საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში საარჩევნო კამპანიები ძირითადად პიროვნული კულტის ირგვლივ მიმდინარეობს, ნაკლებად ეყრდნობა იდეოლოგიებს და პოპულისტური დაპირებებით შემოიფარგლება. პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საარჩევნო პროგრამები, რაც გამოხატავს თუ რამდენად თანმიმდევრული, გააზრებული და კომპეტენტურია მმართველობისთვის მებრძოლი ჯგუფების ხედვა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. წინა არჩევნების მსგავსად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც, რიგი პოლიტიკური პარტიების პროგრამები და მათი ხედვის დოკუმენტები გვიან გამოქვეყნდა, დიდ ნაწილს კი, ამ დრომდე, არ გამოუქვეყნებიათ, რაც წინასაარჩევნო პროცესებს შინაარსობრივი მსჯელობის მიღმა ტოვებს.
საქართველოში წინასაარჩევნო გარემო, როგორც წესი პოლარიზაციით გამოირჩევა და მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებების, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებისა და ღია ანტიდასავლური რიტორიკის გამო, მიმდინარე არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს შორის წარმოდგენილია არამხოლოდ როგორც ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ აღქმულია, როგორც რეფერენდუმი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის. ამასთან, ეს არჩევნები იმითაც არის გამორჩეული, რომ მოქმედი პრეზიდენტი ერთი მხრივ წარმოდგენილია, როგორც აქტიური კოორდინატორი ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის და მეორე მხრივ, ის არ ერიდება მმართველი პარტიის ღიად კრიტიკასაც. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა დააინიცირა „ქართული ქარტია“, რომელსაც ხელი თვრამეტმა პოლიტიკურმა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა, რითიც აიღეს ვალდებულება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გარდა, ჩამოაყალიბებენ ტექნიკურ მთავრობას და ერთი წლის ვადაში ჩაატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.[1]
ამ კონტექსტში, როცა წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფრთხეების და პოლიტიკური ვენდეტის ირგვლივ არის კონცენტრირებული, მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამასთან, როგორც წესი, ეს საკითხები მჭიდროდ უკავშირდება ქალთა საჭიროებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საარჩევნო პროგრამების გენდერული მგრძნობელობისა და ქალი ამომრჩევლების ინტერესების მიმოხილვაც. საგულისხმოა, რომ სოციალური დაცვა და გენდერული თანასწორობა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივასაც, რადგან ეს საკითხები წარმოადგენს ევროპული იდეის ერთ-ერთ საკვანძო ასპექტს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას.
წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს სამი პოლიტიკური გაერთიანების და სამი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამასა და ძირითად ხედვებს გენდერული თანასწორობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. დოკუმენტი ეყრდნობა, როგორც გამოქვეყნებულ პროგრამებს, ასევე პოლიტიკოსების მიერ, საჯაროდ გაკეთებულ პრეზენტაციებსა და განცხადებებს. კერძოდ, დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური მონაწილეობა, ოჯახში ძალადობა, ხანდაზმულთა დაცვა, სოციალური შემწეობა, დასაქმება და ღირსეული შრომა, სათანადო საცხოვრისი, მიგრაცია და დემოგრაფია. შერჩეულ იქნა ის პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, რომლებიც ერთი მხრივ წარმოდგენილნი არიან მოქმედ პარლამენტში და მეორე მხრივ, სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევით აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი.[2] კერძოდ, დოკუმენტი მიმოიხილავს შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს (რიგითობა განსაზღვრულია საარჩევნო ნომრის მიხედვით) :
[1] ქართული ქარტია. 26 მაისი, 2024. ხელმისაწვდომია: https://president.ge/index.php?m=209&news_id=2211&lng=geo
[2] კომპანია SAVANTA-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (11.10.2024)
„გორბის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (08.10.2024)
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები (13.09.2024)
ინსტრუქცია