[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თვალსაზრისი

შრომის უფლების დაცვა, როგორც შესაძლებლობა განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე

ლელა გვიშიანი 

CRPD-Logo1

შრომის უფლების რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, დღემდე რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შრომის უფლებით სათანადო სარგებლობის საკითხი კომპლექსური პრობლემაა, მასთან დაკავშირებული სირთულეების მრავალგვარობიდან გამომდინარე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღია შრომით ბაზარზე მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს, როგორც არასათანადო და არაეფექტური საკანონმდებლო ბაზა, ასევე პრაქტიკასა და გარემოში არსებული ბარიერები, საზოგადოებაში განმტკიცებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და განწყობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვა უფლებებთან, მათ შორის განათლებაზე, რეაბილიტიაციასა და აბილიტაციაზე წვდომის დაბალი ხარისხი და სხვა.

კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, იყვნენ დასაქმებულნი სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, თუმცა, იგი არ მოიცავს საკანონმდებლო გარანტიებსა და მექანიზმებს, რაც აღსრულებადს და სიცოცხლისუნარიანს გახდის არსებულ ნორმებს. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერების არარსებობის პირობებში, რაც კანონის ქმედითობას უნდა უზრუნველყოფდეს, მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს.

ერთადერთი წამახალისებელი ღონისძიება, რომელსაც კანონმდებლობა შეიცავს შეეხება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების პირობას. თუმცა, ეს შეღავათი არ ვრცელდება სხვა ჯგუფებზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ზოგადი მდგომარეობის ფონზე, ნათელია რომ, აღნიშნული ღონისძიება არ არის საკმარისი მექანიზმი დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობისათვის.

სხვადასხვა ქვეყნის მიერ აპრობირებული პრაქტიკის ნაცვლად, რომელიც გულისხმობს დასაქმების წახალისების მიზნით, კომპლექსურად და თანადროულად  სტიმულირების სხვადასხვა ღონისძიების გამოყენებას, მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჯარო სამსახურში დასაქმებას, სოციალური პაკეტის მიღების უფლების შეზღუდვას უკავშირებს. გამონაკლისი ეხება მკვეთრად გამოხატული და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ადამიანებს.

აღნიშნული რეგულირების მოქმედების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილს, დასაქმების სანაცვლოდ, სახელმწიფოს ფულად გასაცემელზე უარის თქმა უხდებათ, რამაც არათუ დასაქმების სტიმულირება, არამედ დასაქმების შესაძლებლობის გამოყენებაზე უარის თქმაც შეიძლება განაპირობოს, დასაქმების ადგილთან მისაწვდომობისა და სხვა დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევის აუცილებლობიდან გამომდინარე.

შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი არათუ ხელს არ უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევაში, დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაც აღმოჩნდეს. ამასთან, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეეხება მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევებს.

ნათელია რომ, არსებული საკანონმდებლო სივრცე, მიუხედავად დეკლარირებული ნებისა,  უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და ჩანაწერისა დისკრიმინაციის დაუშვებლობის თაობაზე, ვერ აღწევს მიზანს, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მდგომარეობის შესახებ, ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის მიუხედავად, ნათელია, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია და შეუძლებელია მისი შეცვლა იმ წინაპირობების დაკმაყოფილების გარეშე, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფას, გარემოს ადაპტირებასა და  ხელშეწყობას სხვა დამატებითი მექანიზმების დანერგვას, რაც როგორც საკანონმდებლო რეგულირებაში, ისე სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში უნდა აისახოს.

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფციის „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი“ საფუძველზე

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“