[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

სოლიდარობა ისლამში: ზაქათი, ხუმსი, სადაყა და ყოველდღიური მხარდაჭერის პრაქტიკები

პანდემიის და მასთან დაკავშირებული ღრმა სოციალური კრიზისის დროს თვალშისაცემი იყო სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოცდილებები ისლამურ საზოგადოებებში. აჭარაში, პანკისში, ქვემო ქართლში სიღარიბის წინაშე მდგარი ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად ვიხილეთ სოლიდარობის და თანადგომის უნიკალური მაგალითები: ქართველი მუსლიმი ქალები სოფელი მარადისიდან, რომლებმაც კორონავირუსით დაავადებულ მეზობელ ქალს მიწა დაუმუშავეს[1]; აკრძალვების პირობებში მარნეულის სოფლებში ვირით ჩამოტარებული რესურსები იმამ ალის მეჩეთიდან[2]; უსასყიდლოდ გაცემული პური თონეებიდან პანკისში[3], ხულოში ახალგაზრდების სპონტანურად შექმნილი ერთობა ქველმოქმედებისთვის[4], და სხვა კიდევ უფრო ორგანიზებული მხარდაჭერის გამოცდილებები. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური დაცვის სისტემები ვერ პასუხობდა მოსახლეობის დიდი ნაწილის საჭიროებებს და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს საკვებზე, მედიკამენდებზე და სხვა ბაზისურ საჭიროებებზე წვდომა შეეზღუდათ, თვითორგანიზებული სოლიდარობის და რესურსების გაზიარების პრაქტიკებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალური კრიზისის შემსუბუქებაში. ჩვენ დავინტერესდით ისლამში სოლიდარობის იდეის თეოლოგიური და სოციალური განზომილებით და აჭარაში, წალკაში, მარნეულსა და პანკისში მოღვაწე სასულიერო პირებთან და აქტივისტებთან ინტერვიუები ჩავწერეთ. როგორც ინტერვიუებიდან გამოჩნდა სოლიდარობის სხვადასხვა პრაქტიკები (ზაქათი, იგივე ზექათი, ხუმსი, სადაყა და სხვა ქველმოქმედების ფორმები) მუსლიმური საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილია და მას რელიგიური, პერსონალური და სოციალური შინაარსი აქვს. მუსლიმები ამ პრაქტიკებით რესურსებს, მხარდაჭერას და თანადგომას უზიარებენ, ხშირად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების განურჩევლად, და ეს მათთვის სამეზობლო და სოციალური ერთობის საფუძველია.

ცხადია, სოლიდარობის პრაქტიკები სხვა რეგიონებში[5], თემებში[6] და რელიგიურ სივრცეებში ასევე გვხვდება. წარმოდგენილ ტექსტში ისლამის და მუსლიმი თემების პერსპექტივა გვინდა ვაჩვენოთ.  ატომიზებულ საზოგადოებაში, რომელიც დაგროვების, ინდივიდუალური წარმატების და კონკურენციის იდეალებზე დგას, სოლიდარობის ტრადიციასა და მის ცოცხალ პრაქტიკას არა მხოლოდ კონკრეტული დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკური პოტენციალიც შეიძლება აღმოაჩნდეს.    

 

ზექათი/ზაქათი და ხუმსი

აქტივისტი ზაზა მიქელაძე (აჭარა, წალკა): „ზაქათი ფინანსური მოწყალების გაღების პრაქტიკაა. ეს მათთვის არის, ვისაც აქვს გარკვეული რაოდენობის ქონება. წლის განმავლობაში მათ გარკვეული ნაწილი უნდა გაიღონ გაჭირვებულებზე. თუმცა ისლამი, როგორც სხვა რელიგიები, არაერთგვაროვანია. არ არსებობს ზაქათის მხოლოდ ერთი ფორმა,  მას მრავალი ინტერპრეტაცია და განზომილება აქვს. სუნიტური შტო სხვანაირად აანალიზებს მას, შიიტური - სხვანაირად. შიგნით კიდევ არის სახესხვაობები. მაგრამ ცენტრალური იდეაა მოწყალების გაღება - ესაა პრაქტიკა, ვალდებულება სხვებთან სოლიდარულობის გამოცხადების. ესაა ყოველწლიური ვალდებულება მუსლიმი ადამიანებისთვის, ერთჯერადი არაა და პროპორციულია იმ ქონების, რაც გაგაჩნია. წმინდა წერილი საუბრობს, რომ ეს მხოლოდ ტრადიცია არაა, არამედ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ისლამისთვის.“

თეოლოგი რეზო მიქელაძე (აჭარა): „ისლამი არის ხუთ ბურჯზე დაფუძნებული. 1)  ღმერთისა და შუამავალის არსებობის დადასტურება 2) დღეში 5-ჯერ ლოცვა, 3) წელიწადში 1 თვე მარხვა, 4) ზექათი და 5) მოლოცვა, ჰაჯობა. ოღონდ აუცილებელი ფაქტორია ის, რომ ადამიანს ჰქონდეს ფიზიკური შესაძლებლობა ამ ყველაფრის შესრულების. მაგალითად, მოლოცვა და ზექათი უფრო მდიდრებს ევალებათ, ასევე მარხვის დროს არსებობს გამონაკლისები ჯანმრთელობის პრობლემების გამო. მდიდარი მუსლიმი ვალდებულია, გაიღოს ქონება. არსებობს ჩვეულებრივი ქველმოქმედება და ზექათი. შუამავალი   თავის სიტყვაში ხშირად მოუწოდებდა ხოლმე სხვებს ქველმოქმედებისკენ, მაგრამ ზექათი ადამიანების ნებაზე არაა დამოკიდებული, ვალდებულებაა. როგორც სახელმწიფოს გადასახადებს ვუხდით 19-20%-ს და ეს ყველას მოვალეობაა, ასევეა მუსლიმების მოვალეობა ქონების გაცემა. ზექათი განწმენდს ადამიანის ქონებას, რაც მას ღმერთმა მიანიჭა. მორწმუნეებმა ჩვენი ქონების დაახლოებით 2.5% უნდა გავცეთ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების გამოცდაა მდიდრად და ღარიბად ყოფნა, ამიტომ ღმერთი გავალდებულებს, არსებული დისბალანსი ამ ფორმით აღმოიფხვრას. ზექათი გაიცემა მუსლიმზე, თუმცა თუ ადამიანი მოწმუნე არაა ან სხვა რელიგია აქვს, მნიშვნელოვანია მათი დახმარებაც. მაგალითად, ბავშვი მშიერი არ იყოს. ასევე თუ მეზობელი მშიერი გყავს (არ აქვს მნიშვნელობა მის რწმენას), ისლამში მნიშვნელოვანია მათი დახმარება. ამას ისლამში სადაყა ჰქვია. ქველმოქმედება ნებისმიერ ადამიანზე გაიცემა ეთნიკური, რელიგიური ნიშნის განურჩევლად.“

შეიხი აბდულქერიმ ქავთარაშვილი (პანკისი): „სიტყვა ზაქათის პირდაპირი მნიშვნელობაა: განვითარება, ზრდა, დამატება, ბარაქა და გასუფთავება. შარიათით მისი მნიშვნელობა არის ქონებიდან  გარკვეული თანხის გაცემა, გარკვეული  პირობებით კონკრეტულ ადამიანებზე. ყურანში ალლაჰი ბრძანებს: „აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი“ (9:103). ზაქათის ძირითადი არსი ის არის, რომ ადამიანი განიწმინდოს სიხარბისგან და მომხვეჭელობისგან, იყოს ღმერთის მადლიერი, დაეხმაროს გაჭირვებულებს. ზაქათი აძლიერებს თანაგრძნობასა და მოწყალებას ადამიანებს შორის, ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას და სუსტდება საზოგადოების დაყოფა ორ ნაწილად (მდიდრები და ღარიბები). ზაქათი ყურანში სიტყვა „მოწყალებითაც“  არის ხსენებული: „მოწყალება არის უპოვრებისთვის, გაჭირვებულებისთვის, მასზე [ზაქათზე] მომუშავეთათვის, ვისი გულიც მოსალბობია, ტყვეთა გამოსასყიდად, მოვალეთა დასახმარებლად, ღმერთის გულისთვის და მგზავრთათვის. ასეთია ღვთიური ვალდებულება. უეჭველად, ღმერთი ყოვლისმეცნიერია, ბრძენთაბრძენი“ (9:60). ზაქათი იყოფა ორ ნაწილად: ქონებიდან ზაქათის გაცემა და ფიტრის ზაქათი, რომელიც რამადანის თვის მარხვის დამთავრებისთანავე უნდა გაიცეს.“

შეიხი მირტაგი ასადოვი (მარნეული): „სუნიტ ძმებთან თუ ორი რამ გაერთიანებულია და ზექათის სახელით არის ცნობილი, შიიტურ კანონებში ეკონომიკური მხარდაჭერის პრაქტიკა ორ ნაწილად იყოფა - ზექათი და ხუმსი. ხუმსი ფულის გადასახადს გულისხმობს, ზექათი - მსხვილფეხა საქონლის, მოსავლის, ოქროულობის გადასახადს.[7] თვითონ ხუმსი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი არის ღარიბებისა და სეიდების წილი და მეორე - იმამების ნაცვალების (მათ მონაცვლეებზე, აიათოლებზე, ან ადგილზე მათ წარმომადგენლებზე ნაწილდება). ამ წილიდან ფინანსდება სასულიერო პირებისა და სასწავლებლების სწავლის გადასახადი, კვება, მედრესეების აგება და სხვა. თუმცა ამ მიმართულებით თანხის შეგროვება ნებისმიერს არ შეუძლია, მხოლოდ ნებართვით ხდება. ხუმსის წილი იმიტომ იხარჯება სასულიერო პირებსა და სასწავლებლებზე, რომ სასულიერო პირებისთვის მთავრობისგან აღებული ფული შიიტებისთვის არ მიიჩნევა მართებულად. სასულიერო პირს უნდა ჰქონდეს თავისუფლება მიუმხრობლად ლაპარაკის, რომ სახელმწიფოს უსამართლობაზე თვალი არ დახუჭოს. ამიტომ არ არის გამართლებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსდნენ სასულიერო პირები და სასწავლებლები.“

 

პანდემია და მხარდაჭერა

აქტივისტი რამზან გორგიშვილი (პანკისი): „პანკისში თანადგომა შესამჩნევია განსაკუთრებული გაჭირვების ჟამს, ეს არ გააქტიურებულა მხოლოდ კორონავირუსის პერიოდში. რადგან კორონავირუსმა ბევრი ოჯახი დააზარალა, ხელფასების გარეშე ბევრი ადამიანი დარჩა. ამას დიდი ასახვა ჰქონდა ყველა ოჯახის ეკონომიურ მდგომარეობაზე. პანკისში მოქალაქეები თონეში ფულს ტოვებდნენ-ხოლმე, რომ ამ თანხით გაჭირვებულ ოჯახებს პური უფასოდ წაეღოთ. ადამიანები ფულსაც არიგებდნენ და საზღვარგარეთიდანაც გზავნიდნენ გაჭირვებულების დასახმარებლად. ჩვენ ადგილზე მოვბილიზდით, აუცილებელი პროდუქტები შევიძინეთ და 100-მდე ოჯახს დავეხმარეთ ომალოში, ხალაწანში, ბირკიანში და ძიბახევში. აქცენტი გვქონდა მრავალშვილიანებზე, მარტოხელა მოხუცებზე, ობლებზე და სოციალურად დაუცველებზე. ეს ჩვეულებრივი ადამიანების ჯიბიდან დაფინანსდა. ჯოყოლოში კი ნაზის საოჯახო სასტუმრომ, რომელიც ტურიზმის სექტორშია, მაგრამ ასევე სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, მოიძია ფინანსები თავისი დამსვენებლებისგან პროდუქტის საყიდლად. ეს აქტივისტებისა და თანხების მობილიზების გზით ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული ნაბიჯი იყო. რადგან პანდემია რამადანის, მარხვის თვეს დაემთხვა, ზაქათიც ამისკენ იყო მიმართული.“

შეიხი მირტაგი ასადოვი (მარნეული): „იმამ ალის მეჩეთმა პანდემიის დროს ძალიან ბევრი იმუშავა. სასურსათო მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრებიც კი გვქონდა, მათ ბევრი სურსათი გასცეს და ფონდმა უზრუნველყო ამ ყველაფრის ორგანიზება. სახელმწიფო დახმარების კალათები რეგიონში მაინც მცირე იყო. ამიტომ ჩვენ დამატებითაც ვეხმარებოდით. პანდემიის დროსაც პირადად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ბავშვის საკვებზე მუნიციპალიტეტი მათ ვერ დაეხმარა.  ამ კუთხით ბევრს დავეხმარეთ.“

ოქტაი ქაზუმოვი (ლიტერატორი, მცხეთა-მთიანეთი): „იმამ ალის მეჩეთის საქმიანობა, ჩემი აზრით, თითქმის უპრეცენდენტოა სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებითაც კი. ამერიკაში როცა ვიყავი, ნევადას შტატში შევხვდი სუნიტების ჯგუფს, რომლებსაც 1 წლის დაწყებული ჰქონდათ ამ ტიპის საქმიანობა. მოვუყევი ჩვენს გამოცდილებაზე და ძალიან დაინტერესდნენ, რადგან იმამ ალის ფონდი შეიქმნა საერთაშორისო გამოცდილების გარეშე, სრულიად ადგილობრივ კონტექსტში, ადგილობრივების მიერ. მას 13 წევრი ჰყავს, რომლებიც ხელფასს არ იღებენ, მხოლოდ ფულს აგროვებენ და აღნუსხავენ, სწავლობენ ადამიანების მდგომარეობას და საჭიროებებს და ამის მიხედვით ეხმარებიან მათ. ვინმეს თუ გასაჭირი აქვს, ხშირად მთავრობას მიმართავს-ხოლმე, მაგრამ როცა იქიდან უარით ისტუმრებენ ან მუნიციპალიტეტის დახმარება არასაკმარისია, ბევრი უკავშირდება ამ ფონდს.“

თეოლოგი რეზო მიქელაძე (აჭარა): „კორონას მწვავე პერიოდში ძალიან შესამჩნევი იყო ქველმოქმედებისა და ზექათის მაღალი მაჩვენებელი ჩვეულებრივი ადამიანებისგან. ჩვენ აპრილში ბათუმის მასშტაბით ახალგაზრდები გვეხმარებოდნენ, რომ მარხვის პერიოდში ადამიანებთან მისულიყო სურსათი. ჩვენ პროდუქტი მიგვქონდა არა მხოლოდ მუსლიმებთან, ადამიანები არ გაგვირჩევია ერთმანეთისგან, შევეცადეთ ყველასთან მისულიყო პროდუქტი. 4000-5000 კალათაც კი არ იყო საკმარისი ამხელა კრიზისის პერიოდში. თავის მხრივ, ახალგაზრდებიც თვითორგანიზდნენ და თავადაც უძღვებოდნენ პროცესებს. ამას გარდა, სახელმწიფომ გაზთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებით როდესაც ბარიერი დაამტკიცა, ნათელი იყო, რომ ბევრი დიდი ოჯახი გადასცდებოდა მინიმუმს, თან ღარიბ ხალხს ნაკლებად აქვთ ისეთი ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ელექტროენერგიას დაწვავს. ვეცადეთ ელექტროენერგია და გაზი არ ჩაეჭრათ ამ ხალხისთვის და მოვიკვლიეთ ასეთი ოჯახები. მარხვის დროს ფიტრასაც[8]   საკმაოდ ბევრი მუსლიმი იხდის და ვცდილობდით მათთვის ადრესატები გვეპოვა.

თუმცა შესამჩნევია, რომ ზექათს და ფიტრას უფრო მეტად საშუალო ფენა უფრო იხდის, მდიდრები ნაკლებად იხდიან. ვფიქრობ, ეს იმიტომაა, რომ მდიდარი ფენა საზოგადოებისგან დაცილებულია - მარშუტკაში არ ჩამჯდარა და ვერ ხედავს, რა გაჭირვებაში ცხოვრობენ ადამიანები. ეს გადასახადი იმდენიც არაა, რომ ადამიანმა მას თავი აარიდოს. ალბათ უფრო მეტად მტკიცე რწმენის დეფიციტია. ადამიანმა უნდა იცოდეს და შეიმეცნოს, ვინაა ამ ქონების მომმადლებელი. არავინ უნდა ფიქრობდეს „მე ვიღვაწე და ეს მე მოვიხვეჭე.“ უნდა ფიქრობდეს, რომ მან უნდა მისცეს გაჭირვებულს. ამ ბოლო დროს უფრო მეტად დაიწყეს ადამიანებმა ზექათის გადახდა, თუმცა მნიშვნელოვანია, თაობები აღვზარდოთ სწორად და ვასწავლოთ, რომ ამ ქვეყნიდან ყველა ხელცარიელი მივდივართ და მხოლოდ სიკეთე გაგვყვება.“

 

სოლიდარობის პრაქტიკები ყოველდღიურობაში

აქტივისტი ზაზა მიქელაძე (აჭარა, წალკა): „ისლამი აუცილებლად მოიცავს ქველმოქმედებას. ქველმოქმედება მნიშვნელოვანია განურჩევლად რელიგიური ან სხვა იდენტობისა და ვალდებულია მუსლიმი, რომ თუ ვინმეს უჭირს, მას დახმარება გაუწიოს. დახმარება არის ფსიქოლოგიური, სოციალური, ქმედითი, ფინანსური, ფიზიკური განურჩევლად განსხვავებულობისა. ხშირად წმინდა წერილში გადარჩენა საიქიო ცხოვრებაში ეფუძნება კეთილის ქმედთ და ქველმოქმედთ, რომლებიც სხვების დასახმარებლად გაიღებენ სიკეთეს. სიკეთე და ქველმოქმედება არის ფუნდამენტური და ამის გარეშე სოციალური განზომილება წარმოუდგენელია. ეს ჰუმანიზმზე დაფუძნებულ კავშირებს გულისხმობს. მაგალითად, მოციქული მედინაში რომ ცხოვრობდა, პირველად შესაწირის წილს იუდეველებს და ქრისტიანებს გაუზიარებდნენ ხოლმე. ამით იმის დემონსტრირება ხდებოდა, რომ ადამიანს აქვს ცენტალური მნიშვნელოვბა სხვა ყველაფერთან შედარებით. ისლამში სოლიდარობის პრაქტიკა მრავალგანზომილებიანია და რთულია ერთ რამემდე დაყვანა. ჩემი გაგებით, ისიც იგულისხმება, რომ სხვების უფლებები არ დაარღვიო, სხვა არ შეზღუდო, დევნილ გაჭირვებულზე იზრუნო, არ განიკითხო. საკმაოდ მრავალშრიანია ეს პრაქტიკა, მხოლოდ ფინანსურ ქველმოქმედებამდე არ დადის და აქვს ფსიქოლოგიური, მოქალაქეობრივი განზომილებაც.“

თეოლოგი რეზო მიქელაძე (აჭარა): „ისლამში ცოდვად ითვლება ის, თუ იცი, რომ კონკრეტული ადამიანი მშიერია და პურის ფულს არ აძლევ. ასევე, ისლამის პირველი ბრძანებაა, რომ დაეხმარო მას, ვინც განათლებას იღებს. ისლამში განათლების მიღება ვალდებულებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი თეოლოგიას სწავლობს თუ სხვა რამეს, მათი დახმარება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით და სტუდენტებს გარკვეულწილად ვეხმარებით, ზოგს სწავლის გადასახადით, ზოგს - სახლის თუ საკვების, რათა ისინი არ დაბრკოლდნენ განათლების მიღებისას და ჰქონდეთ შესაძლებლობები.“

აქტივისტი ზაზა მიქელაძე (აჭარა, წალკა): „აჭარლებში თანადგომის პრაქტიკა ძალიან ხშირია. ეს შეიძლება იყოს სოფლად ცხოვრებიდან გამომდინარე, ასევე მჭიდრო ნათესაურ-მეზობლური ურთიერთობების გამო, ამასთან ხელოვნურად შექმნილი დანათესავების ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს და მასზე დაშენებულ სოლიდარობას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი პრაქტიკა აჭარლებში რელიგიურ შეხედულებებსაც უკავშირდებოდეს. აჭარლებში, მათ შორის, აჭარელ ეკო-მიგრანტებს შორის თანადგომა მოიცავს სამოქალაქო საქმიანობაში ფინანსურ, ან ფიზიკურ თანადგომასაც: ადგილობრივების მიერ გზის შეკეთებას, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ჩართულობას იმით, რისი შესაძლებლობაც გაქვს. მეზობლური ურთიერთობის ფორმირების პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, თუ მეზობელს მშიერია და არ აქვს შესაძლებლობა, ხოლო შენ გაქვს საჭმელი, არ გაქვს უფლება, რომ მისი თანადგომის გარეშე დანაყრდე და დაიძინო. ეს მნიშვნელოვანია განურჩევლად რელიგიისა. აჭარელი ადამიანის ცხოვრებაში სოლიდარობა და თანადგომა მუდმივია და არა ერთჯერადი. ეს ყველაფერი კი გაძლევს ძალიან მჭიდრო ურთიერთობების, ურთიერთკავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

მაგალითად, მარელისში კორონავირუსის გამო იზოლირებული ქალების მიმართ თანადგომაზე როდესაც დაიწერა, როცა მათ საავადმყოფოში მყოფ კოვიდ-ინფიცირებულების ოჯახს ნაკვეთი თავიანთი ინიციატივით გაუთოხნეს[9], სინამდვილეში ეს ჩვეული ამბავია აჭარლებს შორის. მე მახსოვს ხულოში სამეურნეო სამუშაოები, თიბვა როდესაც იყო, მთელი სოფელი ჯერ ერთ ადამიანს ეხმარებოდა, მერე - მეორეს და ა.შ. გასულ წელს ახალგაზრდა გარდაიცვალა სოფელში, ზაფხული იყო და ვერ მოხერხდებოდა ამ ოჯახის სეზონური საქმიანობის წარმართვა, ამიტომ ეს საქმე მთელმა საზოგადოებამ აიღო თავზე. მსგავსი მაგალითები ხშირია ჩვენს საზოგადოებაში.“

შეიხი მირტაგი ასადოვი (მარნეული): „2004 წლიდან ჩვენი საქველმოქმედო ფონდი სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეს ეწევა. ფონდს ჰყავს 300-მდე მუდმივი შემომწირველი. მათი მინიმუმი შენატანი 5 ლარია, ხოლო 5 ლარს ზემოთ - ნებაყოფლობითია. ფონდს ჰყავს ცალკე აღრიცხული 40-მდე ოჯახი, რომელსაც სისტემატიურად ვეხმარებით. თუმცა ასევე გვაქვს გაუთვალისწინებელი დახმარებისთვის თანხები (ავარია და სხვა უცებ გაჩენილი საჭიროების დროს) და მცირე ნაწილით სტუდენტებსაც ვეხმარებით. ჩვენ დახმარების დროს არ ვითვალისწინებთ აღმსარებლობას. მთლიანად საჭიროებებიდან ამოვდივართ.“

აბდულქერიმ ქავთარაშვილი (პანკისი): „ისლამში ზაქათის გარდა მხარდაჭერის უამრავი პრაქტიკა არსებობს მატერიალური, ფიზიკური თუ მორალური. მატერიალურია: გაჭირვებულთათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მევალისთვის, რომელსაც ვალის დაფარვა უჭირს, ვადის გაგრძელება, ვალის ნაწილობრივი შემცირება, მთლიანად ვალისგან გათავისუფლება ან და მის მაგივრად მისი ვალის გადახდა. ობლების მფარველობა. ყველა სახის მოწყალების გაღება და სხვა. ფიზიკურია: განათლების სფეროში ყველანაირი დახმარება, ხის დარგვა, წყლით მომარაგება, ადამიანებისათვის გზიდან ხელის შემშლელი ფაქტორების ჩამოცილება, უთანხმოებების მოგვარება, ყველა სახის ფიზიკური დახმარება, რომელიც ადამიანს ესაჭიროება. მორალური: ტკბილი სიტყვა. რჩევის მიცემა და სხვა. პანკისში ზაქათი გროვდება და შემდეგ თანაბრად ნაწილდება გაჭირვებულების ოჯახებში. ძირითადი აქცენტი ზაქათ ალ- ფიტრზე კეთდება - მიგრანტების და ადგილობრივების მიერ გაცემული ზაქათით ხდება სასურსათო პროდუქტის ყიდვა და  თანაბრად ნაწილდება გაჭირვებულების და ობლების ოჯახებში.“

აქტივისტი რამზან გორგიშვილი (პანკისი): „პანკისში ტრადიციის გამო არსებობს გვაროვნული და სისხლის ნათესაობითი გაერთიანებები. ვფიქრობ, ასეთი გაერთიანების ტრადიცია და ზაქათი ხელს უწყობს თემის ერთიანობას, სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის გამოვლენას და ერთიანობის შეგრძნებას. იცი, რომ თუ გაგიჭირდა და უბედურება დაგატყდა, მარტო არ რჩები. შეიძლება ვიღაცამ ფინანსური დახმარება აღმოგიჩინოს, სხვამ - პროდუქტებით მოგამარაგოს, მაგრამ ასევე ადამიანური რესურსითაც ვეხმარებით ერთმანეთს, მაგალითად, როცა სჭირდებათ შეშის დაჩეხვა, რაიმეს აშენება და არ ჰყავთ არავინ. თანადგომა გამოიხატება არა მხოლოდ ასეთ ფიზიკურ სამუშაოში, არამედ დასუფთავების სამუშაოებში. სოფლის მოსახლეობა ხშირად თავიდან ბოლომდე ასუფთავებს სოფლებს ნარჩენებისგან მთავარ გზას და შიდა უბნებს.

ზოგადად, ერთმანეთისთვის მობილიზება და თანადგომა ისლამის ნაწილია. მეჩეთი არაა მხოლოდ ის ადგილი სადაც ლოცულობ, არამედ არის სივრცე ადამიანების ურთიერთობისთვის. მეჩეთში პარასკევის ლოცვის (წმინდა დღეს) შემდეგ ხშირად აცხადებენ რომ ვიღაცას უჭირს და მისთვის რესურსების მობილიზებაა საჭირო. ეს შემთხვევები რელიგიიდან გამომდინარე და ტრადიციებიდან გამომდინარე ქმნის ერთიანობის განცდას და იმედს. არ გაქვს მარტოდ დარჩენის შეგრძნება.

პანკისში ასევე ხშირია სახლების დაწვის დროს მობილიზება. როდესაც სახლები დაიწვა, ბევრმა ადამიანმა ფინანსური სახსრები გამოუყო დაზარალებულებს და სოლიდური თანხა შეგროვდა. თუ ადამიანი იღუპება და დაკრძალვის შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს, რიგითი თემის წევრებიც კი უდგანან გვერდით ოჯახის წევრებს, რომლებიც შეიძლება არც იცნობდნენ მათ პირადად.“

            აქტივისტი ზაზა მიქელაძე (აჭარა, წალკა): „ვფიქრობ, სოლიდარობისა და მხარდაჭერის სხვადასხვა პრაქტიკა კეთილშობილურ ბუნებას აყალიბებს ადამიანებში და თანადგომას ავითარებს. ვინც იღებს დახმარებას, მისთვის ხშირად მტკივნეულია ის მოცემულობა, რომ მას უჭირს, თუმცა ასეთი სოლიდარობის დროს მას შეუძლია ჰქონდეს სხვების იმედიც. რა თქმა უნდა, საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, თუმცა ერთმანეთის თანადგომა იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა საზოგადოების ნაწილია. ურთიერთობები ყალიბდება უფრო მეტად ჰუმანიზმზე და არა მეტოქეობაზე ან ქიშპზე. რა თქმა უნდა, ურთიერთმხარდაჭერა ყველაფერს ვერ მოაგვარებს, თუმცა ხელს რომ უწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებას, ეს სახეზეა. ზოგადად, ისლამი არის არა ერთი კონკრეტული თემის რელიგია, არამედ ადამიანობის რელიგია. ადამიანების რწმენა კი არა,  ღმერთისთვის მისაღებია ის პიროვნება, რომელიც სიკეთეს აკეთებს, რომელიც მშვიდობისმყოფელია (ისლამი მშვიდობისმყოფელს ნიშნავს). ისლამის ფუნდამენტური სოციალური პრაქტიკა ეფუძნება სოლიდარობით ქმედებას და საზოგადოებაში, განსხვავებულობის მიუხედავად, ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას.“

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] www.radiotavisupleba.ge/a/30587327.html

[2] https://publika.ge/marneulshi-muslim-sheikhs-mosakhleobis-produqtebit-momarageba-sakhedrit-uwevs/

[3] https://fortuna.ge/fortuna/post/kakhetshi-toneshi-ertma-bichma-200-lari-datova-khalkhistvis-puri-ufasod-rom-miecat

[4] https://batumelebi.netgazeti.ge/news/271098/

[5] https://www.marneulifm.ge/ka/marneuli/article/27893-ufaso-puri-thanasoflelebisthvis-marneuleli-ojakhis-thanadgoma-sakarantino-rezhimshi?fb_comment_id=2850159991764961_2850733331707627

[6] https://www.facebook.com/watch/?v=673318193414340

[7] “ზექათი გადაიხდება ხორბლის, ქერის, ფინიკის, ქიშმიშის, ოქროს, ვერცხლის, აქლემის, ძროხისა და ცხვრის მიხედვით. შარიათით/ფიქჰით ამ რვა მიმართულებით გაიცემა: ღარიბებზე, უპოვრებზე, მუჯტაჰიდებს აქვთ წილი, მონის გათავისუფლებაზე იხარჯებოდა ფეოდალურ წყობაში - ახლა საპატიმროს ფულზე იხარჯება (გირაოზე), სხვისთვის ვალის გასტუმრებაზე, რელიგიური ქადაგებისთვის, მედრესეების შეწევნაზე, მათთვის, ვისაც გზაში ფული გაუთავდა ან სამშობლოში ვერ ჩამოდის/ჩადის ფულის არქონის გამო. ზექათი ასევე გაიცემა რამადანის/რამაზანის ბოლო დღეს (მარხვის ბოლო დღეს). იმის მიუხედავად მარხულობდი თუ არა, მაინც უნდა გასცე ფული და ფინიკი, ქერი, ხორბალი.“ (მირტაგ ასადოვი)

[8] „ფიტრა ზაქათის ფორმაა მარხვის დროს მუსლიმების გამოსაკვებად. ჩვენ ვიკვლევთ და ვადგენთ, რა არის ის თანხა ან პროდუქტი, რომ გაჭირვებულმა მუსლიმმა  სადილის მირთმევა შეძლოს. როცა დღესასწაულს ზეიმობ, ღარიბი ადამიანისთვისაც უნდა იყოს დღესასწაული.“ (რეზო მიქელაძე)

[9] www.radiotavisupleba.ge/a/30587327.html

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“