[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

შრომის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ნინო გურული 

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) 27-ე მუხლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს უფლება სხვების თანასწორად ჰქონდეს შრომისა და დასაქმების შესაძლებლობა. ეს მოიცავს უფლებას საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფაზე, რისი მიღწევაც შესაძლებელია შრომითი ბაზრისა და სამუშაო გარემოს ღიაობის, ინკლუზიურობისა და მისაწვდომობის გზით. მონაწილე სახელმწიფოები, პასუხისმგებლები არიან შესაბამისი საფეხურების გავლით, მათ შორის, საკანონმდებლო გარანტიების შექმნით, დაიცვან და ხელი შეუწყონ შრომის უფლების რეალიზებას.

შრომისა და დასაქმების უფლების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, სახელმწიფოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და გარდა, საკანონმდებლო დონეზე შრომითი უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფისა, მათ უნდა შეიმუშავონ შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამები.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ევროპის სახელმწიფოების გამოცდილება, კერძოდ, ის მექანიზმები და პროგრამები, რომელიც მათ შეიმუშავეს შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შრომისა და დასაქმების უფლებით სათანადოდ სარგებლობის ხელშესაწყობად.

მაგალითად, შვედეთის, ავსტრიის, ესპანეთის, დანიის, გერმანიის კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მათი დასაქმების მიზნით. შრომით კანონმდებლობაში არსებული მაღალი სტანდარტები და კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის ინიციატივები მიზნად ისახავს შემცირებული სამუშაო შესაძლებლობების კომპენსირებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობის გაზრდას სამუშაოს შოვნის ან შენარჩუნების მიზნით.

ასევე, განსაკუთრებული ზომები მიიღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად დარეგისტრირებული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებისაგან დასაცავად. მაგალითად, ავსტრიაში არსებული წესები იცავს მათ სოციალურად შეუთავსებელი დათხოვნისაგან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის არსებობისას, გადაწყვეტილების მიღებაში ერთვება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგიონული კომიტეტი.

სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდებს. კერძოდ, სკოლიდან დასაქმებამდე ტრანზიციის პერიოდს. ხდება ამ კატეგორიის ადამიანების სპეციალური მომზადება სამუშაოსთვის, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს პრაქტიკა, როდესაც დასაქმების ხელშესაწყობად იქმნება დასაქმების სპეციალური ცენტრები. ისინი მომხმარებლებს აძლევენ რჩევებს დასაქმების, კანონმდებლობის და პრაქტიკული შესაძლებლობის შესახებ. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამუშაოს შეთავაზების და სამუშაო პირობების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური საწარმო.

დასაქმებასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ იგი უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის უფლების რეალიზებას, არამედ დასაქმებას უშუალოდ სამუშაო ადგილზე, რათა მაქსიმალურად მიღწეულ იქნეს მათი სოციალური ინტეგრაცია გარემოში. ამასთან, მნიშვნელოვანია მოქმედებდეს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სქემები.

მაგალითად, შვედეთში სამუშაო ადგილებზე მისაწვდომია პერსონალური მხარდაჭერა მათთვის, ვისაც გარკვეული ფუნქციური დარღვევა გააჩნიათ და მხარდაჭერას საჭიროებენ კვების, კომუნიკაციის, ჩაცმის, პირადი ჰიგიენის ან სახლიდან გასვლისას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ძირითად ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს კვოტირების სისტემა, რომელსაც არაერთი სახელმწიფო იყენებს. ეს არის სახელმწიფოების მიერ შემუშავებული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ვალდებულებას გამოყოს სამუშაო ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

მაგალითად, ესპანეთში სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები ადგენს კვოტებს, რომლის თანახმადაც, საჯარო და კერძო დაწესებულებები, რომელთაც 50-ზე მეტი პირი ჰყავთ დასაქმებული, ვალდებულები არიან, საწარმოში დასაქმებულთა 2% მაინც იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ავსტრიაში კვოტების პირობების თანახმად, ყოველი 25-ე დასაქმებული სავალდებულო წესით უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. გერმანიაში დადგენილია, რომ ყოველი 20 დასაქმებული თანამშრომლიდან 5% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უნდა იყოს. უნგრეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ კომპანიაში 25 ადამიანზე მეტი მუშაობს 5% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უნდა იყოს.

ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქცირების მექანიზმებს დამსაქმებელთათვის.

გარდა კერძო და საჯარო სექტორზე დაწესებული ვალდებულებებისა, სახელმწიფოები ცალკეულ შემთხვევებში იყენებენ დამსაქმებლების წახალისებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმს. მაგალითად, შვედეთსა და ესპანეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამსაქმებლებისთვის არსებობს სხვადასხვა სახის ფინანსური მხარდაჭერა, მაგალითად, სახელფასო სუბსიდიები, დასაქმების კვოტის დაწესებასთან მიბმული შეღავათები, გადასახადების შემცირება. უნგრეთში კომპანიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების შემთხევაში თავისუფლდებიან პერსონალური საშემოსავლო გადასახადისაგან. ხოლო ავსტრიაში თუკი კომპანიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაიქირავებენ მიიღებენ ინტეგრაციის სუბსიდიებს, სახელფასო სუბსიდიებს, გადამზადებისთვის საჭირო დახმარებას, დაწესებულების ადაპტირებისთვის საჭირო დახმარებას და ა.შ.

სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაწეული მრავალმხრივი ძალისხმევა აჩვენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შრომისა და დასაქმების უფლების გარანტირების მაღალ მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენეს პირობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თვითრეალიზების, პიროვნული განვითარების, დამოუკიდებლობის მიღწევისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელებული კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ ფარგლებში

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“