საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს პოლიტიკური პარტიების ხედვებს სოციალური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ისინი უმწვავესი პრობლემების, მათ შორის, უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის, საკვების დეფიციტის, უსახლკარობის, წინაშე დააყენა. ამ პრობლემების მოგვარებაში მუნიციპალიტეტების როლი არსებითია - სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს დეტალურად მოსახლეობის გამოწვევები და გაატაროს მათ საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი ინტერვენციები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები არ ითვალისწინებს წარმოშობილი სირთულეების დაძლევის კონკრეტულ, სპეციფიკურ გზებს.
სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკური პარტიების ხედვები, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და უკიდურესად მწირია, ბლანკეტური ხასიათისაა, აცდენილია მოსახლეობის საჭიროებებს და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის კონკრეტულ გზებს ნაკლებად გვთავაზობს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, პოლიტიკური პარტიები ძირითადად[1] თბილისზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტები მათი ხედვის არეალის მიღმა რჩება.
სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალურ დონეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უსახლკარობა და საცხოვრისის გარანტირების პოლიტიკის არარსებობა/ არაადეკვატურობა წარმოადგენს. მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს უსახლკარობის პრობლემის დაძლევას.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გამოწვევისა, უსახლკარობასთან ბრძოლისა და საცხოვრისის პოლიტიკას მხოლოდ რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ეხება. მაგალითად, ასეთია “ლელო”, რომელიც ამ სფეროში მხოლოდ ზოგადი სლოგანით - “არც ერთი უსახლკარო და მშიერი ბავშვი ქალაქში”, შემოიფარგლება და არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ გეგმას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე ზოგადია “ლელოს” კანდიდატის - ანა ბიბილაშვილის - ხედვა, რომელიც ეხება ხელმისაწვდომი სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის 10 - წლიანი პროგრამის განხორციელებას, 5 სპეციალიზებული დაწესებულების მშენებლობას ხანდაზმულთათვის, ასევე, უსახლკარო, “მათხოვარი”[2]ბავშვების საჭიროებების შესწავლასა და მათი სოციალიზაციის პროგრამის განხორციელებას. აღნიშნული დაპირებების მიღმა, ბუნდოვანია, საცხოვრისის სერვისების ფუნქციონირების რა კონკრეტული ხედვა აქვს კანდიდატს, რამდენ ადამიანზე და რომელ ჯგუფებზე იქნება ეს ინიციატივები გათვლილი.
მეორე მხრივ, “საქართველოსთვის” კანდიდატის - გიორგი გახარიას, ხედვა მხოლოდ მწირად ეხება საცხოვრისის პრობლემას, ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის რესურსების ზრდას და არ მოიცავს უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის შემუშავების ან/და ტრანსფორმაციის რაიმე ტიპის ხედვას. გაცილებით უფრო კონკრეტულია პარტიის “მესამე ძალა” კანდიდატის - თამარ კეკენაძის, ხედვა, რომელიც ისეთი ღონისძიებების გატარებას ეხება, როგორიცაა, უსახლკარობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია, უსახლკაროთა მუდმივად განახლებადი აღრიცხვიანობის სისტემის შექმნა, უსახლკარო პირთა დეფინიციის კომპლექსური განსაზღვრა და მათი მუდმივი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა განათლების უფლების რეალიზაცია და სოციალური ინტეგრაცია.
მოცემულ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს “ქართული ოცნებაც”, რომლის თბილისის პროგრამა აღიარებს უსახლკარობას, როგორც ერთ-ერთ მწვავე პრობლემას. მერობის კანდიდატი - კახა კალაძე - უთითებს, რომ ამჟამად უსახლკაროდ მრავალი ოჯახია დარჩენილი, თუმცა, უსახლკარო პირთა სტატისტიკა როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ არსებობს. მერობის კანდიდატი ასევე ხაზს უსვამს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ჩამოაყალიბეს “უსახლკარობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის გზები” და მიჰყვებიან შესაბამის სამოქმედო გეგმას. ბუნდოვანია, რა იგულისხმება ამ მექანიზმებში მაშინ, როდესაც ამ სფეროში როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე მინიმალურადაც კი არ არის ჩამოყალიბებული მწყობრი პოლიტიკა და ამ მიმართულებით არ არის იდენტიფიცირებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები თუ მათ მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები. ამასთან, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი თვეობით ელის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ, ასობით უსახლკაროდ დარეგისტრირებული ადამიანი კი საცხოვრისის სერვისით (რომელიც თავის მხრივ არაადეკვატური და უკიდურესად პრობლემურია) დაკმაყოფილების მომლოდინეთა რიგშია, რთულია, თბილისის მასშტაბით მიღებულ ფრაგმენტულ ზომებს ეფექტიანი ეწოდოს.
ამჯერად “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა გვთავაზობს “მზრუნველი ქალაქის” კონცეფციას, რომლის სლოგანიცაა - “არც ერთი უსახლკარო ოჯახი” და რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალი პროგრამის შექმნას, რომლითაც მოხდება უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრისის შეძენა და მათთვის სარგებლობაში გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინიციატივა უსახლკარობასთან ბრძოლის მიმართულებით შესაძლებელია ეფექტიანიც აღმოჩნდეს, პროგრამაში არსებული დაპირება ზოგადი და ბუნდოვანია. კერძოდ, ჩნდება კითხვები, თუ 1) კონკრეტულად რომელი უსახლკარო ჯგუფები[3] არიან მოაზრებულნი აღნიშნულ ინიციატივაში; 2) რა ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა იგეგმება; 3) უსახლკარობის მასშტაბის შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, როგორ მოხდება იმის შეფასება, სრულად აღმოიფხვრა თუ არა უსახლკარობა მუნიციპალიტეტში; 4) რას გულისხმობს სარგებლობაში გადაცემის კონცეფცია; 5) რა ბედი ეწევა თბილისში ამჟამად მოქმედ საცხოვრისის სერვისებს.
იგივე კითხვები ჩნდება “ქართული ოცნების” ცალკეული მუნიციპალიტეტების (ყაზბეგი, ლანჩხუთი, ქედა, ლენტეხი, ცაგერი, ჩოხატაური) საარჩევნო პროგრამებთან მიმართებით, რომლებიც მხოლოდ ზოგადად, კონკრეტული მექანიზმების მითითების გარეშე, ითვალისწინებს უსახლკარო ოჯახებისათვის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ჩამოყალიბებას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ცალკეული პარტიების ფოკუსირებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ბინათმშენებლობებისგან დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერა,[4] ღონისძიებები ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ,[5] ავარიული სახლების შეკეთება ან/და ჩანაცვლება,[6] თუმცა, ნაკლებად არის ისეთი პრობლემების მოგვარებაზე საუბარი, როგორიცაა, საცხოვრისის სფეროს ფინანსიალიზაცია, ჯენტრიფიკაცია, თბილისის ზოგადი ურბანული დაგეგმარების პრობლემები.[7]
ცალკეული პარტიების პროგრამები ასევე ეხება სოციალური დაცვის სისტემის ფუნქციონირების სხვა საკითხებსაც. ამ სფეროში “ქართული ოცნების” რეგიონების პროგრამების მსჯელობის უდიდესი ნაწილი[8] იდენტურია და ეთმობა არა მუნიციპალურ, არამედ ცენტრალურ დონეზე მოქმედ მხარდაჭერის პროგრამებს (მაგ. სოციალური შემწეობა, სოციალური პაკეტები, დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერა, პანდემიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებული მხარდაჭერა). პარტიის პროგრამებში სოციალურ სისტემასთან დაკავშირებული ხედვების 1) ფორმულირება ყველა მუნიციპალიტეტისთვის ფაქტობრივად იდენტურია, რაც მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ცოდნის არარსებობაზე; 2) მათი უმრავლესობა ზოგადია და არ ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტულ ღონისძიებებს;[9] 3) მათი გარკვეული ნაწილი მხოლოდ არსებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების გაგრძელებაზე (და არა, მაგალითად, ტრანსფორმაციაზე, გაზრდაზე) მიუთითებს;[10] 4) დასახული გეგმების გარკვეული ნაწილი ცენტრალური, და არა მუნიციპალური, ხელისუფლების ფუნქციაში შედის.[11]
მეორე მხრივ, პროგრამა “რეგიონები საქართველოსთვის” ეხება სოციალური დაცვის სისტემის ადგილობრივ დონეზე განვითარების აუცილებლობასა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას. ამ მიმართულებით პარტიის დაპირებებს შორისაა სოციალური სერვისებისთვის ადგილობრივ დონეზე უფრო მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფა და სერვისების გამარტივება. დამატებით, “საქართველოსთვის” კანდიდატის - გიორგი გახარიას, ასევე, “ძალა ერთობაშია” კანდიდატის - ნიკა მელიას, ხედვები მოიცავს მუნიციპალური სოციალური დახმარების სისტემის ცვლილებასა და უფასო სასადილოების სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა მათი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებები ამ შემთხვევაშიც არ არის მოცემული.
ცალკეული პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები ზედაპირულად და ფრაგმენტულად ითვალისწინებს შშმ პირთა მხარდაჭერის საკითხებს, თუმცა, მათი უმეტესობა ძირითადად ინფრასტრუქტურის ადაპტირებასა[12] და ინკლუზიური განათლების მისაწვდომობას[13] ეხება. სამწუხაროდ, ცალკეული პროგრამების დაპირებებში კვლავ გვხვდება არაკორექტული, სტიგმის შემცველი, ტერმინები - მაგალითად, “ინვალიდი” (“ქართული ოცნების” ახმეტის პროგრამა), “ლოგინს მიჯაჭვული პირები” (“ქართული ოცნების” ახმეტის და შუახევის პროგრამები).
მეორე მხრივ, “ლელოს” კანდიდატის - ანა ბიბილაშვილის ხედვა, ასევე, პროგრამა “რეგიონები საქართველოსთვის” იძლევა შშმ პირებისათვის დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მხარდაჭერის გაძლიერების დაპირებას - თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ღონისძიებები იგულისხმება ამ დაპირებების მიღმა, რომელ ჯგუფებს მიემართება ინიციატივა და მუნიციპალიტეტის მხრიდან რა ტიპის ჩართულობა არის მოაზრებული მის იმპლემენტაციაში.
შშმ პირებთან მიმართებით საინტერესო დაპირება აქვს “ქართული ოცნების” თბილისის პროგრამას. დოკუმენტი ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებასა და განხორციელებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემული სერვისის ამოქმედების ვალდებულება მუნიციპალიტეტებს ისედაც გააჩნიათ “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონის მიხედვით. შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რატომ აღმოჩნდა კანონისმიერი ვალდებულება წინასაარჩევნო, პოლიტიკური, დაპირების საგანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სოციალური პოლიტიკა არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტს. ამ სფეროში პოლიტიკური სუბიექტების დაპირებების უმეტესი ნაწილი კვლავ ზედაპირულია, აქვს ლოზუნგის სახე და ნაკლებად ემყარება ადგილობრივი მოსახლეობის უმწვავეს საჭიროებებს, რაც პანდემიის მიმდინარეობისას გაცილებით უფრო დამძიმდა.
[1] ამ შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენს პარტიების - “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (მხოლოდ ცალკეულ ქალაქებთან მიმართებით, მაგ. რუსთავი, ბათუმი, ფოთი) და “საქართველოსთვის” - საარჩევნო პროგრამები.
[2] ხაზგასმა ჩვენია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
[3] მაგ. რამდენად მოიაზრებს აღნიშნული ინიციატივა უსახლკაროთა მუნიციპალურ სერვისში განთავსებული პირებს; ადამიანებს, რომლებიც გამოსახლებას არიან დაქვემდებარებულები, პირებს, რომლებმაც თვითდახმარების მიზნით, უნებართვოდ დაიკავეს საჯარო თუ კერძო შენობები ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე საცხოვრისები ააშენეს.
[4] “ქართული ოცნების” თბილისის პროგრამა, “საქართველოსთვის” კანდიდატის - გიორგი გახარიას, ხედვა, “მესამე ძალა” კანდიდატის - თამარ კეკენაძის, ხედვა.
[5] “ქართული ოცნების” თბილისის პროგრამა, “საქართველოსთვის” კანდიდატის - გიორგი გახარიას, ხედვა, “მესამე ძალა” კანდიდატის - თამარ კეკენაძის, ხედვა.
[6] “ლელოს” კანდიდატის - ანა ბიბილაშვილის ხედვა, “ქართული ოცნების” თბილისის პროგრამა, “საქართველოსთვის” კანდიდატის - გიორგი გახარიას, ხედვა, “მესამე ძალა” კანდიდატის - თამარ კეკენაძის, ხედვა, “ძალა ერთობაშია” კანდიდატის - ნიკა მელიას, ხედვა.
[7] ამ მიმართულებით შედარებით კონკრეტულია “ლელოს” კანდიდატის - ანა ბიბილაშვილის ხედვები.
[8] გამონაკლისს წარმოადგენს ცალკეული მუნიციპალიტეტები (მაგ. ლენტეხი, ონი, ლანჩხუთი), რომელთა მიმართებითაც, იდენტური ფორმულირებების პარალელურად, პარტიას წარმოდგენილი აქვთ ხედვები კონკრეტული სერვისების შექმნის მიმართულებით.
[9] “გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები, ყოველი მოქალაქის სხვადასხვა სოციალური რისკებისაგან დაცვის მიზნით”; “გაიზრდება მუნიციპალიტეტის მხრიდან სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება”; “დაიხვეწება და გაფართოვდება სოციალური სფეროს მუნიციპალური პროგრამები”.
[10] “მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახები კვლავ უზრუნველყოფილნი იქნებიან საარსებო შემწეობით”; “გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფებისათვის სოციალური პაკეტის გაცემა”.
[11] “შეიქმნება მდგრადი, ეფექტიანი, კოორდინირებული სოციალური დაცვის სისტემის საკანონმდებლო გარანტიები”; “გაუმჯობესდება დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემა”; “გაიზრდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ხარისხი და ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”, “გაიზრდება სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიზნობრიობა და ეფექტიანობა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით”, “განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმების ეფექტიანი პოლიტიკა;“ ”შეიქმნება/დაიხვეწება და განვითარდება საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანომდებლობა“; ”გაჩნდება და დაიხვეწება შრომითი მიგრანტების (ემიგრანტები/იმიგრანტები) უფლებების დაცვის გამართული და ქმედითი მექანიზმები“; ”გაგრძელდება ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა”.
[12] მაგალითად, პროგრამა “რეგიონები საქართველოსთვის”, “ძალა ერთობაშია” კანდიდატის - ნიკა მელიას, ხედვა, “ლელოს” კანდიდატის - ანა ბიბილაშვილის ხედვა, “მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი”.
[13] მაგ. ქართული ოცნების” თბილისის პროგრამა, პროგრამა “რეგიონები საქართველოსთვის”.
ინსტრუქცია