საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა წლების განმავლობაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშებში უთითებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრობლემურობასა და მნიშვნელობაზე[1]. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გართულებული იყო გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გამოძიების პროცესში რელევანტური მტკიცებულებების მოპოვება, სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და დამნაშავისთვის ადეკვატური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება[2]. მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული ოჯახში გენდერის/გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის შემთხვევების სათანადო გამოძიებაც. ამ მიმართულებებით ცვლილებების საჭიროების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ 2016 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ინსტიტუციური პროცესების გაუმჯობესება. 2016 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეიმუშავა რეკომენდაცია – „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“, ხოლო 2017 წლიდან შეიქმნა პროკურორებისთვის სპეციალური კითხვარი, სადაც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია[3], 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდგომ კი აგრეთვე გაუმჯობესდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო მოცემულობები[4]. ამასთან ერთად, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას სწორედ სიძულვილით მოტივირებული და ოჯახში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მონიტორინგი წარმოადგენდა. მითითებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე საგამოძიებო უწყებებმაც აქტიურად დაიწყეს რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, რის შემდგომაც არაერთ საქმეზე დაიწყო გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, გამოიკვეთა სიძულვილის მოტივი და დადგა სისხლისსამართლებრივი შედეგიც[5]. თუმცა, ამგვარი პოზიტიური ცვლილებებისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების გამკაცრებული სისხლის სამართლის პოლიტიკის[6] მიუხედავად, ამ დრომდე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას თან ახლავს პრაქტიკული პრობლემები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის საერთო ეფექტიანობასა და ჯეროვნებაზე. გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკული პრობლემები უმეტესად უკავშირდება გამოძიების გაჭიანურების, ჩადენილ დანაშაულზე რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, დაზარალებულად ცნობის პროცესის გაჭიანურებასა და ამ საკითხზე სასამართლოს ფორმალურ როლთან დაკავშირებულ სირთულეებს. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პრაქტიკული გამოწვევები იდენტიფიცირებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის პრაქტიკაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებისა და თემაზე მომუშავე სხვადასხვა ადვოკატის/ორგანიზაციის გამოცდილების შესაბამისად.
[1] ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მოხსენება საქართველოს შესახებ, 2015 წლის 8 დეკემბერი,გვ 9-11 იხ: https://rm.coe.int/fourth-report-on-georgia-georgian-translation-/16808b5775
[2] NGO-ების საგანგებო განცხადება გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით: https://socialjustice.org.ge/ka/products/ngo-ebis-sagangebo-gantskhadeba-gakhshirebul-homofobiur-danashaulebtan-dakavshirebit
[3] საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, 2018 წელი, გვ, 46
[4] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
[5] მაგალითად, შსს და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს რომ ამ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიებისა და სისხლისსამართებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.
[6] პროკურატურის სტრატეგია
ინსტრუქცია