21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.
„სხვა კუთხის“ ეს ეპიზოდი საგანგებოდ დავამთხვიეთ ნოვრუზს და ინტერვიუს დავუთმობთ საქართველოს აზერბაიჯანელებს, მათ კულტურას, უახლეს ისტორიას და მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პერიფერიალიზაციის საკითხს.
გარდა იმისა, რომ ნოვრუზი უნიკალური სახალხო დღესასწაულია, დღეს ის საქართველოს აზერბაიჯანელებისთვის საკუთარი კულტურის, მოქალაქეობის და ღირსების აღიარების, მისი დაბრუნების პროცესსაც უკავშირდება. ბოლო წლებია, ჩვენ ვხედავთ აქტივისტების მცდელობას ამ დღესასწაული დასვენების დღედ გამოცხადდეს, თუმცა სიმბოლურ ველში ამ გარღვევას, აღიარებას სახელმწიფო არ უშვებს.
რა ვიცით საქართველოს აზერბაიჯანელების შესახებ და რა არის პრობლემური ჩვენს ამ ცოდნასა და წარმოდგენებში? რა არ ვიცით ამ თემის შესახებ და როგორ ცდილობენ ახალგაზრდა მკვლევრები და აქტივისტები ცოდნის ამ სიცარიელის გარღვევას, ამოვსებას თვითორგანიზებისა და ფიქრის უნიკალური პროცესებით? რა ისტორიულმა ფაქტორებმა, იმპერიულმა და ნაციონალისტურმა პოლიტიკამ განაპირობა ეთნიკური უმცირესობების არაღიარების ამ გარემოს შექმნა და რა შეგვიძლია და რა უნდა მოვითხოვოთ დღეს?!
სწორედ ესაა ის მთავარი კითხვები, რომელზეც ინტერვიუში სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე კავკასიოლოგთან, კულტურის მკვლევართან ელნურ ალისოისთან ერთად ისაუბრებს.