აუტოკრატთა მიერ ძალაუფლების უზურპაცია, რაც მოხდა ბევრ ყოფილ საბჭოთა საზოგადოებაში. მესამე, გადასვლა გამიზნული იყო ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ გარდამავალი პერიოდის უპირველესი ხელმოცარულები (პოლონეთი მაღალ პენსიებს უხდიდა ასაკოვნებს და გულუხვად უზრუნველყოფდა საზოგადოების ყველაზე მცირეშემოსავლიან ჯგუფებს). ამან გაამარტივა გადასვლის პერიოდი, უფრო მისაღები??? და შეცვალა პოლონელი ხალხის ქრისტიანული აზროვნება.

ამ უპირატესობებმა, როგორც ჩანს, გადაწონა გადასვლის პოლიტიკის მავნე ეფექტები და პოლონეთმა შეძლო დიდი ზრდისა და დაბალი უთანასწორობის მიღწევა გარდამავალი პერიოდის პირველ რვა წელიწადში.

ორი (ლიბერალური) ნარატივი: შედარება

რამდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს ორი ნარატივი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია და, ალბათ, არც არის საჭირო. საკმარისია საერთო და განსხვავებული ელემენტების გამოყოფა, რაც მათგან გარკვეული დისტანცირების საშუალებას მოგვცემს და ვიმედოვნებ, გახსნის სივრცეს კრიტიკული რეფლექსიისთვის.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ნარატივი ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში არის მოქცეული. განმსაზღვრელი ამ მხრივ არის დამოკიდებულება საბაზრო ინსტიტუტების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ორი ნარატივი სხვადასხვა შეხედულებას შეიცავს საბაზრო ეკონომიკის შენების გზების შესახებ, ორივე მათგანი ბაზარს ადამიანების თავისუფლებისა და კეთილდღეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად აღიარებს.

თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი, კვლავაც კაპიტალიზმის გამართლებაზე ორიენტირებული ხედვა. შესაძლოა, ეს ყოფილიყო ნარატივი, რომლის ფარგლებშიც არ ხდება კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრის გაიგივება. როგორც ფრანგი მკვლევრები, ბოლტანსკი და ტევენო, აღნიშნავენ (Boltanski & Thevenot, 2006), კაპიტალიზმის გამართლება, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებული ღირებულებითი პოზიციებიდან ხდება;  საბაზრო ეფექტიანობა ამ ღირებულებებიდან  მხოლოდ ერთ-ერთია.  აღნიშნული მკვლევრების მიერ მოყვანილი სხვა ღირებულებების მაგალითებია: ინდუსტრიული ეფექტიანობა, ზრუნვა ქვეშევრდომებზე, არტისტული შთაგონება, სამოქალაქო სოლიდარობა და რეპუტაცია. გასაგებია, რომ ხედვა კეთილდღეობის სახელმწიფოს როლისა და ადგილის შესახებ კაპიტალისტურ სისტემაში, მისი გამამართლებელი მთავარი პრინციპის ცვლილებასთან ერთად, განსხვავებული იქნება.

ბაზრისთვის უპირატესობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული ორ ნარატივს შორის არსებული სხვა მსგავსებაც. ორივე ნარატივში ადამიანი წარმოდგენილია როგორც სარგებლის გაზრდასა და ტანჯვის/დანახარჯის შემცირებაზე ორიენტირებული არსება. საბოლოო ჯამში, აქ აღწერილი ადამიანი საბაზრო ურთიერთობების იდეალურ მონაწილეს წარმოადგენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელიც ორივე ნარატივშია წარმოდგენილი, არის საზოგადოება. ამ ნარატივების თანახმად, საზოგადოება წარმოადგენს მონოლითურ, ერთგვაროვან წარმონაქმნს, რომლის წევრებს ერთნაირი ინტერესები აქვთ. ორივე ნარატივში იჩრდილება ის გარემოება, რომ ხშირად ერთიან ინტერესებზე საუბრის უკან საზოგადოების ზედა ფენების ინტერესები იმალება.  მაგალითად, არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკურმა ზრდამ სარგებელი შეიძლება საზოგადოების ყველა ფენას კი არ მოუტანოს, არამედ მხოლოდ მის შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ნაწილს.

ალტერნატიულ ნარატივში ორი მნიშვნელოვანი სიახლე შემოდის. ერთ-ერთი სიახლე ეკონომიკური განვითარების პროცესში კულტურის როლის შეფასებასთან არის დაკავშირებული. აქ კულტურა, კერძოდ კი საზოგადოების დამოკიდებულება უთანასწორობის მიმართ, განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ, განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება.

კულტურის, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორის, დისკუსიაში შემოტანა კაპიტალიზმის მსოფლიო და ლოკალურ კრიზისზე პასუხის გაცემის ერთ-ერთ მცდელობად შეგვიძლია აღვიქვათ. ამ ეტაპზე განვითარების ლიბერალური ეკონომიკური თეორია გარკვეულ ფრაგმენტაციას განიცდის; მკვლევრები, ტექნოკრატები და პოლიტიკოსები ნეოლიბერალური პოლიტიკის წარუმატებლობის ასახსნელად სხვადასხვა თეორიას მიმართავენ. ამ თეორიებიდან ზოგიერთი კულტურულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას. მათ შორის არის, მაგალითად, ნეოინსტიტუციონალური ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი გავლენიანი ფრთა (დაგლას ნორტი და მისი მიმდევრები). დრო გვაჩვენებს, თუ რამდენად დაიმკვიდრებს თავს ეს ნარატივი საექსპერტო და პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოს შიგნით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ალტერნატიულ ნარატივშია წარმოდგენილი, საშუალო ფენების როლის აღიარებასთან არის დაკავშირებული. ამ  სიახლის შემოტანა ასევე ნეოლიბერალიზმის პოლიტიკური პროექტის წარუმატებლობასთან არის დაკავშირებული. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ნეოლიბერალური პროექტის ოპოზიციის მნიშვნელოვან  ნაწილს სწორედ საშუალო ფენის ნაწილი შეადგენდა. შესაბამისად, ამ ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადი გახადა, რომ ნეოლიბერალიზმისგან განსხვავებულ ნებისმიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტს ამ ფენის ინტერესების გათვალისწინება სჭირდება.

სოციალური პოლიტიკა საქართველოში: თეზისები  უფრო სამართლიანი დისკურსისთვის

ბლოგის დასაწყისში დაისვა კითხვა: რა არის დარჩენილი აქ გაანალიზებული ნარატივების მიღმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ყველა შემთხვევაში, ღირებულებით მსჯელობასთან არის დაკავშირებული. მრავალი სხვადასხვა  თემიდან, რომელიც შესაძლოა არ იყოს ამა თუ იმ ნარატივში წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმეს არჩევა შეგვიძლია და სწორედ ამ არჩევანის გასაკეთებლად გვესაჭიროება გარკვეულ ღირებულებებზე დაყრდნობა.

ამ ტიპის ღირებულებითი მსჯელობისთვის ჩვენს კვლევაში გამოყენებულია სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმები, რომლებსაც ამერიკელი თეორეტიკოსი, ნენსი ფრეიზერი გვთავაზობს. მისი თქმით, ამა თუ იმ დისკურსის სამართლიანობა შეგვიძლია, შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხდება განსხვავებული ჯგუფების აღიარება, რამდენად მხარდაჭერილია მატერიალური სიკეთეების გადანაწილება და რამდენად  უჭერს მხარს დისკურსი გადაწყვეტილების პროცესში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობას.

სამართლიანობის ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვისაუბროთ არ მხოლოდ იმაზე, თუ რა თემები არის დარჩენილი ამა თუ იმ ნარატივის მიღმა, არამედ იმაზეც, თუ რა თემებზე არის საჭირო საუბარი ქვეყანაში უფრო სამართლიანი დისკურსის დასამკვიდრებლად. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ასეთი თემა. ვიმედოვნებ, მათი მონიშვნა მკვლევრებს და აქტივისტებს დაეხმარება პროკაპიტალისტურ, პროსაბაზრო დისკურსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

ერთ-ერთი ასეთი თემა არის ადამიანის ბუნება. ლიბერალური დისკურსის ფარგლებში, ადამიანი წარმოდგენილია როგორც სარგებელსა და დანახარჯის შემცირებაზე ორიენტირებული არსება. ამის საპირწონედ, საჭიროა მეტი ვილაპარაკოთ ადამიანზე როგორც არსებაზე, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ (ჯგუფის თუ მთლიანად საზოგადოების) ღირებულებებზე. სოციალური პოლიტიკის კონტექსტში,  ეს ნიშნავს მეტ საუბარს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ და ვერ ახერხებენ მათი სოციალური გარემოცვისთვის მისაღები ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნებას. ასეთი დისკურსის მთავარი სუბიექტია არა სოციალური პროგრამების პარაზიტი, არამედ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომელიც, გარკვეული გარემოებების გამო, საჭიროებს მხარდაჭერას საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან. ასევე, სოციალური დახმარება საზოგადოების წევრების ურთიერთდახმარების ერთ-ერთ სახეობად შეგვიძლია, რომ  დავინახოთ. ნეოლიბერალიზმის ალტერნატიულ ნარატივში საუბარია კულტურის მნიშვნელობაზე ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისთვის. ეს ნარატივი ორი მიზეზის გამოა პრობლემური: კულტურა აქ ერთიანი სახით არის წარმოდგენილი, ხოლო ცალკეული ადამიანები კულტურული ღირებულებების პასიურ მარიონეტებად არიან წარმოდგენილები. ნაცვლად ამისა, შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მიმართება არსებობს სოციალურ პროგრამებსა და საზოგადოების შიგნით არსებული  სხვადასხვა ჯგუფის სუბკულტურებს შორის. მაგალითად, იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სახელმწიფო შემწეობის სისტემა სხვადასხვა რეგიონში არსებულ ურთიერთდახმარების განსხვავებულ სუბკულტურებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ღარიბები არა მხოლოდ დახმარების პასიური მიმღებები ან კულტურული ღირებულებების მატარებლები არიან, არამედ _ აქტიური სუბიექტები, მოქალაქეები, რომელთაც დახმარების ოდენობისა და ტიპის შესახებ მოლაპარაკებაში შესვლის უნარი შესწევთ.

სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფზე საუბრის დროს, მათთვის დამახასიათებელი სუბკულტურების თემატიზაცია საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მეტს საუბრობდნენ სოციალურ და ეკონომიკურ ჯგუფებზე. საჭიროა იმ უთანასწორობის ხაზგასმა, რომელიც ამ ჯგუფებს შორის არსებობს. ამ ბლოგში განხილულ ორივე ნარატივში საუბარი არის საზოგადოების საერთო ინტერესებსა და იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს(დაკმაყოფილდეს?) ეს საერთო ინტერესი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში. ამ ნარატივების საპირისპიროდ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჯგუფს  განსხვავებული ინტერესები აქვს და საერთო ინტერესებზე საუბრის მიღმა არ უნდა მოხდეს ცალკეული ჯგუფების ინტერესების მიჩქმალვა. მაგალითად, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური პროგრამები  გენდერულ ძალაუფლებაზე ჩაგრულთა ჯგუფების ოჯახების შიგნით. ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რედისტრიბუციული პოლიტიკა არა მხოლოდ ინდივიდუალურ უფლებების კონცეფციას, არამედ კლასობრივ ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

ლიბერალურ ნარატივებში ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მთავარ ამოცანას ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს. ნეოლიბერალურ ნარატივში ამ ამოცანის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებას ვხვდებით _ ყველაფერი, რაც ეკონომიკური ზრდისთვის საზიანოა, მ. შ. სოციალური პროგრამები, მინიმუმ, შესაზღუდია. ალტერნატიულ ნარატივში, შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაში, დასაშვებია ამ ორ მიზანს შორის გარკვეული კომპრომისი, თუმცა ეჭვის ქვეშ არ დგება დებულება, რომლის თანახმადაც, საბოლოო ჯამში, მშპ-ს ზრდა სულ მოსახლეზე არის საზოგადოების წევრების კეთილდღეობის მიღწევის მთავარი საშუალებაც და ინდიკატორიც. უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ სოციალურ განვითარებაზე მიმართული წარმატებული პოლიტიკა დაბალი ფულადი შემოსავლების მქონე საზოგადოებებშიც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ის საკითხიც, თუ რამდენად უნდა წარმოადგენდეს ეკონომიკური ზრდა პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზანს, ასევე დემოკრატიული განხილვის საგანი უნდა გახდეს.

კიდევ ერთი წარმოდგენა, რომელზეც ორივე ნარატივშია საუბარი,  არის წარმოდგენა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის შესახებ. სოციალური პოლიტიკა ამ ნარატივებში წარმოჩენილია, როგორც ჩარევის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც სახელმწიფო განვითარებისთვის საჭირო რესურსებს ართმევს ბაზარს და იყენებს სოციალური პროგრამების განსახორციელებლად.  შესაბამისად, სახელმწიფო და ბაზარი წარმოდგენილი არიან როგორც ორი, მეტ-ნაკლებად გამიჯნული სფერო.

ამის საწინააღმდეგოდ, მეტი საუბარია საჭირო ეკონომიკისა და სახელმწიფო ურთიერთდამოკიდებულების რთულ  ფორმებსა და შედეგებზე. სახელმწიფო ყოველთვის არის ჩართული კერძო პირების საქმიანობაში _ არეგულირებს მათ საქმიანობას; პირდაპირ და ირიბად უნაწილებს რესურსებს და საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, ართმევს კიდეც ამ რესურსებს. ამიტომ სოციალური პოლიტიკა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კერძო და იურიდიული პირების სასარგებლოდ მიმართული საქმიანობის მხოლოდ ერთ-ერთი სახე. რედისტრიბუციული პოლიტიკის ალტერნატივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს საქმიანობა, რომელიც ბიზნესის, განსაკუთრებით კი  მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე არის მიმართული. მაგალითად, დღევანდელ საქართველოში ხშირად  გაისმის მის მოთხოვნა, რომ მთავრობამ, აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარების  ნაცვლად, მეტი რესურსი ჩადოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოთხოვნას ??? ინფრასტრუქტურული პროექტების რეალურ-ეკონომიკური და სოციალური გავლენის საკმარისი შეფასება ხშირად არ გვხვდება.

სტატია მომზადდა კვლევითი სტიპენდიის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე “ბაზარი, სოციალური ინვესტიციები და „პასუხისმგებლიანი“ მოქალაქე – ეკონომიკური ლიბერალიზმი სოციალური პოლიტიკის ექსპერტების დისკურსში” (ავტორი: გია გოთუა) დაყრდნობით.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

  • Baumann, E. (2010, September). Post-soviet Georgia: the rocky path towards modern social protection. Retrieved from http://horizon.documentation.ird.fr/exl-doc/pleins_textes/divers12-06/010053217.pdf
  • Bohle, D., & Greskovits, B. (2007). Neoliberalism, embedded neoliberalism and neocorporatism: Towards transnational capitalism in Central-Eastern Europe.West European Politics30(3), 443-466.
  • Boltanski, L., Chiapello, E., & Elliott, G. (2005).The new spirit of capitalism. London: Verso.
  • Bronner, S. E. (2011).Critical theory: A very short introduction. New York: Oxford University Press.
  • Chang, H.-J., & Grabel, I. (2014).Reclaiming development: An alternative economic policy manual. London : Zed Books
  • Fraser, N. (2009).Scales of Justice: Reimagining Political Space in a Globalizing World. New York: Columbia University Press.
  • Gamble, A. (2013). Economic libertarianism. In : Michael Freeden M. and Stears M. (Eds.) The Oxford Handbook of Political Ideologies.Oxford: Oxford University Press
  • Glennerster, H. (2012). Crisis, retrenchment, and the impact of neo-liberalism (1976-1997). In: Alcock, P., May, M., & Wright, S. (Eds.). The student’s companion to social policy. Chichester, West Sussex:  Wiley-Blackwell. 130-134
  • Jones, S. F. (2013). Georgia: A political history since independence. London: I.B. Tauris.
  • Jones, S. (2015, January 2). Kakha Bendukidze and Georgia’s failed experiment | openDemocracy. Retrieved from https://www.opendemocracy.net/od-russia/stephen-f-jones/kakha-bendukidze-and-georgia%E2%80%99s-failed-experiment
  • North, D. C. (2005).Understanding the process of economic change. Princeton, NJ: Princeton University Press.
  • Polanyi, K. (1957). The great transformation. Boston: Beacon Press.
  • Rekhviashvili, L. (2015, April 3). Exporting Georgia’s Anti-Corruption reforms to Ukraine; What makes them worth replicating? Retrieved September 13, 2016, from http://www.criticatac.ro/lefteast/exporting-georgias-anti-corruption-reforms-to-ukraine-what-makes-them-worth-replicating/
  • Sen, A. (1999). Development as freedom. New York: Knopf.
  • Timm, C. (2010, August). Neopatrimonialism by default. State politics and domination in Georgia after the Rose Revolution. Inworkshop “Neopatrimonialism in Various World Regions”, GIGA German Institute of Global and Area Studies, Hamburg, August (Vol. 23).

დამატება. ნაშრომში გაანალიზებული ტექსტების სია

[1] გაანალიზებული ტექსტების სია იხილეთ ნაშრომის ბოლოს, დანამატში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“